საზოგადოება ნაპოვნი პირადობის მოწმობები გაზეთის რედაქციამ ნეკროლოგების გამოქვეყნებისთვის შეაგროვა 2018, 6 დეკემბერი, 22:18 ტელეკომპანია იმედი იუწყება, რომ გურიაში ნაპოვნი პირადობის მოწმობები სინამდვილეში გაზეთ „ლანჩხუთი+“-ის რედაქციამ შეაგროვა გარდაცვლილთა ნეკროლოგების გამოსაქვეყნებლად, მოწმობები კი პატრონებმა უკან აღარ წაიღეს. ნაციონალური მოძრაობა კი თითქმის ყოველდღიურად საუბრობს იმაზე, რომ მოწმობები საარჩევნოდ გამოიყენეს. იგივეს ირწმუნება ტელეკომპანია რუსთავი 2-იც. ლანჩხუთში, ერთ-ერთ სარდაფში აღმოჩენილი პირადობის მოწმობების ისტორია სკანდალურად გრძელდება. „ქრონიკამ“ ნაციონალური მოძრაობის წევრი, კახა ასკურავა ტყუილში ამხილა და გაარკვია, რომ ეს ადამიანი სარდაფში საერთოდ არ ყოფილა და არც დოკუმენტები უპოვია. როგორ აღმოჩნდა მიტოვებულ შენობაში გარდაცვლილი ადამიანების პირადობის მოწმობები. პასუხი ძალიან მარტივია - ამ შენობის მოპირდაპირე მხარეს გაზეთ „ლანჩხუთი პლუსის“ რედაქცია მდებარეობს, რომელიც ნეკროლოგებს ბეჭდავს. სურათისთვის და ზუსტი მონაცემებისთვის კი ისინი გარდაცვლილების პირადობის მოწმობებს ითხოვენ. როგორც ჩანს, ხშირ შემთხვევაში ჭირისუფალთა ნაწილმა ეს დოკუმენტები უკან აღარ წაიღო და ის რედაქციაში დარჩა. „ქრონიკამ“ იმ ადამიანსაც მიაგნო, რომელმაც შენობაში პირადობის მოწმობები იპოვა, მაგრამ ეს ნამდვილად არაა ნაციონალური მოძრაობის წევრი კახა ასკურავა. ჩვენი ინფორმაციის წყარო ყვება, რომ გაზეთის რედაქტორსა და ოპოზიციურ პარტიას შორის გარიგება შედგა, რასაც მეორე მხარე კატეგორიულად უარყოფს. გაზეთის რედაქტორი მხოლოდ იმას ადასტურებს, რომ ნეკროლოგების გამოსაქვეყნებლად ისინი პირადობის მოწმობებს ითხოვენ. ნაციონალური მოძრაობის ოპოზიცური ჯგუფის „ძალა ერთობაშიას“ საპრეზიდენტო კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ ეს მოწმობები 2 დეკემბერს ნაციონალური მოძრაობის მიტინგზე ააფრიალა იმის დასადასტურებლად, რომ თითქოს ხელისუფლება გურიაში ამ გზით აყალბებდა არჩევნებს. . 518 1-ს მოსწონს 2-ს არა
|