საზოგადოება ულამაზესი ნატო ვაჩნაძის საბედისწერო რეისის მფრინავის ისტორია 2018, 5 ოქტომბერი, 18:09
"დაწერილი". იღბალს თუ უიღბლობას ბედისწერას რომ აბრალებდნენ, მეცინებოდა, რადგან მიმაჩნდა, რომ ადამიანი არის "თავის" "უფალი" და ყოველი მისი წარმატება საკუთარი შრომის, დამსახურების და ცოტაოდენი იღბლის შედეგია.
მინდოდა, ყველაფერი მცოდნოდა ირაკლი პაპას შესახებ, რომელიც არაჩვეულებრივი, მხიარული, ხუმარა, საოცრად ნიჭიერი კაცი იყო და ყველას ძალიან უყვარდა.
ბებია ამ ამბის მოყოლას ყოველთვის ერთნაირად იწყებდა. ამოიღებდა თავის ერთ სურათს და მეტყოდა: "აი, ამ სურათით გამიცნო პაპაშენმა"... ჩემი ბებო, ნინო ზუროშვილი თელაველი ქალი გახლდათ. მაღალი, თეთრი და მწვანეთვალება იყო. მისი სურათი პაპას მეგობართან უნახავს და გაცნობა გადაუწყვეტია. მეგობრები საპიკნიკოდ შეუკრიბავს, სადაც ნინოც უნდა მოსულიყო. " კოვბოიკა ჟილეტი ეცვა და ხელში წკეპლას ათამაშებდა. რომ მივედი, მომესალმა, ხელზე მაკოცა და თან გვერდით ამომიდგა. მივხვდი, რომ დამეტოლა. რამდენიმე დღის შემდეგ თბილისში მოვდიოდი. გაქანებულ მატარებელს შეახტა და ვაგონში გამომეცხადა." განსაკუთრებულად მიყვარდა ის მომენტი, როდესაც შემწვარი ქათამი მიირთვეს, მკერდის ძვალი გადატეხეს და ერთ სურვილზე დანაძლევდნენ. ეს ამბავი ირაკლის ლექსადაც დაუწერია: "იქ ვითამაშეთ სანაძლეოზე გავტეხეთ ქათმის ჩვენ ავქაშია, ორჯერ მოვუგე მე სანაძლეო, ხმალი მე მერგო, მას ქარქაშია." ირაკლიმ მოგებული სურვილი მალე გაუმხილა: "ჩემი სურვილია, ცოლად გამომყვე!".. წინააღმდეგი მხოლოდ ნინოს მამა იყო. მფრინავს როგორ გავატანო შვილი, სულ ცაში იქნება და ცოლ-შვილს როგორ მიხედავსო... ეს პრობლემაც ადვილად მოაგვარა ირაკლიმ. ჩუმად მიეპარა მას, როდესაც ეზოში შეშას ჩეხავდა და ნაჯახიანად ხელში აიტაცა. ასე დაარბენინებდა ეზოში. "იქამდე არ ჩამოგსვამ, სანამ არ დაგვლოცავ"! მომავალმა სიმამრმა სიცილი ვეღარ შეიკავა და სიძეს გადაეხვია. –აი, ასეთი ხალისით სავსე ადამიანი იყო. არაჩვეულებრივად ხატავდა, წერდა ლექსებს, გაწყობილ მაგიდას კბილებითაც კი სწევდა. სკამებზე აცეკვებდა ქალებს... მის გამოგზავნილ წერილებს რომ ვკითხულობ, ბებიას რომ უგზავნიდა... ვგიჟდები, როგორი იუმორის პატრონი იყო. სწავლის დამთავრების შემდეგ მას უფროსი პილოტის წოდება მიენიჭა. ქალაქ ოვრუჩში სწრაფ ბომბდამშენთა ლეგიონში გაამწესეს. 1939-1940 წლებში მონაწილეობდა ჩრდილოეთ ბუკოვინისა და დასავლეთ უკრაინის განთავისუფლებაში. იბრძოდა დიდ სამამულო ომში. ოსტატურად ხელმძღვანელობდა საავიაციო რგოლს. იყო ავიაესკადრილიის მეთაურის მოადგილე. შეუპოვრად ურტყამდა მტერს ქერჩის მიმართულებით. 2000 ახალგაზრდა მოამზადა, რისთვისაც 6 სიგელი დაიმსახურა. შემდეგ მერვე გამანადგურებელ საავიაციო კორპუსში შტურმანად დანიშნეს. რამდენიმე წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა რესპუბლიკური ავიაკლუბის სოხუმის ფილიალს. ასამდე პარაშუტისტი და მრავალი პილოტი მოამზადა. თვითონ ხომ მრავალი ტიპის თვითმფრინავზე იფრინა. ცაში სულ 3182 საათი გაატარა, 7 000-ჯერ მშვიდობიანად დაეშვა მიწაზე. მხოლოდ ერთხელ უმტყუნა ბედმა... არასოდეს გაუცილებია მანამდე ცოლ-შვილს, მხოლოდ ბოლო გაფრენის წინ გააცილა. დედაჩემი 12 წლის იყო. ის ყელზე შემოეხვია მამას და დააბარა: "წითელი ფეხსაცმელი ჩამომიტანე"... ბებია იხსენებდა, რომ დიდხანს ეფერა ორივე შვილს, თვითონ კი უყურებდა მიმავალს მანამ, სანამ თვალს არ მიეფარა. იმ ღამით ცუდი სიზმარი ნახა, თითქოს შავ მიწაში ხელი ჩაჰყო. გაღვიძებისას მკითხავის ნათქვამი გაახსენდა: გათხოვებამდე მეგობარს წაუყვანია, მკითხავს 2 სანთელი დაუნთია. ერთი მალევე გადახრილა და ჩამქრალა. შეწუხებულ მკითხავს უთქვამს, შვილო, ქმარი ადრე მოგიკვდებაო... ბებია გაბრაზებულა და წამოსულა. 14 ივნისი. საღამოს მოულოდნელად ქარი ამოვარდა, ჩამობნელდა. ბებიას კედლის საათისთვის შეუხედავს. საათი სასწაულებრივად გაჩერდა. ისრები 6-ის ნახევარს აჩვენებდა, დროს, როდესაც თვითმფრინავი აფეთქდა... ნატო ვაჩნაძის მხოლოდ ხელი იპოვეს, რომელიც ბეჭდით ამოიცნეს, პაპას კი პანაშვიდი ტანსაცმლით გადაუხადეს. ბებია მარტო დარჩა 2 პატარა ბავშვით. მან ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ შვილებს ყველაფერი ჰქონოდათ. ორ ადგილას მუშაობდა. შვილების სიყვარული რას არ გააკეთებინებს ქალს?.. უძლიერესი ქალი იყო! 93 წლის ასაკში გარდაიცვალა და ბოლომდე მარტო ცხოვრობდა. ამ ამბავში საოცარი კიდევ ერთი რამ არის... გინდა დამთხვევა დაარქვით, გინდა ნიშანი... რეისზე ჩემი მეორე პაპა, ისიც მფრინავი ვახტანგ ინასარიძე უნდა გამოფრენილიყო. ბოლო წუთს რაღაც შეიცვალა და ირაკლი გამოიძახეს. საოცარია... ჩემი პაპებიდან ერთ-ერთი აუცილებლად დაიღუპებოდა ამ თვითმფრინავში. რაღაცეებში მსგავსებას ვპოულობ ჩემსა და ირაკლი პაპას შორის. ის ხატავდა - მეც ვხატავ, ის წერდა - მეც ვწერ, ვგავარ იუმორშიც და ჩვენ ორივე დავფრინავთ! ის ცაში... მე კიდევ ოცნებებში... მე ვამაყობ მისით, ვამაყობ ჩემი პაპით, რომელიც მხოლოდ სურათებიდან მიღიმის. "მომიხვალ მჯერა! რასაც კი ვკითხე ნიავს, მზესა თუ ღამეს მთვარიანს... თოვლის ფიფქებმაც ჩურჩულით მითხრეს გჯეროდეს, მოვა! ის ცოცხალია! მოლოდინს ეს რა ძალა ჰქონია, შენზე ოცნებით ისე ვითვრები, შენ მოგელიან ასე მგონია, ჩვენი ოჯახის მუნჯი ნივთები." სტატია ეძღვნება ამ ავიაკატასტროფაში დაღუპულთა ხსოვნას თეკო ინასარიძე 95 1-ს მოსწონს
|