საქართველო ზაზა სარალიძე ბიძინა ივანიშვილს მიმართავს: "თუდაც წამით, შეძელით და ჩემს ადგილას დადექით..." 2018, 3 ნოემბერი, 16:04
ბატონო ბიძინა
მოგმართავთ ხორავას ქუჩაზე 1 დეკემბერს მოკლული 16 წლის მოზარდის დავით სარალიძის მამა-ზაზა სარალიძე, რომელის ცხოვრებაც 1 დეკემბერს ხორავას ქუჩაზე დასრულდა. ჩემი ოჯახი არასოდეს ყოფილა პოლიტიკასთან დაკავშირებული, ვცხოვრობდით მშვიდად, ჩემი ცხოვრება არ გავდა თქვენსას, ჯანმრთელობის გამო მომიწია სამსახურისთვის თავი დამენებებინა, უარი ვთქვი იმ მუნდირის ტარებაზე, რომელსაც დღემდე დიდ პატივს ვცემ. ვცხოვრობდით მშვიდი, ჩვენი ცხოვრებით, დათოსთვის მე ვიყავი მამაც და მეგობარიც ყოველთვის ვადევნებდი თვალს მის სწავლას, ქცევას. ჩემი შვილი ჩემთვის საამაყო იყო. არასოდეს არც ერთ პედაგოგს ჩემთვის არ უთქვამს დათოზე მნიშვნელოვანი საყვედური, მამა ვარ და ყოველთვის მის გვერდით ვიყავი, ისეთ ასაკში იყო მეშინოდა, რის გამოც მის სოციალურ ქსელში მიმოწერასაც ვადევნებდი თვალს, რომ რაიმე არ გამომპარვოდა. მაგრამ, 1 დეკემბერმა წერტილი დაუსვა ყველაფერს და ეხლა ჩემი მომავლის იმედი, ცხოვრება და მთელი ქვეყნიერება გლდანის სასაფლაოზეა. ვერ გაუწია წინააღმდეგობა სიკვდილსდა თან წაიღო მთელი ოჯახის სიცოცხლეც. ბოლო ჩვენი შეხვედრა რეანიმაციაში შედგა. მე ვლაპარაკობდი ის კი სულს ებრძოდა. მე ვანუგეშებდი და ვამხნევებდი, მაგრამ მას არ ესმოდა. ვიცოდი რომ ვერ გადარჩებოდა მაგრამ იმედს არ ვკარგავდი. დაგვტოვა მაინც. მის სხეულს ყოველღამე ვეფერებოდი და ვეუბნებოდი, რომ ყველას გავანადგურებდი ვინც მასზე დანა აღმართა. თქვენ კი გამოდიხართ და ბრძანებთ, რომ „ყველამ ხომ ვიცით რომ ზაზა ნაციონალების კოორდინატორიაო“, ეს სიტყვები ჩემთვის შეურაცხმყოფელია, ნუთუ თქვენ იმხელა პასუხისმგებლობასა და თანაგრძნობასაც არ გრძნობთ 16 წლის მოკლული ბავშვის მიმართ, რომ ცილისწამებას არ მიმართოთ. დიახ ცილისწამებას, რადგან არასოდეს არც ერთი პარტიის კოორდინატორი არ ვყოფილვარ. ადგილს უნახავსო ნაციონალურ მოძრაობას, ნაციონალურ მოძრაობას, რომელსაც ამხელა გამოცდილება აქვს აქციების გამართვის, ადგილის დაკავებაში დასჭირდათ ჩემი დახმარება. სასაცილოა სხვა თუ არაფერი. რამდენჯერ ვუთხარიო.... როდის? ვისი მეშვეობით? მე და თქვენ ხომ არასოდეს შევხვედრილვართ, არც გაგჩენიათ სურვილი ჩემთვის მოგესმინათ ისე აკეთებთ ჩემზე კომენტარებს. თუნდაც წამით შეძელით და ჩემს ადგილზე დადექით, შემომხედეთ თვალებში და გულწრფელად მითხარით რას იზამდით იგივე თქვენ რომ გადაგეტანათ, მშვიდად დაელოდებოდით სასამართლოს, რომელიც გეცოდინებოდათ, რომ ვერაფერს შეცვლიდა? სააპელაციო სასამართლოს ხომ კანონით მიხედვით უფლება არ აქვს გასცდეს მხარეების მოთხოვნას, მით უფრო ბრალდებას ვერ წარუდგენს ვერავის. მე კი როგორც დაზარალებული, მხარე არ ვარ პროცესზე. სასამართლოზე პროკურატურა წარმადგენს, ესეც სასაცილოა, პროკურატურა წარმადგენს რომელიც საქმეს აყალბებს და არ ვენდობი. გამოძიებას არც კი ახსენებთ, თუმცა ალბათ არც აქვს მნიშვნელობა, ეს ყველაფერი გამოძიებად წოდებული ხომ ფორმალურად მიმდინარეობს. რამდენი თვე გავიდა და დღემდე მიმდინარეობს, თუმცა არც მე დამკავშირებია ვინმე და არც საზოგადოებას სმენია რაიმე წინ გადადგმული ნაბიჯების შესახებ. თქვენ უზნეობა გგონიათ გირგვლიანის საქმისა და ხორავას ქუჩის საქმის შედარება. გირგვლიანი თანამდებობის პირებმა მოკლეს სადისტურად, ჩემი შვილი კი თანამდებობის პირების შვილებმა უმოწყალოდ დაჩეხეს 12 ჭრილობით. ღვიძლი დაზიანებული, არტერია გადაჭრილი, ფილტვი დაზიანებული და დაჩეხილი. სასიცოცხლო ნიშნები აღარ არსებობდა. შემდეგ კი ორივე საქმის მიმართ სახელმწიფოს მანქანა ამუშავდა, დაფარვისა და გაყალბების ბინძური მეთოდებით. ამ ყველაფერს საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის მიმდინარეობამაც ახადა ფარდა. ნახა საზოგადოებამ რა სამარცხვინო სამართალდამცავი გამომძიებლები და პროკურორები გვყავს. საკუთარი ფუნქციები ვერ გაურკვევიათ. კიდევ კარგი სახელები და გვარები ახსოვდათ. მაგარმ თქვენმა ხელისუფლებამ აქაც ივაჟკაცა და სრულიად არარაობა დადგენილება მიაღებინა პარლამენტს. თუ ჩემი შვილის მკვლელობა ვერ უთანაბრდება გირგვლიანის საქმეს, რას იტყვით თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე? რომელიც სახელმწიფომ საწოლში ჩაცხრილა და გაურბიხართ თქვენც და თქვენი თანაგუნდელებიც პასუხი გასცეთ შვილმოკლულ მამას. ჩემი და ჩემი ოჯახის მიმართ 1 დეკემბრიდან ამოქმედდა სახელმწიფოს ბინძური მანქანა, რის გამოც დღეს მე დაზარალებული შვილმოკლული მამა ბრალდებული ვარ. ბრალდებული პოლიციაზე თავდასხმაში, ირონიაა, არავინ კითხულობს რამ მიმიყვანა იმ კადრებამდე რაც მთელმა საქართველომ ნახა. იმის მაგივრად, რომ მკვლელები პასუხისგებაში მისცენ, პირიქით აქეთ გადაწყვიტა ხელისუფლებამ ჩემი განადგურება. მკვლელებს აღმოაჩნდა მაღალი თანამდებობის პირები დამცველებად და მათ პასუხისგებაში მიცემას ურჩევნიათ ჩემზე მოიტანონ იერიში. ათასგვარ სიბინძურეს თხზავენ ჩემზე, უნდათ რომ ფსიქოლოგიურად გამანადგურონ. ცდილობენ ხალხს შეაზიზღონ ჩემი თავი და ამით მკვლელებზე იერიშს ანეიტრალებენ. ის კი არ გახსოვთ, რომ ერთხელ უკვე მოვკვდი და მხოლოდ იმიტომ ვარ ამ ქვეყნად, რომ მკვლელები დავსაჯო, პირობა დავდე და რაც არ უნდა დამიჯდეს შევასრულებ. პოლიტიკოსად მომნათლეთ თქვენ და თქვენმა ხელისუფლებამ და ათასგვარ სიბინძურეში მძირავთ, მაგრამ გავიწყდებათ, რომ ჩემი პოლიტიკა ჩემი ოჯახი იყო და სიბინძურეში მკვდარი აღარ იძირება. თქვენვის ძნელია იმის წარმოდგენა, რომ რაიმე ამ ქვეყნად არ იყიდება, დიახ ღარიბი ხალხის ღირსება არ იყიდება. ჩვენ ხომ საქართველოს უბრალო შვილები ვართ და თქვენ მთავრობის ელიტარული წარმომადგენლები. ბატონო ბიძინა, მოგმართავთ ღია წერილით და ვითხოვ იმის განმარტებას, რატომ მიმართავთ ჩემ წინააღმდეგ ცილისწამებას, ასევე წარმომიდგინეთ მტკიცებულებები, რაც დაადასტურებს ნაციონალურ მოძრაობაში ჩემს კოორდინატორობას. ასევე მოვითხოვ თქვენთან პირისპირ შეხვედრას, ადვოკატისა და მედიის წარმომადგენლების თანდასწრებით. რადგან საქმე დაძაბულ ჭრილში გადავიდა, ჩემზე ასეთი ბინძური პიარ კამპანია მიმდინარეობს და საზოგადოების დიდ ინტერესსაც იწვევს. შეხვედრაზე მე მზად ვარ მოგაწოდოთ ყველა კითხვაზე დეტალური განმარტება და იგივეს მოვითხოვ თქვენგან, დამისაბუთეთ თქვენს მიერვე გაჟღერებული ფაქტები. პ.ს. გთხოვთ გააზიარეთ მაქსიმალურად." 135 3-ს მოსწონს
|