x
მეტი
  • 06.02.2023
  • სტატია:125456
  • ვიდეო:355946
  • სურათი:498369
მზის სისტემა. თავი I - სამყარო და დედამიწა. ზოგადი გეოგრაფია. დამხმარე სახელმძღვანელო აბიტურიენტებისთვის

მზის სისტემა

მზე ვარსკვლავია*, რომელიც გარემოცულია დიდი და პატარა ციური სხეულებით და მტვრის ნაწილაკებით. ყველა ციური სხეული ერთად ქმნის მზის სისტემას, რადგან სწორედ მზე აკავებს მათ თავის სიახლოვეს, გრავიტაციის ძალით.

მზის სისტემაში ყველაზე დიდი სხეულები პლანეტებია**. თავდაპირველად მზის სისტემაში 9 პლანეტა იყო, მაგრამ 2006 წ. საერთაშორისო ასტრონომიულმა კავშირმა, პლუტონს მცირე ზომის გამო, პლანეტის კატეგორია ჩამოართვა და “მცირე პლანეტების" *** რიცხვს მიაკუთვნა.

პლანეტების გარდა, მზის სისტემაში 60-მდე თანამგზავრი, 40 ათასზე მეტი ასტეროიდი**** და მილიონამდე კომეტა***** არის.

მზის სისტემის რადიუსი პლუტონის ორბიტამდე 5, 9 მლრდ. კმ-ია, ხოლო თვით მზის სისტემის რადიუსი, პლუტონის იქით მოძრავი მეტეორიტების გათვალისწინებით, ბევრად უფრო მეტია.

პლანეტები მზის სისტემაში შემდეგი თანმიმდევრობით არის განლაგებული: მზესთან ყველაზე ახლოს არის მერკური, მას მოსდევს ვენერა, დედამიწა, მარსი, იუპიტერი, სატურნი, ურანი და ბოლოს, ნეპტუნი.

ყველა პლანეტა სფეროსებური ფორმის არის და მზის ირგვლივ საათის ისრის საწინააღმდეგო მიმართულებით მოძრაობს. ამავე მიმართულიბით მოძრაობს თითქმის ყველა თანამგზავრი და ასტეროიდი. იგივე მიმართულებით მოძრაობენ პლანეტები საკუთარი ღერძის გარშემო. გამონაკლისი მხოლოდ ვენერა და ურანია.

პლანეტებს, ზომისა და ქიმიური შემადგენლობის მიხედვით, პირობითად ორ ჯგუფად

ყოფენ:

I. დედამიწის ჯგუფის პლანეტებში შედის: მერკური, ვენერა, დედამიწა და მარსი.

II. პლანეტა-გიგანტების ჯგუფში შედის: იუპიტერი, სატურნი, ურანი და ნეპტუნი.

დედამიწის ჯგუფის პლანეტები მცირე ზომით და თანამგზავრების სიმცირით გამოირჩევიან. პლანეტა-გიგანტები მათზე 10-ჯერ და 100-ჯერ უფრო დიდები არიან. გარდა ამისა, დედამიწის ჯგუფის პლანეტებს აქვთ მაღალი სიმკვრივე და მყარი სხეულები, ხოლო პლანეტა-გიგანტები მხოლოდ აირებისგან შედგებიან და შეიძლება ითქვას, რომ ისინი დიდი ზომის ჰაერის ბუშტები არიან.

ასეთი სხვაობა პლანეტების ჯგუფებს შორის იმით არის გამოწვეული, რომ დედამიწის ჯგუფის პლანეტების ფორმირება მზესთან უფრო ახლოს მოხდა, ხოლო პლანეტა-გიგანტები მზისგან მოშორებით, შედარებით ცივ გარემოში ჩამოყალიბდნენ.

დედამიწა ერთადერთი პლანეტაა მზის სისტემაში, რომელზეც სიცოცხლე არსებობს. მასზე სიცოცხლის არსებობას სამი ფაქტორი განსაზღვრავს: მდებარეობა (მზესთან უფრო ახლოს რომ ვიყოთ, დავიწვებით, ხოლო შორს - გავიყინებით), ზომა (დედამიწა იმდენად დიდია, რომ გრავიტაციის ძალით ატმოსფეროს აკავებს, რომელიც თავის მხრივ, ცოცხალ ორგანიზმებს იცავს ულტრაიისფერი გამოსხივებისა და მეტეორიტებისგან) და სიჩქარე (დედამიწა ისეთი სიჩქარით მოძრაობს საკუთარი ღერძის გარშემო, რომ მისი ერთი ნახევარსფერო არ ხურდება დღის მანძილზე, ხოლო მეორე, ღამე არ იყინება).

მზის სისტემამზის სისტემამზე, მზის სისტემაში ერთადერთი ვარსკვლავია, მაგრამ სამყაროში ტრილიონობით ვარსკვლავია, რომლებიც მზის მსგავსად, ქმნიან სისტემებს და ვარსკვლავურ ჯგუფებში, თანავარსკვლავედებში ერთიანდებიან. ყველა თანავარსკვლავედს თავისი სახელი აქვს. მაგ., გედი, სასწორი, თხის რქა და ა. შ. თანავარსკვლავედების მიხედვით, ცა 88 სექტორად არის დაყოფილი, მათ შორის 12 ქმნის ზოდიაქოს******.

ვარსკვლავები იყოფიან ჩრდ. და სამხ. ნახევარსფეროების ვარსკვლავებად. ჩვენ მხოლოდ ჩრდ. ნახევარსფეროს ვარსკვლავებს ვხედავთ, რადგან სამხ. ნახევარსფეროს ვარსკვლავები ყოველთვის ჰორიზონტის ხაზის ქვემოთ მდებარეობენ.

ჩრდილოეთის თანავარსკვლავედებიდან, ყველაზე პოპულარული დიდი დათვის თანავარსკვლავედია. მის მარჯვნივ მდებარეობს პოლარული ვარსკვლავი, რომელიც ღამე ჩრდილოეთის მიმართულების კარგი ორიენტირია.

ვარსკვლავების ჯგუფები ერთიანდებიან გალაქტიკებში*******, გალაქტიკები - გალაქტიკურ ჯგუფებში, ჯგუფები კი მეგაგალაქტიკებში.

მზის სისტემა

განმარტებები:

ვარსკვლავი* - გავარვარებული ციური სხეული, რომლის წიაღში თერმობირთვული რეაქციები მიმდინარეობს და სითბოსა და სინათლეს ასხივებს.

პლანეტა** (ბერძ. მოხეტიალე) არის ვარსკვლავის ირგვლივ მოძრავი ციური სხეული, რომელიც საკმაოდ დიდია იმისთვის, რომ საკუთარი გრავიტაციის გავლენით, სფერული ფორმა ჰქონდეს, მაგრამ არ არის იმდენად დიდი, რომ მის წიაღში თერმობირთვული რეაქციები მიმდინარეობდეს.

მცირე პლანეტა*** - ციური სხეული, რომელსაც აქვს სფეროს ფორმა, მოძრაობს თავის ორბიტაზე და არ არის რომელიმე პლანეტის თანამგზავრი.

ასტეროიდი**** - ციური სხეული, რომლის სიდიდე 1-დან 1 000 კმ-მდეა.

მზის სისტემაში ასტეროიდების უდიდესი ნაწილი მარსსა და იუპიტერს შორის არის თავმოყრილი ე. წ. ასტეროიდების სარტყელში. მაგრამ, არის ისეთი ასტეროიდები, რომლებიც დედამიწის სიახლოვეს მოძრაობენ და ხშირად მის ატმოსფეროში აღწევენ. ჰაერთან შეხებისას, ასტეროიდი ხურდება, ალი ედება და იწვის.

თუ ასტეროიდი ბოლომდე არ დაიწვა, ის დედამიწაზე ვარდება. ასტეროიდის პლანეტაზე ჩამოვარდნილ ნაწილს მეტეორიტი ეწოდება. დედამიწაზე დაცემის ადგილზე, მეტეორიტები, მეტეორიტულ კრატერებს ქმნიან.

მეტეორიტის წვის პროცესი ვარსკვლავის ჩამოვარდნასთან ასოცირდება. დედამიწა, ორბიტაზე მოძრაობის დროს, ყველაფერს იზიდავს, რაც მისი გრავიტაციის არეში ხვდება. ჩვეულებრივ, უღრუბლო ღამეს, 1 საათში, 5-6 “ვარსკვლავი ვარდება". მაგრამ, როდესაც ჩვენი პლანეტა შედის მზის ირგვლივ მბრუნავი ასტეროიდების ზონაში, დედამიწაზე “ვარსკვლავების წვიმა" მოდის.

წვის დროს, მეტეორიტები სხვადასხვა ფერად ანათებენ. ფერს განსაზღვრავს ვარდნილი სხეულის ქიმიური შედგენილობა და მოძრაობის სიჩქარე. სპექტრალური თვალსაზრისით, 1000-ზე მეტ ფერს გამოყოფენ.

მზის სისტემა

კომეტა***** - ეწოდება ყინულის სფეროს, რომელიც მზის ირგვლივ ოვალურ ორბიტაზე ბრუნავს, მასთან მიახლოვებისას დნება და გამოსროლილი გაზითა და მტვრით კუდს იკეთებს. კომეტებს შირის ყველაზე ცნობილი ჰალეა არის, რომელიც 75 წლის ინტერვალში ჩნდება. ბოლო დროს მან 1986 წელს ჩაუქროლა დედამიწის.

მზის სისტემა


ზოდიაქო****** (ბერძ. ცხოველი) - დედამიწის წლიური მოძრაობის ორბიტის (ეკლიპტიკის) გასწვრივ, 12 თანავარსკვლავედი (ვერძი, კურო, მარჩხიბი, კირჩხიბი, ლომი, ქალწული, სასწორი, ღრიანკალი, მშვილდოსანი, თხის რქა, მერწყური და თევზები) არის განლაგებული, რომლებიც ზოდიაქოს სარტყელს ქმნიან.

გალაქტიკა******* ეწოდება ვარსკვლავების გრანდიოზულ დაჯგუფებას. მზის სისტემა შედის “რძის გზის" (ირმის ნახტომი) გალაქტიკაში, რომელშიც 200 მლრდ.-მდე ვარსკვლავია. არის უფრო დიდი გალაქტიკებიც, ტრილიონობით ვარსკვლავით და ასევე არის ჯუჯა გალაქტიკები, ვარსკვლავების მცირე რაოდენობით.

სამყაროში გალაქტიკების რაოდენობა 100 მლრდ.-ს აღემატება და მეგაგალაქტიკას ქმნის. მეგაგალაქტიკაში ცენტრალური გალაქტიკა არ არსებობს, რომლის ირგვლივაც გალაქტიკები იმოძრავებენ. მაგრამ მიუხედავად ამისა, ისინი მაინც მოძრაობენ. რაც უფრო შორს არის სხვა გალაქტიკა ჩვენი გალაქტიკიდან, მით უფრო სწრაფად გვშორდება ანუ შორეული გალაქტიკები უფრო სწრაფად მოძრაობენ, ვიდრე ის გალაქტიკები, რომლებიც უფრო ახლოს იმყოფებიან “რძის გზასთან".

 სამყარო და დედამიწა

1
4770
8-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
4770
  
2018, 17 სექტემბერი, 11:42
უშესანიშნავესია :)))
0 1 1