x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
ინციდენტი დედოფლისწყაროში - ელდარში ბაღისა და სკოლის დარბევის გამო აზერბაიჯანელი მამაკაცი დააკავეს
image


ინციდენტი მოხდა დედოფლისწყაროში. გვიან ღამით ელდარში, სოფელ კასრისწყლის სკოლისა და საბავშვო ბაღის შენობა გატეხეს. დამნაშავემ კარის გატეხვის მეშვეობით შიგნით შეღწევა მოახერხა. გატეხილია სამასწავლებლოს კარიც. როგორც სკოლის დირექტორმა მერაბ ბუღრიძემ განუცხადა, დამტვრეულია სკოლის ინვენტარი და განადგურებულია სასწავლო მასალა. დარბეულია შენობაში განთავსებული სააღმზრდელო დაწესებულების და საჯარო სკოლის ინვენტარი, მათ შორის საარქივო მასალები.


„ჩვენს სოფელში სკოლა და საბავშვო ბაღი ერთ შენობაშია. ესაა ვანდალიზმი, განადგურებულია ინვენტარი, მოპარულია თუ არა რამე, ჯერ ვერ გეტყვით, მაგრამ პრაქტიკულად ინვენტარი ისეთ დღეშია, მისი გამოყენება შეუძლებელია. მე შაბათ კვირასაც მოვდივარ შენობაში, ვათვალიერებ ხოლმე. ასე შევიტყვეთ ახლაც. პოლიციამ სკოლიდან სათვალთვალო კამერების ჩანაწერები ამოიღო, სადაც მისი იდენტიფიცირება მოხერხდა. შესაბამისად, მისი დაკავება ოპერატიულად განხორციელდა. ამ პიროვნებას არანაირი შეხება არ ჰქონდა სკოლასთან, ან საბავშვო ბაღთან, ამიტომ ვერ ვხვდებით, რას უკავშირდება მომხდარი. იმდენად მთვრალი იყო, რომ იქვე აღებინა და ამისი კვალი ისევ არის შენობაში“, - ამბობს სკოლის დირექტორი.


სკოლაში სამართალდამცველები სწორედ ამავე სკოლის დირექტორის შეტყობინების საფუძველზე გამოცხადნენ. დედოფლისწყაროს პოლიციის სამმართველოს არხილოსკალოს ქვეგანყოფილების თანამშრომლებმა სამძებრო-საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება ოპერატიულად დაიწეს.



კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ცხელ კვალზე ჩატარებული საგამოძიებო და სამძებრო მოქმედებების შედეგად სოფელ კასრისწყალში საჯარო სკოლისა და საბავშვო ბაღის კუთვნილი ინვენტარის დაზიანების ფაქტი გახსნეს. შსს-ს ინფორმაციით, პოლიციამ აზერბაიჯანელი ეროვნების მოქალაქე, 1979 წელს დაბადებული ჯეიჰუნ გაჯიევი დააკავა. დედოფლისწყაროს ტელევიზიის ინფორმაციით, გაჯიევი ამავე სოფლის მკვიდრია და ქურდობის ბრალდებით რამდენჯერმეა ნასამართლევი.


„გამოძიებამ დაადგინა, რომ ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფმა ჯ.გ.-მ მიმდინარე წლის 10 ნოემბერს, ღამის საათებში, სოფელ კასრისწყლის საჯარო სკოლაში უკანონოდ შეაღწია, სადაც სკოლის შენობაში განთავსებული საბავშვო ბაღისა და სკოლის ინვენტარი დააზიანა. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. გამოძიება სხვისი ნივის ან ქონების დაზიანების ფაქტზე მიმდინარეობს, სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით“, - აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.


კასრისწყალი, რომელიც სასაზღვრო სოფელია დედოფლისწყაროდან 45 კილომეტრში, ელდარის ზამთრის საძოვრებზე მდებარეობს, თუმცა დასახლება ახმეტის მუნიციპალიტეტის შემადგენლობაში შედის.

.


image

0
229
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
229
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0