x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134047
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ძმები, რომლებმაც თითქმის ნახევარი თბილისი ააშენეს - ზუბალაშვილების არქივი საქართველოს დაუბრუნდა
ცნობილი მრეწველებისა და ქველმოქმედების-ძმები ზუბალაშვილების უნიკალური არქივი საქართველოს გადმოეცა და ეროვნული მუზეუმის კოლექციის ნაწილი გახდა. ოთხი ძმიდან ერთ-ერთის - პეტრე ზუბალაშვილის შვილთაშვილებმა საკუთარი ოჯახის ისტორიის უმნიშვნელოვანესი ნაწილი საქართველოს ანდეს - 114 წლის განმავლობაში შვეიცარიასა და შემდგომ საფრანგეთში, მათ სახლში დაცული ზუბალაშვილების ისტორიული დოკუმენტაცია და ნივთები საქართველოს ეროვნულ მუზეუმს აჩუქეს. ძმების ისტორია გარკვეულწილად საქართველოს ისტორიაცაა და ის ისეთივე ვრცელი და მრავალფეროვანია, როგორც თავად ძმები ზუბალაშვილების მიერ გაწეული ქველმოქმედება.



image



ზუბალაშვილების გვარი ქართულ ისტორიულ დოკუმენტებში XVII საუკუნის 80-იანი წლებიდან გვხვდება. ერეკლე მეორის დროს მოღვაწე რომანოზ ზუბალაშვილმა კარგად იცოდა სასტამბო საქმე, ერეკლეს გარდაცვალების შემდეგ იმერეთში გადასახლდა და იქ განაგრძო წიგნების ბეჭდვა (1811 წლამდე). მისი საქმიანობა გააგრძელეს მისმა შვილებმა -დავითმა და გიორგიმ. საქართველოს რუსეთთან შეერთების შემდეგ ქვეყანაში კაპიტალიზმის განვითარებასთან ერთად ზუბალაშვილები დაწინაურდნენ.

განსაკუთრებით გამოიჩინა თავი დიდმა ვაჭარმა და მრეწველმა იაკობ ზუბალაშვილმა მას არყის სახდელი ჰქონდა ქუთაისსა და მის მიდამოებში. 1837 წელს კი თბილისში დააარსა ამხანაგობა, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა ამიერკავკასიაში პირველ შაქრის ქარხანას. ქარხანამ 7-8 წელი იარსება და დაიხურა რუსეთიდან შემოტანილი შაქრის კონკურენციისა და ადგილობრივი ნედლეულის უქონლობის გამო.


ზუბალაშვილების გვარიდან განსაკუთრებით ცნობილი გახდნენ კონსტანტინე იაკობის ძე ზუბალაშვილის შვილები პეტრე, სტეფანე და იაკობი და ლევანი. მართალია, პეტრეს გარდა არცერთი მათგანი საქართველოში არ ცხოვრობდა, მაგრამ სმშობლოში ყოველი კეთილი საქმის წამოწყებას ისინი მხარს უჭერდნენ და უმაგალითო დიდსულოვნებით აღვსილნი, მხსნელებად ევლინებოდნენ ყოველ ღვთისმოსავ საქმეს.


ნავთობის მაგნატებად ცნობილი ძმები სამეწარმეო საქმიანობის გარდა დიდ ქველმოქმედებას ეწეოდნენ მთელი საქართველოს მასშტაბით. მათ მიერ დაწესებული სტიპენდიებით ბევრმა ახალგაზრდამ მიიღო განათლება რუსეთსა და ევროპაში, მათ შორის იყვნენ: გერონტი ქიქოძე, ლეო ქიაჩელი, პავლე ინგოროყვა და სხვები. მეცენატი ძმების მხარდაჭერითა და ფინანსური შემოწირულობებით დააარსა ილია ჭავჭავაძემ ''წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება'' და სათავადაზნაურო ბანკი.



image



ძმებმა ზუბალაშვილებმა ნაწილობრივ ან სრულად დააფინანსეს სათავადაზნაურო გიმნაზია (ახლანდელი თბილისის სახელმწიფო უნივერსისტეტი ("სწორედ მეფური შემოწირულობა იყო და ამისთანა უხვი გაღება ქონებისა ჩვენში ჯერ არ მომხდარა"- წერდა ამ ფაქტის შესახებ გაზეთი ''ივერია'' 1904 წელს); სახალხო სახლი, სადაც დღეს მარჯანიშვილის თეატრია განთავსებული; მუსიკალური სახლი ანუ თბილისის კონსერვატორია; უპოვართა სახლი, სადაც ასობით ღატაკი და მოხუცი პოულობდა თავშესაფარსა და საკვებს; თბილისის პირველი საავადმყოფოს პედიატრიული კორპუსი და კიდევ სხვა ბევრი შენობის მშენებლობა.



image



საგულისხმოა, რომ რომელ ძმასაც არ უნდა გაეღო შემოწირულობა, ყველა კეთილი საქმე კეთდებოდა ძმები ზუბალაშვილების სახელით მიუხედავად იმისა, რომ მათ ცხოვრება უხდებოდათ სხვადასხვა გარემოში, სხვადასხვა პირობებში და სხვადასხვა დროს. სამწუხაროა, რომ ერთის გარდა, არცერთ მათგანს შთამომავლობა არ დარჩენია.

ლევან ზუბალაშვილი - ცხოვრობდა და მოღვაწეობდა რუსეთში და იქვე გარდაიცვალა 1914 წელს.


image

ლევანს მოსკოვთან ახლოს, სოფელ უსოვოში ჰქონდა აგარაკი. ეს იყო საკმაოდ მოზრდილი ტერიტორია, რომელსაც შემოავლო დიდი გალავანი უზარმაზარი ალაყაფის კარებით. იქ ააშენა ორი ერთნაირი სახლი: ერთში თვითონ ცხოვრობდა, მეორე კი განკუთვნილი იყო სტუმრებისათვის.


image


1919 წლიდან, რევოლუციის შემდეგ, აგარაკს გამოუჩნდა ახალი მფლობელები: ერთი სახლი დაიკავა სტალინის ოჯახმა, მეორე კი – მიქოიანმა. ლევან ზუბალაშვილის შთამომავლობის კვალი დაკარგულია;


სტეფანე ზუბალაშვილი - როგორც ზაქარია ჭიჭინაძე წერს: „იყო ის კაცად-კაცი, რომელმაც სიტყვა საქმედ აქცია და ქართველებს ყველა ის დანაპირები შეუსრულა, რასაც კი დაჰპირდა“.



image


სტეფანე ზუბალაშვილმა დედის-ელისაბედ თუმანიშვილის სურვილთან ერთად, მამის თხოვნაც აასრულა. კონსტანტინეს უნდოდა, გარდაცვლილი შვილისათვის (კონსტანტინეს პირველი ვაჟი - ანდრია 6 წლის ასაკში გარდაიცვალა) გაეკეთებინა ძვირფასი საფლავი, თუმცა, მეგობრის რჩევით, შვილის ხსოვნისა და სულისთვის ყველაზე ძვირფასი შესაწირი ბავშვთა საავადმყოფოს აშენება იქნებოდა.

image


შედეგად, ავლაბარში, ახლანდელი I საავადმყოფოს ტერიტორიაზე, სტეფანე ზუბალაშვილის სახელობის, ევროპული სტანდარტებით აღჭურვილი ბავშვთა საავადმყოფო აშენდა, რომელიც დღეს აღარ არსებობს. ამჟამად იქ იძულებით გადაადგილებულ პირთა საერთო საცხოვრებელია.



image


სტეფანე ზუბალაშვილი პარიზში სამკურნალოდ წასული გარდაიცვალა 1904 წელს. დაკრძალულია თბილისში, ცოლ-შვილი არ ჰყოლია;


იაკობ ზუბალაშვილი - ცხოვრების მეორე ნახევარი მან საფრანგეთში გაატარა და იქ მოიხსენიებდნენ, როგორც ჟაკ მიშელ ზუბალოვს.



image



იაკობის უნიკალურ კოლექციაში იყო პიკასოს, დეგას, სეზანის, მატისის, მონეს, ბოტიჩელის, როდენისა და სხვათა შედევრები, სულ 581 ერთეული. თავიდან აპირებდა, რომ ეს უკანასკნელი უძვირფასესი განძიც (უნიკალური ნახატები, მარმარილოს, ბრინჯაოს, კერამიკის, ოქროსა და ვერცხლის ნაკეთობები) ეჩუქებინა სამშობლოსათვის, ამისთვის ანდერძიც შეადგინა, თუმცა ჩვენთვის უცნობი მიზეზების გამო, გადაწყვეტილება შეცვალა და თავის სიცოცხლეშივე კოლექცია უსასყიდლოდ გადასცა ლუვრს და პარიზის სხვა მუზეუმებს.

image

იაკობი ემიგრაციაშივე გარდაიცვალა საფრანგეთში 1941 წელს. ცოლ-შვილი არ ჰქოლია;


პეტრე ზუბალაშვილი - პეტრე ძირითადად თბილისში ცხოვრობდა.



image



მეუღლის გარდაცვალების შემდეგ ევროპაში შვილებთან გაემგზავრა, გარკვეული პერიოდი ცხოვრობდა ჟენევაში, მაგრამ როცა შვილები საბოლოოდ დამკვიდრდნენ უცხოეთში და დამოუკიდებელი ცხოვრება დაიწყეს, იგი საქართველოში დაბრუნდა და სიცოცხლის ბოლო წლები მშობლიურ ქალაქში გაატარა. დაკრძალულია სოლოლაკში ზუბალაშვილების საგვარეულო სასაფლაოზე მშობლებისა და ძმის - სტეფანეს გვერდით. სწორედ პეტრე ზუბალაშვილის შვილთაშვილებმა თიბისი ბანკის მხარდაჭერითა და ხელშეწყობით გადასცა საქართველოს ზუბალაშვილების საოჯახო არქივი, რომელშიც უამრავი დოკუმენტი და დიმიტრი ერმაკოვის უნიკალური ფოტოსურათებია დაცული.



image


"ჩემი დიდი ბებიის, მარი ზუბალოვის დამსახურებით ყოველთვის გვესმოდა, რომ საქართველო გამორჩეული ქვეყანაა. ჩვენი ოჯახის ისტორია ერთ კონკრეტულ დღეს არ აღმოგვიჩენია. ეს მუდმივად ჩვენთან იყო. ჩემთვის აქ დაბრუნება და ამ არქივის გამოფენა ისაა, რაც დიდმა ბებია-ბაბუამ და ოჯახმა გვიანდერძა. ეს არის ის, რაც წავიდა და აუცილებლად უნდა დაბრუნებულიყო, რათა გაცოცხლებულიყო და ცხოვრება გაეგრძელებინა ზუბალაშვილების ოჯახის ისტორიას", -ამბობს სანდრა ანლარი, პეტრე ზუბალაშვილის შვილთაშვილი.



image



და კიდევ ერთი რამ ზუბალაშვილების შესახებ: ცნობილია, რომ მთაწმინდის იმ უბანში, სადაც ახლა ძმები ზუბალაშვილების ქუჩაა, ადრე ტყვია-წამლის საწყობი იყო, ე.წ. „არსენალი“ და ამიტომაც, ქუჩა „არსენალის“ სახელს ატარებდა. შემდეგ აქ დადგეს მცირე მოცულობის სასამართლოს შენობა და გადაერქვა „პატარა სასამართლოს ქუჩა“. 1911 წლის 21 იანვარს, თბილისის გამგეობამ სტეფანესა და მისი გვარის დამსახურებისათვის მიიღო დადგენილება – „პატარა სასამართლოს ქუჩა“ იწოდებოდეს „სტეფანე ზუბალაშვილის ქუჩად“, რამაც 1934 წლამდე გასტანა. ამის შემდეგ, ქუჩას ერქვა ვინმე ათარბეგოვის სახელი. 1990-იანი წლებიდან კი საქართველოს I პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას დროს, ქართველი ინტელიგენციის მოთხოვნით, პროფესორ ი. ახუაშვილის დიდი ძალისხმევით და ბავშვთა საავადმყოფოს კოლექტივის მხარდაჭერით ქუჩას ძმები ზუბალაშვილების სახელი ეწოდა.



image


ზუბალაშვილების დიდი საგვარეულოს წარმომადგენლებმა ფასდაუდებელი საგანძური დაუტოვეს ქვეყანას როგორც ეკონომიკური, ისე ისტორიული, კულტურული თუ არქიტექტურული თვალსაზრისით. ზუბალაშვილების საქმიანობა იქცა ნიმუშად, თუ რაოდენ დიდი როლი ენიჭებათ მეცენატებს ქვეყნის ისტორიული მახსოვრობისთვის და რა სამწუხაროა, რომ დღეს საქართველოში - ძმები ზუბალაშვილების სამშობლოში ქველმოქმედება და სიკეთე ესოდენ იშვიათ მოვლენად იქცა.



6
6801
7-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
6801
  
2019, 13 ივნისი, 15:33
Statia Sainteresoa. Magram erti beco kucha iko ararbegovis kucha (mikvarda atarbegovis kucha, musikaze mand davdiodi). Kargi ikneboda am zmebistvis upro didi kucha moezebnat, roca amdeni damsaxureba koniat. Rac sheexeba “vinme” atarbegovs, sheizleba imasac konda rame kargi gaketebuli, axla rom vigaceebs gvari ar moeconat da udierad axseneben....
2019, 11 ივნისი, 22:22
დიდი მადლობა მეტად საჭირო ინფორმაციისათვის
2019, 11 ივნისი, 17:11
იაკობს გადაწყვეტილი ჰქონდა მისი ეს უძვირფასესი კოლექცია სამშობლოსთვის ეჩუქებინა. მას ანდერძიც შეუდგენია, მაგრამ გარკვეული მიზეზების გამო ეს გადაწყვეტილება შეუცვლია და თავისივე სიცოცხლეში სრულიად უსასყიდლოდ გადაუცია ლუვრისა და პარიზის სხვა მუზეუმებისთვის. დაუზუსტებელი ინფორმაციით პარიზში მყოფ ექვთიმე თაყაიშვილისთვის ნოტარიალურად დამოწმებული საბუთიც ჩაუბარებია, მაგრამ სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე, 1941 წელს მოხუცს სახლში ყაჩაღები შეუვარდნენ და გაძარცვეს. პარიზის პოლიციამ მძარცველები დააკავა და ისინი ქართველები აღმოჩნდნენ. გულნატკენმა იაკობმა ექვთიმე თაყაიშვილს ანდერძი დაახევინა და თავისი ქონება საფრანგეთს დაუტოვა. იაკობის უნიკალური კოლექციის ძირითადი ნაწილი განთავსებულია ლუვრში, სპეციალურად გამოყოფილ ერთ-ერთ დარბაზში, რომლის კედელზეც არის მარმარილოს დაფა რომელზეც ამოყვანილია ამ მუზეუმში შეკრებილი ხელოვნების საგანძურის ცნობილ თუ გულუხვ მჩუქებელთა სახელები. მათ შორის არის იაკობ ზუბალაშვილის სახელიც. პარიზში ალექსანდრე მესამის ხიდთან არსებულ მცირე სასახლეში ერთ დარბაზს ჰქვია "ზუბალაშვილის დარბაზი".

პარიზის საზოგადოებას კარგად ესმოდა იაკობ ზუბალაშვილის კოლექციის უდიდესი მნიშვნელობა მსოფლიო ხელოვნების ისტორიისათვის. იაკობის გარდაცვალების შემდეგ ფრანგული პრესა წერდა: „ლუვრის მცირე დარბაზი, დეკორატიული ხელოვნებისა და სხვა მუზეუმები, გალერეები ფლობენ შედევრებს, რომლებითაც გაამდიდრა ისინი ბატონმა ზუბალოვმა, ამიტომ დროა შედგეს კატალოგი ზუბალოვის საჩუქრებისა, 581 ერთეულისა. ეს მთელი მუზეუმია. მან არ ისურვა გაეხსნა საკუთარი სახელობის დარბაზები და სხვა მეცენატთაგან განსხვავებით ეს გააკეთა მიზანმიმართულად, მეცნიერული ინტერესებიდან გამომდინარე იმ რწმენით, იმ სულისკვეთებით, რომ მუზეუმი მისთვის არის არა ნახატების კოლექციების უბრალო შესაკრებელი, მუზეუმი სასწავლო დაწესებულებაცაა“ („Истина и жизнь“, стр. 4).

იაკობ ზუბალაშვილს საკუთარი ოჯახი არ ჰყავდა და თამამად შეიძლება ითქვას, რომ თავისი ცხოვრების პირველი პერიოდი ქართველი ხალხის და მშობლიური ქვეყნის სამსახურში გაატარა. მას უყვარდა კეთილი საქმეების კეთება, მოწყალების უხვად გაცემა და არავის აძლევდა უფლებას მის შესახებ ხმამაღლა ესაუბრათ, თ
2019, 11 ივნისი, 17:10
კომუნისტები არაფერ შუაშია და არავინ არაფერს არ დაგვიბრუნებს და არც უნდა დაგვიბრუნონ. ეს საკუთრება იყო და იმ ადამიანმა ანდერძით დაუტოვა საფრანგეთ. თუ რატომ ამას თავისი მიზეზებო ჰქონდა :(
2019, 23 იანვარი, 1:55
ეგ ანდერძია სანახავი ლუვრს რომ გადასცა ნახატები,სავარაუდოდ ის იქ დროებითაა ,სანამ ბოლშევიკ კომუნისტები და მათი მიმდევარ საქმის გამგრძელებლები გადაშენდებოდნენ ,მერე კი გადმოგვცემენ !
2018, 13 დეკემბერი, 1:34
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 6