x
აღქმა - რა არის ცნობიერების უმაღლეს დონედ მიჩნეული?

image

ბავშვობაში, სანამ გავიზრდებით ჩვენი ფსიქიკური ცხოვრების განცდები ჩვენდა უნებურად, თავისთავად მიმდინარეობენ. მართლაც, თუ დავუფიქრდებით, დავინახავთ, როგორ გვიჭირს ბავშვობისდროინდელი ფსიქიკური განცდების გახსენება და ეს იმიტომ, რომ ჩვენი ქმედებები ბავშვობაში გაუცნობიერებლად, თავისთავად ცვლიან ერთმანეთს, ხოლო მას შემდეგ, რაც ვიზრდებით და დაკვირვებას მივმართავთ შინაგან სამყაროზე ვაცნობიერებთ, როგორც მოქმედებას, რომელსაც ვახორციელებთ, ისე იმ ფაქტსაც, რომ ამ ქმედებას ჩავდივართ. ამის შემდეგ ვიგებთ და ვიცით ჩვენი განცდებისა და შინაგანი ცხოვრების პირველადი ფაქტების არსებობის შესახებ.



ადამიანები, ცნობიერების მქონე არსებები, დიდი შესაძლებლობების მატარებელნი ვხდებით, შეგვიძლია ვიაზროვნოთ, ვიგრძნოთ, განვიცადოთ წარმოვიდგინოთ, დავაკვირდეთ, შევაფასოთ, ვისურვოთ და ამასთან ერთად, შეგვიძლია გავაცნობიეროთ ისიც, რომ სხვები აკვირდებიან, აფასებენ და რიაგირებენ ჩვენს მიერ განხორციელებულ ქცევაზე. ეს გონებრივი მოქმედებები ერთდ ქმნიან ჩვენი ცნობიერების შინაარსს.


“ცნობიერება წარმოადგენს იმის გაცნობიერებას, რომ ჩვენ აღვიქვამთ და ვრეაგირებთ ხელმისაწვდომ აღქმულ ინფორმაციაზე“. იგი გვაძლევს პიროვნულ ისტორიასა და იდენტურობის შეგრძნებას. ადამიანს ცნობიერების საშუალებით შეუძლია დაუპირისპირდეს რაიმე განცდას, რომელიც გარკვეულ სიგნალს იძლევა, გაარკვიოს თუ რას ნიშნავს მოცემული სიგნალი, როგორია პრობლემის ბუნება და რა ზომებია მისაღები ვითარების გამოსასწორებლად. მაგალითად: მოგშივდა და გინდა იყიდო რამე საჭმელი მაგრამ, ნახე რომ ფული არ გყოფნის, ნაცვლად იმისა, რომ საჭმელი მოიპარო ითმენ შიმშილს, მიდიხარ სახლში და იკმაყოფილებ შიმშილის გრძნობას.



ცნობიერების უმაღლეს დონედ მიჩნეულია თვითცნობიერება- “პიროვნულად განცდილი მოვლენების ავტობიოგრაფიულად შემეცნება“, ანუ გარკვეულობის შეტანა საკუთარ თავში, საკუთარ განცდებსა და მოქმედებებში .ადამიანმა იცის რას აკეთებს, როგორ აკეთებს და რატომ აკეთებს. მას ასევე შეუძლია თქვას რა სურს, რატომ სურს და რას აპირებს.

როგორც დავინახეთ ცნობიერებაში გამოიკვეთა სამი დონე: პირველია ბაზისურიდონე, რომელიც გვაძლევს საშუალებას გავაცნობიეროთ შინაგანი და გარეგანი სამყარო, მეორე არის უნარი ავსახოთ და გავიაზროთ ის, რასაც ვაცნობიერებთ და მესამე, უმაღლესი დონე თვითცნობიერება- გავაცნობიეროთ საკუთარი თავი, როგორც ცნობიერი, მოაზროვნე არსება.

ცნობიერებაში მიმდინარე ფსიქიკური პროცესები არაერთფეროვანია და მასში შესამჩნევია სხვადასხვა ხასიათი და ფსიქოლოგიური ბუნების მოვლენები; შემეცნებითი პროცესები ასახავენ მოვლენებსა და მათ შორის მიმართებებს. აღვიქვავთ იმას რასაც ახლა ვხედავთ, ამას კარგად ვიმახსოვრებთ, იგი შემდეგში შეგვიძლია გავიხსენოთ კიდეც და შედეგად დავინახოთ ჭეშმარიტება. ემოციური პროცესები გამოხატავენ ადამიანის დამოკიდებულებას სხვადასხვა ვითარების მიმართ. შეიძლება გაგვიხარდეს, შეგვეშინდეს, შეგვიყვარდეს, გაგვიკვირდეს. ქცევითი პროცესები-განაპირობებენ ადამიანის აქტივობას. ვიყიდოთ სახლი, წავიდეთ დასასვენებლად ან სასწავლებლად და დავგეგმოთ, როგორ მოვახერხოთ ყოველივე ეს.


ცნობიერების თვისებების შეძენა ადამიანისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ცნობიერების პროცესები აუცილებლად რაღაცაზეა მიმართული. თვითონ კი რაღაცის ცნობიერებაა. მასში, საგნისა და თავის თავის ცნობიერება ერთდროულად მთლიანობაშია მოცემული და არა ცალ-ცალკე. ცნობიერების ველი ჭრელი და მრავალფეროვანია, იგი დანაწევრებული და დიფერენცირებულია და მოვლენები მუდამ მიძრაობასა და ცვალებადობაში იმყოფებიან.


ცნობიერების ველში არსებობს ცენტრალური არე, რომელშიც შინაარსები განსაკუთრებით ნათლად და ცხადად არიან მოცემულნი. ეს არის ცნობიერების “ფოკუსი“, ანუ ყურადღება, რომელიც ხასიათდება შერჩევითობით იმის და მიხედვით ნებისმიერია თუ, უნებლიე იგი. ყურადღება ცნობიერებაში შედის, როგორც მისი ცენტრალური ნაწილი. თვითონ ყურადგება კი, როგორც მოქმედება გულისხმობს ცნობიერების შევიწროვებას, რათა მოხდეს მისი მკაფიოდ განცდა. ყურადღება ცნობიერების ყველაზე აქტიური და ნათელი წერტილია და ნებისმიერი ქცევის განხორციელების აქტიური პირობაა.


ყოველივე ზემოთ თქმულიდან გამომდინარე შეიძლება დავასკვნათ, რომ ცნობიერება ადამიანის ფსიქიკის ერთ-ერთი უმთავრესი ნაწილია, მის გარეშე ადამიანის ფსიქიკა არაფრით განსხვავდება ცხოველისაგან, ცნობიერების მეშვეობით ადამიანი იყენებს მასში არსებულ ფსიქიკურ შესაძლებლობებ, რომლებიც გვეხმარება გადარჩენაში და გვაძლევს რეალობის, პიროვნული შინაარსების შექმნის შესაძლებლობას.


13.02.18
ავტორი: მაია ჩოხელი

0
111
1-ს მოსწონს
ავტორი:მაია ჩოხელი
მაია ჩოხელი
111
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0