საზოგადოებრივი კასტელის ნახატები მე-17 საუკუნის საქართველოსა და ქართველების აღწერით 2018, 20 ივლისი, 14:14 დონ კრისტოფო დე კასტელი (1597 - 1659 წწ.) 31 წლის ახალგაზრდა კაცი იყო, როდესაც საქართველოში ჩამოვიდა და 57 წლის კაცმა დატოვა ჩვენი ქვეყანა. მიზეზს კი თავადვე გვამცნობს: "რადგან სრულად დასნეულებული ვიყავი, შევეცადე დავბრუნებულიყავი სამშობლოში." საქართველოში ყოფნის განმავლობაში მან შექმნა ძალიან მნიშვნელოვანი ჩანახატები, რომელიც თვალწინ კარგად აღგვიდგენს ამ ქვეყნის ცხოვრებას მე-17 საუკუნის პირველ ნახევარში. კრისტოფო დე კასტელი იყო შესანიშნავი ადამიანი, იტალიელი ბერი, რომელმაც თავისი 26-წლიანი შრომა დაამთავრა სიტყვებით: "მრავალი წლის განმავლობაში საქართველო ჩემი სატრფო იყო". 1) დიდი მოურავი - გიორგი სააკაძე. კასტელმა ამ ჩანახატს ამგვარი მინაწერი გაუკეთა: "ქართველთა წინამძღოლი. დიდი მოურავი. შესანიშნავი პიროვნება. დიდად ნიჭიერი და მეტად ძლიერი. იბერიის სამეფოში სპარსეთის შაჰის წინააღმდეგ მრავალ ომში სახელგანთქმული. საბოლოოდ ავბედითი ბედის წყალობით, თანამებრძოლთაგან მიტოვებული გაიქცა თურქთა მფარველობაში, მაგრამ იქ მისი სიძლიერისა და დიდების გამო, შურით აღვსილებმა მოწამლეს და მოკლეს იგი. სიკვდილის შემდეგ მისი სხეული განკვეთეს და გული მკერდიდან ამოიღეს. აღმოჩნდა, რომ ორმაგი სიდიდის იყო." საგულისხმოა, რომ როგორც ვხედავთ ჩანახატზე კარგად ჩანს - მთელს ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი ქართველი ვაჟკაცი საყურეს ატარებდა. 2) თეიმურაზ პირველი, კახეთის მეფე და მისი დედოფალი. ამ ნახატზე კასტელმა გააკეთა შემდეგი მინაწერი - "ქების ღირსია ის მეფე, რომელიც მთელ ქონებას ღარიბებისთვის არ დაიშურებს." 3) სამეგრელოს მთავარი - ვამეყ ლიპარტიანი. ნახატზე კასტელმა გააკეთა შემდეგი მინაწერი: "ეს მთავარი, მეუღლითურთ ძალიან კმაყოფილი იყო ჩვენი საქმიანობით და მრავალ წყალობასაც გვაძლევდა. მოვნათლეთ მისი შვილები და ბევრი სხვაც, მის სოფელში." 4) იმერეთის მეფე ალექსანდრე მესამე. კასტელმა ამ ნახატს შემდეგი ჩანაწერი დაურთო: "აღმოსავლეთში ყველა ქართველი მეფე-მთავარი (მათივე რწმენით) შთამომავლობას იწყებს (ბიბლიური მეფე) დავითისაგან. ისინი ღვთით არიან გვირგვინოსანნი. ყველაფერი ეს ამ სიტყვაშია მოქცეული - "მეფე". მას ასე მიმართავენ - "ჩემო უფალო ღმერთო". მოდგმით თვალტანადნი არიან, შესამჩნევად მაღლები. ამბობენ, რომ დაბადებისთანავე მას ზურგის ორივე მხარეს ჯვარი ჰქონია გამოსახული. მისი შვილი ჩვენმა პადრემ მონათლა. 5) მამუკა - იმერეთის მეფის გიორგის ძე. ცნობილია, როგორც დიდი იმერელი მეომარი. ვახუშტი ბატონიშვილი აღწერს როგორც მხნეს, ახოვანს, მშვენიერს და შემმართებელს. 6) დაუდ ხანი. კასტელმა ამგვარი მინაწერი გაუკეთა ამ ჩანახატს: "დავით ხანი, შირაზის ხანის ძმა. ჩვენი პატრების კეთილისმყოფელი საქართველოს სამეფოში. დაუდ ხან სპარსელი - იბერიის სამეფოს განჯის პროვინციის დუკა (ხანი). ძმა სპარსეთის პროვინციის - შირაზის ხანის, მამუსის, რომელიც სპარსეთის შაჰმა მოკლა, შიშის გამო რომ იგივე ხელმწიფე მასაც მოკლავდა, თურქებთან გაიქცა, გზად მიმავალმა კი ჩვენი სახლი ინახულა და პატრებთან ითათბირა. მადლობის ნიშნად მოწყალება მოგვცა. 7) პირველი მინაწერი: "შეიარაღებული მთავარი ვახტანგ გურიელი. ჩვენი პადრეებისთვის უდიდესი ბოროტმოქმედი. ღმერთო, შეიწყალე მისი სული." მეორე მინაწერი: "ეს არის მთავარი ვახტანგ გურიელი, რომელიც ერთხანობას ჩვენი მისიონერების მოწინააღმდეგე და მავენებელი გახლდათ. იგი ზოგიერთმა მართლმადიდებელმა მღვდელმა ჩვენ წინააღმდეგ წააქეზა, რის შესახებაც იხილე ჩემს ჩანაწერებში." მესამე მინაწერი: "ბევრი წიგნი აქვთ, მაგრამ ყველანი ხელნაწერის სახით, რომელთა შორისაც არის საღმრთო სჯულის წიგნები, როგორც ჩვენთან, მართლმადიდებელ წმინდა მამების უძველესი კანონები, ასევე სარაინდო, ზღაპრებისა და პოეზიის წიგნები. 8) კასტელის მინაწერი: "აბოლიეს შვილი მამუკა ბისკაია. უკეთილშობილესი მეგრელი, კავკასიის მთებში ნადირობისას. ჩვენი საუკეთესო მეგობარი და კეთილისმყოფელი." 9) კასტელის მინაწერი: "მთავარი მამია გურიელი - შეიარაღებული. მისმა შვილმა სიმონმა პურის ჭამის დროს მოკლა იგი. გურიაში, სადაც დიდ ტანჯვაში გავატარე 7 წელი, 5 მთავარი გამოიცვალა, ამ სურათზე ნაჩვენებ მთავარს მამია ჰქვია, მეორე იყო მისი შვილი - სიმონ. მესამე - მალაქია, რომელიც პატრიარქად იყო, მეოთხე - ვახტანგ, მეხუთე - ქაიხოსრო. იგი (ქაიხოსრო) დღეს ცოცხალია და დიდი პატივისმცემელია ჩვენი პადრეებისა. 10) ლევან დადიანის რისხვა და იმერთ დიდი მეფე ალექსანდრე მესამე. 11) ქართველი პოეტი - სულხან ავთანდილაშვილი. კასტელის მინაწერი: "საქართველოში დაბადებული, ქართული მოდგმის დიდად ნიჭიერი სულხანი/ იბერია-კოლხეთის სამეფოში განთქმული პოეტი - სულხან ავთანდილაშვილი/ ფილოსოფოსები... ფერი... სანაქებო ქსოვილის ტანსაცმელში." 12) რაჭველი სასულიერო პირი რაჭაში. კასტელის თქმით: "კაცი ღირსეული, საკადრისი სახის, დიდად თავდაჭერილი და ლოცვის მსასოებელი. ჩვენი მეგობარი, კეთილისმყოფელი და პატივისმცემელი." 13) ქართველები თამაშობენ "პოლოს". ჩანახატი გაკეთებულია 1640-იან წლებში. 14) კასტელის მინაწერი: "კოლხეთის მთავრის (ლევან დადიანის) მეუღლეს - დარეჯანს, მისმა ქმარმა, მთავარმა, ცხვირი მოაჭრა და შემდეგ მამამისს, აფხაზეთის მთავარს, გვარად შარაშიას, სახლში უკან მიჰგვარა." 15) იმერეთის დედოფალი ვარდისფერა (დარეჯანი). დარეჯანი თეიმურაზ მეფის ქალიშვილი იყო. 16) აფხაზეთის დიდი სარდალი - აჩაბაია. კასტელის მინაწერი: "მთავარი, დიდი სარდალი - აჩაბაია. სამეგრელოს მთავრის უძლეველი მტერი. სათაყვანებელი სახის უკეთილშობილესი აფხაზი." 17) ვომინიჯა ბერიძე - ქართელი პოეტი ქალი. რაოდენ დასანანია, რომ მისი შემოქმედება არ არის შემონახული... 18) კასტელის მინაწერი: "სამეგრელოს მთავრის ერთგული მსახური, ძლიერ გულადი სარდალი დათუა. მეგრელი აზნაური დათუა ბისკაია. კავკასიის მთებში დაბადებული, კაცი მამაცი და გამოჩენილი, გურიელის ციხე-სიმაგრის მფლობელი. აფხაზებს ეომებოდა. მრავალი ბრძოლის შემდეგ მოკლეს." 19) ქართველი ქალების ვარცხნილობები მე-17 საუკუნეში. (მარცხენა ქვედა კუთხეში ხათუნია კი იყო ქართველი ქალი, მაგრამ სამწუხაროდ სულთნის ჰარემში იმყოფებოდა, ამიტომ ჰქონდა დაფარული სახე პირბადით) 20) მე-17 საუკუნის პირველი ნახევრის ქართველი ქალები. 21) ქართლის მეფე როსტომი (1633 - 1658 წწ.) 22) თეიმურაზ მეფე კასტელთან საუბრისას. ეს ჩანახატი საინტერესოა მეფის ჩაცმულობის გამო. 23) კასტელის მინაწერი: "სვანი ქალები იარაღში ვარჯიშობენ. განსაკუთრებით მშვილდისრისა და შუბის ტყორცნაში. მათ უყვართ უცხოელები/ სვანი ბატონიშვილი ქალი კავკასიის მთებში/ დათუა გელოვანის მეუღლე ანა. იბერიის სამეფოსა და აგრეთვე სვანეთის უკეთილშობილეს მანდილოსანთა შორის ულამაზესი ქალი." 24) კასტელის მინაწერი: "უკეთილშობილესი ქართველი ქალი, მამუკა ბისკაის მეუღლე - როდია მიქელაძე. ნიჭიერი, უმაღლესი სათნოებისა და პატიოსანი ყოფაქცევით შემკული მხატვარი ქალია. უმაღლეს მთებში მცხოვრები, რომელსაც კავკასია ეწოდება. ჩვენი პადრეების მოწაფეა. ეს მხატვარი ქალი სხვა საქმეებშიც ნიჭიერი იყო. პოეტი ქალია... ეს ქალბატონი ავადმყოფ ქმართან ერთად მოინათლა, მისი ქმარი სახელად მამუკა ბისკაია ორი პატარა ვაჟით და 40-ზე მეტი სოფლის ყმით." 25) კასტელის მინაწერი: "ქართველი შაბატარი (საბახტარი, გვარად ავალიშვილი). ჩვენი მტრის, ალავერდელად წოდებული ეპისკოპოსის ძმა იყო, რომლის შესახებაც ვრცლად მოთხრობილია მის ისტორიაში. იგი მუდამ ჩვენი კეთილისმყოფელი იყო. მის სოფელში, თეჩში (ტეჩი) მე მოვნათლე უამრავი კაცი და ქალი. განსაკუთრებით მის მსახურთა გოგო-ბიჭები, რომელნიც ხშირად მასთან ერთად ცხოვრობდნენ. ისინი იარაღით ხელში გვიცავდნენ ბერძნებისაგან. ყველა მათგანი წმინდა სარწმუნოების მტერი იყო/ უკეთილშობილესი ქართველი შაბატარი და მისი ამბავი/ თამაშობის შესახებ - ქართველები მისდევენ თამაშობას, რომელიც სიმკვირცხლესა და სიძლიერეს მოითხოვს. მათ იციან იარაღის ხმარება, როცა ისინი სამგზავროდ ან ცხოველებზე სანადიროდ მიდიან მთასა და ტყეში." 26) მეჰმედ ათაბაგი. კასტელის მინაწერი: "კეთილისმყოფელი - ჩვენი პადრეების კეთილისმყოფელი ქართველი თავადი მეჰმედ ათაბაგი, რომელსაც განუკურნებელი ავადმყოფობით დაავადებული და მოვურჩინეთ. შეხედეთ მის სიკეთესა და პატივისცემას. ავადმყოფობის დროს, ის გვანდობდა საზრუნავად არამხოლოდ შვილებსა და თავის სიცოცხლეს, არამედ თავის ულამაზეს მეუღლესაც. როდესაც თავად ომში მიდიოდა, მათ ჩვენს პადრეებს მიაბარებდა ხოლმე." 27) ყაბახის თამაში ქუთაისში. კასტელის თქმით: "საუცხოო სანახაობაა ასე მოთამაშე ცხენოსნები. მათ იშვიათი სიმარჯვით იციან თავისი თავის მართვა. სიმკვირცხლეს იჩენენ გარკვეული მიზანდასახულობით ისე, რომ თუ მეტი ან ნაკლები ინტერესი გამოიჩინეს, მაშინ იტყვიან, რომ კარგად ვერ თამაშობსო. ხშირად, როგორც ახალი დამწყებნი, გაჭენებული მაღალი ცხენიდან ძირს ეცემიან." 28) კასტელის მინაწერი: "შეუდარებელი სილამაზის თამუნია ღიმატია. გათხოვილი იყო ერთ უშნო კაცზე, სახელად ტომიკელაზე, მაგრამ სამეგრელოს მთავარს, ლევან დადიანს მიუცია მოსამსახურედ კათოლიკე მისიონერებისათვის მათი "ერთგულების" გამოსაცდელად." 13 წელი ემსახურა და ამ წლების განმავლობაში კასტელს აბოდებდა ამ ქალზე. "სახეზე ნიშანი დამაჩნია, რათა გულში სხვა შეყვარებული აღარავინ დამეშვა. თვალებში მზეს აჯადოებდა და ბაგეზე აპრილს. უფრო ანგელოზსა ჰგავდა. ერთგულებისა და უმანკოების იშვიათი სილამაზის მქონე." 29) მეგრელი გლეხი ქალი ბავშვთან ერთად. ამ ნახატს კასტელმა დაურთო რამდენიმე ქართული მინაწერი ლათინური ასოებით: "ჩემი სული შეიწყალე და სიკვდილის უკან (შემდეგ), შენი ლამაზი პირი მაჩვენე ჩემო საყვარელო და მოწყალე ღმერთო და ყოვლად წმინდა ღვთისმშობელო." 30) ნახატს თან ახლავს მოკლე წარწერა: ესე არს ვარდისფერა. ქართველთა დედოფალი და თეიმურაზის მეუღლე (შეცდომა - ალექსანდრეს). კაცთა მოდგმაში ულამაზესი არსება, რომლის სილამაზემ არც თუ პატარა ზიანი მიაყენა თავის სამეფოს. ჭეშმარიტად ითქმის, რომ ის ამ სამყაროს ახალი ტროელი ელენეა. 31) ერთ-ერთი საინტერესო ნახატი კასტელის ალბომიდან. პირველ რიგში აღსანიშნავია ჩაცმულობა, იარაღი, თმის ვარცხნილობა. და ბოლოს კასტელის საინტერესო მინაწერები. ერთი მეგრელი აზნაური თურმე ქვრივის სახლში შევარდნილა. ქალის მოტაცება უნდოდა, მაგრამ არ დასცალდა. ქალმა პირიქით თვითონ აზნაური დაატყვევა, კასტელი გადმოგვცემს მათ საუბარს: აზნაურის თავზე წარწერაა: "ჯიქური კოჩი დაღონებული არის." ქალის თავზე: "სკანი, თავი დაიჭირე, ნუ გენაღვლება." აზნაურის მარცხენა მხარეს: "ვაი, ვაი, ჩემი უბედურება, რა დამემართა. ერთმა ქალმა დამიჭირა. ვაი, ვაი, ვაი." მარჯვენა მხარეს: "ჯავრი მოკოდა, ამა რა ოკონო, ღმერთი დიდი არის, იმედი მაქო რო გამოშოვს, ღმერთის წყალობა." 32) კასტელის მიხედვით ქართველები სუფლრაზე ღვინოს უხვად მივირთმევდით. თან სადღეგრძელოს თქმისას და სასმისის დალევისას მუხლმოყრილები ვიყავით. ეპისკოპოსებიც ასეთივე წესით სვამენო აღნიშნავს. თან ჭიქების მაგიერ ზოგჯერ ფეხსაცმელს იყენებენო. სუფრისადმი ქართულ მიდგომას კასტელი ამ ფრაზით გამოხატავს: "დაე ვჭამოთ და ვსვათ, იმ ქვეყანაზე რა ვიცით, რა გველის." კასტელი ასევე ყურადღებას ამახვილებს მისი თქმით "უგვან ზნე ჩვეულებებზე", რომლებიც თურმე მოქეიფე, ცუღლუტ ქართველებს ახასიათებდათ. "ქართველები ღვინის დიდი მსმელნი არიან და როცა დათვრებიან იქ მყოფ ცოლებსა და მოქეიფეებთან უდიერად და თავაშვებულად იქცევიან. ასეთ ბიწიერებაში სცოდავენ როგორც თავადები და მხედრები, ასევე მეფენიც." 33) კასტელის ჩანაწერებიდან: "ბავშვებით დატვირთული ხომალდი მიდის ჯოჯოხეთში." გურიის ერთ-ერთ ქალაქში, რომელიც მდებარეობს შავი ზღვის სანაპიროზე, ვრცელ მოედანზე მოდიან სხვებთან შედარებით უფრო მეტად თურქები და ყიდულობენ ქრისტიან ტყვეებს. მრავალი ათასი სული მიჰყავთ. ყოველწლიურად საუკეთესო არსებანი გაჰყავთ. ჩემი ცხოვრების უბედური დრო დამიდგა ამ ქალაქში. ვტიროდი მრავალი სულის დაკარგვას, რადგან თურქეთში მიერეკებოდნენ ამ საცოდავ ქრისტიანებს. არადა ამ ხალხისთვის ბევრი მოწყალება გამიღია და ავადმყოფობის დროსაც მიმკურნალია მათთვის და სხვადასხვა საქმეშიც მოვმსახურევიბარ მათ." 34) სამეგრელოში მისიონერების კარ-მიდამო. 1654 წ. ნახატის შუაში მეგრელები ასრულებენ პადრეების სახლის გადახურვას. 35) ბაზრობა ეკლესიასთან. სამწუხაროდ კასტელს არ გაუკეთებია რაიმე ჩანაწერი ამ სურათზე. მხოლოდ ერთი სიტყვით აღწერს: "ვაჭრები" - მარჯვენა კუთხეში მდგომ ჯგუფს. 36) გორის ციხე-სიმაგრე. 37) სამეგრელოში კათოლიკე მისიონერებისთვის გადაცემული ერთ-ერთი სავანე 38) მეგრელები კათოლიკე მისიონერებისთვის დასაკლავად ამზადებენ შესაწირავ ხარს. მარცხენა მხარეს წარწერა: "მეგრელი მღვდელი." 39) იმერლების ქეიფი სოფელ არგვეთში. 40) "გურიის სოფელ ტაგვაგიალიში (ტაგვაჯალში) ბევრი ბავშვი მოვნათლეთ. იმ დროს, როდესაც სამკურნალოდ გამოგვიძახა ამ ხარის განმგებელმა (გუბერნატორმა) დათუა ბერიძემ." 41) "სვან წარჩინებულ ქალებს, მეგრელების მსგავსად ნაწნავი თმები, მრავალი ასხმა მაგალიტისა და სხვა დიდი ღირებულების ძვირფასი ქვებით აქვთ მოკაზმული. ტანსაცმელი მორთულია. უმშვენიერესი ოქროს ნამუშევარი მარგალიტითა და ძვირფასი ქვებით. ქვედა კაბები ოქროკემსილია. ასევეა სარტყელიც, რომელიც დიდ სილამაზეს ჰმატებს, როცა ის მცირედ ეშვება ზურგს უკან." 42) იმერეთის მეფის მიერ კათოლიკე მისიონერებისთვის გადაცემული ტაძარი ქუთაისში. ნახატზე გაკეთებულ ერთ-ერთ მინაწერში კასტელი აღნიშნავს რომ იმერეტის მეფემ კათოლიკებს უმარავი რეზიდენცია გადასცა, რასაც მოწმობენ მის მიერ მიწერილი წერილები ფლორენციის დიდ დუკასა, კარდინალ ანტონიო ბაბუინოსა და მისი წუმინდესობის, პაპი ურბანოსადმი (ურბან მერვე), რომელთა დედნები ინახება აღმოსავლეთის მეფეთა წერილების წიგნში." 43) იმერეთის მეფისა და სამეგრელოს მთავრის შერიგება. 44) "ყურძენს ჰკრეფენ და მიაქვთ სახლში". მარჯვენა მხარეს ასახულია სახლის მშენებლობის წესი. როგორც კასტელი აღნიშნავს, საქართველოს სხვადასხვა მხარეს მშენებლობის სხვადასხვა წესი აქვს" -ო. 45) ამ ნახატზე მისიონერი ნათლავს ბავშვებს მარცხენა კიდესთან. მის ზემოთ თავადი გურიელია გამოსახული მსიი რაზმებითურთ. მის ზემოთ კი კასტელი მიუთითებს, რომ ქედს იქით დამეგრელოა. მარცხენა მხარეს, ცენტრში მისიონერები ავადმყოფს კურნავენ. 46) წმ. ანდრია პირველწოდებულის ტაძარი აფხაზეთში. კასტელიმ ეს ჩანახატი ორ ფურცელზე გააკეთა. ეს კი გაერთიანებული ვარიანტია. 47) "ამ ზღვისპირა ქალაქში მთელი წლის განმავლობაში საჯარო ვაჭრობა იმართება ყველა ჯურისა და ასაკის ბავშვთა, კაცთა და ქალთა გასაყიდად. აქედან გადიან კონსტანტინოპოლისკენ ქრისტიანების მიერ თურქებზე გაყიდული ბავშვებით დატვირთული სავსე გემები, მათს შვილთა და შვილიშვილთა სულები ხომ სამუდამოდ დაკარგულია/ ჯიორჯიო გალი/ ოთხი მეკობრე (ორი გაურკვეველი სიტყვა)/ აქ შვილი ხანში შესულ მამასა და დედას ჰყიდის, ხოლო თურქები მათ ჰყიდულობენ რათა თავიანთ რწმენას შემატონ სულები. მამები და დედები თავიანთ შვილებს ჰყიდიან, რადგან ფულს უფრო აფასებენ, ვიდრე საკუთარ სისხლს." 48) კათოლიკე მისიონერები სვანეთში 49) ამ პერიოდის არქიტექტურიდან ბევრი არც არაფერი შემოგვრჩენია. ერთი მხრივ კასტელი ნახატს მოკლედ აღწერს და უწოდებს "მეგრელთა სახლს". ეს იყო სამეგრელოს მთავრის სახლი. "ეს სახლი მდებარეობს მეგრელთა მთავრის სოფელში, სადაც ის მართლმსაჯულებას ასრულებს." ასევე მინაწერი აქვს - "ზოგ სასახლესა და სახლს გარს შემომწკრივებული აქვს ნანადირევი ირმის რქები და გარეული ტახის თავები." 50) "იმერეთის მეფე ალექსანდრე სამეფო ტახტზე." (ნაგულისმევია ალექსანდრე მესამე - 1639-1660 წწ.) 51) "ქართველი ფილოსოფოსი ბარძიმ ვაჩნაძე. ამ მხარეში დაბადებული ივანე (ჯოვანი) ბარძიმი, გამოჩენილი ქართველი მწერალია. იგი ცნობილი კაცი იყო იმ ხანებში. ჩვენი პატრების მეგობარი." 52) ბავშვების ბაზარი ქობულეთის მოედანზე. გურიელის მხარეში. მატუტა ჩენსერია საკუთარ დედას ჰყიდის. ჩვენებმა მას ჰკითხეს: ასეთ დიდ ცოდვას რად სჩადიხარო? მან გვიპასუხა: ეს ცოდვა კი არ არის, პირიქით, დიდი შებრალებლობააო. პირველყოვლისა, რადგან დედაჩემი მიდის თურქების ქვეყანაში, ამით თავის მდგომარეობას იუმჯობესებს. აქ რომ დარჩეს, თავისი ლაპარაკით ამიმხედრებს საქონელს, ოჯახსა და შვილებს, ახლა კი ჩემი ცოლი დამშვიდდება და დაწყნარდებაო." 53) "გურიის მთავარმა აქ, დაბა ოზურგეთში, ხეზე ჩამოაკიდებინა ერთი კაცი, მაგრამ არა მოსაკვდინებლად, რადგან მან გააუპატიურა ჩვენი პატრების მოსამსახურე ქალი." 54) როსტომ მეფის (როსტომ ხანის) მეუღლე დედოფალი მარიამი, ლევან დადიანის და. 55) კონსტანტინოპოლში ყოფნის დროს კასტელი არაერთ ოსმალო ფირალს და მეკობრეს შეხვდა. მათ შორის იყო მეგრელი ალი ბეგი, რომელიც "სარწმუნოებას და რწმენას განუდგა და განთქმული მეკობრე გახდა." ავტორი: თორნიკე ფხალაძე 3366 3-ს მოსწონს |
I weep for the people who were fierce and very brave warriors - leaders for my Christ's flag and are now enslaved by the devil.
I Weep for the land of Georgia, which was the nourishing, promised holy Land and imitator of Christ for its lambs. Now a thorn-bush has grown on the temple pasture.
I weep for the country, whose inhabitants enlightened the world, and now it has become the source of darkness and gloom ...
I weep for the country that originated the ancient Greek wisdom, and now it has become the source of ignorance, where due to their blindness of cognition many have fallen into poverty and where every God is forgotten!"
Don Cristoforo de Castelli (1597-1659 Italian missionary).
"Information and Album about Georgia"
(Translated by B. Giorgadze. "Science" Publishing House, Tbilisi, 1976: 203/421, 570/571).