x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
რამდენი დარღვევა და საჩივარი დაფიქსირდა დედოფლისწყაროს საარჩევნო უბნებზე?
image


დედოფლისწყაროს საარჩევნო ოლქში საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური მშვიდ ვითარებაში ჩატარდა. ხმაურს და ექსცესებს ადგილი არ ჰქონია, არც სერიოზული სახის დარღვევა დაფიქსირებულა. ერთიან სიაში დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში დაზუსტებული და ჩასწორებული მონაცემებით, სულ 21 870 ამომრჩეველი იყო რეგისტრირებული. აქედან ხმის უფლებით ჯამში 11 017-მა ამომრჩეველმა ისარგებლა, რაც იმას ნიშნავს, რომ პირველ ტურში საარჩევნო უბნებზე მათი ნახევარი გამოცხადდა და აქტივობამ 50, 13% შეადგინა.


არც ჩვენ და არც პოლიტიკური სუბიექტებისა თუ არასამთავრობო ორგანიზაციების დამკვირვებლებს სერიოზული დარღვევა არ აღმოუჩენიათ. თამამად შეიძლება ითქვას, რომ არც ისეთი საჩივრები დაწერილა, რომელიც რომელიმე უბნის შედეგს ეჭვქვეშ დააყენებდა, ან მისი გაბათილების საკითხს დასვამდა. გრიგოლ ვაშაძემ ყველაზე მეტი ხმა სოფელ სამრეკლოს კულტსახლის უბანზე მიიღო, თუმცა აქ სალომე ზურაბიშვილს მაინც ვერ გაუსწრო. სალომე ზურაბიშვილმა კი ყველაზე მეტი ხმა ქალაქ დედოფლისწყაროს კამიშოვკის უბანში და სოფელ არბოშიკში აიღო.


დამკვირვებელთა საჩივრები


დედოფლისწყაროს საოლქო-საარჩევნო კომისიაში საპრეზიდენტო არჩევნებზე სულ 9 საჩივარი შევიდა. აქედან 8 მათგანი უშუალოდ კენჭისყრის დღეს დაფიქსირებულ ხარვეზებს ეხება, 1 კი არჩევნებამდე, წინასაარჩევნო კამპანიის მსვლელობისას გამოვლენილ დარღვევას. ეს განცხადება არასამთავრობო სექტორმა შეიტანა. უშუალოდ 28 ოქტომბერს დაფიქსირებული საჩივრების რაოდენობით ჭარბობს „ქრისტიან-კონსერვატიული პარტიის“ წარმომადგენელი. ეს „ნაციონალურ მოძრაობაში“ შემავალი ერთ–ერთი პოლიტიკური სუბიექტია და გრიგოლ ვაშაძის ადგილობრივ შტაბს წარმოადგენს. მათმა დამკვირვებელმა, თინათინ ალადაშვილმა 4 საჩივარი დაწერა. ორი საჩივარი პაატა ბურჭულაძის მოძრაობა „სახელმწიფო ხალხისთვის“ წარმომადგენელმა შეიტანა, ორი საჩივარიც – დავით ბაქრაძის წარმომადგენელმა დედოფლისწყაროში, ნოშრევან ნატროშვილმა. ისინი ძირითადად დისციპლინარულ და პროცედურულ დარღვევებს ეხება. საჩივრის ავტორები გრიგოლ ვაშაძისა და დავით ბაქრაძის წარმომადგენლები არიან.



პარტია „სახელმწიფო ხალხისთვის“ ვალერი ჩიბუხაშვილი სოფელ მირზაანის მე–10 უბნის შედეგების გაუქმებას ითხოვდა. ამის მიზეზად კი იმ გარემოებას ასახელებდა, რომ ამ უბანზე, ბიულეტენების გახსნის შემდეგ ბევრ კონვერტში ბიულეტენთან ერთად მოთავსებული იყო ამომრჩევლის ბარათი. ამით კი შესაძლებელი იყო ამომრჩევლის იდენტიფიცირება, თუ რომელ კანდიდატს მისცა ხმა იმ კონკრეტულმა ამომრჩეველმა. საჩივრის ავტორი მიიჩნევს, რომ ამით არჩევნების ანონიმურობა დაირღვა და ამიტომ უბნის შედეგები უნდა გაბათილდეს. საჩივარს დართული აქვს შესაბამისი ფაქტის ამსახველი ფოტოები. იგივე პირმა 29 ოქტომბერს 15:25 საათზე საჩივრით მიმართა ოლქს, პასუხისმგებლობა დაეკისროს სოფელ ხორნაბუჯის 22-ე უბნის თავმჯდომარესა და მდივანს, რადგან შემაჯამებელ ოქმში არ არის მითითებული სპეცსიაში შემავალი 11 ამომრჩეველი. იგივე საკითხზე გრიგოლ ვაშაძის დამკვირვებლების საჩივარიც დაიწერა.


29 ოქტომბერს 12:15 საათზე _ ნოშრევან ნატროშვილი „მოძრაობა თავისუფალი საქართველოსთვის“ წარმომადგენელმა დედოფლისწყაროში გაასაჩივრა სოფელ ქვემო ქედის 15-ე უბნის მდივნის, ბანდურაშვილის საქციელი. მისი მტკიცებით, მან უყურადღებოდ შეავსო შემაჯამებელი ოქმი, რის გამოც ოქმი არ დაალანსდა და 13 ბიულეტენით მეტი დაფიქსირდა. საჩივრის ავტორი წერს, რომ მდივანს შეეძლო ოქმი ჩაესწორებინა, მაგრამ ეს არ გააკეთა. ჩასწორება კი რამდენიმე საათის შემდეგ მოხდა, რის გამოც ნოშრევან ნატროშვილი ითხოვდა, საყვედური გამოცხადებოდა მდივანს. ამას გარდა, ოქმის ასლები მდივანმა ბეჭდის გარეშე გაავრცელა, რაც ასევე დარღვევაა. იგივე ფაქტებზე კიდევ ერთ საჩივარს წერს ნაციონალურ მოძრაობაში შემავალი „ქრისტიან კონსერვატიული პარტიის“ წარმომადგენელი თინათინ ალადაშვილი. არბოშიკში მცხოვრები ალადაშვილი მკვდარი სულების არსებობაზეც წერს საჩივარს და ორი კონკრეტული მაგალითი მოჰყავს: სოფელ სამთაწყაროში ვლადიმერ ნადირაშვილი და სოფელ არხილოსკალოში ქეთინო ირაული. საჩივრის ავტორი კომისიის თავმჯდომარეს შესაბამისი ზომების გატარებას სთხოვდა.


საოლქო კომისიამ ყველა საჩივრის განხილვა უკვე დაასრულა, მათ არც ერთი მოთხოვნა არ გაიზიარეს. ზოგიერთი მათგანი განუხილველად დარჩა, ზოგი არ დაკმაყოფილდა. გარდაცვლილთა სიების ჩასწორების საჩივარი განუხილველი დარჩა, რადგან საჩივარი უბნების დაკეტვამდე 45 წუთით ადრე დაიწერა. ასევე განუხილველი დარჩა ალადაშვილის საჩივარი, სოფელ ხორნაბუჯში, საარჩევნო უბნის მიმდებარედ აგიტაციის მიმდინარეობასთან დაკავშირებით.
ნოშრევან ნატროშვილის შემაჯამებელი ოქმის უზუსტობაზე 13 ბიულეტნის სხვაობით ორი საჩივარი არ დაკმაყოფილდა. იგივე თემაზე არ დაკმაყოფილდა არც თინათინ ალადაშვილის ორი საჩივარი.


ჩიბუხაშვილის საჩივარი 22-ე უბნის ოქმში სპეცსიაში შეყვანილი ამომრჩევლების ოდენობის გამორჩენის გამო თავმჯდომარის და მდივნის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაყენებას ითხოვდა, თუმცა არც ის დაკმაყოფილდა.

ასევე არ დაკმაყოფილდა ჩიბუხაშვილის საჩივარი ხმის მიცემის პროცედურის დარღვევის შესახებ, 10-ე უბნის კონვერტებში ბიულეტენთან ერთად ამომრჩევლის ბარათის არსებობის შესახებ. იმის გამო, რომ არჩევანის ანინიმურობა დაირღვა, ჩიბუხაშვილი უბნის შედეგების გაუქმებას ითხოვდა.


არჩევნებამდე, წინასაარჩევნო კამპანიის მსვლელობისას, მიმდინარე წლის 24 სექტემბერს დედოფლისწყაროს საოლქო საარჩევნო კომისიამ სადამკვირვებლო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ განცხადება მიიღო. განცხადება ცესკო-ს თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას სახელზე 20 სექტემბერს გაიგზავნა, რომელმაც განცხადება საოლქო კომისიას დააწერა. არასამთავრობო ორგანიზაცია წერს, რომ სამუშაო საათებში დედოფლისწყაროს საკრებულოს აპარატის უფროსი ნინო ფიროსმანაშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო ნომერს და კანდიდატის შეხვედრებთან დაკავშირებულ ინფორმაციას აქვეყნებს, რაც აკრძალულია. განცხადებას თან ერთვის მტკიცებულებებიც.


25 სექტემბერს დედოფლისწყაროს საოლქო კომისიამ მიიღო დედოფლისწყაროს საკრებულოს აპარატის უფროსის, ნინო ფიროსმანაშვილის მოხსენებითი ბარათი, სადაც ის მომხდარს ადასტურებს, თუმცა შემდეგ გარემოებებს განმარტავს: „თქვენ მიერ მითითებული ფეისბუქის გვერდი მეკუთვნის მე. განცხადებაში აღნიშნული ფაქტი განხორციელდა ჩემ მიერ. მიმდინარე წლის 10 სექტემბერს ვიმყოფებოდი კუთვნილ შვებულებაში. რაც შეეხება 17 სექტემბერს გაზიარებულ პოსტს, აღნიშნულ დროს დავეთხოვე ხელმძღვანელს და არ ვიმყოფებოდი სამსახურში, მისი გაზიარება მოხდა საკუთარი მობილური ტელეფონით“. მოხსენებით ბარათს ხელს აწერს ნინო ფიროსმანაშვილი. არასამთავრობო ორგანიზაცია ამ ფაქტის გამო ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენას ითხოვდა, თუმცა საოლქო კომისიამ მას წერილობითი უარით უპასუხა.

0
37
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
37
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0