საზოგადოება "ჩემს ცხოვრებაში ყველაზე მძიმე პოსტს ვწერ„ - თამო კეშელავა 2018, 2 ოქტომბერი, 11:52
ჩემს ცხოვრებაში ყველაზე მძიმე პოსტს ვწერ, იმიტომ კი არა, რომ მიჭირს წერა, არც იმიტომ, რომ რამე ისეთს დავწერ, რაც ახალია - სრულ სიმართლეს ვწერ, მაგრამ ადამიანებს ყველა სიმართლის მიღება საჯაროდ არ შეუძლიათ...
ოდესღაც ლაროშფუკემ თქვა: - ადამიანი იმიტომ ტირის, რომ სირცხვილია არ იტიროს...
გვაქვს ჩვენი სტერეოტიპები, რისი თქმა შეიძლება და რისი არა, რისი თქმა სად შეიძლება და რისი სად...
გულზე ხელი დაიდეთ და მითხარით, რომელს არ გაგიგიათ, თუ არ გითქვამთ თავად, რომელმა გაიგეთ პირველად კალაძეზე ის, რაც სარალიძემ თქვა? რომელ მთქმელს შეაფურთხეთ, რომელს უწოდეთ არაკაცი? რომელი მოიძულეთ? რომელი გააგდეთ სახლიდან? გულზე ხელი დაიდეთ და თქვით, მართლა გგონიათ, რომ მკვლელის ხელის დაფარება მკვლელობის ტოლფასი არაა? რა განსხვავებებს და შედარებებს ეძებთ გირგვლიანს და სარალიძეს შორის? მე ვიცი ორი მსგავსება - იქაც სისტემამ დაფარა მკვლელი - იქაც არ იყო გირგვლიანი სისტემის მტერი - შემთხვევითი მსხვერპლი იყო, არ უძებნიათ. აქაც მსხვერპლი გვყავს და სისტემა აფარებს ხელს დამნაშავეებს. ხომ შეიძლება იმათი დასჯა მაინც დაიწყონ - ვინც იციან, რომ გამოძიება 15 დღით შეაჩერა, ვინც მოწმეები არ დაჰკითხა, ვინც კამერებიდან ჩანაწერების ამოღების ბრძანება არ გასცა შეგნებულად, ეგ მაინც ხომ შეიძლება? მეორე - ენუქიძესაც იგივეს ეუბნებოდნენ, რომ მართულია, რომ ოპოზიცია იყენებს, რა უნდა ოპოზიციის აქციებზე, ოპოზიცია ხომ მისით ქულებს იწერს... მკვლელს რომ ეძახდა მთავრობას, სანდრას რომ ლანძავდა - მასზეც ასე წერდნენ - ახლა აღარ გახსოვთ, ახლა აღარ გინდათ გახსენება. ვინ თხოვდა კალაძეს ამ საქმეზე საუბარს, ვინ თხოვდა კალაძეს ამ საქმეზე კომენტარის გაკეთებას? ანუ, სარალიძის საქმე პოლიტიზირებული გახადეს, თორემ, ისე, გამოძიებულია და არავინ არავის ხელს არ აფარებს დღემდე? ყველაფერი რიგზეა ქვეყანაში? ხო, კალაძემ მაშინ თქვა, რომ მისი პრინციპები უფრო მნიშვნელოვანია და მაშინ ჩვენ პატივი ვეცით მის პრინციპებს, პატივი ვეცით მისი ძმის ხსოვნას... სამწუხაროდ, ხსოვნა დაგვრჩა მხოლოდ, სად არის პრინციპები? სად არის სამართლიანობის პრინციპი? სამართლიანობაა ის, რაც დღეს ქვეყანაში, რაც დღეს ქალაქში ხდება? უამრავ მაგალითს ჩამოგითლით, რასაც პრინციპული მერი პირველ რიგში მოაგვარებდა ქალაქში, მაგრამ - მთავარი წინ გვიდევს - არაფერი შეიძლება იყოს უსამართლობაზე მთავარი. ტაშს უკრავდით დღეს მერის პასუხს, არაფერი იყო მანდ საამაყო - ტყუილია, პატივს რომ სცემდეს დაღუპული ბიჭის ხსოვნას - ერთხელ მაინც მივიდოდა და მოუსმენდა მამას, ჩუმად, ღამით მიიპარებოდა - თუ ვინმე უშლის. პატივს რომ სცემდეს დაღუპული ბიჭის ხსოვნას - იმით კი არ დაინტერესდებოდა, ვინ დაუდგა სარალიძეს გვერდით, იმით დაინტერესდებოდა - რა ხდება იქ, ზემოთ, რა ხდება ეგეთი, რომ არაფერი ხდება... გლეხი კაცია სარალიძე, გლეხი და პირდაპირი კაცია, სხვა დროს, სხვა სიტუაციაში გამეღიმებოდა, ხელებს რომ შლის რაღაცნაირად საუბრის დროს, ახლა კი გული მიკვდება და მერე ხელს რომ მიიდებს ხოლმე გულზე, მეც მტკივდება გული. პრინციპი აქვს მერს, ალბათ, იმას არ მოუსმინოს, ის არ ნახოს, ვისაც ოპოზიციასთან გაუვლია - ხოდა, არაფერი კაცური ამაში არ არის, ვერაფერი ტაშის დასაკრავი აქ ვერ დავინახე. მართალი იყო ლაროშფუკე - ჩვენ იმიტომ ვტირით, რომ სირცხვილია არ ვიტიროთ... ამიტომ, როცა სარალიძემ ის თქვა ხმამალა, რაც ზოგს გაგვიფიქრებია და ყველას მოგვისმენია, ერთხელ მაინც, სადღაც მაინც - შეგვრცხვა, რომ კურცხალი არ გადმოგვეგდო... ამ მიზეზით ვიტირეთ თავიდან სარალიძის დაჩეხილი და დაკლული ვაჟი, მაგრამ მერე დაგვღალა სირცხვილმა და ცრემლმა და ახლა იმის თქმისაც გვრცხვენია, რომ დავიღალეთ, ამიტომ ვეძებთ მიზეზებს... 2175 6-ს მოსწონს
|