x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134535
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508596
თურქული კალკები მესხურ და აჭარულ დიალექტებში

image


ქართული ენის მესხური და აჭარული დიალექტები ყურადღებას იქცევს თურქული ლექსიკური ელემენტების სიუხვით, რაც მესხებისა და აჭარლების ცხოვრების ისტორიული პირობებით აიხსნება. აღნიშნულ დიალექტებში თურქული კალკები წარმოქმნილია აჭარასა და ახალციხის საფაშოში ოსმალთა ბატონობის დროს. აჭარულ და მესხურ დიალექტებზე მომეტყველე ხალხი თურქულ ლექსიკურ ერთეულებს ქართულ სამოსელს აცვამს და ეს ჩვეულებრივი მოვლენაა.

image

მესხურ დიალექტში შეინიშნება კალკირება ისეთი თურქული ზმნებისა, რომლებიც ორი კომპონენტისგან, სახელადი ნაწილისა და დამხმარე ზმნისგან შედგება. ასეთი ტიპის ზმნების კალკირებისას სახელადი ნაწილი თურქული რჩება, გადმოღებულია დამხმარე ზმნა.



მაგალითად:


ჰალალი მიქნია - „მიპატიებია“, კალკირებულია თურქული ზმნიდან helal etmek, რაც ნიშნავს კანონიერად ცნობას, პატიებას.

ყაიბი გახდა - „დაიკარგა“. თურქ. kaybolmak სიტყვასიტყვით ნიშნავს 'დაკარგულად გახდომას'( kayıp-დაკარგული, olmak-გახდომა).

ხშირია, აგრეთვე, შემთხვევები, როდესაც თურქული სიტყვა ან გამოთქმა პირდაპირ არის გადმოღებული მესხურში:

დათვლა - „ჩათვლა“, „მიჩნევა“, კალკირებული უნდა იყოს თურქული ზმნიდან saymak, რომელიც გამოხატავს ჩათვლასაც და დათვლასაც, აგრეთვე ნიშნავს პატივისცემასაც.

შურის აღება - „შურისძიება“. მესხურ დიალექტში დადასტურებული „შურის აღება“ კალკი უნდა იყოს თურქული ზმნისა intikam almak (intikam-შური, almak-აღება).


აჭარულ დიალექტში ვხვდებით ისეთ კალკირებულ ფორმებს, როგორებიცაა:


ყუსურზე არ დემიხედოთ - „ნუ დამძრახავთ“, კალკია თურქული გამოთქმისა kusuruma bakmayınız, რომლის სიტყვასიტყვითი თარგმანია 'ჩემს დანაშაულს ნუ შეხედავთ' ანუ 'მაპატიეთ'.

ყური მისცა/ყურაგდება მისცა - „მოუსმინა“, „ყურადღება მიაქცია“. მომდინარეობს თურქული ზმნიდან kulak vermek, რომელიც სიტყვასიტყვით 'ყურის მიცემას' ნიშნავს.

თვალიდან ჩამომივარდა - „ავითვალწუნე“. გადმოღებულია თურქული gözden düşmek-იდან(göz-თვალი დაცემა, düşmek-ჩამოვარდნა), რაც ათვალწუნებას, პატივისცემის დაკარგვას ნიშნავს.

აღებული - „ნაყიდი“. თურქულში 'აღება' ზმნას (almak) შეძენილი აქვს 'ყიდვის' მნიშვნელობა და აჭარულში სწორედ ეს მნიშვნელობაა გადმოღებული.

სიტყვის დაკავება - „პირობის შესრულება“. კალკია თურქული söz tutmak-ისა, რომელიც სიტყვასიტყვით ითარგმენა, როგორც 'სიტყვის დაჭერა, დაკავება' და ნიშნავს პირობის შესრულებას.

ორი თვალიდან ქორი - „ორი თვალით ბრმა“. კალკია თურქული გამოთქმისა iki gözünden kör.

რიჯა უყოთ - „ვთხოვოთ“. კალკირებულია თურქული შედგენილი ზმნა rica etmek, რომელიც სიტყვასიტყვით 'თხოვნის გაკეთებას' ნიშნავს.

ხებერი არ გვაქ - „არ ვიცით“. აქ კალკირებულია თურქული გამოთქმა haberimiz yok ('ამბავი ჩვენი არ არის', ანუ ჩვენ არ ვიცით, ცნობა არ გვაქვს).

0
97
2-ს მოსწონს
ავტორი:სოფო კაპანაძე
სოფო კაპანაძე
97
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0