კახეთი დედოფლისწყაროში პური 10 თეთრით გაძვირდა 2018, 16 სექტემბერი, 19:03 დედოფლისწყაროში მოქმედ თონეებში პურის ფასი 10 თეთრით გაიზარდა. ფასი მოემატა მათ პროდუქციას მაღაზიებშიც. 50 თეთრიანი პური უკვე რამდენიმე დღეა 0, 60 თეთრად იყიდება, ხოლო 0, 60-იანი 0, 70 თეთრად. ადგილობრივი მწარმოებლები ფასის ზრდის ძირითად მიზეზად ფქვილის გაძვირებას ასახელებენ. ისინი სხვა ხარჯების მატებაზეც მიანიშნებენ და აცხადებენ, რომ ფასის მატება გარდაუვალი იყო. დედოფლისწყაროში ზოგიერთ თონეს ფასი ჯერ არ გაუზრდია, ზიგიერთ ადგილას პური ისევ 0, 50 თეთრად იყიდება. თუმცა, ამბობენ, რომ თუ ეს ტენდენცია გაგრძელდა, პურის გაძვირებას ვერ გაექცევიან. ექსპერტები ფქვილის დაიაფებას არ ვარაუდობენ, რადგან სახელმწიფო გეგმავს საქართველოში მარცვლეულის საგზაო ტრანსპორტით შემოტანა აკრძალოს, რის გამოც კიდევ უფრო დეფიციტური გახდება, რაც თავის მხრივ ფქვილზე ფასს კიდევ გაზრდის. საქართველოს ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის, ლევან სილაგავას თქმით, ბოლო 3 წელია საქართველო უმეტესწილად რუსეთიდან იმპორტირებულ ხორბალზეა დამოკიდებული. მსოფლიო ტენდენციებისა და ლარის კურსის გათვალისწინებით, ფქვილის ფასი გაზრდილია, რამაც შესაძლოა პურის ღირებულების ზრდაც გამოიწვიოს. სილაგავას თქმით, ფქვილის ფასის ზრდის მომავალი ტალღა ლარის კურსზე და რუსეთის მთავრობის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე იქნება დამოკიდებული. “ჩვენ იმპორტზე დამოკიდებული ქვეყანა ვართ, საკუთარი ხორბალი დაახლოებით 10% გვაქვს მთლიანობაში. ჩვენი იმპორტი ბოლო 3 წლის განმავლობაში ძირითადად ხორციელდება რუსეთიდან. მსოფლიო ტენდენცია აისახა რუსეთზეც, სადაც 30%-ით შემცირდა მოსავალი, ამან გამოიწვია ფასის ზრდა. გარდა ამისა, ლარის კურსი დოლართან მიმართებაში 18 პუნქტით გაუფასურდა, რაც სერიოზული ფაქტორია, რადგან ხორბალს დოლარში ვყიდულობთ. ფქვილის კალკულაციაში 90% ხორბალს უჭირავს, შესაბამისად ეს გარკვეულწილად აისახა ფასზე. ამ ფაქტორებმა უკვე იმოქმედა, თუმცა ახალი ტალღა იქნება თუ არა, არ ვიცით, ეს დამოკიდებულია იმაზე თუ რუსეთის მთავრობა რა გადაწყვეტილებას მიიღებს, იქნება ეს ექსპორტის კვოტირება თუ ექსპორტის გადასახადი. ასევე რა სასტარტო ფასი ექნება ყაზახეთს, რაც დაახლოებით ორ კვირაში დადგინდება“ - განაცხადა სილაგავამ. 35 შეფასება არ არის
|