კახეთი რამ გამოიწვია ხანძარი დედოფლისწყაროში, რასაც მარტოხელა ქალი ემსხვერპლა 2018, 22 სექტემბერი, 21:35 21 სექტემბერს გამთენიისას ქალაქ დედოფლისწყაროში, ჰერეთის ქუჩაზე პოპიაშვილების საცხოვრებელ სახლში გაჩენილ ხანძარს 72 წლის მარტოხელა ქალის, ლია პოპიაშვილის სიცოცხლე ემსხვერპლა. ცეცხლის ალი დილის 5 საათზე მეზობლებმა შენიშნეს, რომლებმაც მოხუცის შენობიდან გამოყვანა სცადეს, მაგრამ უშედეგოდ. ადგილზე მისულ სამაშველო ჯგუფს ქალი უკვე გარდაცვლილი დახვდა. კარის მეზობელი, რომელიც ალმოდებულ სახლში გმირულად შევარდა, ამბობს, რომ ქალის გადარჩენა ვერ შეძლო. „ახალშობილი ბავშვი გვყავს, გვიან ღამით მისი კვების გამო გავიღვიძეთ და შევნიშნეთ, რომ ცეცხლის ალი და სუნი იყო. შუშების მსხვრევის ხმა გვესმოდა. ტელეფონი რძალს მივაწოდე, რომ სახანძროში დაერეკა. შემოვვარდი მაშინვე, ეზოში ყველაფერი ისევ ისე დამხვდა, როგორც ღამით დავტოვე. მაგრამ კარიდან ვერ შევდიოდი, რომ გამოვაღე იმხელა ალი გამოდიოდა. უკანა კარი ვიცოდი და იქიდან მოვურბინე, რომ მეშველა. შევედი, მაგრამ ისეთი კვამლი იყო, ვერაფერს ვერ ვხედავდი. ეტყობა კარი რომ შევაღე, ჰაერზე ცეცხლი უფრო გაძლიერდა. ფეხებზე უკვე ცეცხლი ეკიდა, ამიტომ მხრებზე მოვკიდე ხელი, მაგრამ მიცურდა. კარებამდე მაინც გამოვათრიე. მაგრამ, ალი მეც მეცა და ხალათი მოვიფარე, რომ თავი დამეცვა. თმებიც და ხელებიც სულ გადატუსული და დამწვარი მაქვს. მერე ქუჩაში გამოვვარდი და ვყვიროდი, ხალხო, მიშველეთ, მიშველეთ-მეთქი. მერე მეხანძრეებმა მითხრეს, ტყუილად დარბიხარ, უკვე გარდაცვლილიაო. ვერაფერს ვეღარ გავხდი, “ - იხსენებს რუსუდან პოპიაშვილი. ხანძრის გამომწვევ სავარაუდო მიზეზად მოძველებული ელექტროსადენები სახელდება, სამზარეულოში გაზის ბალონიც აფეთქდა. მომხდარზე გამოძიებას დედოფლისწყაროს პოლიციის სამმართველო აწარმოებს. როგორც შსს-ს პრესსამსახურის წარმომადგენელმა ელზა ჯაფოშვილმა გაზეთ „შირაქს“ განუცხადა, დედოფლისწყაროში მომხდარ ფაქტზე მოკვლევა 188-ე მუხლის მე-3 ნაწილით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სხვისი ნივთის დაზიანებასა და განადგურებას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. 46 შეფასება არ არის
|