x
მეტი
  • 17.07.2024
  • სტატია:136016
  • ვიდეო:351963
  • სურათი:510295
რა ფსიქოლოგიური თავისებურებები აქვთ არასრულწლოვან დამნაშავეებს?

image
დღესდღეობით საზოგადოებისთვის ერთ-ერთ მნიშვნოლოვან პრობლემას წარმოადგენს არასრულწლოვანთა დანაშაული. პირველ რიგში მთავარია სწორად გვესმოდეს ვინ არის არასრულწლოვანი დამნაშავე? როგორ მოიხსენებენ მას სამართალდამცავ სტრუქტურაში და რა ფსიქოლოგიური თავისებურებები აქვთ მათ? რადგან შევძლოთ მათი იდენტიფიცირება და შესაბამისი დახმარება გავუწიოთ.
ანტისოციალური ქცევების ნაწილს (კერძოდ ქურდობა, ნარკოტიკების მოხმარება, ფიზიკური ზიანის მიყენება), რომელიც გულისხმობს არა მხოლოდ სოციალურ ღირებულებებთან უთანხმოებაში მოსვლას, არამედ კანონთან დაპირისპირებას, ეწოდება დელინკვენტობა. არასრულწლოვანს კი (კერძოდ 14_დან 18 წლამდე პირი), რომელიც ახორციელებს დელინკვენტურ ქცევას მოიხსენიებენ, როგორც კანონთან კონფლიქტში მყოფ ბავშვს.
არასრულწლოვნებში ანტისოციალური ქცევები გავრცელებულია და ნორმალურ მოვლენადაც კი ითვლება, რადგან ადამიანის განვითარების თანმხლებ მოვლენას წარმოადგენს. თუმცა მნიშვნელოვანია ერთმანეთისგან გავმიჯნოთ ასაკობრივი თავისებურება და ანტისოციალური ქცევა. რაც უფრო ადრეულ ასაკში გამოვლინდება დელიკვენტური ქცევა, მით უფრო დიდია შანსი იმისა, რომ ის დიდხანს შენარჩუნდეს, ამიტომ ხაზგასმით მნიშვნელოვანია მისი პრევენცია.
ანტისოციალური ქცევების გამომწვევი მიზეზები მრავალფეროვანია. რისკ-ფაქტორებად შესაძლოა განვიხილოთ:
1. ინდივიდუალური ფაქტორები - სადაც მოიზარება ქცევის შეკავების სისუსტე, მოჭარბებული ქცევითი აქტივობა, დაბალი ინტელექტი და განვითარების დონე, აგრესია, სოცლიალური უნარ-ჩვევების დეფიციტი და ა.შ
2. ოჯახური ფაქტორები - აღზრდის არასწორი სტილი, მშობლებთან ურთიერთობის დეფიციტი (უყურადღებობა, მინებება), ოჯახში ძალადობა, კონფლიქტური სიტუაციები და ა.შ
3.სკოლისა და საზოგადოების ფაქტორები - სკოლაში სოციალური ურთიერთობების დამყარების სირთულე, სკოლის ხშირი გაცდენა, დაბალი აკადემიური მოსწრება და მოტივაციის ნაკლეობობა, დეზორგანიზებული სასკოლო გარემო და სხვ.
4.გარემო ფაქტორები - ქვეყანაში მძიმე ეკონომიკური და სოციალური მდომარეობა, მედია, სადაც არ კონტროლდება ძალადობის სცენების გაშუქება, ნარკოტიკების ხელმისაწვდომობა, პროსტიტუციის არსებობა და ა.შ
რაც შეეხება კანონთან კონფლიქტში მყოფი ბავშვის ფსიქოლოგიურ მახასიათებლებს, არასრულწლოვნების მიერ ჩადენილი დანაშაულების უმრავლესობისთვის დამახასიათებელია შემდეგი თავისებურებები: სტაბილური განწყობების არარსებობა, ემოციების ხშირი ცვალებადობა, მოვლენების არასწორი ინტერპრეტირება, მაღალი მოწყვლადობა ჯგუფის ნორმების მიმართ და იმპულსურობა; მათ ქცევას აქვს თავისი სპეციფიკა: მაგალითად თვითკრიტიკულობის დაბალი დონე, დაბალი თვითშეფასება, ზედაპირული შეფასებების სხვადასხვა საკითხის მიმართ, მაღალი ემოციური აღგზნებადობა, დამოუკიდებლობის გრძნობის გამოხატული განცდა, ნეგატივიზმი, ქცევისა და ემოციის მართვის სირთულე, გამოხატული ყურადღება სქესობრივ საკითხებზე და სხვა.
მეცნიერულ დონეზე კანონთან კონფლიქტში მყოფი ბავშვები ფსიქოლოგიური მახასიათებლები სამ ძირითად ჯგუფად არის დაყოფილი:
1. სოციალური უნარ-ჩვევების დეფიციტი, რომელიც გულისხმობს შემდეგს - ამ ახალგაზრდებს უჭირთ, რომ იყვნენ კონსტრუქციულები, მითუმეტეს როდესაც არიან კრიტიკულ სიტუაციებში. ისინი ვერ გამოხატავენ აზრს კონსტრუქციულად, უჭირთ რისხვისა და ბრაზის მართვა, იმპულსის შეკავება, ამიტომ ხშირად ვარდებიან კონფლიქტურ სიტუაციებში.
2. სოციალურ-მორალური განვითარების დაყოვნება - ხშირ შემთხვევაში მოზარდის ანტისოციალური საქციელი განპირობებულია სოციალურ-მორალური განვითარების დაყოვნებით. ისინი ხშირად ეგოცენტრულები არიან და ზედაპირულად უდგებიან სხვადასხვა საკითხს, ვინაიდან რიგი ფაქტორების გამო მორალური მსჯელობა არ აქვთ მომწიფებული.
3. სოციალურ-შემეცნებითი დამახინჯება _ ანტისოციალური ქცევის მქონე მოზარდებს ახასიათებთ გარკვეული შეცდომები აზროვნებაში, ეგოცენტრული მიკერძოება და თვითკონტროლის დაბალი დონე. მოზარდთა ფსიქოლოგიური თავისებურებების შესახებ ცნობილია, რომ ისინი ხშირად იმპულსურები არიან და არ ფიქრობენ ქცევის შედეგზე. სოციალურ-შემეცნებითი დამახინჯებები, რამდენიმე ფორმით ვლინდება: საკუთარ თავზე ორიენტაცით, უარის მოლოდინით, სხვისი დადანაშაულებითა და მინიმალიზაციით. საკუთარ თავზე ორიენტაცია არის აზროვნების ძირითადი შეცდომა, რომლის გამომწვევი მიზეზი ეგოცენტრიზმი, ამ დროს საკუთარი მოთხოვნილებების, სურვილების, საჭიროებებისა და განცდების უმაღლეს რანგში აყვანა ხდება, სხვისი შეხედულებები და უფლებები ან უკანა პლანზეა ან არც კი განიხილება. საკუთარ თავზე ორიენტირებულ მოზარდს აქვს შეგრძნება, რომ ის უფლებამოსილია, ჰქონდეს ყველაფერი, რაც უნდა და ნებისმიერი წინააღმდეგობა განიხილება, როგორც სასტიკი უსამართლობა და ძლიერი ფრუსტრაციის საფუძველი ხდება. უარესის მოლოდინი - სხვისგან მტრული განზრახვის მოლოდინი აქვთ საფუძვლის გარეშე, მათ აქვთ უარესის მოლოდინი მომავლის მიმართ, ასევე საკუთარი თავის მიმართ, რის შედეგადაც მისი ქცევა დესტრუქციულია, უფრო საკუთარი თავისათვის, ვიდრე სხვებისთვის.
3. სხვისი დადანაშაულება ანუ ანტისოციალური ქმედებისას დანაშაულის სხვისთვის მიწერა, სხვა პიროვნებისათვის, ჯგუფისათვის, ან დანაშაულის მიზეზად საკუთარი უხასიათობის, სიბრაზის, სიმთვრალის განხილვა. სხვაზე გადაბრალებით ადამიანს აქვს განცდა, რომ ამით მისი ბრალეულობა მცირდება. არასრულწლოვანი დამნაშავე მზად არის, თავი აღიქვას არა მოძალადედ, არამედ მსხვერპლად, ხშირად დამნაშავეები ჩადენილ დანაშაულს აღიქვამენ, როგორც მათ მიმართ ჩადენილი „უსამართლობის“ გამოსწორებას. და ბოლოს, მინიმალიზაცია/იარლიყის შეცვლა - მოზარდები ხშირად მათ მიერ ჩადენილის მინიმალიზაციას ცდილობენ, თითქოს უმნიშვნოლო რამ ჩაიდინეს, მაგალითად, ვანდალიზმი ფასდება როგორც „ბავშვური სიცელქე“. აზროვნების ამ ტიპის შეცდომა თითქოს ეხმარება ადამიანს, გაანეიტრალოს სინდისის ქენჯნა, შეამციროს ბრალეულობის განცდა და თვითგვემა. ეს „სტრატეგიები“ მათთვის ერთგვარი თავდაცვის მექანიზმია, რომ მათ პიროვნებას, „ეგოს“ ზიანი არ მიადგეს და დისკომფორტი არ შეექმნათ.
ამრიგად, მრავალფეროვანი რისკ-ფაქტორები არსებობს, რომლებიც ერთიანად უტევენ ახალგაზრდებს და უბიძგებენ მათ ანტისოციალური ქცევებისკენ, რის შედეგადაც მათ სამართალდამცავ სისტემებთან უწევთ ურთიერთობა. მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებამ საწყის ეტაპზევე აღმოაჩინოს პრობლემა და დაეხმაროს მოზარდს, ამისთვის ბევრი დამცავი ფაქტორი არსებობს. მთავარია დავინახოთ პრობლემა, ვაღიაროთ მისი მნიშვნელოვნება და მივიღოთ შესაბამისი ზომები.

0
83
შეფასება არ არის
ავტორი:გელაშვილი ნინო
გელაშვილი ნინო
83
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0