სიახლეები ჯეიმს აპატურაი: "საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ამოცანა ძალიან კარგად შეასრულა 2018, 8 ოქტომბერი, 17:00 ბრიუსელში გამართულ ნატოს თავდაცვის მინისტერილიდან რამდენიმე დღის შემდეგ, ალიანსის გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა მინისტერიალის ფარგლებში ჩატარებული ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა დადებითად შეაფასა. როგორც ჯეიმს აპატურაიმ აღნიშნა, კომისიის სხდომაზე საქართველოს მიმართ კარგი განწყობის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი საქართველოს თავდაცვის მინისტრის მიერ გაკეთებული პრეზენტაცია იყო. „ამ განწყობის ერთ-ერთი მიზეზი ძალიან ეფექტიანი პოლიტიკური და საკმაოდ დეტალური პრეზენტაცია იყო, რომელიც საქართველოს თავდაცვის მინისტრმა წარმოადგინა. ეს იყო ერთ-ერთი საუკეთესო პრეზენტაცია და ნატოს წევრი ქვეყნების მინისტრები კმაყოფილი დარჩნენ. განწყობა კარგი იყო ჩვენი ახლო და მჭიდრო თანამშრომლობის გამო. მინისტრმა ძალიან კარგად შეასრულა ამოცანა", - განაცხადა ჯეიმს აპატურაიმ "პირველ არხთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში.
"რაც შეეხება ქართველი მინისტრის ინიციატივას, ჩვენ ვხედავთ რომ არსებითი პაკეტით გათვალისწინებული ელემენტების ნაწილის იმპლემენტაცია მალე დასრულდება და გვინდა, დარწმუნებული ვიყოთ, რომ შევინარჩუნებთ ტემპს. შეიძლება პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების თვალსაზრისით ისე სწრაფად ვერ მივდივართ, მაგრამ პრაქტიკულ მიმართულებაზე აღებული ტემპი უნდა შევინარჩუნოთ. პროცესი არის და უნდა იყოს განგრძობადი“, – განაცხადა ჯეიმ აპატურაიმ.
ექსკლუზიურ ინტერვიუში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი მომავალი წლის მარტში, საქართველოში დაგეგმილ ნატო-საქართველოს წვრთნებსაც შეეხო და განაცხადა, რომ ერთობლივი წვრთნებით შეიარაღებულ ძალებს შორის გაიზრდება თავსებადობა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს მომავალი წევრობისთვის. როგორც ჯეიმს აპატურაიმ აღნიშნა, ეს წვრთნები არის სოლიდარობის პოლიტიკური სიგნალი და დემონსტრირება, რომ ჩვენ სხვადასხვა ქვეყნისგან შემდგარი ერთი გუნდი ვართ. "ეს მნიშვნელოვანია, სულ მცირე ორი მიზეზის გამო. მნიშვნელოვანია იმ პოლიტიკური სიგნალის გამო, რომელსაც ნატო ერთობლივი წვრთნების ჩატარებით აგზავნის და ასე ვიტყოდი, ეს არის სიგნალი, რომლის გაგზავნაც გვსურს. ჩვენ არაფერს ვაკეთებთ სხვების საწინააღმდეგოდ. წვრთნები ძალიან ყურადღებით მომზადდება, რათა ყველასთვის ნათელი იყოს მისი მიზანი. საქართველო არ არის ნატოს წევრი, მაგრამ არის ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე აქტიური, ძალიან მჭიდრო პარტნიორი და ასპირანტი. ერთობლივ წვრთნებს აქვს პრაქტიკული ასპექტიც. შეიარაღებულ ძალებს შორის გაიზრდება თავსებადობა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს მომავალი წევრობისთვის“, – განაცხადა ჯეიმს აპატურაიმ "პირველი არხისთვის" მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში. 21 3-ს მოსწონს
|