კახეთი ზემო მაჩხაანში ორის ნაცვლად სამსართულიანი სკოლა აშენდება - გამოყოფილია 5 440 000 ლარი 2018, 2 სექტემბერი, 12:02 დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ზემო მაჩხაანში ახალი სკოლის მშენებლობისთვის განათლების სამინისტრომ ტენდერი გამოაცხადა. სამუშაოების მწარმოებელი კომპანიის ვინაობა სულ მალე გახდება ცნობილი. როგორც გაირკვა, ჯამური თანხა 2 მილიონი ლარით გაზრდილია. სკოლის შენობის ასაგებად და თანამედროვე სტანდარტებით მოსაწყობად 5 440 000 ლარი გამოყო. არადა, ერთი წლის წინ, როცა შენობის მაკეტი გამოქვეყნდა, ითქვა, რომ სკოლის შენობას 3 500 000 ლარი მოხმარდებოდა. იმხანად ითქვა ისიც, რომ სამუშაოები 2018 წელს დაიწყებოდა და შენობა 2019 წლის ბოლოს ჩაბარდებოდა. თუმცა, ამჯერად თანხის ზრდასთან ერთად, ვადებმაც გადაიწია და შენობის დასრულება უკვე 2020 წლისთვის იგეგმება. ახლადგამოქვეყნებული სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, სკოლა 300 მოსწავლეზე გათვლილი უნდა იყოს, წინა შემთხვევაში კი 250 მოსწავლეზე. ძველი პროექტი ორსართულიანი შენობის აგებას ითვალისწინებდა, ამჯერად კი სამი სართული და სარდაფია გათვალისწინებული. სავარაუდო მაკეტის ფოტო ექსკუზიურად მოვიპოვეთ. დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერი ნიკოლოზ ჯანიაშვილი ამბობს, რომ ვადები არ გაჭიანურებულა და მანამდე სამშენებლო მოედნის მოსუფთავება მიმდინარეობდა. „კარგი ინფორმაცია მაქვს მაჩხაანელებისთვის. სამინისტრომ უკვე გამოაცხადა ტენდერი და ამჟამად სამუშაოების მწარმოებელი კომპანიის გამოვლენა მიმდინარეობს. შესყიდვების სააგენტოს ვებ-გვერდზე რომ შევიდეთ, 5 440 000 ლარის ღირებულების პროექტია და 10 სექტემბერს იწურება განაცხადების მიღების ვადა. დიდი იმედი მაქვს, სექტემბრის შუა რიცხვებში უკვე გვეყოლება გამარჯვებული კომპანია, რომელიც სამუშაოებს მიმდინარე წელსვე დაიწყებს. კომპანიას ორწლიანი ვადა აქვს, მშენებლობა ორ წელში, 2019-20 წლებში უნდა დასრულდეს. რაც შეეხება თქვენს მიერ დასმულ შეკითხვას, ვადების გაჭიანურების თაობაზე, მინდა გითხრათ, რომ ეს მთლიანად განათლების სამინისტროს პრეროგატივა იყო, მაგრამ შენობის ასაშენებლად ტენდერი აქამდე არ გამოცხადებულა, რომ მაგალითად ის ჩაშლილიყო და ამიტომ გადაეწია წინასწარ დაანონსებულ თარიღს. ვიცით, რომ შენობის აშენებამდე საჭირო იყო ძველი შენობის დაშლა და ნარჩენების ტერიტორიიდან გაზიდვა. შარშან სამინისტრომ ახალი შენობის ასაშენებლად მოედნის დასუფთავებისა და დამწვარი შენობის დემონტაჟის სამუშაოების ჩასატარებლად გამოაცხადა ტენდერი. ეზოში რომ მიხვიდეთ, ნახავთ, რომ ძველი შენობა სრულად დანგრეულია, ტერიტორია გაწმენდილია და მზადაა სამუშაოების დასაწყებად“ - აღნიშნავს ნიკოლოზ ჯანიაშვილი. სკოლის შენობის ძველი მაკეტი. ორსართულიანი 250 მოსწავლეზე გათვლილი შენობა. 41 შეფასება არ არის
|