x
image
მანჩო 777
მათ შეძლეს სიკვდილის მოტყუება - გასაოცარი ისტორიები ადამიანებისა, რომლებიც ექსტრემალურ სიტუაციებში გადარჩნენ
საოცარია, მაგრამ ფაქტია, რომ გამოუვალ სიტუაციებში ჩავარდნილი ადამიანები ხანდახან გასაოცარ გამძლეობასა და ვაჟკაცობას იჩენენ. მათ სიცოცხლის წყურვილი უბიძგებთ გაუძლონ ისეთ პირობებს, სადაც თავის გადარჩენა ერთი შეხედვით შეუძლებელია. ისტორიას ახსოვს ბევრი შემთხვევა, როცა ამ თუ იმ პიროვნებამ ყველაზე მძიმე მდგომარეობაში მოახერხა სიკვდილისგან თავის დაღწევა.

დღევანდელ პოსტში საუბარი სწორედ ისეთ ადამიანებზე გვექნება, რომლებმაც შეძლეს სიკვდილის მოტყუება. ზოგ მათგანს ამაში საკუთარი ვაჟკაცობა და გამბედაობა დაეხმარა, ზოგსაც უბრალო შემთხვევითობა.



image


მაშ ასე, თქვენ წინაშეა საოცარი ისტორიები ადამიანებისა, რომლებიც სიკვდილს სასწაულით გადაურჩნენ.




დონერის რაზმი


image


ლამის გმირობის ტოლფასი იყო, როცა ამერიკაში ყველაზე გაბედული პიონერები ეძებდნენ ახალ-ახალ საცხოვრებელ ადგილებს. 1846 წლის მაისში ჯეიმს რიდი და ფრედერიკ დონერი სათავეში ედგნენ კალიფორნიაში მიმავალ აღალს. მათ იმედი ჰქონდათ, რომ დანიშნულების ადგილამდე თოვლის მოსვლამდე ჩააღწევდნენ, ამიტომ გაცილებით მოკლე, მაგრამ ურთულესი მარშრუტი აირჩიეს. სამწუხაროდ, ჯგუფს თოვლმა სიერა-ნევადის მთებში მოუსწრო და მთელ რაზმს იქ მოუხდა გამოზამთრება. საკვები მალე დამთავრდა, ირგვლივ მხოლოდ თოვლი და ყინული იყო და არც ერთი სულიერი არსება. რაზმის წევრები იძულებული გახდნენ, კანიბალიზმისათვის მიემართათ. 87 ადამიანიდან მხოლოდ რამდენიმე გადარჩა ცოცხალი, რომელთა წყალობით ჩვენამდე მოვიდა ეს სამწუხარო ისტორია.


ჰიუ გლასი


image



ჰიუ გლასი გახლდათ ამერიკელი კოლონისტი, რომელიც ცნობილია იმით, რომ არაადამიანურ ტკივილს გაუძლო. გლასი რამოდენიმე მონადირესთან ერთად ეწეოდა ბეწვეულით ვაჭრობას. ერთხელ მათ პირისპირ შეეჩეხათ გრიზლი. სწორედ აქედან დაიწყო ჰიუ გლასის აგონია. საშინელ მხეცთან მარტო დარჩენილმა მამაცმა მონადირემ შეძლო მისი მოგერიება, სანამ მეგობრები მიეშველებოდნენ და მოკლავდნენ გამძვინვარებულ ცხოველს. უამრავი ჭრილობით და ხელ-ფეხმოტეხილი გლასი ჯერ კიდევ ცოცხალი იყო და სუნთქავდა, მაგრამ ექსპედიციის წევრებისათვის ის უკვე ზედმეტ ტვირთს წარმოადგენდა და მათ წინსვლას აფერხებდა. მათ ჩათვალეს, რომ გლასს უკვე ვერანაირი სასწაული ვერ იხსნიდა. დაუტოვეს ორი კაცი, რათა დალოდებოდნენ მის სიკვდილს და დაემარხათ, სხვა მონადირეებმა კი გზა გააგრძელეს. დაჭრილთან დარჩენილებს ბევრი არ უფიქრიათ: მათ მომაკვდავი გაძარცვეს და გაიქცნენ. როცა ჰიუ გლასი გონს მოვიდა, ნახა, რომ სრულიად მარტოა უკაცრიელ ტყეში. ტკივილებისაგან გათანგულმა მამაცმა მონადირემ გადაწყვიტა, რადაც არ უნდა დასჯდომოდა, დასახლებულ პუნქტამდე მიეღწია. ის ფორთხვით გაემართა იქით, სადაც ადამიანები ეგულებოდა, შიმშილით რომ არ მომკვდარიყო, ბალახებს და ძირხვენებს ჭამდა, ხოლო განგრენის შესაჩერებლად დაჩირქებულ წყლულებზე მატლებს ისვამდა, რომლებიც ჭამდნენ დამპალ ხორცს. რამოდენიმე დღის შემდეგ გაწამებულმა და საშინლად გამხდარმა გლასმა ასევე ფორთხვით მიაღწია ერთ-ერთ პორტამდე, სადაც მას დახმარება აღმოუჩინეს.


ბეკ უეზერსი


image



მას, ვინც ევერესტის დაპყრობას განიზრახავს, ორი მიზანი აქვს განსახორციელებელი: ავიდეს მწვერვალზე და რაც მთავარია, გადარჩეს ცოცხალი. ეს ლიტონი სიტყვები არაა - ყველასათვის კარგადაა ცნობილი, რომ მსოფლიოს უმაღლესი მწვერვალის კალთებზე არაერთმა ალპინისტმა პოვა სამუდამო განსასვენებელი. 1996 წლის 10 მაისს განხორციელებული ასვლის დროს მთამსვლელ ბეკ უეზერსის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა: ბეკმა დაკარგა სათვალე, რის გამოც თოვლით ძლიერი დამწვრობა მიიღო და სრულებით დაბრმავდა. უეზერსი იძულებული გახდა, შეჩერებულიყო და თავის შერპს ( გიდს) დალოდებოდა. ამბობენ, უბედურება მარტო არ მოდისო. მართლაც, შერპის მომლოდინე ბეკს თავს ზვავი დაატყდა. თანაგუნდელებმა მის პოვნაზე ხელი ჩაიქნიეს, ჩათვალეს რა, რომ ცოცხალი აღარ იყო. რაოდენ დიდი იყო მათი განცვიფრება, როცა ბეკი დღე-ნახევრის შემდეგ ბანაკში დაბრუნდა. თუმცა ამ ტრავმამ მასზე წარუშლელი კვალი დატოვა: უეზერსმა დაკარგა ცხვირი, მარჯვენა ხელი და მარცხენა ხელის ნაწილი და სამუდამოდ დაბრმავდა, მააგრამ მას სხვებთან შედარებით მაინც გაუმართლა, რადგან ამ ექსპედიციაში 15 კაცი დაიღუპა.


ბრედ კავანა და დებორა კილი


image



ვინ იფიქრებდა, რომ ხუთი კაცისაგან შემდგარი ჯგუფის უბრალო გასეირნება ფლორიდიდან მენის შტატამდე ნამდვილ კოშმარად გადაიქცეოდა? - ეს მოხდა 1982 წლის ოქტომბერში. უეცრად ამოვარდნილმა შტორმმა პატარა გემი ნაფოტებად აქცია და მეგობრები - ორი გოგონა და სამი ვაჟი პატარა გასაბერი ნავით აღმოჩდნენ მძვინვარე ოკეანის ტალღებში, საკვების და სასმელი წყლის გარეშე. ამას დაემატა ისიც, რომ გემის დამსხვრევის დროს ერთი გოგონა მძიმედ დაშავდა და სასწრაფოდ ესაჭიროებოდა სერიოზული სამედიცინო დახმარება. ორიოდე დღის შემდეგ ორმა ჭაბუკმა ვერ გაუძლო ამ მდგომარეობას, ისინი ფსიქიკურად შეიშალნენ, ოკეანეში გადახტნენ და ზვიგენების ლუკმა გახდნენ. დაჭრილი გოგონა ინფექციისაგან გარდაიცვალა. ცოცხლად დარჩენილი ერთი ვაჟის და გოგონას მდგომარეობა უკიდურესად მძიმე იყო. მათი გადარჩენის შანსი ნულს უტოლდებოდა, თუმცა მოხდა სასწაული და ექვსი უიმედო დღის შემდეგ ისინი საბჭოთა ტვირთმზიდმა გემმა აიყვანა.


ფინეას გეიჯი


image



ფინეას გეიჯი იყო პასუხისმგებელი პირი 1848 წელს მიმდინარე ტრანსატლანტიკური რკინიგზის მშენებლობის დროს დენთის აფეთქებაზე. ერთ - ერთი ასეთი აფეთქების დროს მას თავში მოხვდა რკინის რელსის ნაჭერი. ამ საშინელი ტრაგედიისას მან ცალი თვალი და ტვინის ნაწილი დაკარგა. უგონოდ მყოფი გეიჯი ჰოსპიტალში გადაიყვანეს. მისი გადარჩენის იმედი არავის ჰქონდა. საოცარია, მაგრამ მძიმე ოპერაციის შემდეგ გეიჯი ცოცხალიც გადარჩა და საღი აზროვნებაც შეუნარჩუნდა, თუმცა მეგობრები ამბობდნენ, რომ ის დროდადრო მეტად უცნაურად იქცეოდა ხოლმე.


არონ ლი ლარსტონი


image



ეს ისტორია 27 წლის ლარსტონს მაშინ შეემთხვა, როცა იუტას მთებში მარტოდმარტო დახეტიალობდა. ერთ-ერთ კლდეზე ცოცვის დროს არონს მარჯვენა ხელი კლდის ნაპრალში გაეჭედა. მთების ტყვეობაში მომწყვდეულმა არონმა 5 დღე და 7 საათი გაატარა და როცა დახმარების ყველანაირი იმედი გადაეწურა, მიხვდა, რომ გადარჩენის ერთადერთი გზა ხელის მოჭრა იყო. ერთადერთი იარაღი, რითაც მას ეს უნდა გაეკეთებინა, ბლაგვი დანა იყო. შემზარავი წარმოსადგენია, როგორ მოახერხა ამ არასტერილური იარაღით და მარცხენა ხელით მამაცმა ყმაწვილმა ხელის მოკვეთა, მაგრამ სიცოცხლის წყურვილი რას არ შეაძლებინებს ადამიანს.

დაძლია რა ტრავმული შოკი და დიდი რაოდენობით სისხლის დაკარგვა, ძალაგამოცლილმა და შიმშილისა და წყურვილისაგან გაწამებულმა არონმა, რომელმაც ამ ხუთ დღეში 18 კილოგრამი დაიკლო წონაში, კიდევ ექვსი საათი იფორთხა ცხელ უდაბნოში და მხოლოდ საღამო ხანს წაწყდნენ მას ჰოლანდიელი ტურისტები, რომლებმაც დახმარება აღმოუჩინეს გატანჯულ ბიჭს.
2004 წელს არონ ლარსტონმა გამოსცა ავტობიოგრაფიული წიგნი "127 საათი უროსა და ბორკილების ქვეშ". ამ წიგნის მიხედვით 2010 წელს გადაიღეს ფილმი სახელწოდებით "127 საათი'', სადაც მთავარ როლს ჯეიმს ფრანკო ასრულებს. ფილმმა მის შემქმნელებს 60 მილიონ დოლარზე მეტი მოუტანა.


ხოსე სალვადორ ალავენგა


image



2012 წლის დეკემბერში 37 წლის ხოსე სალვადორ ალვარენგა მექსიკაში ზვიგენებზე სანადიროდ წავიდა, ამ რთულ საქმეში დასახმარებლად მან ადგილობრივი მცხოვრები, 22 წლის ესეკელ კორდოვი დაიქირავა. მეთევზეები მექსიკის სანაპიროდან ღია ზღვაში გავიდნენ. თავიდანვე მათ უბედურება შეემთხვათ, ძლიერმა ქარმა ნავი გაიტაცა და წყნარ ოკეანეში გადაისროლა.

15 თვის განმავლობაში მათზე არავინ არაფერი იცოდა. ამ ორწლინახევრის წინ კი ნავი მარშალის ნაპირებთან მიცურდა, რომელიც ათასობით კილომეტრითაა დაშორებული მექსიკიდან. -„ღმერთო!“-ეს იყო მეთევზის პირველი სიტყვები მიწაზე ფეხის დადგმის დროს. ექიმების თქმით, ხოსე პარალიზებული იყო, ვერ დადიოდა, რადგან ფეხები ატროფირებული ჰქონდა და ხანგრძლივი მკურნალობის შემდეგაც ვერ გაიხსენა, სად იმყოფებოდა მისი დამხმარე. ხოსემ განაცხადა, რომ იმდენად დიდი იყო გადარჩენის სურვილი, რომ ყველა საშუალებას იყენებდა - ჭამდა ხელით დაჭერილ ფრინველებს, ზვიგენებს, თევზებს, სვამდა წვიმის წყალს, საკუთარ შარდს და კუს სისხლს. მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ დაქირავებული მამაკაცი საკმაოდ ახალგაზრდა იყო, ვერ გაუძლო ექსტრემალურ პირობებს და მალე შიმშილით გარდაიცვალა, ხოსემ კი მისი ცხედარი ღია ზღვაში გადააგდო, თუმცა გარდაცვლილის ახლობლებს არ სჯეროდათ ამ ვერსიის და ექსპერტებთან საუბრის შემდეგ მივიდნენ დასკვნამდე, რომ მხოლოდ თევზით და უმი ხორცით კვებისას ხოსე ასეთ ფორმას ვერ შეინარჩუნებდა. ისინი ამბობენ, რომ ხოსემ თანამგზავრი შეჭამა.


ნანდო პარადო


image



მსოფლიო ავიაციის ისტორიაში არის ავიაკატასტროფის ბევრი შემთხვევა, რომლებიც ფატალური შედეგით დასრულდა, მაგრამ არის ერთი ამბავი, რომელიც დაუჯერებელი სინამდვილეა. ეს ამბავი კი 1972 წლის 13 ოქტომბერს დაიწყო. რეისი ნომრით 571 ურუგვაიდან ჩილესკენ აფრინდა, რაგბის კლუბის ახალგაზრდა ბიჭები სანტიაგოში სათამაშოდ მიდიოდნენ. მათ თან ახლდათ ოჯახის წევრები და მეგობრები. აფრენიდან რამდენიმე საათში ცუდი მეტეოროლოგიური პირობებისა და ეკიპაჟის დაუდევრობის გამო თვითმფრინავი ანდების მთებში ჩამოვარდა. თოვლში ჩარჩენილი ხომალდი ორად იყო გახლეჩილი. 45 ადამიანიდან 12 ჩამოვარდნის დროს დაიკარგა, 5 კი მეორე დილით დაიღუპა. დარჩენილი 27 ადამიანიდან ბევრი ტრავმირებული იყო. საშინელ სიცივეში ნახევარ ხომალდში შეყუჟული ბიჭები დახმარებას ელოდნენ, ლოდინი კი ამაო გამოდგა. რამდენიმე დღის შემდეგ მავთულით რადიო სიხშირე დაიჭირეს და გაიგეს, რომ სამაშველო სამსახურმა უშედეგოდ დაასრულა მათი ძებნა და ყველანი დაღუპულად იყვნენ გამოცხადებულები.

ზამთრის საშინელი ყინვა იყო, ბევრმა ვერ გაუძლო, ცოცხლად დარჩენილი ადამიანები კი საკვებს ეძებდნენ და სხვა რა გზა ჰქონდათ, პროტეინებით მდიდარი ადამიანის ხორცით იკლავდნენ შიმშილს. ასე გავიდა ორი თვე. ცოცხალი მხოლოდ 16 დარჩა. ბოლოს ნანდო პარადომ და რობერტო კანესამ გადაწყვიტეს, წასულიყვნენ და თავი გადაერჩინათ. 12 დღე-ღამე თოვლში, ყინვაში და ქარში იარეს ანდების მთებში და ბოლოს პუენტო ნეგროს სოფელს მიადგნენ. იქ დაინახეს ერთი მწყემსი, რომელმაც აცნობა ადგილობრივ მთავრობას გადარჩენილთა ამბავი, შემდეგ კი საშველად ანდებში დარჩენილ მეგობრებთან ვერტმფრენით გაემგზავრნენ. რომის პაპმა გადარჩენილებს მიუტევა ადამიანის ხორცით კვება. იქ, სადაც ხომალდი ჩამოვარდა, ხშირად ადიან გადარჩენილები და მათი ახლობლები და პატივს მიაგებენ დაღუპულებს.


ერნესტ შეკლტონი


image



ირლანდიელი ერნესტ შეკლტონი პოლარეთის მკვლევარი გახლდათ. ის საოცარ რწმენას უნერგავდა თავისი ექსპედიციის წევრებს.. მკვლევარის მიზანი იყო, ფეხით გადაელახათ ანტარქტიდა. 1915 წლის იანვრისათვის შეკლტონის გემი „ენდურანსი“ ( Endurance) ყინულებში მოხვდა. იგი 10 თვე იყო ამ ადგილას გაჩერებული, მერე კი თანდათან ჩაიძირა. შველას არსაიდან არ მოელოდნენ. ეკიპაჟი სიცივით და შიმშილით სიკვდილისათვის იყო განწირული. მაშინ შეკლტონმა თავისი ხალხი 290 კილომეტრით დაშორებული ელეფანტის კლდოვანი კუნძულისაკენ წაიყვანა. აქედან ის ხუთ კაცთან ერთად გაემართა სამხრეთ გეორგიის კუნძულისაკენ, რომელიც 1300 კილომეტრის დაშორებით, მსოფლიოს ყველაზე ცივი და მღელვარე ოკეანის გადაღმა მდებარეობდა.
კუნძულს 16 დღეში მიადგნენ. ერნესტ შეკლტონი მივიდა ჩრდილო სანაპიროზე მდებარე ვეშაპმჭერ სადგურზე და მაშველი წამოიყვანა. შეკლტონის ხალხს სამართლიანად სწამდა მეთაურისა: მან ეკიპაჟის 27-ვე წევრი გადაარჩინა.
შეკლტონს უკვე მოხვეჭილი ჰქონდა სახელი „ნიმროდის“ ექსპედიციით (1907-1909), რომლის დროსაც მარხილებით მიმავალ რაზმს გაუძღვა და 156 კილომეტრზე მიუახლოვდა სამხრეთ პოლუსს. შეკლტონი ინგლისში დაბრუნდა და ის, როგორც გმირი, რაინდად აღიარეს.



ვესნა ვულოვიჩი


image



სერბი ვესნა ვულოვიჩი - გინესის რეკორდსმენი იმ იშვიათ გამონაკლისს წარმოადგენს, ვინც ავიაკატასტროფიდან ცოცხალი გადარჩა. ესაა ადამიანი, რომელიც კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე დიდი სიმაღლიდან ჩამოვარდა და ცოცხალი გადარჩა.

1972 წლის 26 იანვარს ჩეხეთის ტერიტორიაზე სოფელ სერბსკა კამენიცესთან რეისი JAT 367- კოპენჰაგენი-ზაგრები 10 000 მეტრის სიმაღლეზე აფეთქდა, თვითმფრინავი DC-9-30 ნაწილებად დაიშალა (აფეთქების ზუსტი მიზეზი უცნობია, თუმცა 1974 წელს ჩეხოსლოვაკიაში გამოაქვეყნეს კომისიის დასკვნა, სადაც თვლიდნენ, რომ თვითმფრინავში ბომბი იყო). 22 წლის ვესნა სტიუარდესად მუშაობდა, იმ დღეს იგი არ უნდა გაფრენილიყო, თუმცა იძულებული გახდა, შეეცვალა სხვა სტიუარდესა, რომელსაც აგრეთვე ვესნა ერქვა. კატასტროფის ადგილზე ახალგაზრდა ქალი ადგილობრივმა გლეხმა ბრუნო ჰონკემ იპოვა, კატასტროფის შემდეგ იგი 27 დღე კომაში იყო, ამის შემდეგ კიდევ 16 თვე იწვა ჰოსპიტალში. ბოლოს იგი ისევ დარჩა ავიაკომპანიაში სამუშაოდ, თუმცა უკვე არა ცაში... ქალს დაზიანებული ჰქონდა თავის ქალა, ფეხები და ხერხემალი.

ვესნა ვულოვიჩი იუგოსლავიის ნაციონალურ გმირად აღიარეს.


მარათონელი, რომელიც საჰარაში დაიკარგა


image


საჰარის ქვიშის მარათონი ერთ-ერთ ყველაზე რთულია მსოფლიოში. ამ ექვსდღიან შეჯიბრზე (დაახლოებით 250 კმ) მხოლოდ ყველაზე გამოცდილები და ამტანები ბედავენ მონაწილეობის მიღებას.

პოლიციელმა და სპორტსმენმა მაურო პროსპერიმ ასევე გადაწყვიტა საკუთარი თავის გამოცდა. ოთხი დღე ყველაფერი კარგად მიდიოდა, მაგრამ შემდეგ ქვიშის ქარბუქი ამოვარდა. წესის თანახმად, ასეთ შემთხვევაში მონაწილეები უნდა გაჩერებულიყვნენ და დახმარებას დალოდებოდნენ, მაგრამ იტალიელმა გადაწყვიტა, რომ ქარიშხალი ხელს ვერ შეუშლიდა – თავზე შარფი შემოიხვია (რომ ესუნთქა) და გზა განაგრძო. ექვსი საათის მერე ქარი ჩადგა, პროსპერი კი მიხვდა, რომ მთელი იმ დროის მანძილზე სულ სხვა მიმართულებით მიდიოდა. ის ისე შორს იმყოფებოდა სხვებისგან, რომ მის მიერ გაშვებული სასიგნალო რაკეტები არავის შეუმჩნევია. მაურო სრულიად მარტო დარჩა დედამიწაზე ყველაზე დიდსა და არაკეთილმოსურნე უდაბნოში.

პროსპერის აღარაფერი დარჩენოდა გარდა იმისა, რომ სიარული გაეგრძელებინა. ბოლოს ის გადააწყდა მიტოვებულ მეჩეთს, სადაც მშიერმა მარათონელმა ღამურები დაიჭირა, თავები დააწყვიტა და მათი სისხლი დალია.

სასოწარკვეთილებისგან პროსპერიმ თავის მოკვლაც კი სცადა – მაჯებზე ვენები გადაიჭრა, თუმცა, გაუწყლოებისგან მისი სისხლი იმდენად შედედებული იყო, რომ გარეთ არ გამოვიდა – შედეგად მიიღო მხოლოდ ორი ნაკაწრი და თავის ტკივილი. ამ დროს მარათონელმა დაიფიცა, რომ სიცოცხლისათვის ბოლომდე იბრძოლებდა.

შემდეგი ხუთი დღის მანძილზე მაურო საჰარაში დახეტიალებდა, იკვებებოდა ხვლიკებითა და მორიელებით, წყურვილს კი ცვარით იკლავდა. ცხრა დღის შემდეგ მას ბედმა გაუღიმა – ის მომთაბარეთა ჯგუფს შეხვდა, რომელთაც აუხსნეს, რომ ის ალჟირში იმყოფებოდა, 200 კმ. დაშორებით იმ ადგილიდან, სადაც წესით უნდა ყოფილიყო.
საოცარია, მაგრამ ორი წლის შემდეგ პროსპერი კვლავ ჩაეწერა ახალ მარათონში, საიდანაც სრულიად უვნებელი დაბრუნდა.

4
271
6-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
271
  
2018, 22 სექტემბერი, 14:50
მადლობა, მაკუშ. უსაშველოდ მიყვარს ასეთი ისტორიები
2018, 22 სექტემბერი, 14:48
მიხარია, თუ მოგწონთ
2018, 22 სექტემბერი, 13:16
მართლაც, როგორც ყოველთვის მანჩო ფორმაშია და ისტორიები საინტერესო, მხოლოდ ნანდო პარადოზე ვიცოდი.
2018, 22 სექტემბერი, 12:16
როგორც ყოველთვის ძალიან საინტერესოა
0 1 4