სიმსივნით დაავადებული პაციენტი გიორგი ვაშაძეს – „კიბო არცერთ სტადიაში არაა განაჩენი!“
„კიბო არცერთ სტადიაში არაა განაჩენი!!!!!“ – ამ სიტყვებით ეხმაურება სიმსივნით დაავადებული ერთ-ერთი პაციენტი ნატალია ენუქიძე გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატის გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის გიორგი ვაშაძის იმ განცხადებას, სადაც მან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა გააკრიტიკა და სახელმწიფოს მიერ სიმსივნით დაავადებულ პაციენტების მკურნალობისთვის დახარჯული თანხა „შავ ხვრელს“ შეადარა.
„ძალიან დიდი ხანია ჩემს სივრცეში არანაირი პოსტი და მით უმეტეს პოლიტიკური არ დამიწერია… რაღაცნაირად არც სურვილი და არც დრო გამჩენია საამისოდ. მით უმეტეს როდესაც პოსტისწამკითხავი მეგობრები ყველანი ზრდასრული ადამიანები მყავს და ამ ზრდასრულ ადამიანებს, ყველას აქვთ თავიანთი თვალი, ყური, გონება, ხედვა, მრწამსი, სიმართლე და სხვადასხვა ფაქტების სხვადასხვანაირად გაგების და აღქმის ნება თუ სურვილი და მე ყველა ჩემს მეგობარს განურჩევლად პოლიტიკური თუ რელიგიური მრწამსისა ძალიან ვაფასებ და ყველა მათგანი თავისებურად მიყვარს, სხვანაირად ისინი ჩემი მეგობრების სიაში არ იქნებოდნენ. რასაც ახლა დავწერ არც ეს ეხება არანაირად პოლიტიკას. უბრალოდ მართლა ძალიან იმოქმედა ჩემზე ამ ფაქტმა. დიდხანს ვფიქრობდი, დამეწერა თუ არა საერთოდ რამე და ჩამეთვალა თუ არა გიორგი ვაშაძის უტაქტო გამოსვლა თუ დაუფიქრებლად სიტყვების რახარუხი პასუხის ღირსად, მაგრამ გადავწყვიტე დამეწერა მხოლოდ და მხოლოდ იმ ადამიანების სანუგეშოდ, რომლებიც ჩემსავით ებრძვიან სიმსივნის მე-4 სტადიას (ამიტომ პოსტს საჯაროს ვხდი) და რომ ისინი არანაირად არ არიან მო(მა)კვდავნი….და რომ ადამიანს ამ დიაგნოზით (ნებისმიერ სტადიაში) აქვს უფლება იმკურნალოს და იცოცხლოს თავისი წილი სიცოცხლე იქნება ეს 1, 5 თუ 100 წელი. მართლა, გულწრფელად მაინტერესებს მიპასუხოს ბატონმა ვაშაძემ, მის ოჯახის წევრს რომ დაემართოს მისივე სიტყვებით ნათქვამი “მე-4 სტადიის მომაკვდინებელი” დაავადება უმკურნალებს მას, თავში ხელებს შემოირტყამს რატო პირველ სტადიაში ვერ აღმოვაჩინეთო (გეტყვით რომ საერთოდ არანაირი სიმპტომი არ მქონია პირადად მე), თუ გულხელდაკრეფილი დაელოდება სიკვდილს, როდის ამოძვრება შავი ხვრელიდან? დარწმუნებული ვარ უკანასკნელ ძვირფას ნივთსაც თვალდახუჭული გაიტანს გასაყიდად, რომ საყვარელ ადამიანს უმკურნალოს და სიცოცხლე ან გადაურჩინოს ან გაუხანგძლივოს. პოსტს იმიტომ არ ვწერ რომ ბატონ გიორგის გავცე პასუხი ან რაიმე შევაგნებინო. ეს ზუსტად ვიცი, შეუძლებელია, არც თითებს დავიღლიდი ამის გამო. პოსტი მთელი გულით და სულით ეძღვნება “ჩემნაირებს”… მოკლედ, ჩემო განსაკუთრებულო და ღმერთისგან გამორჩეულო ადამიანებო, უბრალოდ ჩემნაირებო…. ჩემო საყვარლებო… მინდა ჩემი ამბავი შეძლებისდაგვარად მოკლედ მოგითხროთ, რაც აქამდე არასდროს გამომიტანია საჯარო სივრცეში და რასაც თქვენს გამო დღეს გავაკეთებ. და რაც დარწმუნებული ვარ იქნება თქვენთვის სტიმული, იმედი და ძალა, რომელიც ამარცხებს ამ ჩვეულებრივ დაავადებას. ის აღარ არის უკურნებელი არცერთ სტადიაში და რომ ეს სტადიები ბოროტი ჯადოქრების გამოგონილია, ხოლო რეალურად არც არსებობს… მოკლედ…მე ვარ ნატალია, რომელიც 2012 წლიდან ვებრძვი ე.წ მე-4 სტადიის სიმსივნეს. (წვრილი ნაწლავის. უიშვიათესი შემთხვევა, საქართველოში მგონი არც აღირიცხება შემთხვევა), ამავე წელს გავიკეთე პირველი ოპერაცია, შემდეგ ქიმიოთერაპიის 12 კურსი. 2014 წელს რეციდივების გამო მეორე ოპერაცია და ასევე ქიმიოთერაპიის 12 კურსი. 2017 წელს კვლავ უამრავი რეციდივების არსებობის გამო კი მე-3 ურთულესი ოპერაცია გამიკეთდა ჩემი ოქროსხელება ქირურგის ბატონ ამირან ანთაძის მიერ. ამჟამად ღვიძლის კაფსულის დაუზუსტებელი მეტასტაზების არსებობაზე აქვთ ეჭვი და დაკვირვების ქვეშ ვიმყოფები, თითქმის, 2 წელია. მახსოვს ჩემმა ექიმმა უსაყვარლესმა ელისო გიორგაძემ პირველად ძაან მოწიწებით რომ მითხრა, ნატალია ფორმა 100-ში რომ წაიკითხავ მე-4 სტადიას, ძალიან გთხოვ, არ შეგეშინდეს არაფერს არ ნიშნავს ეგ სტადიები, უბრალოდ ასე უნდა ეწეროსო. ეს ისე დამაჯერებლად ამიხსნა, რომ მაშინაც დავიჯერე და დღემდე მჯერა ამ სტადიების არარსებობის. მეორე რაც მძაფრად ჩარჩა ჩემს მეხსიერებაში, იყო ის, რომ 2017 წელს ქირურგთან ვიზიტის დროს, (რომელსაც მანამდე ორჯერ ვანდე საკუთარი სიცოცხლე), კაბინეტში შესვლისთანავე თვალები შუბლზე რომ აუვიდა, (ეტყობა ცოცხალი აღარ ვეგონე), და მისი მიკიბულ-მოკიბული ნალაპარაკებიდან დასკვნაც ასეთი გამოვიტანე, აქ რამ მოგიყვანა ღმერთი კი არ ვარ, აზრი არ აქვსო (სიტყვა სიტყვით ასე არ უთქვამს მაგრამ შინაარსი იგივეა), ხოდა ამის მერე, ღმერთს რომ ეთქვა ამ კაცის ოპერაციის მერე 100 წელი იცოცხლებო მაინც არ დავუწვებოდი საოპერაციო მაგიდაზე მას. აბა მითხარით, რა საერთო აქვს ამ ორ ფაქტს ერთმანეთთან? – რა თქმა უნდა ს ი ტ ყ ვ ა!!!! დიახ, სიტყვა. ვისაც ამ ვერაგ დაავადებასთან შეხება აქვს მან კარგად იცის რა არის სიტყვა და რამხელა ძალა აქვს მას ჩვენთვის. ის ყველა წამალზე მეტია, დამიჯერეთ და ყველა ექიმზე ძლიერი… ზეპირად მახსოვს ჩემი ოჯახის წევრის, ნათესავის, მეგობრის თუ მეზობლის ნათქვამი თითოეული სიტყვა, რომ ეთქვათ შავზე თეთრიაო მჯეროდა, რადგან მაწყობდა, რომ დამეჯერებინა. “ნუ გეშინია დედას ვუტირებთ” ამ სიტყვების ჯადოსნური ძალა დღემდე მომყვება, ხოდა ახლა ჩემს სიტყვასაც ენდეთ და მერწმუნეთ, ჩემნაირებო, 6 წელია ცოცხალი ვარ და კიდევ მრავალი 6 წელი უნდა ვიცოცხლო. არაფერს შეუშინდეთ და არასდროს იფიქროთ, რომ უკვე გვიანია, რომ ბრძოლას აზრი არ აქვს, არ დაიღალოთ, არ დანებდეთ, არ ჩაიკეტოთ საკუთარ თავში, სიხარულზე იფიქრეთ და მოვა, სიცოცხლეს დაუძახეთ და გესტუმრებათ, სიკვდილი გააპანღურეთ და წავა!!! არასდროს მიიტანოთ გულთან იმ ადამიანების დაუფიქრებელი სიტყვა, რომლებმაც უბრალოდ არ იციან, სიცოცხლეს “სიცოცხლე” მხოლოდ ღრმა სიბერემდე ჰქვია თუ იქამდე სადამდეც, უბრალოდ, შენია და იმის იქით ვეღარ მოგყვება. სიცოცხლეც არ არის უკვდავი და ოდესღაც ისიც კვდება… ძალიან გთხოვთ, როდესაც სიტყვა მო(მა)კვდავს ახსენებთ და შავ ხვრელში გადასაყრელ გვამებად მოგვიხსენიებთ, დაფიქრდით, რომ თქვენ თვითონაც ისეთივე მო(მა)კვდავები ხართ, როგორც ჩვენ და ოდესღაც თქვენც გაივლით იმ შავ გვირაბს რომლის ბოლოშიც ყოველთვის სინათლეა. ღმერთს ებარებოდეთ!!! ეს კი ჩემი სავიზიტო ფოტოა, ჯერჯერობით, 6-წლიანი ფორმა 100-დან“, – წერს ნატალია ენუქიძე.
ცნობისათვის, 14 ნოემბერს, გიორგი ვაშაძემ პირველი არხის გადაცემაში „პრეზიდენტის არჩევნები 2018“ ისაუბრა და საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა გააკრიტიკა. მისი თქმით, ამ პროგრამის მთავარი ხარვეზი ის არის, რომ ფინანსები დაავადებების პრევენციაზე კი არ იხარჯება, არამედ მომაკვდავი ადამიანის მკურნალობაზე.