მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ცნობილი ფრანგი წარმოშობის განგსტერი რედუან ფაიდი, რომელიც სამი თვის წინ პარიზთან ახლოს მდებარე ციხიდან ვერტმფრენით გაიქცა, დააკავეს. მას საფრანგეთის დედაქალაქის მიმდებარედ, ქალაქ კრეიში მიაგნეს... საფრანგეთის პოლიციამ ასევე დააკავა განგსტერის ძმა და კიდევ ორი ადამიანი, რომლებიც მას ციხიდან გაქცევაში დაეხმარნენ. 1972 წელს დაბადებული რედუან ფაიდი სასჯელს 2010 წელს შეიარაღებული ძარცვისთვის იხდიდა. უფრო ადრე კი, 2001 წელს ის კიდევ ერთი გახმაურებული შეიარაღებული ძარცვისთვის იყო დაკავებული და 30 წელი ჰქონდა მისჯილი. ათწლიანი პატიმრობის შემდეგ წინასწარი პირობით გაათავისუფლეს, თუმცა ერთ წელიწადში მან პირობა დაარღვია და ისევ პატიმრობაში დაბრუნდა. გახმაურებული დანაშაულების გარდა ცნობილია მისი ციხიდან გაქცევის უკიდურესად რისკიანი ეპიზოდები. 2013 წელს ფაიდი ჩრდილოეთ საფრანგეთის ერთ-ერთ ციხეში მიიყვანეს, საიდანაც სულ რამდენიმე საათში ოთხი მცველი მძევლად აიყვანა, ცოცხალ ფარად გამოიყენა, რამდენიმე კარი დინამიტებით ააფეთქა და იქაურობა დატოვა... თუმცა განგსტერი იმავე წელს დააკავეს. როგორც გაირკვა, გარდა შეიარაღებული ძარცვებისა, ის წერისთვისაც იცლიდა. 2009 წელს ფაიდმა დაწერა ბიოგრაფიული წიგნი, სადაც ზედმიწევნით აქვს აღწერილი პარიზის გარეუბნისა და მისი კრიმინალურ სამყაროში ჩაბმის დეტალები. წიგნმა მისი პოპულარობა ერთი-ორად გაზარდა. საფრანგეთის პოლიციამ მას ზედმეტსახელიც შეურჩია და "მწერალი" დაარქვა.