x
image
დავითი ჩუთლაშვილი
როგორ დავიცვათ თავი გრიპის ვირუსისგან ყველაზე ეფექტურად
გრიპის ვირუსისგან თავდაცვის ყველაზე საუკეთესო ხერხი არის დროული ვაქცინაცია; შემოდგომით გაიკეთებ აცრას ოჯახის ექიმთან და მერე მთელი ზამთრის მანძილზე შეგიძლია გაციებაზე აღარ იდარდო.


იანვარი და თებერვალი გრიპით დასნებოვნების პიკია; ამ თვეებში ყველაზე მეტი ადამიანი ავადდება გრიპით. თუ რატომ ხდება ასე და რატომაა ზამთარი წელიწადის ყველაზე სახიფათო დრო გრიპით დასნებოვნების თვალსაზრისით, ამაზე თანამედროვე მეცნიერებას პასუხი არ გააჩნია. შესაძლოა, ეს იმის გამო ხდება, რომ ზამთარში ადამიანები უფრო ინტენსიურად ეტანებიან დახურულ შენობებში ყოფნას და ერთმანეთთან უფრო ახლო კონტაქტი უწევთ.


გრიპი არ არის ადვილად ხელწამოსაკრავი ავადმყოფობა. ის ყოველწლიურად მსოფლიოში წარმოადგენს 290 000-დან 650 000-მდე ადამიანის სიკვდილის მიზეზს. 10 წლის წინანდელთან შედარებით გრიპით სიკვდილიანობა მსოფლიოში მნიშვნელოვნად არის გახშირებული. 10 წლის წინ გრიპით სიკვდილიანობა ყოველწლიურად 250 000-დან 500 000-მდე მერყეობდა.


გერმანიაში გრიპით დაავადებული ყოველი 1000 ადამიანიდან საშუალოდ 4-6 იღუპება, ხოლო საქართველოში გარდაცვლილთა რაოდენობა დიდი ალბათობით კიდევ უფრო მრავალრიცხოვანია.



რისკის განსაკუთრებულ ჯგუფებს შეადგენენ ის მოზრდილები, რომელთაც გულ-სისხლძარღვთა, სასუნთქი სისტემის ქრონიკული დაავადებები, დიაბეტი, სპლენექტომია, ღვიძლის ციროზი, თირკმლის ქრონიკული უკმარისობა, ჰოჯკინის ლიმფომა, ნამგლისებული ანემია და სხვა ონკოჰემატოლოგიური დაავადებები აქვთ; ასევე, ხელოვნურ კვებაზე მყოფი ჩვილები; აივ-ინფიცირებულები; ალკოჰოლდამოკიდებული პირები; მწეველები; 65 წელზე უფროსი ასაკის პირები; ორსულები.


ასეთების 1-დან 3, 6 %-მდე იღუპება გრიპით.


გრიპის ვაქცინის გასაკეთებლად იდეალური პერიოდია ოქტომბერ-ნოემბერი, რადგან ვაქცინას დაახლოებით 2 კვირა სჭირდება, სანამ ორგანიზმში სრულყოფილ დაცვით ზღუდეს ააგებდეს. გრიპის პირველი ტალღა დეკემბერში იწყებს აგორებას, ხოლო ნოემბრის პირველ შუალედში გაკეთებული აცრა ამ ტალღას დახვდება და შეებრძოლება.


გრიპის ვირუსის წინააღმდეგ აცრის გაკეთება ყოველ წელს ხელახლაა აუცილებელი, რადგან გრიპის ვირუსი ძალიან ხშირად იცვლის ზედაპირს და ინიღბება.


სამწუხაროდ, გრიპის ვირუსისგან ასპროცენტიან დაცვას ვერც ვაქცინაცია ვერ უზრუნველყოფს. ამას ძირითადად სამი მიზეზი აქვს: პირველი ეს არის ის, რომ შეიძლება ადამიანს შეხვდეს ვირუსის უცხო სახეობა, რომლის წინააღმდეგაც ვაქცინაცია უძლურია და მეორე ესაა დრო, ანუ ის ორკვირიანი პერიოდი, როცა ვაქცინას სრულფასოვანი დამცავი სისტემის აგება ადამიანის ორგანიზმში ჯერ კიდევ არ დაუსრულებია. მესამე მიზეზია ვაქცინის არასათანადო რეაქცია გრიპის ვირუსის თავდასხმაზე. თუმცა ამ უკანასკნელ შემთხვევაში ვისაც აცრა აქვს ჩატარებული, მათი ავადმყოფობის პერიოდი გაცილებით უფრო მარტივია და მნიშვნელოვანი გართულებების გარეშე მიმდინარეობს.


რუსულ პროპაგანდას ევროპის ქვეყნებში (მათ შორის, საქართველოში) მასშტაბური კამპანია აქვს გაჩაღებული ვაქცინაციის წინააღმდეგ. რუსი პროპაგანდისტები გაიძახიან, რომ ვაქცინაცია სახიფათოა, რომ აცრით შესაძლებელია დასნებოვნება და ა. შ. ეს არის სრული სისულელე და მიზანმიმართული დეზინფორმაცია. შეუძლებელია, ვაქცინამ ადამიანი დააავადმყოფოს, რადგან ვაქცინა ეს არის დაავადების მკვდარი გამომწვევის ნარჩენი, რომელსაც ადამიანის დაავადმყოფება აღარ შეუძლია. ერთადერთი, რაც ვაქცინაციას მაქსიმუმ, ძალუძს, ნაჩხვლეტ ადგილას კანის ოდნავი შეწითლებაა ან კიდევ, სახსრების მსუბუქი ტკივილი და გაციების ძალიან სუსტი სიმპტომები, რაც 1-2 დღეში ყველანაირ ვარიანტში უკვალოდ ჩაივლის.


საქართველოში მოწყვლადი ჯგუფების ნაწილისთვის (დიალიზზე მყოფი პაციენტები და მათი მომვლელი პერსონალი, დიაბეტით დაავადებულები, რომლებსაც ჯერ არ შესრულებიათ 18 წელი, c ჰეპატიტით დაავადებულები, აივ-ინფიცირებულები, სამედიცინო დაწესებულებებში მომსახურე პირები და ორსულები) არის სრულად უფასო. ყველა სხვა კატეგორიის პირებისთვის ვაქცინაცია ფასიანია და 30-დან 50 ლარამდე ჯდება. ვაქცინის შეძენა აფთიაქებშია შესაძლებელი, ხოლო აცრამდე კონსულტაცია უნდა გაიაროთ ოჯახის ექიმთან.


გრიპის პროფილაქტიკისთვის ძალიან კარგი საშუალებაა ასევე ხელების ხშირი დაბანა. ამერიკის შეერთებულ შტატებში კოლეჯის სტუდენტებზე ჩატარებულმა დაკვირვებამ ცხადჰყო, რომ ის სტუდენტები, რომლებიც პირადი ჰიგიენის ნორმებს რეგულარულად უგულვებელყოფდნენ, გაცილებით უფრო ხშირად ავადდებოდნენ გრიპის ვირუსით, ვიდრე ისინი, რომლებიც სხეულის სისუფთავეს იცავდნენ. დადგენილია, რომ ადამიანი დღეღამეში საშუალოდ 300-ჯერ ეხება ცხვირს და პირის ღრუს და შესაბამისად, ამდენადვე მაღალია გრიპით დასნებოვნების საფრთხეც.


გრიპისგან ვერ დაგიცავთ:


სამედიცინო ნიღბების ტარება.


სპირტის, არყის და ბენზინის ჩასხმა ცხვირის ნესტოებში.


წყალბადის ზეჟანგის დალევა.


არაყის, ვისკის და კონიაკის, ასევე ეთილის სპირტის დალევა.


გრიპის საწინააღმდეგო ჯადოს გაკეთება და შელოცვა, ასევე გამოლოცვა.


საუკეთესო თავდაცვა იქნება გრიპის ვირუსებთან ერთად პნევმოკოკებზე ვაქცინაციის ჩატარებაც, რადგან გართულების სახით გრიპით დაავადებულ პირებს ფილტვების ანთებაც ხშირად უჩნდებათ.


ზამთარში მოერიდეთ მოკითხვის მიზნით ერთმანეთისთვის ხელის ჩამორთმევას და გადაკოცნას.


ადამიანთა დიდ მასებს მოერიდეთ. შეიძინეთ ჰაერის დამატენიანებელი მოწყობილობა (განსაკუთრებით მაშინ, თუ დაბალი ხარისხის კონდიციონერით თბებით) და მოერიდეთ მშრალ ჰაერს (რადგან მშრალი ჰაერი სასუნთქ გზებს სინოტივეს უკარგავს და დაავადებების გამომწვევ მიკრობებს შესაძლებლობას აძლევს, ორგანიზმში გზა უკეთ გაიკვალონ).


რეგულარულად გამოიხეხეთ კბილები ფლუორიდების შემცველი კბილის პასტებით ორჯერ დღეში, პირველი ჭამის შემდეგ და ძილის წინ. გახსოვდეთ, რომ გამოუხეხავი კბილები ქრონიკული ინფექციების ბუდეა და ხელს უწყობს მთელი ორგანიზმის დასნებოვნებას სხვადასხვა მძიმე სნეულებებით.


გრიპი თუ უკვე შეგხვდათ, დაიცავით წოლითი რეჟიმი და მიიღეთ რაც შეიძლება ბევრი სითხე (ყველანაირი თბილი ნახარში და ჩაი). კარგია იბუპროფენი, პარაცეტამოლი და ანალგინი.


თუ მაღალი სიცხე 2-3 დღეზე მეტხანს გაგრძელდა და თუ ტემპერატურამ დაწევის შემდეგ კიდევ მოიმატა (მეორადი ბაქტერიული ინფექცია), აუცილებლად სასწრაფოდ მიმართეთ ექიმს. ექიმს გრიპის პირველივე სიმპტომების გაჩენისთანავე უნდა მიმართონ ჯანმრთელობის განსაკუთრებული რისკის საფრთხის წინაშე მდგარმა პაციენტებმა (ბავშვები, ორსული ქალები, ონკოლოგიური ავადმყოფები, მძიმე გულის და ფილტვის ქრონიკული დაავადებების მქონე პირები, დიაბეტის მქონეები, 60 წელს გადაცილებული პირები, აივ-ინფიცირებულები და ა. შ.).

ვაქცინა

0
431
შეფასება არ არის
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
431
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0