მოვლენები დამწვარი ფუფუნება - რატომ ანადგურებენ მოდის ცნობილი ბრენდები ლუქს-ტანსაცმელს? 2018, 31 ივლისი, 9:14 ზაფხულის სეზონმა პიკს მიაღწია. იმ დროს, როცა, ტრადიციისამებრ, მოდის მასობრივი ტრენდები მომხმარებლებს მნიშვნელოვან ფასდაკლებებს სთავაზობენ, ცნობილი ლუქს-ბრენდები თავიანთი კოლექციების გაუყიდავ ტანსაცმელს ანადგურებენ.
ივლისის შუა რიცხვებში გაზეთ The Times-ში გამოჩნდა სტატია იმის შესახებ, რომ მოდის ცნობილმა სახლმა Burberry-მ დაწვა 2017 წლის კოლექციის გაუყიდავი მოდელები. ამან მოდის მიმდევრებში დიდი აღშფოთება გამოიწვია. ამ ახალი ამბის შემდეგ სოციალურ ქსელებში დაახლოებით ერთი ტიპის კომენტარები გამოჩნდა :"რატომ?- ხომ შეიძლებოდა ფასდაკლება გაგეკეთებინათ?", "მათი ტრენჩი - ჩემი ოცნებაა, როგორ შეიძლება მისი დაწვა?", "დაგეკლოთ ფასი და ერთი შარფიც კი არ დაგრჩებოდათ გაუყიდავი", - წერენ გულდაწყვეტილი მომხმარებლები. საქმე იმაშია, რომ ელიტური ტანსაცმლის მწარმოებლებს აქვთ თავიანთი ლოგიკა, რომლის თანახმადაც, საკულტო საგნები ვადის გასვლის შემდეგ უნდა გაანადგურო და ფასდაკლებით არ უნდა გაყიდო. იმპერატორის ჩემოდანი და საწვიმარი სანგარიდან Burberry-ის ცნობილი კრემისფერი ტრენჩი უჯრედებიანი სარჩულით დაახლოებით 3000 ლარი ღირს, ქაშმირის შარფი - 650 ლარი, ხოლო პოლიურეტანის ჩანთა - 2800 ლარი. ეს უზარმაზარი ფასები იმდენად პროდუქტის ხარისხით არაა გამოწვეული, რამდენედაც ბრენდის ისტორიით. სწორედ ტომას ბარბერიმ გამოიგონა 1879 წელს წყალგაუმტარი, მსუნთქავი ქსოვილი კაბარდინი; სწორედ მის მიერ დაარსებულმა ფირმამ უზრუნველყო სპეც-ტანსაცმლით 1911 წელს ნორვეგიელი მკვლევარის, ამუნდსენის ცნობილი ექსპედიცია სამხრეთ პოლუსზე; სწორედ ის კერავდა ინგლისელი ოფიცრებისათვის მაკინტოშებს პირველი მსოფლიო ომის დროს; სწორედ მაშინ გაჩნდა სახელწოდება ტრენჩი-trеnch, რაც სანგარს ნიშნავს. "ომის დროს ჩემი თვითმფრინავი დაზიანდა და ლა-მანშის სრუტეში ჩავარდა. მე Burberry-ის ტრენჩი მეცვა. ნაპირისაკენ რომ გამომეცურა, მე ის გავიხადე, რადგან ცურვაში ხელს მიშლიდა. ქურთუკი ერთი კვირის შემდეგ მომიტანეს. მან ზღვაში ხუთი დღე დაჰყო, მაგრამ საერთოდ არაფერი მოსვლია. მე ის დღესაც მაცვია", - იხსენებდა წლების შემდეგ ინგლისის არმიის ოფიცერი. არანაკლებ შთამბეჭდავი ისტორიები აქვს ფრანგული მარკის Louis Vuitton-ის ჩემოდნებს, რომლის კლიენტიც გახლდათ ნაპოლეონ III-ის მეუღლე, დედოფალი ევგენია, და შანელის პატარა შავ კაბას, რომელმაც გადატრიალება მოახდინა ქალების მოდაში. მდიდარი ისტორიისა და სტატუსის მიუხედავად, სახელოვან ბრენდებსაც რჩებათ სეზონის ბოლოს კოლექციების გაუყიდავი ნარჩენები. მათი რეალიზაციის ხერხები გამოირჩევა სხვა, მასობრივი ბრენდების მიერ გამოყენებული მარკეტინგისაგან. არსებობს კოლექციების ნარჩენებთან ბრძოლის რამდენიმე ხერხი. ზოგიერთი ქსელი ქმნის საკუთარ მაღაზია-აუთლეტებს. მაგალითად, Adidas, Reebok, Nike, Puma, , Baon, Incity, O'stin, Karen Millen და სხვები. მეორე ვარიანტია ის, რომ გაუყიდელავ საქონელს აბარებენ მულტიბრენდულ დისკონტურ მაღაზიებს, რომლებიც სპეციალიზირდებიან წინა სეზონის კოლექციების დარჩენილი საქონლის გაყიდვაზე, ხოლო მაღაზიებს კომპანიებისა, რომლებიც ეყრდნობიან Fast Fashion-ის ტექნოლოგიებს, სულ სხვა პოლიტიკა აქვთ. ისინი ცდილობენ, ყველაფერი გაასაღონ სეზონური ფასდაკლებების დროს, აცხადებენ რა აქციებს საკუთარ მაღაზიებში, როგორც ამას აკეთებენ, მაგალითად, Zara, Bershka, Stradivarius და სხვა ცნობილი ბრენდები. ზოგიერთ ლუქს-ბრენდს სულ სხვა სტრატეგია აქვს: ისინი თავიანთ კლიენტებს სთავაზობენ პროდუქციას მათი სრული ღირებულებით, ფასდაკლებების გარეშე. მაინც რაში მდგომარეობს ამ მარკეტინგის ფილოსოფია? - "ჩვენ ვყიდით არამარტო უმაღლესი ხარისხის ძვირფას ნივთებს, არამედ ვაცხადებთ ცხოვრების საკუთარ, მდიდრულ სტილს. ფუფუნება ყველასთვის როდია ხელმისაწვდომი, გინდა იყო ჩვენი კლუბის სრულუფლებიანი წევრი? - მაშინ კეთილი ინებე და გადაიხადე სრული ფასი. თუ ეს არ შეგიძლია, ეძიე სხვა ბრენდი", - აცხადებენ ლუქს-ბრენდების მარკეტოლოგები. რა თქმა უნდა, ეს წესი არამარტო ფილოსოფიაა მოდური ტანსაცმლის ძვირფასი ბრენდებისა, არამედ მარკეტოლოგების მიერ გაწერილი ბიზნეს-სტრატეგიაც. სწორედ ამიტომ ამჯობინებენ ლუქს-ბრენდები კოლექციის დარჩენილი, გაუყიდავი ნაწილის დაწვა-განადგურებას და არა ფასდაკლებით გაყიდვას, თუმცა ცდილობენ, რომ ეს პროცესი უხმაუროდ, განცხადებების გარეშე ჩატარდეს. 378 8-ს მოსწონს
|