სხვა თამარ მეფე 2018, 3 ივნისი, 20:52 მე-12 საუკუნის დასასრულს საქართველოს სამეფო ტახტზე ავიდა ქალი - თამარი. ქალის გამეფება იმ დროს უჩვეულო რამ იყო, ზოგი ქართველიც ფიქრობდა, რომ თამარი ვერ გაუძღვებოდა სამეფო საქმეებს, მაგრამ თამარმა კეთილგონიერებითა და სიბრძნით მალე ყველა დაარწმუნა, რომ ჩინებულად შეეძლო ქვეყნის მართვა. მეფე-ქალმა თავის გარშემო შემოიკრიბა ბრძენი სწავლულები, მამაცი და გამოცდილი სარდლები. მეფე უსმენდა მათ რჩევას და ამიტომაც საუკეთესო გადაწყვეტილებებს იღებდა. თამარის დროის ძლევამოსილი ქართული მხედრობა მტკიცედ იცავდა ქვეყნის საზღვრებს და მტერს შიგნით შემოჭრის საშუალებას არ აძლევდა.
![]() თავისუფალ დროს მეფე-ქალი ქარგავდა და ქსოვდა, შემდეგ კი თავის ნამუშევრებს ეკლესიას სწირავდა. ხალხი აქებდა სამართლიან და მოწყალე მეფეს, თქმულებებითა და ლეგენდებით მოსავდა მის სახელს. იმდროინდელი პოეტები თამარს ხოტბას ასხამდნენ. შოთა რუსთაველის “ვეფხისტყაოსანიც'' თამარისადმია მიძღვნილი. საქართველოს სამხრეთით მდებარეობდა ერთ-ერთი თურქული სახელმწიფო - რუმის სასულთნო. სწორედ ეს ქვეყანა ეცილებოდა თამარს შავი ზღვის სამხრეთ სანაპიროს. მას ძლიერი და ამპარტავანი სულთანი - რუქნადინი განაგებდა. სულთანს შეშურდა საქართველოს ძლიერება, თამარის დიდება და ჩვენი ქვეყნის მოსპობა გადაწყვიტა. რუქნადინმა თამარს თავხედური წერილი გამოუგზავნა: “გირჩევნია სარწმუნოება გამოიცვალო და ცოლად გამომყვე, თუ არადა შენს ქვეყანას გავანადგურებო''. როცა სულთნის მოციქულმა ამ წერილის კითხვა დაასრულა, თამარის მთავარსარდალმა, ზაქარია მხარგრძელმა, ვერ მოითმინა და მას სილა გააწნა. ელჩი უგონოდ დაეცა. როცა მოასულიერეს, მთავარსარდალმა უთხრა: ელჩი რომ არ ყოფილიყავი, ცოცხალი ვერ გადამირჩებოდიო. ყველა მიხვდა, რომ დიდი ომი გარდაუვალი იყო. ქვეყანა ომის სამზადისს შეუდგა. არც რუქნადინი იყო გულხელდაკრეფილი. მან თავის მოკავშირე სულთნებს სთხოვა დახმარება და უზარმაზარი ჯარი შეკრიბა. სულთანი დარწმუნებული იყო, რომ საქართველოს დაამარცხებდა და მთელ კავკასიას შეიერთებდა. ქართველთა ჯარი მტრისაკენ დაიძრა. ხალხში დარჩენილი თქმულების თანახმად, თამარ მეფე, ჯვრით ხელში, ვარძიამდე ფეხშიშველა მიუძღოდა ჯარს. მოწინააღმდეგენი ბასიანთან შეხვდნენ ერთმანეთს. გაიმართა სასტიკი ბრძოლა. მტერი გაცილებით მეტი იყო, მაგრამ სამხედრო ხელოვნებით, სიმტკიცითა და მოხერხებულობით ქართველი მებრძოლები სჯობნიდნენ. ქართველებმა დავით სოსლანის წინამძღოლობით ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვეს, თავად რუქნადინი ძლივს გადაურჩა სიკვდილს. დიდი ზეიმით შემოვიდა ქართველთა ჯარი თბილისში, სარდლებმა მტრის დროშები თამარის წინაშე დაყარეს, ტყვეები ჩამოატარეს... მაშინ საქართველო კიდევ ერთხელ გადაურჩა დამანგრეველ ძალას. ქართულ სახელმწიფოსა და მის სახელოვან მეფეს, თამარს, კიდევ უფრო შეემატა დიდება. თამარი ორჯერ იყო დაქორწინებული. პირველად მეფე-ქალი რუსეთის დიდი მთავრის ანდრია ბოგოლიუბსკის ძეს - გიორგის (იური) მიათხოვეს, მაგრამ ეს ქორწინება უიღბლო გამოდგა და თამარი მალე გაშორდა პირველ მეუღლეს. მეორე თამარი ოს უფლისწულზე - დავით სოსლანზე დაქორწინდა, რომელიც დედით ბაგრატიონთა ჩამომავალი იყო. დავით სოსლანი ღირსეული მეუღლე იყო თამარისა, მას სამეფო კარზე ქვეყნის თავდაცვის საქმე ჰქონდა ჩაბარებული. ![]() თამარის მიერ აშენებულ ძეგლთაგან განსაკუთრებით დიდებულია ვარძია, ბეთანია, ყინწვისი. ამ მონასტრების კედლის მხატვრობაში შემორჩენილია თამარის ფრესკული გამოსახულებანიც. თამარის ფრესკა არის შემონახული ბერთუბანშიც (დავითგარეჯი). ვარძია![]() ბეთანია![]() ყინწვისი![]() 12770 1-ს მოსწონს
|