საზოგადოება როცა მეკითხებიან, ვინ ვარ მე, ვპასუხობ - მე ვარ მფრინავი 2018, 27 ნოემბერი, 12:43
ვერა ლამბრიანოვა, 96 წლის, თბილისი
„როცა მეკითხებიან, ვინ ვარ მე, ვპასუხობ - მე ვარ მფრინავი.
პატარა რომ ვიყავი, გორში ვცხოვრობდით. მახსოვს, როცა გუგუნს გავიგებდი, გავვარდებოდი გარეთ და ცაში ვეძებდი თვითმფრინავს. უნდა გენახათ, რას ვგრძნობდი, როცა დავინახავდი. სულ ვფიქრობდი, ნეტა მეც თუ შევძლებდი ფრენას? საქვეყნოდ ვერავის ვეუბნებოდი, მრცხვენოდა, ვაითუ ვერ შემესრულებინა ეს ოცნება.
ერთხელ გოგოები საუბრობდნენ სკოლაში, ერთმანეთს ეკითხებოდნენ, ვინ რა გამოვიდოდა სკოლის დასრულების მერე. ზოგი ექიმობას აპირებდა, ზოგი მასწავლებლობას და იყო ერთი ჟრიამული. ერთი თანაკლასელი შემომიტრიალდა და მკითხა, ვერიკო, რატომ ხარ ჩუმად, შენ ვინ უნდა გამოხვიდეო? ვინა და მფრინავი მეთქი, მაშინ პირველად გავბედე ხმამაღლა ამის თქმა. ახლაც თვალწინ მიდგას ამ გოგოს თვალები, თითქოს არც გაუკვირდა, მეტისმეტად სერიოზული სახით შემომხედა. ერთი გავიფიქრე, კი ვიძახი, მაგრამ დავუშვათ, ვერ გავხდე მფრინავი, სირცხვილი არ იქნება მერე?! მაგრამ, რაც ჩავიფიქრე, შევასრულე, თავი დავაჯერე, რომ შევძლებდი. ჯერ სკოლა არ მქონდა დამთავრებული, პირველად რომ დავჯექი თვითმფრინავზე. აეროკლუბში ვსწავლობდი. სხვათა შორის ჩემთან ერთად ბევრი გოგო სწავლობდა თვითმფრინავის მართვას. ახლაც ხშირად მეკითხებიან, რატომ ავირჩიე მაინცდამაინც ავიაცია, რაში მაინტერესებდა ქალს თვითმფრინავები. დიახაც, მაინტერესებდა, რას გრძნობს ადამიანი იმ სიმაღლეზე, თანაც იმ დროს, როცა თავისით ააფრენს და დასვამს თვითმფრინავს. მახსოვს, პირველად რომ ავფრინდი, მარტო ვიყავი. აფრენაც ხომ რთულია, მაგრამ დაფრენა კიდევ უფრო ძნელი. როცა დავსვი თვითმფრინავი, დავინახე, რომ ინსტრუქტორები არ მოდიოდნენ ჩემს დასახმარებლად. საერთოდ ასეთი წესი იყო, რომ მოსწავლე რომ დასვამდა თვითმფრინავს, მორბოდნენ დასაჭერად, რომ არ ატოტმანებულიყო და რამე არ დაზიანებოდა. უცებ დამიძახეს: „Лети, Вера“ და ხელით მანიშნეს, რომ მეორე წრეზე ავფრენილიყავი. ისე კოხტად გამომდიოდა აფრენა და დაფრენა, რომ პირველივე გაკვეთილზე რამდენჯერმე გამამეორებინეს. ახლაც ყურში მესმის ეს სიტყვები - Лети, Лети.... თვითმფრინავს ჰაერშიც ვატრიალებდი. არის ერთი მანევრი, „სრივი“ ქვია. გაფრენილ თვითმფრინავს ჰაერზე ჩაასრიალებ და სანამ მიწას მიუახლოვდები, თანდათან ასწორებ. განსაკუთრებით მომწონდა ეს „სრივი“. ერთხელ პარაშუტით ხტომის გაკვეთილი გვქონდა. ვარჯიში იყო ასეთი - გაფრენილი თვითმფრინავის ფრთაზე უნდა დავმდგარიყავით, რომ წონასწორობის დაცვაში გვევარჯიშა და ისევ კაბინაში დავბრუნებულიყავით. რომ გავედი ფრთაზე, უცებ ხელები გავშალე და გავიარ-გამოვიარე. ისე შეეშინდათ ინსტრუქტორებს, რომ მეორედ აღარ ამიშვეს. ომი რომ დაიწყო, აეროკლუბის მოსწავლეები წაგვიყვანეს აზერბაიჯანში და შეგვასწავლეს მტრის და ჩვენი თვითმფრინავების ძრავის ხმით გამოცნობა. ყურს რომ დაუგდებდი, ზუსტად იცოდი რა ტიპის თვითმფრინავი მოფრინავდა, რა კურსით, რა სიმაღლეზე. ომის დროს ბიჭები, ვინც ავიაციაზე სწავლობდნენ, ყველა ფრონტზე გაუშვეს. გოგოებს კი ეს საქმე ჩაგვაბარეს - ხმით გამოგვეცნო მტრის თვითმფრინავი, გადაგვეცა გორის სადაზვერვოსთვის და გადაგვერჩინა ქალაქები დაბომბვას. „ჰაინკელ 111“ და „იუნკერ 188“ ჩვენ თვალწინ მიფრინავდა და მოფრინავდა. ჩემი გადაცემული ინფორმაცია ყოველთვის ზუსტი იყო. სმენა მქონდა განსაკუთრებულად კარგი. ერთხელ გუგუნით მივხვდი, რომ ერთის ნაცვლად მტრის ორი თვითმფრინავი მოფრინავდა. სხვამ კი ვერ შენიშნა! მამაჩემი გამახსენდა. დაწყებით კლასებში ვსწავლობდი, როცა ერთ საღამოს ჩემთვის რაღაცას ვწერდი და უცებ ხმამაღლა წამოვიყვირე - მე უნდა გავხდე მფრინავი. მამა გაჩერდა და შემომხედა. განა რამე მითხრა? არც მერე არ მიკითხავს, რა გაიფიქრა იმ დროს, ასე ჩუმად რომ შემომხედა. ალბათ გაიფიქრა, რომ ასეთი სუსტი გოგო, რომელიც სულ ავად ხდებოდა, რანაირი მფრინავი უნდა გამოვსულიყავი, მაგრამ ხელი არ შემიშალა. მერე კი მითხრა, დიდობაში - რახან თქვი, თქვიო და გააკეთებდი კიდეცო. უკვე საავიაციოში ვსწავლობდი, როცა მამაჩემისა და მისი მეგობრების საუბარს მოვკარი ყური. ეკითხებოდნენ, ასე ძალიან რომ გინდოდა, რატომ არ წახვედი ავიაციაშიო. ყურები დავცქვიტე. პირველად გავიგე, მამას მფრინავობა რომ უნდოდა. როგორ არ წავედიო, უპასუხა, მაგრამ სუსტი მხედველობის გამო „დამბრაკესო“. ხედავთ, მამის ოცნება ავისრულე. მამა არ მიიღეს და მე მიმიღეს. და მამაჩემს უხაროდა, რომ ქალიშვილი ყავდა მფრინავი. არავის ეგონა, რომ ამ ხნამდე მოვაღწევდი. ძალიან ავადმყოფი ბავშვი ვიყავი. ხშირად თვეობით სამედიცინო პუნქტში ვიყავი გამწესებული. ფრონტის ხაზიდანაც ავადმყოფობის გამო გამათავისუფლეს. ძალიან მენატრებოდა ფრენა, მაგრამ აღარ მომცეს ფრენის უფლება. წარმოგიდგენიათ 75 წელია თვითმფრინავი არ მინახავს! ერთხელ ჟურნალი შემხვდა, სადაც ჩემი ფრონტის ამხანაგი გოგოების ფოტოები იყო. ჩემი კი არა. გული დამწყდა, რადგან იმ პერიოდში მეც მათთან ერთად ვიყავი და ამ ჩემი ავადმყოფობის გამო გადავავიწყდი ყველას. დრო რომ უკან დაბრუნდეს, ავიაციას ბოლომდე გავყვებოდი. ხომ უკვე მეცოდინებოდა, რომ 96 წლამდე ვიცოცხლებდი და ავადმყოფობა ვერაფერს დამაკლებდა. ვინმე თუ მყვარებია? არა. არავინ მყვარებია. არც ის ვიცი, ვინმეს თუ ვყვარებივარ. ამ ხნამდე თვითმფრინავების ხმის მიყურადებამ მომიყვანა. წლების განმავლობაში ვიდექი და ვუსმენდი მათ ხმას. ეს იყო ჩემი სიყვარული. სმენა ახლაც კარგი მაქვს, თვალებში ვერ ვხედავ. მაგრამ დავხუჭავ თუ არა თვალს, მებლანდებიან სულ ჩემი ლამაზი თვითმფრინავები.“ ავტორი: მაიკო ჩიტაია ფოტო: ნინა ბაიდაური განსაკუთრებული მადლობა: ნატახტრის აეროდრომი, ავიაკომანიი „სერვის ეარი“ გუნდს და მარიამ მორჩილაძეს, რესპონდენტის გაცნობისთვის. ავტორის შენიშვნა: ფოტოების გადასაღებად, ვერა ბებოს შევპირდით, აეროდრომზე წავიყვანდით. საგანგებოდ მოემზადა. უბრალო ამბავი არ იყო - 75 წლის მერე პირველად უნდა შეხვედროდა თვითმფრინავს. უსინათლობის გამო, მანქანაში დეტალურად ვუყვებოდით, რა გზით მივდიოდით და აღვუწერდით საგნებს, რასაც ვხედავდით. ნატახტარის აეროდრომზე, ავიაკომპანიის „სერვის ეარ“ გუნდი დაგვხვდა. ვერა ბებო ავიაპარკში შეიყვანეს და პილოტებს შეახვედრეს. კიდევ ერთხელ მოყვა თავის ისტორია. შეიძლება თვითმფრინავს შევეხოო, გვკითხა. ერთ-ერთმა პილოტმა ახლოს მიიყვანა თვითმფრინავთან. ხელით შეეხო და Лети, Вера-ო, შესძახა. 36 6-ს მოსწონს
|