x
მეტი
  • 27.12.2024
  • სტატია:139070
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512603
პოლიტიკური რეალიზმი
რეალურად არ არსებობს თეორია, რომელიც შეძლებს ბოლომდე ახსნას საერთაშორისო ურთიერთობების ფართო სპექტრი, რომელშიც მოიაზრება როგორც კონფლიქტური, ისე ურთიერთთანამშრომლობის პოლიტიკა; მაგრამ არსებობს თეორიული საფუძვლები, რომლებსაც საერთაშორისო ურთიერთობების სწავლებებში ცენტრალური ადგილი უჭირავთ.
პოლიტიკური რეალიზმი აზროვნების სკოლაა, რომელიც საერთაშორისო ურთიერთობებს ძალუფლების გადმოსახედიდან აღწერს. სახელმწიფოების მიერ ერთმანეთის მიმართ ძალისმიერი ქმედებების ჩადენა ზოგჯერ რეალისტურ ან ძალისმიერ პოლიტიკად მოიხსენიება. როგორც ცნობილია, რეალიზმი აღმოცენდა ლიბერალური ტრადიციების საპირისპიროდ, რომელსაც რეალისტები იდეალიზმად მოიხსენიებდნენ (რა თქმა უნდა, თავად იდეალისტები არ ფიქრობენ, რომ მათი მიდგომა არარეალისტურია). იდეალიზმის მიმდევრებს მიაჩნიათ, რომ საერთაშორისო მოვლენებზე გაცილებით უფრო დიდ ზეგავლენას ახდენს ისეთი ფაქტორები, როგორიცაა საერთაშორისო სამართალი, მორალი და საერთაშორისო ორგანიზაციები და არა ძალაუფლება მეორე მსოფლიო ომიდან მოყოლებული, რეალისტები დაუღალავად ადანაშაულებდნენ იდეალისტებს იმაში, რომ ეს უკანასკნელნი სამყაროს რეალურად არ აღიქვამდნენ და მხოლოდ იმაზე მსჯელობდნენ, როგორი უნდათ რომ დაინახონ იგი. მეორე მსოფლიო ომის გამოცდილებით აღჭურვილი რეალისტები ყურადღებით სწავლობდნენ ძალისმიერი პოლიტიკის პრინციპებს და კატეგორიულ უარს აცხადებდნენ ყოველგვარ სასურველ, მაგრამ არარეალურ მოსაზრებებზე. პოლიტიკური რეალიზმის მიმდევრებმა სერიოზული თეორიული საფუძ ვლები ჩამოაყალიბეს ცივი ომის შეჩერების პოლიტიკისა და შეერთებული შტატების პოლიტიკოსთა გადაწყვეტილების შესახებ, რათა არ დაეშვათ საბჭოთა კავშირისა და ჩინეთის დაზავება.
რეალისტებს მიაჩნიათ, რომ ძლიერნი აკეთებენ იმას, რისი გაკეთებაც თავიანთი ძალაუფლების წყალობით შეუძლიათ, ხოლო სუსტები იძულებით იღებენ იმას, რისი თავიდან აცილებაც არ ძალუძთ. რეალიზმის ერთ-ერთ სერიოზულ დასაყრდენს ნიკოლო მაკიაველის თეზისები წარმოადგენს, რომელიც მოუწოდებდა მთავრებს მიზანმიმართულად ემოქმედათ, რათა ძალაუფლება შეენარჩუნებიათ და სახელმწიფოსა და სამხედრო ალიანსების მანიპულირების საშუალება ჰქონოდათ. ინგლისელი ფილოსოფოსი თომას ჰობსი ძლიერი მონარქიის მომხრე იყო. იგი თვლიდა, რომ ძლიერი მონარქია, რომელსაც თავად ლევიანტურ მონარქიას უწოდებდა, არ დაუშვებდა ქვეყანაში არასასურველ მდგომარეობას. რეალისტები, ზემოჩამოთვლილ ისტორიულ პირებსა და მათ მოსაზრებებში, იმის ნათელ დადასტურებას ხედავენ, რომ ძალისმიერ პოლიტიკას ნებისმიერ ეპოქასა და ნებისმიერ სახელმწიფოში უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მეცნიერი ჰანს მორგენთაუ ამტკიცებდა, რომ საერთაშორისო პოლიტიკა იმართება მიზანმიმართული უნივერსალური კანონებით, რომლებსაც, საფუძვლად უდევს ის აზრი, რომ ეროვნული ინტერესები განისაზღვრება ძალაუფლების გადმოსახედიდან (და არა გადაწყვეტილებების მიმღებთა ფსიქოლოგიურ მოტივებზე დაყრდნობით). ჰანს მორგენთაუ აგრეთვე ამტკიცებდა, რომ არც ერთი ერი არ ყოფილა ღმერთისაგან გამორჩეული და, რომ ყოველი მათგანი მოქმედებდა გონივრულად მიღებული გადაწყვეტილებების საფუძველზე. იგი გმობდა ვიეტნამის ომს.
ანალოგიურად, 2002 წელს წამყვანი რეალისტების სახელები კიდევ უფრო ცნობილი გახდა, როდესაც მათ საერთაშორისო ურთიერთობების ოცდაცამეტ სხვა ექსპერტთან ერთად ხელი მოაწერეს ნიუ_იორკ თაიმსში გამოქვეყნებულ განცხადებას, რომელიც იუწყებოდა, რომ `ერაყთან ომი არ შედიოდა შეერთებული შტატების ეროვნულ ინტერესებში.~ როგორც ჩანს, რეალისტები ყოველთვის არ ემხრობიან სამხედრო ძალის გამოყენების იდეას, თუმცა მიაჩნიათ, რომ საჭიროების შემთხვევაში ძალისმიერი ქმედებების განხორციელება აუცილებელია. რეალისტები პოლიტიკური ძალაუფლების საკითხს ყველაფერზე უფრო მაღლა აყენებენ. მათ მიაჩნიათ, რომ იდეოლოგია, რელიგია და სხვა კულტურული ფაქტორები მხოლოდ საშუალებაა, რომლებსაც სახელმწიფოები ზოგჯერ თავიანთი ქმედებების გასამართლებლად იყენებენ, რათა საკუთარი ეროვნული ინტერესები დაიცვან.
თანამედროვე რეალისტებს მიაჩნიათ, რომ საერთაშორისო ურთიერთობების მექანიზმს საუკეთესოდ განმარტავს იმ სახელმწიფოების არჩევანი, რომლებიც მოქმედებენ როგორც ავტონომიური ერთეულები და რომლებიც რაციონალურად იცავენ საკუთარ ინტერესებს სუვერენიტეტული სახელმწიფოების სისტემაში. ზოგჯერ აღნიშნულ რეალისტურ
შეხდულებებს შემდეგი სამი დებულებით აღწერენ:

სახელმწიფოები უმნიშვნელოვანესი ერთეულებია;
საკუთარი ინტერესების დაცვისას სახელმწიფოები მოქმედებენ, როგორც გონივრული და რაციონალური ერთეულები;
სახელმწიფოები მოქმედებენ საერთაშორისო სისტემის კონტექსტში, რომელსაც არ გააჩნია ცენტრალური ხელისუფლება (ანარქიული დებულება).
თვით-გადარჩენა ეროვნული პოლიტიკის უმთავრესი ამოცანაა, ხოლო გადარჩენის უზრუნველყოფის საუკეთესო გზა სახელმწიფოს ძლიერების ზრდაა. საერთაშორისო პოლიტიკაში, რაც არ უნდა იყოს საბოლოო მიზანი, უშუალო მიზანი ყოველთვის ძლირებაა. ასე რომ, ინტერესი განსაზღვრულია როგორც ძლიერება. ნებისმიერი სახელმწიფოს უმთავრესი ინტერესი, პირველ რიგში, ძლიერების მიღწევაა და მეორე რიგში, სხვა მიზნების, როგორიცაა პრესტიჟი და სხვა მსგავსი, და ისიც მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ისინი ზრდის სახელმწიფოს ძლიერებას.

მორგენთაუს თანახმად, (გერმანული წარმოშობის ამერიკელი პოლიტიკური მეცნიერი) ძალა, ძლიერება შეიძლება გულისხმობდეს ყველაფერს, რაც აწესებს და ინარჩუნებს ერთი ადამიანის კონტროლს მეორეზე. ძალის ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტი საერთაშორისო პოლიტიკაში სამხედრო ძლიერებაა. პოლიტიკური რეალისტისათვის წარმატებული სახელმწიფო მოღვაწე ისაა, ვინც ფლობს ეროვნული ინტერესებისა და ამოცანების ეროვნულ შესაძლებლობებთან დაბალანსების ხელოვნებას. სახელმწიფოს მართვის ცოდნის არსი მდგომარეობს ერის მოლოდინებისა და სურვილების სახელმწიფოს შესაძლებლობებთან შესაბამისობში მოყვანაში და სასიცოცხლო და მეორეხარისხოვანი ინტერესების ზუსტად გარჩევაში. პოლიტიკური რეალიზმი საგარეო პოლიტიკაში განსაკუთრებულ მნიშვნელობას მოქნილობას, ობიექტურობას და სენტიმენტალიზმის ნაკლებობას ანიჭებს. ასე რომ, პოლიტიკური რეალისტი იტყვის, რომ საერთაშორისო პოლიტიკაში არსებობენ არა მუდმივი მოკავშირეები, არამედ მხოლოდ მუდმივი ინტერესები.
ვინაიდან რეალისტური ხედვა ძალაზეა უფრო მეტად ორიენტირებული, ძალაუფლების განმარტების მათი ხედვა საინტერესოა. ძალაუფლებას ხშირად ხსნიან, როგორც შესაძლებლობას, აიძულო სხვა ჩაიდინოს ისეთი ქმედება, რომელსაც ჩვეულებრივ პირობებში არ ჩაიდენდა. ძალაუფლების შესაძლებლობები სახელმწიფოს სხვა სახელმწიფოებზე ზეგავლენის მოხდენის საშუალებას აძლევს. ზეგავლენის მასშტაბი დამოკიდებულია პოლიტიკური ლიდერების უნარზე მაქსიმალურად სტრატეგიულად და ეფექტურად მოახდინონ არსებული შესაძლებლობების მობილიზაცია. ეს, თავის მხრივ, დამოკიდებულია ერის თავისუფალ ნებაზე, პოლიტიკოსთა დიპლომატიურ ნიჭზე, ხალხის მიერ ხელისუფლების მხარდაჭერასა (ლეგიტიმურობა) და სხვა მსგავს ფაქტორებზე. სირთულეები, რომლებსაც აშშ წააწყდა, როდესაც ერაყში სტაბილური პოლიტიკური კონტროლის შენარჩუნებას ცდილობდა, იმაზე მიუთითებს, რომ ძალაუფლება (ანუ აიძულო სხვა შეასრულოს შენი სურვილები), სამხედრო ძალის გარდა, ბევრ სხვა ელემენტსაც მოიცავს. შიდა ეროვნული პროდუქტის მაჩვენებლები ყოველთვის არ არის საკმარისი გამარჯვების მოსაპოვებლად. ამის ნათელი მაგალითია, ერთი მხრივ, აშშ-ს დამარცხება ვიეტნამის ომში და, მეორე მხრივ, საბჭოთა კავშირის მარცხი ავღანეთის ომში 1980-იან წლებში.
ძალაუფლება, ფარდობითი ცნებაა, რადგან სახელმწიფოს ძალაუფლების
განსაზღვრა შეიძლება მხოლოდ და მხოლოდ სხვა სახელმწიფოების ძალაუფლებებთან შედარებით. რეალისტებისათვის არსებითია ის ფაქტი, მოცემული სახელმწიფოს შესაძლებლობები უფრო მეტია თუ ნაკლები საფრთხის შემცველ სახელმწიფოს შესაძლებლობებზე.
ძალაუფლება, რომელიც რეალიზმის ბირთვს წარმოადგენს, სხვადასხვა ელემენტებისგან შედგება. სამხედრო ძალა სახელმწიფოს ძალაუფლების ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტია. უფრო მეტიც, რეალისტებს მიაჩნიათ,
რომ სხვა ელემენტები, როგორიცაა ეკონომიკური სიმძლავრე, დიპლომატიური ნიჭი თუ მორალურიკანონები, მნიშვნელოვანია მხოლოდ იმდენად, რამდენადაც მათი გამოყენება შეიძლება სამხედრო მიზნით. ძალაუფლების განსხვავებულ ტიპებზე საუბრისას, მაგალითისათვის შეგვიძლია გამოვიყენოთ სახელმწიფოს არჩევანი _ ჰქონდეს ან ტანკი, ან ოქრო. სახელმწიფოსათვის ძალაუფლების შესაძლებლობის ერთ-ერთი ყველაზე უფრო სტანდარტული ელემენტი საბრძოლო ტანკებია.
სახმელეთო ომში, როდესაც სახელმწიფოს სჭირდება აკონტროლოს ტერიტორია, ტანკი უდავოდ ყველაზე უფრო ძლიერი ინსტრუმენტია; სახელმწიფოს სიძლიერე ზოგჯერ მის მფლობელობაში მყოფი
სატანკო არტილერიის რაოდენობითა და ხარისხით განისაზღვრება, რაც არაზუსტი, მაგრამ გარკვეულწილად მაინც მისაღებია. სახელმწიფოს ძალაუფლების მეორე განმსაზღვრელი ნიშანი ოქროს სარეზერვო ფონდია.
ოქრო ქვეყნის ეკონომიკურ სიძლიერეზე მეტყველებს და ძალაუფლების
რესურსია მაშინ, როდესაც საბრძოლო ტანკი სამხედრო ძალაუფლების აღმნიშვნელი ინსტრუმენტია და ძალაუფლების შესაძლებლობის ერთ-ერთ ელემენტია. ზოგ შემთხვევაში ოქრო უპირატესია, რადგან ოქროს გადაქცევა ტანკად ყოველთვის შესაძლებელია მაშინ, როდესაც ტანკის გადაქცევა ოქროდ გაცილებით უფრო რთული და საეჭვოა. მეორე მხრივ, სატანკო არტილერია უფრო მნიშვენლოვანია სახელმწიფოსათვის, ვიდრე ოქრო, რადგან ომიანობის დროს მოქიშპე ქვეყნის არმიას ოქრო ვერაფრით შეაჩერებს; უფრო მეტიც, იგი ოქროსაც ადვილად დაეუფლება. ასე მოხდა მაგალითად, 1990 წელს, როდესაც ერაყმა, ჯერ დაიპყრო, შემდეგ გაძარცვა ქუვეითი.
მორალურ პრინციპებსაც თავისი წვლილი შეაქვს ძალაუფლებაში, რადგან მათი დახმარებით შესაძლებელია სახელმწიფომ გამოიყენოს მის ხელთ არსებული ძალაუფლება და შემოიკრიბოს მოკავშირე სახელმწიფოები. მაგ: 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტის შემდეგ, აშშ მეშვეობით დაიწყო მასობრივი ბრძოლა ტერორიზმის წინააღმდეგ, რომელშიც სხვადასხვა სახელმწიფოებმა მიიღეს მონაწილეობა.
ქართულ პოლიტიკურ არენაზე რეალიზმი ბევრად უფრო აქტუალურია პირველ რიგში გეოპოლიტიკური ვითარების გამო. რუსეთის ფედერაციასთან ანტაგონისტური ურთერთობა, საქართველოს მუდამ ომის მზად ყოფნის სიტუაციაში აყენებს. ასე დროს მილიტარიზაცია ან საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერა არ იქნებოდა სწორი არჩევანი. მილიტარიზაციით რუსეთის ჯარებს ვერ გაუტოლდება საქართველოს ჯარები, რაც შეეხება ორგანიზაციებს, ისინი ძირითადად მაინც წამყვანი ქვეყნებით იმართება, რომლებიც რუსეთთან ურთიერთობის გაფუჭებას არ მოიწადინებენ, ვინაიდან ეს მათ ეროვნულ ინტერესებში არ შედის.
“რუსეთი იმიტომ გვებრძვის, რომ ნატოში გვინდა და ნატოში იმიტომ გვინდა რომ რუსეთი გვებრძვის.” ქათმისა და კვერცხის გაჩენის დილემას ჰგავს. გამოსავალი შეიძლება იყოს ის, რომ უფრო რეალისტურად შეფასდეს რა უფრო მნიშვნელოვანია ევრო-ატლანტიკურ ორგანიზაციებთან ინტეგრაცია თუ რუსეთთან ურთიერთობის დარეგულირება. რეალიზმი სწორედ ის თეორიაა, რომელიც არა თუ პესიმისტურად ან ოპტიმისტურად აფასებს მოვლენებს, არამედ ისე აღიქვამს, როგორც რეალურად არის.


გამოყენებული ლიტერატურა:

თომას მ. მაგსტადტი: გავიგოთ პოლიტიკა

საერთაშორისო ურთერთობების თეორია
1
1412
5-ს მოსწონს
ავტორი:ბერდია
ბერდია
1412
  
2012, 19 ნოემბერი, 11:21
ზოგიერთ მოსაზრებას ვიზიარებ, თუმცა მე მანც ლიბერალი ვარ.
0 1 1