x
მეტი
  • 24.12.2024
  • სტატია:139020
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512559
დედამიწის ისტორია
დედამიწის ისტორია


ჩვენი პლანეტის არსებობა 5 მილიარდ წელს ითვლის და ამ პერიოდში წარმოუდგენლად ბევრი საინტერესო რამ მოხდა. წარმოგიდგენთ დედამიწის ისტორიის უმთავრეს, გარდამტეხ მომენტებს, დაწყებული სიცოცხლის გაჩენიდან, დამთავრებული გამანადგურებელი ასტეროიდების ცვენით. ეს ის მოვლენებია, რომელმაც მსოფლიო იმ სახით ჩამოაყალიბა, რა სახითაც დღეს გვაქვს.


5 მილიარდი წლის წინ - დედამიწა წარმოიშვა მტვრისა და ქვების ღრუბლისგან, რომელიც ახალდაბადებულ მზის სუპერნოვას ერტყა გარშემო. ქვების შეჯახების შედეგად დაიწყო დედამიწის და სხვა პლანეტების ფორმირება. საბოლოოდ უთვალავი ნამსხვრევის გაერთიანება ძალიან მასიური გახდა და გრავიტაციის ძალით სხვა ქვების მიზიდვა უფრო და უფრო აქტიურად დაიწყო. ამგვარად შეისრუტა ახლომდებარე ნამსხვრევების კიდევ უფრო დიდი რაოდენობა და პლანეტად ჩამოყალიბდა, დედამიწის ქერქის საბოლოო ფორმირება 4.6 მილიარდი წლის წინ დასრულდა. მთვარე მოგვიანებით წარმოიქმნა, როდესაც დაახლოებით 4.3 მილიარდი წლის წინ დედამიწას პლანეტა თეია შეეჯახა და მას უზარმაზარი ნაწილი მოწყვიტა. ეს ღრუბელი მოგვიანებით შეიკრა დედამიწის გარშემო მბრუნავი დიდი რაოდენობით ხარახურის ერთმანეთთან დაჯახების წყალობით და მთვარედ ჩამოყალიბდა დედამიწის გარშემო, ისევე როგორც 5 მილიარდიდან 4.6 მილიარდი წლის განმავლობაში დედამიწა ფორმირდა მზის გარშემო მოძრაობის განმავლობაში.


მთვარის წარმოქმნა



ზუსტად არავინ იცის სიცოცხლე როდის გაჩნდა, მაგრამ უკვე აღმოჩენილია 3.8 მილიარდი წლის წინანდელი ბაქტერიების არსებობის დამადასტურებელი საბუთები და ასევე 4.1 მილიარდი წლის წინანდელი სიცოცხლის გარკვეული ფორმების (ბაქტერიებზე უფრო პრიმიტიულის) კვალი. სიცოცხლე შეიძლება წარმოშობილიყო ზღვის ფსკერზე მდებარე თბილ, ტუტოვან წყაროებთან. ღია წყლებში, ან ხმელეთზე. ჯერჯერობით ჩვენ ეს არ ვიცით. სიცოცხლის ყველა ფორმას სჭირდება ენერგია ცხოველმყოფელობისთვის, მეტაბოლიზმისთვის. დედამიწელებისთვის კი ენერგიის უმთავრესი და უდიდესი წყარო მზეა.


ბაქტერიები


3.4 მილიარდი წლის წინ ზოგიერთმა ადრეულმა მიკროორგანიზმმა გამოიმუშავა მეთოდი, რითაც მზის ენერგიის გამოყენების წყალობით მარტივი მოლეკულებიდან ქმნიდა შაქარს. ამ პროცესს ფოტოსინთეზი ეწოდება, თუმცა დღევანდელი მწვანე მცენარეებისგან განსხვავებით, პირველი ფოტოსინთეზირებადი ორგანიზმები არ გამოყოფნენ ჟანგბადს როგორც ნარჩენ პროდუქტს, ასე რომ იმ პერიოდში დედამიწის ატმოსფერო ჟანგბადს არ შეიცავდა.


3 მილიარდი წლის წინ - დღესდღეობით დედამიწის ზედაპირი დაყოფილია რამდენიმე ათეულ ქვის ფილად. ზოგჯერ რომელიმე მათგანი სხვის ქვემოთ აღმოჩნდება ხოლმე, რის შემდეგაც პლანეტის გამდნარ გულში ნადგურდება. ეს პროცესი, რომელსაც ფილების ტექტონიკა ეწოდება დაახლოებით 3 მილიარდი წლის წინ დაიწყო. ამის გამო კი შესაძლებელი გახდა პირველი კონტინენტის - ურის გაჩენა.


დედამიწის ფილები


2.4 მილიარდი წლის წინ - დიდი ჟანგვის მოვლენა. დედამიწის ისტორიის პირველ ნახევარში ატმოსფეროში ჟანგბადს ძნელად თუ წააწყდებოდით, მაგრამ შემდეგ ბაქტერიებმა დაიწყეს მზის სინათლის ათვისება და მისი მეშვეობით ნახშირორჟანგისგან და წყლისგან შაქრის წარმოება ისევე, როგორც ამჟამინდელი მწვანე მცენარეები აკეთებენ. ეს პროცესი - ფოტოსინთეზი, როგორც უკვე ვთქვით ჯერ კიდევ 3.4 მილიარდი წლის წინ დაიწყო, მაგრამ ამჟამად უკვე ბაქტერიებმა მუტაციის შედეგად შეიძინეს უნარი, რომ ფოტოსინთეზის ნარჩენ პროდუქტად ჟანგბადი წარმოექმნათ. ამ მოვლენამ უმნიშვნელოვანესი გარდატეხა მოახდინა დედამიწაზე სიცოცხლის შემდგომ განვითარებაში, ვინაიდან ხელი შეუწყო ატმოსფეროს ჟანგბადით გამდიდრებას. ამან დიდი ალბათობით თავდაპირველად მთელი პლანეტა გაყინა ერთი დიდი თოვლის გუნდასავით, რადგან ატმოსფეროს გამოაცალა სასათბურე აირი - მეთანი.


2 - 1 მილიარდი წლის წინ - ენდოსიმბიოზი. პირველი ცოცხალი ორგანიზმები თანამედროვე ბაქტერიებივით მარტივი ოჯრედები იყვნენ, მაგრამ ზოგიერთი მათგანი შინაგანად ბევრად კომპლექსური გახდა. ამ ეუკარიოტებმა უჯრედის შიგნით ბევრი სპეციფიკური წარმონაქმნი განივითარეს. მათ ასევე გააჩნდათ ენერგიის ახალი წყარო - სოსისის ფორმის ნანომეტრული ობიექტები, სახელად მიტოქონდრიები, რომლებიც ერთ დროს თავისუფალი ბაქტერიები იყვნენ, მაგრამ ენდოსიმბიოზის პროცესში მოხდა მათი შესრუტვა. ყოველი მცენარე და ცხოველი, რომელიც ოდესმე გინახავთ ეუკარიოტები არიან.


ეუკარიოტული უჯრედი


1 მილიარდი წლის წინ - მრავალუჯრედიანი ორგანიზმები. ისტორიაში პირველად სიცოცხლე აღარ შედგებოდა ერთი უჯრედისაგან. უჯრედები ერთიანდებოდნენ, რათა წარმოექმნათ უფრო რთული, კომპლექსური, მსხვილი ორგანიზმები, რომელთაც ექნებოდათ პირი, კიდურები და გრძნობათა ორგანოები. აღმოჩენილია მსხვილი ორგანიზმების ნამარხები, რომელიც 2.1 მილიარდ წელსაც კი ითვლის. თუმცა 1 მილიარდი წლის წინ მათი რიცხვი საგრძნობლად გაიზარდა და მსოფლიო ოკეანე მოიცვა. ორგანიზმების სხვადასხვა ჯგუფმა მრავალუჯრედიანობა ერთმანეთისგან დამოუკიდებლად განავითარა. ამ საკითხში მცენარეებმა აჯობეს ცხოველებს.


პირველი მრავალუჯრედიანი ორგანიზმები 2 მილიარდი წლის წინ


535 მილიონი წლის წინ - კამბრიული აფეთქება. ცხოველების წარმოშობიდან მალევე ევოლუციამ წინსვლის ტემპში გაიარა 2 ძირითადი ნახტომი. კამბრიულ აფეთქებაში თანამედროვე ცხოველების თითქმის ყველა ჯგუფი, რამდენიმე ათეული მილიონი წლის განმავლობაში წარმოიქმნა. ამ ერთი შეხედვით აფეთქების მიზეზი ნაწილობრივ კარგი განამარხება უნდა იყოს, რადგან მაშინ არსებულ ცხოველების უმეტესობას უკვე მყარი გარსი ჰქონდა ჩამოყალიბებული. შემდეგ კი 489 მილიონი წლის წინ ცხოველების თითოეული ჯგუფი გაფართოვდა დიდი ორდოვიკული ბიომრავალფეროვნების მოვლენისას.


დიდი კამბრიული აფეთქება


465 მილიონი წლის წინ - მცენარეები ხმელეთს იპყრობენ. ზოგიერთი ცხოველი ხმელეთს ჯერ კიდევ 500 მილიონი წლის წინ ესტუმრა, თუმცა მხოლოდ ხანმოკლე ვიზიტით, ალბათ კვერცხების დასადებად მტაცებელთაგან თავისუფალ და ბევრად უფრო დაცულ ადგილას. მცენარეები პირველები იყვნენ, რომლებმაც ხმელეთი მუდმივ საცხოვრებლად იქციეს. ხმელეთის პირველი მცენარეები ენათესავებოდნენ ლურჯ-მწვანე წყალმცენარეებს, თუმცა ძალიან სწრაფად გამრავალფეროვნდნენ.


მცენარეები ხმელეთს იპყრობენ


460 - 430 მილიონი წლის წინ - პირველი მასობრივი გადაშენება. ორდოვიკულ პერიოდში სიცოცხლე ყვაოდა თუმცა ეპოქის მიწურულს, მსოფლიოში საკმაოდ აცივდა და პოლუსებიდან ყინულის საფარველმა დაიწყო განვრცობა. ამას მოჰყვა გამყინვარების პერიოდი, რომელსაც ანდურ-საჰარულს უწოდებენ, რადგან მისი მტკიცებულებანი ანდების მთებსა და საჰარის უდაბნოში მოიპოვეს პირველად. ძლიერმა ყინვამ გამოიწვია ისტორიაში მეორე მასობრივი გადაშენება - ორდოვიკულ-სივორული გადაშენება. ცოცხალი ორგანიზმების უმეტესობა ისევ ზღვაში აღმოჩნდა. წყლის სახეობათა 85% კი განადგურდა. შემდეგ ყველაზე მეტად თევზები გავრცელდნენ.


ორდოვიკული პერიოდი


375 მილიონი წლის წინ - ხმელეთზე მოსიარული თევზები. ამ დროს მცენარეები უკვე ძალიან კარგად ადაპტირდნენ ხმელეთზე არსებობისთვის და მთელი პლანეტა დაფარეს, ამიტომ ახლა ცხოველების ჯერი იყო წყლიდან ამოსულიყვნენ. ერთ-ერთი პირველები იყვნენ მწერები დაახლოებით 400 მილიონი წლის წინ. მათ მალევე მოყვნენ დიდი ხერხემლიანი ცხოველები, როგორიცაა ტიკტაალიკი - სალამანდრას მსგავსი თევზი. ტიკტაალიკის მსგავს თევზებს მოგვიანებით 4 კიდური განუვითარდათ და დასაბამი დაუდეს ამფიბიებს, ქვეწარმავლებსა და ძუძუმწოვრებს. წყლის მიტოვება დროული და "გონივრული" ნაბიჯი იყო, რადგან მალევე გვიანმა დევონურმა გადაშენებამ მრავალი ზღვაში მცხოვრები სახეობა გადააშენა, მათ შორის საშიში გარეგნობის მქონე შეჯავშნული თევზები.


ხმელეთზე მოსიარულე თევზები 375 მილიონი წლის წინ


320 მილიონი წლის წინ - პირველი ქვეწარმავლების გამოჩენისას დედამიწა ხანგრძლივი აციების, გვიანი პალეოზოური გამყინვარების შუაგულში იმყოფებოდა. ქვეწარმავლები ტრიტონის მსგავსი ამფიბიებისგან წარმოიშვნენ. წინაპრებისგან განსხვავებით მათ უხეში, ქერცლიანი კანი ჰქონდათ და მყარი ნაჭუჭის მქონე კვერცხებს დებდნენ. ამიტომ ამ კვერცხების წყალში მოთავსება აღარ იყო საჭირო. ამ უპირატესობების შედეგად ისინი მალევე იქცნენ ხმელეთის დომინანტ ცხოველებად. ქვეწარმავლისებრი დიმეტროდონი სიგრძეში 4.5 მეტრსაც კი აღწევდა, ზოგს ის დინოზავრი ჰგონია, თუმცა ის დინოზავრი ნამდვილად არ იყო, მიუხედავად მსგავსებისა.


პირველი ქვეწარმავლები


300 მილიონი წლის წინ - დედამიწის კონტინენტები ბოლოჯერ გაერთიანდა ერთ ვეებერთელა სუპერკონტინენტად, რომელსაც პანგეა ეწოდება. მას გარს ერტყა მსოფლიო ოკეანე სახელად პანთალასა. პანგეამ 125 მილიონი წელი იარსება და 175 მილიონი წლის წინ დაშლა დაიწყო, რაც ათობით მილიონი წელი გაგრძელდა. მისი დანაწევრებული ნაწილები ჩვენთვის ცნობილი თანამედროვე კონტინენტებია.


პანგეა


252 მილიონი წლის წინ - ქვეწარმავლების ბატონობის პერიოდში დედამიწაზე არსებული სიცოცხლე დიდი გამოწვევის წინაშე აღმოჩნდა. პერმული გადაშენება პლანეტის ისტორიაში უსაშინლესი მასობრივი გადაშენება გახლდათ. ამ დროს განადგურდა ზღვის სახეობების 96 და ხმელეთის ცხოველების სახეობების 70%. ზუსტად არ ვიცით რა იყო ამ გადაშენების გამომწვევი მიზეზი, თუმცა მთავარ ფაქტორად სახელდება მასობრივი ვულკანური ამოფრქვევები, რის დროსაც ციმბირული ტრაპები წარმოიშვა. ამის შემდგომ გაჩნდნენ პირველი დინოზავრები.


პერმული გადაშენება


220 მილიონი წლის წინ - იმ დროს როდესაც დინოზავრები ვრცელდებოდნენ და მრავალფეროვნდებოდნენ, გაჩნდნენ პირველი ძუძუმწოვრები, მათი წინაპრები იყვნენ ქვეწარმავლები - კინოდონტები, რომლებიც ძალიან ჰგავდნენ ძაღლებს და შესაძლოა ბეწვი ან ულვაშები ჰქონოდათ. ადრეული ძუძუმწოვრები, როგორიც იყო მორგანოკოდონი მომცრო ზომისანი და ბიგას მსგავსნი იყვნენ და სავარაუდოდ მხოლოდ ღამით აქტიურობდნენ. შესაძლოა სწორედ ამ ფაქტორმა შეუწყო ხელი თანდათან თბილისისხლიანობის განვითარებას - სხეულის ტემპერატურის მუდმივად მეტ-ნაკლებად ერთ დონეზე შენარჩუნების უნარს მუდმივად ცვლად გარემოში.


პირველი ძუძუმწოვრები


201 მილიონი წლის წინ - ტრიასული გადაშენება. ხმელეთზე დინოზავრები აღზევდნენ, ზღვებში კი ვეებერთელა ქვეწარმავლები - იხტიოზავრები გახდნენ უმთავრესი მტაცებლები. ამ პერიოდში მოხდა მომდევნო უდიდესი კატასტროფა. დაზუსტებით ჯერაც არ ვიცით რამ გამოიწვია ტრიასული გადაშენება, მაგრამ მან სახეობათა 80% შეიწირა. ამის შედეგი იყო ის, რომ დინოზავრები ხმელეთის დომნანტ ცხოველებად იქცნენ და საბოლოოდ მიაღწიეს ტიტანურ ზომებს. მათ შორის (ჩვენთვის ცნობილი) უდიდესი სახეობა დაახლოებით 60 ტონას იწონიდა.


ტრიასული გადაშენება


65 მილიონი წლის წინ - დინოზავრების დიდი ნაწილის გადაშენება. ღია კოსმოსიდან დედამიწის ატმოსფეროში შემოიჭრა უზარმაზარი ასტეროიდი და ამჟამინდელი ნიუ მექსიკოს ტერიტორიაზე ჩამოვარდა. აფეთქების ტალღა კოლოსალური იყო და გამანადგურებელი აღმოჩნდა, თუმცა შემდგომი ეფექტები კიდევ უარესი გახლდათ. მტვრის უდიდესი რაოდენობა ატმოსფეროს ზედა ფენებში აიჭრა და მზე დააბნელა დედამიწის მკვიდრთათვის. ამას სიცივე და სიბნელე მოჰყვა, რომელმაც დედამიწა მე-5 და საბოლოო (ჯერჯერობით) მასობრივ გადაშენებამდე მიიყვანა. მსხვერპლთაგან ყველაზე მთავარი და ცნობილნი დინოზავრები არიან, თუმცა ასევე ამოწყდნენ პტეროზავრები - ზღვის უზარმაზარი ქვეწარმავლები.


დინოზავრების გადაშენება


60 მილიონი წლის წინ - პირველი პრიმატები. დინოზავრების განადგურებასთან ერთად, თითქმის მაშინვე მოჰყვა ძუძუმწოვართა განთიადი, მათი რაოდენობის უპრეცენდენტო ზრდა, ნამდვილი ბიოლოგიური აფეთქება და მათში ახალი თვისებების განვითარება. ჩასახული ნაყოფი სხეულში რჩებოდა და პლაცენტის მეშვეობით დაბადებამდე მუდმივად კვებავდა ნაყოფს, ისე როგორც თანამედროვე ადამიანებში ხდება. მალევე ამ ადრეული პლაცენტური ძუძუმწოვრების ნაწილი პირველ პრიმატებად ჩამოყალიბდნენ. შემდგომში მათგან წარმოიშვნენ მაიმუნები, ადამიანისებრი მაიმუნები და ადამიანები. პრიმატების პირველი ინდივიდები მომცრო ზომისანი იყვნენ. უძველესი პრიმატის ჩონჩხი მიეკუთვნება სახეობას, რომელიც 830 გრამს იწონიდა. ისინი აზიის ცხელ და ნოტიო ტროპიკულ ტყეებში ცხოვრობდნენ.


პირველი პრიმატები


32 - 25 მილიონი წლის წინ - ძლიერ დამუხტული მცენარეები. მცენარეები დაუღალავად ითვისებდნენ მზის სინათლეს და მისი მეშვეობით ასობით მილიონი წლის განმავლობაში ფოტოსინთეზად წოდებულ პროცესში შაქარს აწარმოებდნენ, მაგამ მოგვიანებით მცენარეების ნაწილმა საამისოდ უკეთეს გზას მიაგნო. C4 ფოტოსინთეზი ჩვეულებრივზე ბევრად ეფექტურია და საშუალებას აძლევს მცენარეებს მეტად არახელსაყრელ გარემოს შეეგუონ.


ამაზონის ტყეები


13 - 7 მილიონი წლის წინ - პირველი ჰომინიდები. ადამიანისებრი მაიმუნები პირველად აფრიკაში ჩამოყალიბდნენ 25 მილიონი წლის წინ. შემდეგ რაღაც მომენტში ჯგუფი გაიყო ადამიანებისა და თანამედროვე მაიმუნების წინაპრებად - ეს დაახლოებით 7 მილიონი წლის წინ მოხდა.


ჰომინიდები


200, 000 წლის წინ - თანამედროვე ადამიანის საბოლოო ჩამოყალიბება. ჩვენი არსებობა დედამიწის ისტორიასთან შედარებით საკმაოდ მცირე დროს ითვლის, მაგრამ ამ პერიოდში ძალიან გამრავლდა ადამიანთა რასა და დედამიწის დომინანტ მტაცებელ სახეობად იქცა. დღემდე გარდაცვლილია 200 მილიარდ ადამიანზე მეტი, მკვდარია 200 ათასზე მეტი ეთნოსი და ამდენი ადამიანის ნაღვაწის და ცოდნის დაგროვებამ საშუალება მოგვცა დედამიწის ხუთმილიარდწლიან ისტორიაში მილიარდობით სახეობას შორის პირველი სახეობა გავმხდარიყავით, რომელმაც კოსმოსში გააღწია და იქ აპირებს კოლონიების დაარსებას. ამავე დროს ჩვენმა ქმედებებმა დააჩქარა მე-6 მასობრივი გადაშენება დედამიწაზე, რასაც ანთროპოგენური გადაშენება ეწოდება და ახლა მიმდინარეობს. ასევე ანთროპოგენურმა (ადამიანის ქმედებების) ფაქტორმა საფუძველი ჩაუყარა კლიმატის უსწრაფეს ცვლილებას დედამიწის ისტორიაში. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენ ვართ ერთადერთი სახეობა, რომელმაც შეძლო და თავიდან ბოლომდე შეისწავლა დედამიწის ისტორია...




მინდა, რომ წარმოგიდგინოთ დედამიწის ისტორიის უფრო ვრცელი განხილვა შემგომი სტატიებით, რომელიც ერთმანეთის მიყოლებით, დაწყობილად და ნათლად წარმოგიდგენთ მზის სისტემის და დედამიწის ისტორიას. ამ უმნიშვნელოვანესი ნაკრების გაკეთებისთვის ქართულ ენაზე, მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ქალბატონ ლალი ადიკაშვილს:


1. მზის სისტემა (თავი I)

2. მზე და მზის სისტემის ასაკი (თავი II)

3. მზის მოძრაობა და მისი ადგილი გალაქტიკაში (თავი III)

4. გეოლოგიური დრო და გეოქრონოლოგიური ცხრილი (თავი IV)

5. კატარქაული ერა (თავი V)

6. არქაული ერა (თავი VI)

7. პროტეროზოური ერა (თავი VII)

8. პალეოზოური ერა (თავი VIII)

9. მეზოზოური ერა (თავი IX)

10. კაინოზოური ერა (თავი X)

11. დედამიწის განვითარების ისტორია 24 საათში


ასევე დაგაინტერესებთ:

დედამიწის გეოლოგიური ისტორია


ავტორი: თორნიკე ფხალაძე


5
3455
3-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
3455
  
2019, 21 მარტი, 19:10
ხელები მეტკინა, მაგრამ ძალიან მომეწონა
2018, 19 სექტემბერი, 15:48
ვახ, თუ გაქვს კი საწვალებელია და დიდი სამუშაო, მაგრამ ამაზე კარგს ვერაფერს იზამ. ჩვენს ხალხს ახლა ასეთი ცოდნა ყველაზე მეტად სჭირდება. არ იციან და არ სჯერათ. მეცნიერული ფაქტები ზღაორები გონიათ და ზღაპრები კი პირიქით - სიმართლე. ჰოდა აბა ჩვენ რისთვის ვართ? უნდა ვეცადოთ, რომ შევცვალოთ რამე ;)
2018, 19 სექტემბერი, 15:43
რა ვიცი აბა? ისე შემაგულიანე, იქნებ მომდევნო თავი გამოვაქვეყნო :)
2018, 19 სექტემბერი, 14:31
შენს სტატიებსაც გაეცნონ რაც აქაა მითითებული და მართლა სრულყოფილად ეცოდინებათ მერე ეს საკითხი.
2018, 18 სექტემბერი, 19:02
სრულყოფილი ინფორმაციაა საკითხთან დაკავშირებით. სკოლის სახელმძღვანელოებში ყველა თემა ასე რომ იყოს განხილული, რეპეტიტორები საჭირო აღარ იქნება.
0 1 5