x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134535
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508596
ვაჟა-ფშაველასეული საოცარი შედარებები

ვაჟა-ფშაველა

ყველასთვის კარგად არის ცნობილი ვაჟა-ფშაველა და მისი ისტორია. იგი ქართული ლიტერატურის მარგალიტია თავისი ლექსებით, პოემებითა თუ მოთხრობებით. გასაოცარია მისი დამოკიდებულება და სიყვარული პოეზიის, ბუნების, სამშობლოს მიმართ. მასზე, მის ცხოვრებაზე, მის ლექსებსა თუ მოთხრობებზე უამრავი თქმულა და დაწერილა და არც მე შეგაწყენთ თავს ისედაც მრავალჯერ გაგონილი ისტორიების მოყოლით.

მე მინდა წარმოგიდგინოთ მონაკვეთები მისი ლექსებიდან თუ პოემებიდან, რომლებშიც ჩანს მისი წერის სტილი, რაც ვაჟას განსაკუთრებულობას ხაზს უსვამს. ამ სტროფებში პოეტი გარემოსა თუ პიროვნებების აღწერისათვის იყენებს ისეთ საოცარ შედარებებს, რომლებიც ყოველი წაკითხვისას აღმაფრთოვანებს და მინდა რომ თქვენც გაგიზიაროთ.

ვაჟასთვის არაგვი და მისი ხეობა ძალიან მნიშვნელოვანი და საყვარელია. ლექსში “არაგვს" ვაჟა არაგვს და მის წარმომშობ მთებს ასე ეფერება:

“დამწუხრებულმა, არაგვო, რო გნახე, გავიხარეო, სრულიად გამოვიცვალე, წელშიაც ავიხარეო... გულიც იქ იწევს, თვალიცა, იქ რო მაღალი მთებია, ვინც რომ გიჟმაჟი გაგზარდა, ვის ძუძუც პირში გდებია..."

აკაკისთვის პასუხად დაწერილ ლექსში ვაჟა-ფშაველა ქალაქელების
მიერ დაწუნებულ მთის ენას გამოექომაგება და მის მშვენიერებას ასე აღწერს: “ხატად ჰყავ, სალოცავ ხატად, მთიელთ სამშობლო თავისა. და ენა მთისა სიმტკიცით მსგავსია კლდისა სალისა;
იქნებ, აკლია, არ ვიცი, ამ ლომს სინაზე ქალისა? ამისთვის დასაგმობია და წასაღები წყალისა?!..."

პოემაში “ბახტრიონი" კახეთის საზღვარზე მომდგარი თუშ-ფშავ-ხევსურთა ჯარის
თვალწინ წამომდგარი მთების სილამაზეს ასე აღწერს:

“გულ-მკერდს ერთმანეთს აბჯენენ,
წარბშეუხრელად მდგარნია,
წვანან ხმა-ამოუღებლად,
როგორც საფლავში მკვდარნია..."

გენიალურ პოემაში “სტუმარ-მასპინძელი'' მოხუც ქისტზე:

“კაცი რომ სჩანდა სახლშია,
ჭაღარ-შერთული, ხნიერი,
წამოდგა ისიც ფეხზედა,
როგორც კლდის ვეფხვი, ძლიერი...''

და ჩემი უსაყვარლესი - “სტუმარ მასპინძელიდან''. გენიალური შედარება და
აღწერა იმ სილამაზისა რომელსაც მთის წვერზე შეფენილი ქისტის სოფელი ქვია:

“გაღმა სჩანს ქისტის სოფელი
არწივის ბუდესავითა,
საამო არის საცქერლად
დიაცის უბესავითა...''

ვაჟა ფშაველა ნამდვილად იმსახუებს, რომ იყოს ძირითად შემადგენლობაში:

“რარიგ კარგია სამშობლოვ
შენი მტკვარი და რიონი,
შოთა, ილია, აკაკი,
ვაჟა და... კალაკტიონი''
0
1331
3-ს მოსწონს
ავტორი:ლმძე
ლმძე
1331
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0