"გილოცავთ ყველას, ვისაც მოგელოცებათ... მოწევაც აღარ ასწორებს" - ბექა წიქარიშვილი
2015 წელს 70 გრ გამომშრალი მარიხუანის დეპენალიზაცია ვიზეიმეთ.
2016 წელს - ნედლის 140 გრ დეპენალიზაცია.
2017 წელს, ზაფხულში - კანაფის დათესვა-მოყვანის დეპენალიზაცია.
2017 წელს, ზამთარში - მარიხუანის მოხმარების დეკრიმინალიზაცია.
2018 წელს - მარიხუანის მოხმარების ლეგალიზაცია.
მთელი ეს წლებია, ნაძვის ხესავით ვტრიალებთ ამ მცენარის გარშემო და ვერაფერს ვშველით 0, 0000000... გრ-ებზე წლობით ციხეში მყოფ ათასობით წამალდამოკიდებულს თუ ეპიზოდურ მომხმარებელს, რომლებიც მთელი ეს წლებია გაცრუებული იმედებით მოგვჩერებიან, ვერაფერს ვშველით პრობლემური მომხარებლების რაოდენობის მუდმივ ზრდას (მე-3 ადგილი მსოფლიოში), რომელიც სოციალური უთანასწორობის პროპორციულად იზრდება, ვერ ვშველით ამ ზრდის გამომწვევ მიზეზებს, ვერ ვშველით მოხმარების გართულებულ შედეგებს (უკვე ორ ჩემს მეგობარს ვერ დავეხმარე მოშლილი სამკურნალო სისტემისა და მასზე ხელმისაწვდომობის სირთულეების გამო), ვერ ვშველით რეპრესიას, რომელიც დანარჩენი 200-ზე მეტი ნივთიერებისთვის კვლავაც სახეზეა, ვერ ვშველით უვადოებამდე სასჯელებს დიდ და განსაკუთრებით დიდ ოდენობებზე, რომელიც სინამდვილეში პირადი მოხმარების დოზებია, ვერ ვშველით ციხეს თავდაღწეულ, მაგრამ უუფლებოდ, "უპრავოდ" და უფუნქციოდ დარჩენილ ადამიანებს, ვერ ვშველით ნივთიერებებს ბაზარზე, რომლებიც გვხოცავს, ვერ ვშველით ინფექციებს, ვერ ვშველით ინფორმაციის, ცოდნის ნაკლებობას, დასაქმების შეუძლებლობას, პრევენციის სისტემის არარსებობას.
ეს მოკლე ჩამონათვალია პრობლემებზე ნარკოპოლიტიკაში, აღარაფერს ვამბობ პრობლემებზე საერთო პოლიტიკაში, ჰოდა ამ ფონზე, მე მაპატიეთ, თუ მეხუთედ ვეღარ ვუერთდები აღტყინებული სიხარულის პათოსს მარიხუანის ლეგალიზაციის ჩანასახზე, რომელიც ჩემს პერსონალურ ხედვაში ბოლოსკენ იდგა და რომელსაც თავის მხრივ ზურგს არ უმაგრებს ინფრასტრუქტურა და გარემო სუბსტანციებზე უარის თქმის მსურველთათვის. ამასთან, ხვალ დილით სასამართლო მაქვს 12 მაისის ღამეზე, წვრილმან ხულიგნობასა და დაუმორჩილებლობას მედავებიან რუპორიანად აქციიდან მოპარულს.
#მოწევაცაღარასწორებს