x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134531
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
ხელსაწყო ფუნჯი (Brush Tool). ხატვის ხელსაწყოები. (Photoshop CS 4 & 5)

ხელსაწყო ფუმჯი გამოიყენება როგორც ახალ დოკუმენტზე სახატავად, ასევე უკვე არსებული დოკუმენტების რედაქტირებისას. ის ორ სხვა ხელსაწყოსთან ერთად, არის გაერთიანებული ჯგუფში, ინსტრუმენტების პანელზე. მისი აქტივიზაციისთვის სჭიროა ხელსაწყოზე დაწკაპუნება ან კლავიატურის B ღილაკზე დაჭერა. აღნიშნული ხელსაწყოს არჩევის შემდეგ, ეკრანზე გამოდის ხელსაწყოს ოპტიმიზაციის ანუ პარამეტრების პანელი (ნახ. 1). ხელსაწყოსთვის ფერის არჩევის რამოდენიმე ხერხი არსებობს (იხ. ფერის არჩევა ფოტოშოპშ). გარდა ამისა, ხელსაწყოს აქტიურობის პირობებში, Alt ღილაკზე დაჭერის შემთხვევაში, ის დროებით „პიპეტკად“ გადაიქცევა და ფერის ნიმუშის აღება, გამოსახულებიდან ხდება შესაძლებელი.

გამოსახულებებზე დააწკაპუნეთ, რომ სრულ ზომაზე გაიხსნას

ხელსაწყო ფუნჯი

ოპტიმიზაციის პანელის თავში მდებარეობს ხელსაწყოს პიქტოგრამა. პიქტოგრამის გვერდით მდებარეობს პატარა შავი ღილაკი, რომელსაც მოგვიანებით დავუბრუნდებით. პანელის შემდეგ განყოფილებაში, მოცემულია ფუნჯის ფორმის შემცირებული მინიატურა და ზომა პიქსელებში. აქვე მდებარეობს პატარა შავი ღილაკი, რომელზე დაჭერის შემთხვევაში, ეკრანზე გამოდის მენიუ, რომელშიც მოთავსებულია ფუნჯების ნაკრები ე. წ. ფუნჯების ბიბლიოთეკა და ხელსაწყოს დასარეგულირებელი ორი პარამეტრი (ნახ. 2).

ხელსაწყო ფუნჯი

მენიუს თავში Master Diameter (ფოტოშოპის ტერმინები ქართულად, იხ. დანართში: ფოტოშოპის ძირითადი ტერმინები) პარამეტრი, რომლის მეშვეობით შესაძლებელია ფუნჯის ზომის შერჩევა, ხოლო ფუნჯის სიმაგრეს ანუ ფუნჯის შტრიხის განაპირა ფორმას, განსაზღვრავს Hardness პარამეტრი (ნახ. 3).

ხელსაწყო ფუნჯი

აღნიშნული პარამეტრების დარეგულირება, კლავიატურის ღილაკებით, მენიუს გარეშეც შეიძლება. ფუნჯის ზომის შეცვლა შეიძლება კლავიატურის კვადრატულ ფრჩხილებზე დაჭერით: [ – ფრჩხილი ამცირებს ფუნჯის ზომას 5 პიქსელით, ხოლო ] – ფრჩხილი ადიდებს დიამეტრს 5 პიქსელით; კვადრატული ფრჩხილებისა და Shift ღილაკის კომბინაცია, ცვლის ფუნჯის სიმაგრეს 25% – ით. Hardness პარამეტრის ქვემოთ მოთავსებულია ფუნჯების სტანდარტული ნაკრები. საჭირო ფუნჯის ამოსარჩევად, უნდა დავწკაპუნოთ შერჩეულო ფუნჯის მინიატურაზე მაუსის მარცხენა ღილაკი. ფუნჯების ნაკრების მართვა შეიძლება სპეციალური მენიუს საშუალებით, რომელიც ეკრანზე გამოდის, მოცემული მენიუს, ზედა მარჯვენა კუთხეში მდებარე შავ ღილაკზე დაჭერით (ნახ. 4).

ხელსაწყო ფუნჯი

მენიუ რამოდენიმე განყოფილებისგან შედგება: I განყოფილებაში მოთავსებულია New Brush Preset პუნქტი, რომელიც გამოიყენება ახალი ფუნჯის შესაქმნელად. იმისათვის რომ შევქმნათ ახალი ფუნჯი, უნდა ავირჩიოთ არსებული ფუნჯებიდან რომელიმე, დავარეგულიროთ მისი პარამეტრები და დავაჭიროთ მენიუს აღნიშნულ ბრძანებას ან მენიუს ღილაკის ქვემოთ მოთავსებულ პატარა კვადრატულ ღილაკს. ეკრანზე გამოვა სადიალოგო ფანჯარა – Brush Name, რომელშიც უნდა ჩავწეროთ ფუნჯის სახელი და დავაჭიროთ OK ღილაკს. ახალი ფუნჯი დაიკავებს ადგილს ფუნჯების ნაკრებში, სულ ბოლოში. მენიუს მომდევნო განყოფილებაში მოთავსებული პუნქტები, მაშინ არის აქტიური, როდესაც, ფუნჯთა ნაკრებიდან, რომელიმე ფუნჯი არის არჩეული. Rename Brush ბრძანებით შესაძლებელია ფუნჯისთვის სახელის გადარქმევა, ხოლო Delete Brush ბრძანება, აუქმებს ფუნჯს, ფუნჯთა ნაკრებიდან. შემდეგ განყოფილებაში მოცემულია ნაკრების ასახვის ხერხები. ეს შეიძლება იყოს: მხოლოდ ტექსტი (Text Only); დიდი და პატარა მინიატურები (Small Thumbnail; Large Thumbnail); მინიატურა და ტექსტი (Small List; Large List) და მინიატურა და ფუნჯის შტრიხის ნიმუში (Stroke Thumbnail). მენიუს Preset Manager პუნქტის გამოყენებით შესაძლებელია ფუნჯების ნაკრების მართვა. ამ პუნქტის არჩევის შემთხვევაში, ეკრანზე გამოდის სადიალოგო ფანჯარა, ხელსაწყოს ფუნჯების სტანდარტული ნაკრებით და შეგვიძლია ამ ნაკრების ფუნჯებისთვის სახელის გადარქმევა, შენახვა ან წაშლა. ასევე, ნაკრებში სხვა ფუნჯების დამატება. იგივე ფუნქცია აქვს მენიუს შემდეგ განყოფილებას: პროგრამაში ინსტალირებული ფუნჯების გარდა, ფუნჯების ბიბლიოთეკაში შესაძლება ფუნჯების სხვა ნაკრების ჩატვირთვა (მაგ., ინტერნეტში მოძებნილი ბუნჯების). ამის გაკეთება შესაძლებელია მენიუს Load Brushes პუნქტის გამოყენებით. ამ ბრძანებას ეკრანზე გამოაქვს სადიალოგო ფანჯარა Load (ნახ. 5), რომლოს Load in ველში საჭიროა იმ საქაღალდის მოძებნა, რომელშიც მოთავსებულია ჩასატვირთი ფუნჯი ან ფუნჯთა ნაკრები. ფუნჯის არჩევის შემდეგ, უნდა დავაჭიროთ Load ღილაკს და ფუნჯთა უკვე არსებულ ნაკრებს, ახალი ნაკრები დაემატება.

ხელსაწყო ფუნჯი

Replace Brushes ბრძანება, უკვე არსებულ ფუნჯების ნაკრებს, ახალი ნაკრებით ჩაანაცვლებს. ამ შემთხვევაშიც, ეკრანზე გამოდის Load სადიალოგო ფანჯარა. Reset Brushes ბრძანებით შესაძლებელია ფუნჯების სტანდარტული ნაკრების აღდგენა და ყველა დამატებული ფუნჯის გაუქმება. Save Brushes ბრძანება ინახავს ფუნჯს მყარ დისკზე. ბრძანების არჩევის შემთხვევაში, ეკრანზე გამოდის სადიალოგო ფანჯარა Save, რომელიც დოკუმენტის შენახვის Save As ფანჯრის ანალოგიურია და შენახვის წესებიც იგივეა, რაც დოკუმენტის შენახვის დროს. მენიუს ბოლო განყოფილებაში, მოცემულია იმ ფუნჯების ნაკრებების სია, რომლებიც ინსტალირებულია პროგრამაში, მაგეამ ეკრანზე არ ჩანს. მოცემული სიიდან რომელიმე ნაკრების არჩევის შემთხვევაში (მაგ., Assorted Brashes), ეკრანზე გამოდის სადიალოგო ფანჯარა შეკითხვით: Replace Current Brushes with the Brushes from Assorted Brashes? (უნდა მოხდეს თუ არა ახალი ფუნჯების ნაკრებით არსებული ჯუნჯების ჩანაცვლება?). OK ღილაკზე დაჭერის შემთხვევაში, ეკრანზე მხოლოდ ახალი ნაკრები გამოჩნდება, Append ღილაკზე დაჭერისას, ფუნჯების ძველ ნაკრებს ახალი დაემატება, ხოლო Cancel ღილაკი აუქმებს ბრძანებას.

ხელსაწყო ფუნჯი

პარამეტრების პანელის შემდეგ განყოფილებაში მოთავსებულია ფუნჯების რეჟიმების ჩამოსაშლელი მენიუ – Mode (ნახ. 7).

ხელსაწყო ფუნჯი

ფუნჯების რეჟიმი განსაზღვრავს, თუ როგორი ფერი მიიღება ორი ფერის შერევის შემდეგ ანუ საბაზო (გამოსახულების ფერი) და ფუნჯის ფერის შერევის შემდეგ. სულ 27 რეჟიმია, რომელიც, თვისებების მიხედვით, 6 ჯგუფში არის გაერთიანებული (ნახ. 8). ქვემოთ მოცემულ სურათზე ნაჩვენებია სხვადასხვა რეჟიმის გამოყენების ეფექტები. მსგავსი რეჟიმები აქვს ფენებს და ეს საკითხი მოგვიანებით იქნება განხილული, ფენის დადების რეჟიმების შესწავლის დროს.

ხელსაწყო ფუნჯი

შემდეგი პარამეტრი, ოპტიმიზაციის პანელზე, არის – Opacity, რომლის დახმარებით შესაძლებელია ფუნჯის გამჭვირვალობის დარეგულირება (ნახ.9)

ხელსაწყო ფუნჯი

პარამეტრი Flow, რომელიც გამჭვირვალობის პარამეტრის გვერდით არის განთავსებული, განსაზღვრავს ფუნჯის შტრიხის სისქეს ანუ აკეთებს ფუნჯის დაწოლის იმიტაციას. რაც უფრო დიდია პარამეტრის პროცენტი, მით უფრო სქელია შტრიხი (ნახ 10).

ხელსაწყო ფუნჯი

ბოლო პარამეტრი, ოპტიმიზაციის პანელზე, არის – Airbrush. ეს არის პიქტოგრამის სახით წარმოდგენილი ღილაკი, რომლის ჩართვის შემთხვევაში, ფუნჯი იწყებს საღებავის ფრქვევას და გადადის მუდმივი ხატვის რეჟიმში. ხატავს მაშინაც, როდესაც ერთ პოზიციაზე არის გაჩერებული მაუსის მაჩვენებელი, ჩერდება მაუსიდან თითის აღების შემდეგ. აეროგრაფის ეფექტი შესამჩნევია, როდესაც Flow პარამერტის მაჩვენებელი არის დაბალი. ყველა პარამეტრის დარეგულირების შემდეგ, შეგვიძლია პარამეტრების შენახვა ხელსაწყოს შემდგომი გამოყენებისთვის. ამის გაკეთება შესაძლებელია იმ ღილაკის გამოყენებით, გაკვეთილის დასაწყისში რომ გამოვტოვეთ, ხელსაწყოს ოპტიმიზაციის პანელზე (ნახ. 11).

image

ღილაკზე დაჭერის შემდეგ, ეკრანზე გამოდის ხელსაწყოს შენახული პარამეტრების მენიუ, რომლის ზედა მარჯვენა კუთხეში მდებარე ღილაკზე დაჭერით, ეკრანზე გამოდის აღნიშნული მენიუს საკუთარი მენიუ, რომელიც დიდად არ განსხვავდება ფუნჯების ნაკრების მართვის მენიუსგან და პარამეტრების შენახვის წესიც იგივე არის, რაც ფუნჯების შენახვის წესი. ჩვენს მიერ შენახული პარამეტრები მენიუში დაფიქსირდება და შეგვიძლია უკვე დარეგულირებული ხელსაწყო ამ მენიუდან ავირჩიოთ. და ბოლოს, ორ წერტილ შორის სწორი ხაზის გასატარებლად, უნდა დავაწკაპუნოთ პირველ წერტილზე, დავაჭიროთ კლავიატურის Shift ღილაკს და დავაწკაპუნოთ მეორე წერტილზე. ხელსაწყო თვითონ გაავლებს სწორ ხაზს ორ წერტილს შორის.

იხ. თემის გაგრძელება: ფუნჯთა პალიტრა (Brush Palette) და საკუთარი ფუნჯის შექმნა

0
139
5-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
139
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0