საზოგადოება "... ეს იყო ჩემი ყველაზე დიდი შეცდომა..." - ბუბა კიკაბიძე 2018, 3 აგვისტო, 14:03 მომღერალ ბუბა კიკაბიძეს 80 წელი შეუსრულდა. ყოველთვის სავსე ცხოვრება ჰქონდა, გაუმართლა შემოქმედებაშიც – თავიდანვე ვარსკვლავივით გაბრწყინდა როგორც სცენაზე, ასევე კინოში. გაუმართლა პირად ცხოვრებაშიც, 50 წელზე მეტია, გვერდით ჰყავს საყვარელი ადამიანი. – ოპერის სოლისტი იყო. უნგრეთში გასტროლზე გავიცანით ერთმანეთი. მეთექვსმეტე სართულზე ვცხოვრობდით. უცებ საშინელი ყვირილი ატყდა ქუჩაში, ჩავედით დაბლა და გავიგეთ, კენედი მოუკლავთ. შეიცხადა ძალიან, გულში ჩავიხუტე, დავამშვიდე და მას შემდეგ ხელიდან არც გამიშვია, – მოუყვა “სარკეს” ბატონმა ბუბამ. ბოლო წლებში მომღერალი ავადმყოფობამ შეაწუხა. ერთ-ერთ რუსულ გადაცემაში ბატონმა ბუბამ ამის შესახებ გულახდილად ისაუბრა. -ბევრი ოპერაცია გამიკეთდა მაშინაც კი, როცა იმედებს არ იძლეოდნენ. თვითონ ვაწერდი ხელს, რომ პასუხისმგებლობას ვიღებდი ყვლაფერზე, ოღონდ ოპერაცია გაეკეთებინათ. ახლა დიალიზზე ვარ. ეს კეთდება მაშინ, როცა თირკმელი არ მუშაობს და მის ადგილას მუშაობს დანადგარი. ეს სიცოცხლის ბოლომდე მჭირდება. ეს ისეთი უცნაური დაავადება, სისხლი არ იწმინდება. ამით არ უნდა დავვაადებულიყავი, არ ვიყავი ასეთი ტანჯვის ღირსი. ალბათ რაიმე ცოდვა მაქვს. ამდენი დაავდებაა და რაღა ეს დამემართა, რომელიც უკურნებელია?! – ჰყვება ბატონი ბუბა, რომელიც ცოტა ხნის წინ “პროფილის” სტუმარიც გახლდათ. -80 წელი 80 წელია, სად გაექცევი. სიკვდილი რა არი, რო? რაღაცის დანამატი. გინდა, 100 წელი გიცოცხლია… არა, მე არ მეშინია მაგის. მორჩა კინო! – უთხრა მომღერალმა მაია ასათიანს. ბატონი ბუბა ყოველთვის დიდი სიყვარულით იხსენებს დედას, რომელიც გვარად ბაგრატიონი გახლდათ. როცა ჟურნალისტები მისი ცხოვრების ყველაზე დიდ სინანულზე ეკითხებიან, ის ასე პასუხობს: -დღემდე მრცხვენია, რომ დედასთან შეცდომა დავუშვი. არ მოსწონდა ჩემი ხრინწიანი ხმა, ძალიან კრიტიკული იყო. მეუბნებოდა, არ გრცხვენია, შენით ბილეთებს რომ ყიდიან, როგორ მღერიო. მერე ამხელა აღიარება რომ დაინახა, მითხრა, ეტყობა, რაღაც მართლა გაქვს და მე ვერ ვხედავ, მოდი, მე და შენ ერთად ჩავწეროთ რამე სიმღერაო. მეგონა, სანამ მე ვიქნებოდი, დედაც ცოცხალი მეყოლებოდა, რამდენჯერმე გადავდე დუეტის ჩაწერა. ისე წავიდა ამქვეყნიდან, თხოვნა ვერ შევუსრულე. ეს იყო ჩემი ყველაზე დიდი შეცდომა და ეს არის ჩემი ყველაზე დიდი სანანებელი დღემდე. - ჟურნალი სარკე 513 1-ს მოსწონს
|