x
მეტი
  • 29.04.2024
  • სტატია:134573
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508652
რევოლუციური რუსეთის კრიზისი 1918 წლის შემოდგომაზე

image

რევოლუციური რუსეთის კრიზისი 1918 წლის შემოდგომაზე

რუსეთის რევოლუცია 1918 წლის შემოდგომის დასაწყისში უკვე განიცდიდა ლიკვიდაციას. მას შემდეგ, რაც რუსეთის ბოლშევიკებმა ცეცხლითა და მახვილით გაარღვიეს მთლიანი დემოკრატიული ფრონტი, ხელში ჩაიგდეს ძალაუფლება, რუსეთის რევოლუცია რღვევის პროცესს დაადგა. საზოგადოებას წინ გადაეშალა რუსეთის რევოლუციის შავბნელი რეაქცია. ბოლშევიკებს ყოველთვის ამოძრავებდათ პარტიული ეგოიზმი. მათ უარი თქვეს საერთო რევოლუციონური გზის გამონახვაზე და გარეკეს დემოკრატიული პრინციპით არჩეული სოციალისტური დამფუძნებელი კრება. ამის შედეგად ბოლშევიკურ მთავრობას ჩამოსცილდა რევოლუციური დემოკრატიის საღი უმრავლესობა. იგი ამ დროისთვის უკვე ეყრდნობოდა დაქირავებულ, შეუგნებელ მასებს. ბოლშევიკებს ზურგი აქციეს თვით მემარცხენე სოციალისტ-რევოლუციონერებმა, რომელნიც დააეჭვა ბოლშევიკების ურა პოლიტიკამ. ბოლშევიკების ყოფილი მოკავშირე ესერები შავ დღეში აღმოჩნდნენ. დაიწყო მათი დევნა და ტერორი. რევოლუციონერი მ. სპირიდონოვა, რომლის კანდიდატურა დამფუძნებელი კრების თავმჯდომარეობოაზე თვით ბოლშევიკებმა წამოაყენეს, კვლავ ციხეში იტანჯებოდა. შეჯახება მემარცხენე ესერებსა და ბოლშევიკებს შორის მოხდა ბრესტის ზავის და უკრაინის ნიადაგზე. ესერები ბოლშევიკებს ადანაშაულებდნენ საპატიო საყოველთაო ზავის მაგიერ სეპარატიული ზავის დადებაში და არ მოსწონდათ ის ფაქტი, რომ რუსეთის წარმომადგენლებმა ბრესტში ქედი მოიხარეს ვილჰელმის წინაშე. ესერებს ასევე არ მოსწონდათ ის ფაქტი, რომ ბოლშევიკებმა დახურეს განსხვავებული აზრის მქონე სოციალური გაზეთები და ომი გამოუცხადეს უკრაინის რადას. ამის შემდეგ სისხლის ღვრის შედეგად უკრაინაში შავმა რეაქციამ წამოჰყო თავი. გერმანული ძალის მეშვეობით ტახტს ინარჩუნებდა კონტრ რევოლუციონერი სკოროპადსკი, რაზეც ბოლშევიკები ნეიტრალიტეტს ამჯობინებდნენ და თავს იკავებდნენ გადამჭრელი ზომების მიღებისგან. ასევე აღსანიშნავია, რომ რუსეთის რევოლუციამ ხელი ააღებინა კადეტებს დარდანელის ხელში ჩაგდების ოცნებაზე და საგარეო პოლიტიკაში დამარცხებული კადეტებიც „საშინაო საქმეების მოწესრიგებას ცდილოდბნენ“. სწორედ ამ ფაქტორებმა განაპირობა ყოფილი მოკავშირეების, ესერებისა და ბოლშევიკების ურთიერთობის გამწვავება.

მემარჯვენე და მემარცხენე ესერების პოზიცია რუსეთში

გაზ „კიევსკაია მისლ“ - ში მოყვანილია ვ. კ. ვედენიაპინის წერილი, რომელიც მოთავსებული იყო სამარის მემარჯვენე ესერების გაზეთ „ზემლია ი ვოლიაში“. გაზეთი წერდა: „ სოც-რევ პარტიის მერვე საბჭომ დაადგინა, რომ პარტიის ძირითადი მიზანია ბრძოლა რუსეთის დამოუკიდებლობის აღდგენისთვის და მისი ეროვნულ-სახელწიფოებრივი მთლიანობის აღორძინება. რევოლუციის შეფერხების მიზეზი ბოლშევიკებია, ამიტომ მათი ბატონობის ლიკვიდაცია არის მორიგი საკითხი“. ამ მიზნის მისაღწევად სოციალისტ-რევოლუციონერთა ცენტრალური კომიტეტის სამხედრო სექცია ეწეოდა მეთოდურ და ყოველმხრივ კონსპირაციულ მუშაობას ბოლშევიზმის დასამხობად. სამხედრო სექციამ, პოლკოვნიკ მახინის მეთაურობით, გამოიმუშავა ორგანიზაციული მუშაობის გეგმა და ბოლშევიკურ სამხედრო დაწესებულებებში შემქნა ცენტრები, რომელთაც ჰქონდათ კავშირი სამხედრო სექციებთან. ამის შემდეგ გაზეთში აღწერილია როგორი აქტიური მონაწილეობა მიიღო სამხედრო სექციამ უფაში და ურალზე დაწყებულ ბოლშევიკების წინააღმდეგ ბრძოლაში. სექციას ასევე მიზნად დაუსახავს უფაში ძლიერი პარტიული საზოგადოების შექმნა და ამ ქალაქის ბოლშევიკებისგან განთავისუფლება.
გარდა სამხედრო მოქმედებების, ესერთა მემაცხენე ნაწილი აქტიურად ეწეოდა თანამდებობის პირების მიზანმიმართულ მკვლელობებს. ისინი ისეთ პიროვნებებს არჩევდნენ, რომლებიც დაკავშირებულნი იყვნენ ბოლშევიკურ პარტიასთან და იზიარებდნენ ბილშევიზმის იდეოლოგიას. თავდასხმის ადრესატი ბოლშევიკების სულის ჩამდგმელი და მთავარი იდეოლოგი ვლადიმერ ულიანოვ ლენინიც კი აღმოჩნდა.

ლენინის დაჭრა

პოლიტიკური ტერორი უფრო და უფრო ვრცელდებოდა. 1918 წლის აგვისტოში მირბახი მოკლეს მემარცხენე ესერებმა. ამით მათ მოიწადინეს გერმანიის საწინააღმდეგო მოძრაობის გამოწვევა და ბოლშევიკების ბატონობის დაცემა. ამის შემდეგ კი იარაღს ხელი მემარჯვენე ესერებმაც მოჰკიდეს და ბოლშევიკების მთავრობის თავმჯდომარეს მოუნდომეს მოკვლა. 1918 წლის 30 აგვისტოს საღამოს 11 საათზე, ვიღაც უცნბმა ქალმა რევოლვერით დაჭრა სახალხო კომისართა საბჭოს თავმჯდომარე ულიანოვ-ლენინი.

1 სექტემბრის ოფიციალური ცნობით საღამოს 7 საათზე პაციენტის მდგომარება ასეთი იყო: მაჯის ცემა 125, სრული სუნთქვა 34, ტემპერატურა 38. ტემპერატურის მომატების შემდეგ ავადმყოფი უფრო დუნდებოდა. საერთო მდგომარეობა არ იძლეოდა საშუალებას, რომ იგი გასინჯულიყო რენდგენის სხივებით. ექიმები იყვნენ: ვეისბრუტი, ვინოკუროვი, ბონჩ-ბრუევიჩი, ბარანოვი და ექიმი ობუხი.

3 სექტემბერს წინასწარი გამოძიებით გამოირკვა, რომ დაჭერილი ქალი, რომელმაც დაჭრა ლენინი, იყო წევრი სოც-რევ. პარტიის-ჩერნოვის ჯგუფის. ოქტომბრის გადატრიალებას ის უარყოფითად აფასებდა და მხარს უჭერდა დამფუძნებელ კრებას. ეჭვმიტანილმა თავის ჩვენებაში განაცხადა, რომ ის ცნობს სამარის მთავრობას და იწონებს ინგლისელებისა და ფრანგების მოქმედებას. დაკითხვის შემდეგ ქალს სასტიკი უარი განუცხადებია დანარჩენი თანამონაწილეთა შესახებ ცნობების გაცემაზე. ასევე დაუმალავს თუ სადიან მიიღო ფული, რომელიც მისი დაკავებისას აღმოუჩენიათ. აღსანიშნავია, რომ ბრალდებულს ჰქონდა კრიმინალური წარსული. 1907 წელს ის, როგორც ანარქისტკა, პასუხის გებაში იყო მიცემული კიევის აფეთქების საქმისთვის, რის გამოც მისჯილი ჰქონდა კატორღა და მჯდარა აკატუევის ციხეში. როგორც მისი ჩვენებიდან ჩანს იგი სწორედ კატორღაში ყოფნის დროს მიმხრობია სოც-რევოლუციონერებს. ასევე გამორკვეულა, რომ იგი არც ისე დიდი ხნის წინ იყო ჩასული ყირიმიდან და მხოლოდ ბოლო პერიოდი ცხოვრობდა მოსკოვში. მოწმეთა ჩვენებებიდან გამორკვეულა, რომ მკვლელობის მცდელობაში მონაწილეობას იღებდა მთელი ჯგუფი. როდესაც ლენინი მიდიოდა ავტომობილით იგი შეუჩერებია რამდნიმე პირს ვითომდა სალაპარაკოდ. ბრალდებულ ქალთან ერთად დაუჭერიათ რამდენიმე ეჭვმიტანილი. გამოძიებას ხელმძღვანელობდა კომისარი პეტერსი.

პრესის მიმოხილვა

გაზეთი „სახალხო საქმე“ ეხება ლენინის დაჭრას და ცდილობს შეაფასოს შექმნილი ვითარება. მათი შეხედულებით ლენინზე თავდასხმა უარყოფითი შედეგების მომტანი შეიძლება გამხდარიყო. ეს ფაქტი რუს და განსაკუთრებით მოსკოვის მუშების დიდ ნაწილში აღიქმებოდა კლასობრივი ბრძოლის გამოწვევის აუცილებელ პირობად. ამ შეხედულებას ამყარებს მუქარის დეპეშა, რომელიც მოსკოვის პროლეტალიატებს გაუვრცელებიათ. გაზეთი „სახალხო საქმე“ გმობს ესერების ამგვარ ქმედებებს. მათი განცხადებით ტერორს სახელმწიფოს დაწყნარება არ შეუძლია და ასეთი პოლიტიკით მხოლოდ სამოქალაქო ომის გამწვავებაა შესაძლებელი.
ამავე საკითხს ეხება გაზეთი „ერთობა“. ისინი ესერების ბრძოლის ასეთ საშუალებას იწონებდნენ. საუბრობდნენ სოციალისტ-რევოლუციონერთა ტერორის ისტორიაზე და ირწმუნებოდნენ, რომ ამდაგვარი ქმედებები საზოგადოების ფორმირებაში არანაირ უარყოფით ცვილებებს არ მოიტანდა. პირიქით, სჯეროდათ, რომ ტერორისტული აქტები უფრო ამაგრებდა მონარქიზმს.

ამავე საკითხის შესახებ „ბორბა“ წერდა: „ისტორიულ წინააღმდეგობათა კვანძები ტერორისტული აქტებით არ გადაიჭრება... შესაძლოა მკვდარი ლენინი უფრო საშიში გახდეს რუსეთისთვის, ვიდრე ცოცხალი ვლადიმერ ულიანოვი“. იგივე შეხედულებას იზიარებდა გაზეთი „საქართველოს რესპუბლიკა“. მათ მიაჩნდათ, რომ ამა თუ იმ პიროვნების სიკვდილით არ შეიძლება სახელწმიფოებრივი წყობილების გადატრიალება. ისინი აღიარებდნენ ბოლშევიკების წვლილს რუსეთში იმ დროს შექმნილ ანარქიაში, თუმცა თვლიდნენ, რომ ლენინის მოკვლით, ტერორის მეოხებით სიტოაცია არ შეიცვლებოდა.

შექმნილი ვითარების შეფასებას ცდილობდა მოსკოვიდან ახლადაბრუნებული საქართველოს ელჩი გაბ. ხუნდაძე. მისი თქმით ტერორის ეს ტალღა გამოწვეული იყო ბოლშევიკური მთავრობის პოლიტიკით. მათი კონსტიტუციისადმი უპატივცემულობით და საარჩევნო უფლების დარღვევით. როგორც ვიცით, სწორედ იმ დღეებში საბჭოთა მთავრობას დაუმტკიცებია ისეთი კანონი, რომლის თანახმადაც ხმის მიცემის უფლება იმას ეძლეოდა, ვინც ბოლშევიკურ სახელმწიფო სამსახურში ირიცხებოდა. ამ კანონის ძალით საზოგადოების დიდი ნაწილი უუფლებოდ რჩებოდა. ყველა მნიშვნელოვან საკითხს კი მთავრობა ერპიროვნულად წყვეტდა არ უთანხმებდა არც მუშათა და არც ჯარისკაცთა საბჭოებს. ამ ყველაფერს თან ერთვოდა მექრთამეობა, რაც იმ დროინდელ რუსეთს უფრო უსამართლოს ხდიდა. ხუნდაძის განცხადებით ამგვარ პირობებში ტერორისტული აქტი და ლენინის დაჭრა არ იყო გასაკვირი, პირიქით, რამე კარგი, რომ მომხდარიყო ის უფრო გასაკვირი იქნებოდა.
როგორი აზრისაც არ უნდა ვიყოთ ინდივიდუალური ტერორის უარყოფითი მნიშვნელობის შესახებ, უნდა აღინიშნოს რუსეთის მაშინდელ პირობებში მისი გახშირება ბოლშევიკური მთავრობის მიერ იყო გამოწვეული. ბოლშევიზმი ბრძანებლობდა, შლიდა, არღვევდა, ჰკლავდა, სდევნიდა, ებრძოდა ქვეყნის წარმომადგანლობის-დამფუძნებელ კრებას არა იმიტომ, რომ ხალხის უმეტესობა მის მხარეზე იყო, არამედ იმიტომ რომ მის ხელში აღმოჩნდა მატერიალური, შეიარაღებული ძალა, იარაღი, რომლის მეოხებითაც ის ცდილობდა მავნე უტოპიური მიზნები განეხორციელებინა და მონობაში დაეტოვებინა მთელი რუსეთი. მაგრამ, როგორც მოგეხსენებათ, იარაღით შეიძლება აიღო ქვეყანა, ხოლო მხოლოდ იარაღითვე რომ შეინარჩუნო შეუძლებელია.


გამოყენებული ლიტერატურა:

გაზეთი „შრომა“ 1918წ.

გაზეთი „საქართველოს რესპუბლიკა“ (მთავრობის მოამბე). 1918წ.


გიგი გივიშვილი, თსუ-ს მეოთხე კურსის სტუდენტი

0
41
1-ს მოსწონს
ავტორი:გიგი გივიშვილი
გიგი გივიშვილი
41
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0