მხატვრობა მილიონ ფუნტად გაყიდული ბენქსის ნახატი პირდაპირ აუქციონის მსვლელობისას განადგურდა 2018, 6 ოქტომბერი, 18:55 სკანდალური მხატვრის ბენქსის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ნახატი აუქციონ Sotheby’s წარმომადგენლების თვალწინ განადგურდა - დამსწრე საზოგადოების გასაკვირად მილიონად შეფასებული სურათი ქაღალდის ლენტებად გადაიქცა.
ბენქსის ნახატი "გოგონა საჰაერო ბურთით" («Girl with Balloon »), რომელიც მხატვარმა 2006 წელს აკრილის საღებავებით დახატა ტილოზე, მის ყველაზე ცნობილ ნაწარმოებად ითვლება. გუშინ სურათი გასაყიდად გამოიტანეს ლონდონში გამართულ Sotheby’s აუქციონზე. შედევრის საწყისი ფასი 200 ათასი ფუნტი სტერლინგი იყო, თუმცა აუქციონის მსვლელობისას მისი ფასი საარაკო თანხაზე - 1 042 000 ფუნტზე ავიდა (1, 4 მილიონი დოლარი). ჩაქუჩის ფინალური დარტყმის შემდეგ კი საოცრება მოხდა- უამრავი ადამიანის თვალწინ ნახატმა თვითგანადგურება დაიწყო: აუქციონის მონაწილეები შიშისა და გაკვირვებისაგან გაშეშდნენ, თუმცა მალევე მოვიდნენ გონზე და სასწრაფოდ დაიწყეს გადაღება იმისა, თუ როგორ თანდათანობით ქრებოდა ტილო მის ჩარჩოში ჩამონტაჟებული ქაღალდის საჭრელის წყალობით. მძიმე მოოქროვილი ჩარჩო აღმოჩნდა სამალავი, რომელშიც დამალული იყო ეს მინიატურული მოწყობილობა. მას შემდეგ, რაც ქაღალდის საჭრელმა ნახატი საბოლოოდ გაანადგურა, აუქციონის წარმომადგენლები სასწრაფოდ დაუკავშირდნენ ტილოს ახალ მფლობელს, რათა მისთვის გამოეცხადებათ არასასიამოვნო ახალი ამბავი. ახლა ისღა დაგვრჩენია ვიმკითხაოთ: გაიზრდება თუ არა ნახატის ფასი ამ უცნაური პიარ-აქციის შემდეგ? Sotheby's დირექტორ ალექს ბრანზიკის თქმით, ვაჭრობის დროს მომხდარი ინციდენტი თავად ბენქსის ორგანიზებული იყო. ამ ვერსიის მტკიცებულება გახდა მხატვრის ''ინსტაგრამის'' გვერდზე წარმოდგენილი ფოტო. ბენქსის სახელით ცნობილი ქუჩის იდუმალი მხატვრის გრაფიტები პირველად გასული საუკუნის 90-იან წლებში გამოჩნდა. ნამუშევრები მილიონობით დოლარადაა შეფასებული, ხოლო მათი ავტორი ნამდვილ ცოცხალ ლეგენდად იქცა. გთავაზობთ ფოტოსურათებს ბენქსის სხვა, არანაკლებ პოპულარული ნამუშევრებისა და თქვენ თვითონ შეაფასეთ, ღირს თუ არა მათში მილიონობით დოლარის გადახდა? 356 6-ს მოსწონს
|