ფსიქოლოგია "შენზე ნაწყენი ვარ" - როგორ მოვიქცეთ ბუტია ადამიანთან და როგორ არ გავბრაზდეთ ნებისმიერ წვრილმანზე 2018, 2 ნოემბერი, 8:10
ალბათ ნებისმიერ ჩვენგანს ეყოლება ნაცნობი, რომელსაც ადვილად სწყინს ელემენტარული წვრილმანი და იბუტება. კარგი, შეიძლება ეს იყოს ნაცნობი, ვისთან ურთიერთობაც არცთუ მნიშვნელოვანია, მაგრამ რა ვუყოთ იმ ადამიანებს, რომელთანაც ძალზე ახლო ურთიერთობა გვაქვს?ასეთი შეიძლება იყოს: ახლო ნათესავი, მეგობარი, თანამშრომელი, ჯგუფელი, პარტნიორი. ამ შემთხვევაში ცხოვრება ბევრად უფრო რთულდება.
წყენა ბუნებრივი ემოციაა, ეს არის პასუხი უსამართლობაზე, ანუ ინსტინქტურად ხდება რეაქცია სიტუაციაზე, როდესაც შენ სხვას ელოდი, მაგრამ მიიღე საწინააღმდეგო. ხშირად გაგვიგია ადამიანისგან, რომ არ სწყენია..., მაგრამ ეს მთლად ასე არაა, წყენა ყველა ადამიანში არსებობს, თუმცა, როგორც ტკივილს, ისე წყენასაც აქვს თავისი საზღვარი. ზოგიერთ ადამიანში განაწყენების ზღვარი მაღალია - ე.წ. "სქელკანიანები", რომელთა წონასწორობიდან გამოყვანა ძალზე ძნელია - სხვათა შორის, ამასაც აქვს თავის მინუსები. ეს სხვა ისტორიაა და ამაზე სხვა დროს, ამჯერად ვსაუბრობთ ადამიანებზე, რომლებიც ადვილად ღიზიანდებიან და იბუტებიან. ითვლება, რომ ეს მათი სისუსტის ნიშანია. მართლაც, მათთან ურთიერთობა ძალზე რთულია - ყოველი სიტყვა უნდა აწონო, აკონტროლო და მუდამ იმაზე უნდა ფიქრობდე, რას ლაპარაკობ. მწვავე ხუმრობას და მსუბუქ ირონიას ვერ მიიღებენ ისინი, ისე, როგორც შენ გგონია. მაგრამ მოდით, ამას ყველაფერს სხვა კუთხით შევხედოთ. ბუტია ადამიანები სინამდვილეში ძალზე კარგები არიან, მაგრამ კომპლექსები აწუხებთ, არა და ეს კომპლექსები ბადებს მაღალ თვითკრიტიკას, აქედან მომდინარეობს ყველა წყენა, მათ გულთან ახლოს მიაქვთ ნებისმიერი წვრილმანი. არა და, თვითკრიტიკა არც ისე ცუდია. ასეთი ადამიანების შიდა სამყარო საკმაოდ მგრძნობიარეა, მათთან ცხოვრება და ურთიერთობა ძნელია, სამაგიეროდ, მათ შეუძლიათ თანაგრძნობის გამოხატვა და იშვიათად აწყენინებენ სხვას. ისინი ძალზე დელიკატურები არიან და მათთვის ყოველთვის მნიშვნელოვანია, თანამოსაუბრემ შეარჩიოს სიტყვები საუბრისას. ასეთ ადამიანთან ურთიერთობა ჩვენც გვაკეთილშობილებს, დაფიქრდით, თუ ეს პიროვნება თქვენთვის ძვირფასია, ეცადეთ, იყოთ მაქსიმალურად დელიკატური და ყურადღება მიაქციეთ თქვენს საუბარს და ინტონაციას. თუ შეძლებთ ამას, ჩათვალეთ, რომ არ გეყოლებათ ბადალი ურთიერთობაში. როგორ ვესაუბროთ ბუტია ადამიანს? გულწრფელად რომ ვთქვათ, ბუტია ადამიანები ხშირად ყველაფერს ამუქებენ და ზღვარს გადადიან იმ დონემდე, რომ შეიძლება წონასწორობაც დაგვაკარგვინონ, ამიტომ უნდა ვიპოვოთ ის ოქროს შუალედი, რაც მათთან ურთიერთობას გაგვიადვილებს. აი, რამდენიმე რჩევა: 1) არ იყოთ მასთან სულ ბოდიშის მოხდის რეჟიმში. რაღაც "ჩარჩოები" უნდა დავიცვათ. თუ ხვდებით, რომ საუბარში უკვე ზედმეტი მოსდის, ამ შემთხვევაში ისაუბრეთ მასთან გულწრფელად სერიოზულ თემაზე. 2)გაავლეთ ზღვარი - აუხსენით ასეთ ადამიანს, რომ მზად ხართ ბოდიშის მოსახდელად, მოთმინებაც შეგიძლიათ და რაღაც დონემდე - შეტევების მოგერიებაც, თუმცა ყველაფერს აქვს ზღვარი და საზღვრები. უნდა დაუმტკიცოთ თქვენი სიყვარული და პატივისცემა და აუხსნათ, რომ არ მოგწონთ მისი საქციელი. 3)რაც მთავარია, შეინარჩუნეთ სიმშვიდე. თუ გსურთ "ბუტია ადამიანთან" შეინარჩუნოთ ურთიერთობა, არ გქონდეთ იმედი, რომ ის შეიცვლება პირველივე საუბრის შემდეგ. ნუ გამოიწვევთ მას კამათში და ნურც თავს გაიმართლებთ, უბრალოდ მოუსმინეთ და შეეცადეთ, მასაც გაუგოთ, აუხსენით, რომ წუხხართ მომხდარის გამო და მზად ხართ ბოდიშის მოსახდელად. 4) შეცვალეთ სიტუაცია ურთიერთობაში - შეეგუეთ იმ ფაქტს, რომ ადამიანს არ შეუძლია სხვაგვარად, ის ძალზე მგრძნობიარე და ემოციურია. შეხედეთ ამ ყველაფერს სხვა კუთხით და ეცადეთ, არ გაბრაზდეთ მასზე, ნუ გადაუხდით სამაგიეროს და ნუ გაამწვავებთ სიტუაციას. ამ ყველაფერს თუ მეთოდურად გააკეთებთ, დროთა განმავლობაში მიაღწევთ კომპრომისს და უკეთესად გაუგებთ ერთმანეთს. ბუტია ადამიანებთან ცხოვრება და ურთიერთობა მარტივი არ არის, თუმცა ისინი ჩვენ გვასწავლიან სწორად ცხოვრებას და უფრო გაწონასწორებულად მოქცევას. და ბოლოს-ყველა ჩვენგანს წყენია, მაგრამ ბევრმა არ იცის, რომ გულში ჩარჩენილი წყენა ადამიანს შიგნიდან ჭამს და შეიძლება სერიოზული ზიანი მიაყენოს ჯანმრთელობას. ეს რომ არ დავუშვათ, უნდა ვისწავლოთ პატიება, რომელიც ჩვენს ცხოვრებას უფრო ბედნიერს გახდის. 197 6-ს მოსწონს
|