განათლება ქვემო ქედის სკოლის ყოფილი დირექტორის თანამდებობაზე აღდგენა სააპელაციო სასამართლომ შეაჩერა 2018, 5 დეკემბერი, 20:18 4 დეკემბერს სააპელაციო სასამართლომ გააბათილა სიღნაღის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც განათლების სამინისტროს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ქედის საჯარო სკოლის ყოფილი დირექტორის რევაზ ბაიაშვილის თანამდებობაზე აღდგენა ჰქონდა დავალებული. სიღნაღის რაიონული სასამართლოს მოსამართლე მერაბ ღვინიაშვილმა მიმდინარე წლის იანვარში მოსარჩელე მხარის ყველა მოთხოვნა დააკმაყოფილა და განათლების მინისტრის ბრძანება გააუქმა, რომლის საფუძველზეც 2016 წელს ბაიაშვილს თანამდებობის დატოვება მეორედ მოუხდა. ეს იმას ნიშნავდა, რომ სამინისტროს ბაიაშვილის აღდგენის ბრძანება უნდა გამოეცა. თუმცა, განათლების სამინისტრომ სიღნაღის სასამართლოს გადაწყვეტილება მაშინვე გაასაჩივრა და საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში გაგრძელდა. ბაიაშვილი მიიჩნევს, რომ თანამდებობიდან უსაფუძვლოდ გაათავისუფლეს, რის გამოც განათლების მინისტრის ბრძანების გაუქმებას, თანამდებობაზე აღდგენას და სახელფასო განაცდურის სრულად ანაზღაურებას ითხოვდა. გაუქმებული გადაწყვეტილების მიუხედავად ბაიაშვილი ფარხმალის დაყრას არ აპირებს, გამარჯვებაში დარწმუნებულია და სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების უმაღლეს ინსტანციაში წაღებას გეგმავს. „ეს ეტაპი წავაგე; მომდევნო ინსტანცია საკასაციო სასამართლოა, სამი მოსამართლის შემადგენლობით, და ჩემი აზრით, ობიექტურობის მეტი შანსით! ახლა უნდა გავასაჩივრო საკასაციოში, რომლის გადაწყვეტილება საბოლოო იქნება. იმედია, ერთ თვეში ვერ გამაგდებენ სკოლიდან... მაქვს მოლოდინი, რომ საკასაციოში ბევრად კვალიფიციური მოსამართლეები არჩევენ საქმეს; ასევე მაქვს მოლოდინი, რომ უახლოეს დღეებში ვნახავ სამსახურიდან გამოგდებულ თეონა გაბიჩვაძეს. ამ სულგაყიდულ ქალს ორჯერ ვყავარ გათავისუფლებული: 2012-ში, როგორც ნაციონალს, და 2016-ში, როგორც პორტირებულ ნაციონალს. გათავისუფლების მიზეზი ყველგან შაბლონურია: 2012 წელს ყველა ჩაერთო ჩემს წინააღმდეგ. ჩემს გათავისუფლების სპეც-ოპერაციაში უშუალოდ მონაწილეობდნენ: რაიონის გამგებელი, რესურსცენტრის უფროსი, უშიშროების უფროსი, პოლიცია... ერთ დღესაც შეიძლება აღმოაჩინო, რომ კანონმორჩილი, წესიერი, განათლებული ხელმძრვანელი „ხალხის და სახელმწიფოს მტერია“! ვიღაც იდიოტი კი ჩაშვებით აღზევდება! მე ასე დამღუპეს, ჩემს ასაკში სიმწრით მოპოვებული სამსახურის დაკარგვა აუწერელი ტრაგედიაა. ჯეჯელავაზე ნაწყენი არ ვარ, დირექტორის გათავისუფლებას მინისტრს არავინ ეკითხება, “ - განაცხადა რევაზ ბაიაშვილმა. მოსარჩელე მხარე აუდიტის დასკვნაში მოყვანილ ნეპოტიზმის, ფინანსური და სხვა სახის დარღვევების ფაქტებს არ აღიარებს. მოსარჩელე მხარის ადვოკატის, სულხან კაპანაძის განმარტებით, განათლების მინისტრის ბრძანება უკანონოა, რაც მათ სარჩელში მყარი არგუმენტებითაა დასაბუთებული, ამიტომაც სიღნაღის მოსამართლემ მათი სიმართლე ოფიციალურად დაადასტურა. განათლების სამინისტროს პოზიციას სასამართლო სხდომებზე იურისტი მარეხ მაღრაძე იცავდა, ის კომენტარს არ აკეთებს, თუმცა სამინისტროს გადაწყვეტილების კანონიერებაში დარწმუნებულია. ჩვენ დავინტერესდით, პირველ შემთხვევაში როგორ შეძლო ბაიაშვილმა თანამდებობაზე აღდგენა. 2014 წელს მან სკოლის დირექტორის სერტიფიკატი მოიპოვა, შემდეგ სამინისტროში გასაუბრების ეტაპიც წარმატებით გადალახა. ბოლო ეტაპზე კი სკოლის სამეურვეო საბჭომ აბსოლუტური ნდობა გამოუცხადა და ყველა წევრის მხარდაჭერით დირექტორად აირჩია, რის შემდეგაც თანამდებობაზე დამამტკიცეს. რამდენიმე თვეში კი ისევ გაათავისუფლეს. დედოფლისწყაროს საგანმანათლებლო რესურსცენტრში იმთავითვე ამბობდნენ, რომ სასამართლო გადაწყვეტილება ზედა ინსტანციაში გასაჩივრდებოდა და განათლების სამინისტრო საკუთარ პოზიციას დაიცავდა. რესურსცენტრის უფროსი ეთერ ზურიკაშვილი ამბობს, რომ აუდიტის დასკვნაში დაფიქსირებულ არგუმენტებში, რის გამოც სკოლის დირექტორი გათავისუფლდა, ეჭვს ვერ შეიტანს. ის დარწმუნებულია, რომ სიღნაღის სასამართლოს გადაწყვეტილება ბაიაშვილის აღდგენის შესახებ არ აღსრულდება. რესურსცენტრში ირწმუნებიან, რომ სკოლაში აუდიტის შესვლა ამავე სკოლის პედაგოგების წერილის საფუძველზე მოხდა, აუდიტმა დარღვევები გამოავლინა, რის გამოც რევაზ ბაიაშვილი დირექტორის თანამდებობიდან 2016 წლის ნოემბერში გათავისუფლდა. 49 შეფასება არ არის
|