საზოგადოება ავგუსტო პინოჩეტი და მისი დაუნდობელი რეჟიმი 2018, 2 აგვისტო, 16:49 მეოცე საუკუნე, ესაა ტოტალიტარული და სამხედრო რეჟიმების აღზევებისა და დაცემის ხანა. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ამ ეპოქის ერთ-ერთი ყველაზე პირსისხლიანი რეჟიმი ჩილეში დამყარდა, რომელმაც თითქმის 20 წელი გასტანა და გენერალ ავგუსტო პინოჩეტის სახელს ატარებს.
1973 წლის 11 სექტემბერს ავგუსტო პინოჩეტიმ დაამხო ჩილეს დემოკრატიულად არჩეული მთავრობა, რომელსაც სათავეში სოციალისტი პრეზიდენტი სალვადორ ალიენდე ედგა. ის უსასტიკესად გაუსწორდა პრეზიდენტს და მის მომხრეებს, კატეგორიული უარი განაცხადა, ყოფილი პრეზიდენტისთვის სამხედრო პატივი მიეგოთ გარდაცვალების შემდეგ. ავგუსტო პინოჩეტს იცნობდნენ, როგორც კომუნიზმთან შეურიგებელ პოლიტიკოსს. სწორედ ამ რეპუტაციის გამო ხუჭავდა თვალს ამერიკა პინოჩეტის დანაშაულებრივ ქმედებებზე და ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ კატასტროფულად მძიმე ვითარებაზე ჩილეში, მათთვის მთავარი ერთი რამ იყო : ჩილეც არ “გაწითლებულიყო“.
ვინ იყო პინოჩეტი სახელმწიფო გადატრიალებისა და დაუნდობელი სამხედრო რეჟიმის დამყარებამდე? - თითქმის არავინ, არაფრით გამორჩეული სამხედრო პირი, რომელიც ზემდგომთა განაწყენებას ყოველთვის ერიდებოდა, მეტად ფრთხილი და შორსმჭვრეტელი, ის მუდამ ჩრდილში ყოფნასა და დუმილს ამჯობინებდა, ვიდრე შესაბამისი მომენტი არ დადგებოდა. სწორედ ამ თვისებების წყალობით ახერხებდა ნდობის მოპოვებას. ასე მოიპოვა პრეზიდენტ ალიენდეს ნდობაც, რომლმაც მას გენერლის წოდება მიანიჭა და, რომელიც შემდგომში პინოჩეტიმ მისსავე დასამხობად გამოიყენა. ამბობენ, რომ ის არც ინტელექტით გამოირჩეოდა, არც დიპლომატიით, სამაგიეროდ, ჰქონდა საოცარი უნარი, სწორად შეერჩია გარემოცვა და სანდო საქმისთვის გამოსადეგი ხალხი. ავგუსტო პინოჩეტის სახელის გარშემო დღემდე პოლარიზებული და გახლეჩილია ჩილეს საზოგადოება. ის ან ფანატიკურად უყვართ და აღმერთებენ, ან უსაზღვროდ სძულთ, როგორც ზოგადად ხდება ხოლმე დიდი დიქტატორების გარდაცვალების შემდეგ. დიახ, სწორედაც საოცარია, გიყვარდეს კაცი, რომელიც პასუხისმგებელია ათასობით ადამიანის უგზოუკვლოდ გაქრობასა და უამრავ პოლიტიკურ მკვლელობაზე, მათ შორის იყო მისი ერთ-ერთი ახლო მეგობარი, გენერალი ლეტელიერი. ის არავის ინდობდა, მცირე, ხშირად უსაფუძვლო ეჭვი, რომ ნებისმიერი ადამიანი მისი რეჟიმისთვის საფრთხეს წარმოადგენდა, საკმარისი იყო ამ პირის უკვალოდ ასაორთქლებლად ან ფრიად საეჭვო გარემოებაში გარდაცვალებისთვის. მაშ, რითი უნა აიხსნებოდეს მისადმი მხარდაჭერა და სიყვარული? დიდწილად ესენი არიან ადამიანები, რომლებმაც რეჟიმის დროს ხელი კარგად მოითბეს, ასევე, მეტნაკლებად წარმატებული ეკონომიკური რეფორმებით, რომლის გატარებაც მან ეგრეთ წოდებული ჩიკაგოელი ბიჭების დახმარებით შეძლო. ჩიკაგოელი ბიჭები იყვნენ ჩიკაგოს სკოლის კურსდამთავრებულები, რომლებმაც დიქტატორის ნდობა დაიმსახურეს და, მიუხედავად იმისა, რომ ჩილეს არცთუ დიდად განათლებულ, თვითდანიშნულ პრეზიდენტს მათ მიერ შემოთავაზებული ნეოლიბერალური ეკონომიკური პოლიტიკის ბევრი არაფერი ესმოდა, მათ რჩევა-დარიგებებს უსიტყვოდ მიჰყვებოდა. აღსანიშნავია, რომ ჩილეს ეკონომიკამ მართლაც მნიშვნელოვნად წამოიწია, თან საკმაოდ სწრაფად მაშინ, როცა სამხრეთ ამერიკის ქვეყნების უმრავლესობაში უდიდესი კრიზისი მძვინვარებდა. მართალია, შეინიშნებოდა გარკვეული რყევები, მაგრამ ჯგუფი სიტუაციის მართვას მაინც ახერხებდა ხოლმე. პინოჩეტის დროს საკმაოდ განვითარდა ეროვნული ბიზნესი და სოფლის მეურნეობა. მიუხედავად წარმატებული ეკონომიკური კურსისა, პინოჩეტის რეჟიმის ბოროტებამ და სისაატიკემ შედეგად გამოიღო მემარცხენე იდეოლოგების მხარდამჭერთა რიცხვის ზრდა და ხელახლა გაპოპულარება. ქვეყანაში ვითარების უკიდურესად დაძაბვის შემდეგ, მან 1988 წელს პლებისციტი გამოაცხადა, რომელიც წააგო და იძულებული გახდა, თანმდებობა დაეტოვებინა. რასაკვირველია, ეს ნებით არ გაუკეთებია. ეს იყო ერთადერთი გამოსავალი მოცემულ მომენტში, თუმცა მან შეძლო შეენარჩუნებინა მთავარსარდლის სტატუსი, რაც ავტომატურად ათავისუფლებდა სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან. შესაბამისად, შეწყდა მისი და მისი მხარდამჭერების დევნა, მიუხედავად უმძიმესი ბრალდებებისა: გენოციდი, ტერორიზმი და მილიონობით ადამიანის მკვლელობა. 2001 წელს პინოჩეტის პასუხისმგებლობის საკითხი კიდევ ერთხელ დადგა, თუმცა არც ამ შემთხვევაში უღალატია მისთვის რთული სიტუაციებიდან გამოძრომის იშვიათ უნარს. მას მხოლოდ შინაპატიმრობა მიესაჯა, 2002 წელს კი უმაღლესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, მას კიდევ ერთხელ ასცდა სასამართლო პროცესი. მიზეზად სიბერე და ჯანმრთელობის არადამაკმაყოფილებელი მდგომარეობა სახელდებოდა. 91 წლის დიქტატორს, აწ უკვე ჩილეს ყოფილ პრეზიდენტს, მეხუთედ მიესაჯა შინაპატიმრობა. მოგვიანებით, პინოჩეტიმ და მისმა მომხრეებმა სცადეს იმის მტკიცებაც, რომ ხშირად პრეზიდენტი არც იყო ინფორმირებული იმის თაობაზე, რასაც მისი დაქვემდებარებულები ჩადიოდნენ, რაც სიცრუეა, რადგან ერთ დროს თავად პინოჩეტი აცხადებდა, რომ მის გარეშე ჩიტიც კი ვერ გადმოკვეთდა ჩილეს საზღვარს. საბოლოოდ, დაუძლურებული, ეპოქის უდიდესი დიქტატორი, ჩილეს სახელმწიფო გადატრიალების ორგანიზატორი, ავგუსტო პინოჩეტი 2006 წლის 10 დეკემბერს გარდაიცვალა, თითქოს ბედის ირონიით, ადამიანის უფლებათა დაცვის დღეს. სამხედრო პატივი არც მისთვის მიუგიათ. ამას უკვე სამართლიანობა მოითხოვდა. პინოჩეტის დაუნდობელ რეჟიმს გადარჩენილი, ოპოზიციონერი ჰერალდო მუნიოსი მემუარებში წერს : “ ჩვენთვის კი, ვინც მთელი ცხოვრება პინოჩეტს ვებრძოდით და ვუპირისპირდებოდით, მისი სახელი იმის მუდმივ შეხსენებად დარჩება, რომ დიქტატურის პირობებში, ათასი წინააღმდეგობის მიუხედავად, ისტორიას ვქმნიდით.“ ( “დიქტატორის ჩრდილქვეშ“ 2016, გამომცემლობა “ქართული ბიოგრაფიული ცენტრი“ ) 646 5-ს მოსწონს 1-ს არა |
ბლად.