x
მეტი
  • 22.07.2018
  • სტატია:78784
  • ვიდეო:331516
  • სურათი:435498
სამოქალაქო ომის დროს მომხდარი რეალური ისტორია, რამაც სოფელი "ეგზეკუციას" გადაარჩინა


image გამსახურდიას ხელისუფლების სამხედრო გადატრიალების გზით ჩამოგდების მერე სამწუხაროდ საქართველოში სამოქალაქო ომი დაიწყო.
გამსახურდიას ერთგულმა სამხედრო დანაყოფების მცირე ჯგუფებმა, რომლებმაც თბილისიდან გაღწევა მოახერხეს, ზუგდიდში მოიყარეს თავი. სამხედრო საბჭომ, რომელიც გამსახურდიას ჩამოგდების მერე დაიწყო ქვეყნის გარკვეული ტერიტორიების კონტროლი, სამეგრელოსაკენ დამსჯელი დანაყოფები გამოგზავნა. მხედრიონი და კიტოვანს დაქვემდებარებული გვარდიის ნაწილები, ცაიშთან ჯუმის ხიდთან მომხდარი მცირე შეტაკების მერე ზუგდიდში შევიდა, ქალაქის სკოლა ინტერნატში დაბანაკდა, ნაწილიც ქალაქის მოლიციის სამმართველოში.
მოლიცია ისედაც განიარაღებული იყო და ქალაქში ისედაც კრიმინოგენულ სიტუაციას ახალი, ბევრად უარესი სიტუაცია დაემატა–კიტოვანის გვარდიას და მხედრიონს მიტმასნილი მოროდიორები მოსახლეობის აწიოკებას შეუდგნენ და ადგილობრივი ხელისშემწყობების დახმარებით, დაუყაჩაღებელი არ დატოვეს ოჯახი, სადაც კი რამე მოიპოვებოდა.
ისეთი ქუჩებიც იყო, სადაც ერთი მანქანაც კი არ დაუტოვებიათ, ისე გაიყვანეს თბილისის მიმართულებით, ნაწილი კი რეგიონში გადასაადგილებლად გამოიყენეს.
განსაკუთრებული სისასტიკით დუშეთის და ტყიბულის ბატალიონები გამოირჩეოდნენ, ერთერთ "დოყლაპია" გვარდიელს ვიღაც ახალგაზრდამ ავტომატი გასტაცა ხელიდან და ისე გაიქცა მისი გზაკვალი არავის გაუგია.
ამის საპასუხოდ ტყიბულის ბატალიონის ოფიცერმა ვინმე გიორგაძემ ქალაქის ცენტრში კინოთეატრის წინ დედასთან ერთად მიმავალი უნიჭიერესი ახალგაზრდა, არქიტექტორი გოჩა ჯიქია დედის თხოვნა, მუდარის მიუხედავად ადგილზევე დახვრიტა.
რაღა ბევრი გავაგრძელო სამეგრელოში, მეორე შემოსვლის მერე გვარდიის და მხედრიონის ნაწილებმა გზა აფხაზეთისაკენ გააგრძელეს, რკინიგზის მაგისტრალის დასაცავად, რადგან ფსოუდან ცხენისწყლამდე იძულების წესით აჩერებდნენ ნებისმიერ სატვირთო მატარებელს ბანდფორმირებები და აყაჩაღებდნენ, რის გამოც ტვირთის მფლობელებმა პროტესტი სამხედრო საბჭოს განუცხადეს.
აფხაზეთში შესულ პოლიციის ნაწილებს აფხაზმა სეპარატისტებმა ცეცხლი გაუხსნეს, დაიღვარა პირველი სისხლი, დაიღუპა რამდენიმე მებრძოლი.
სოხუმში ქართული შენაერთების შესვლას სისხლისმღვრელი ბრძოლები მოჰყვა, არტილერიისა და ავიაციის დახმარებით. აფხაზების მხარეს ომში ჩაერთო კავკასიის მთიელ ხალხთა კონფედერაცია, დონის, ყუბანის, კრასნოდარისა და სტავროპოლის მხარის კაზაკები.
რუსი სამხედრო ინსტრუქტორები და რუსული ავიაციაც.
ბევრი, რომ არ გავაგრძელო შევარდნაძის მიერ ხელმოწერილ დადგენილებას ომის შეწყვეტაზე და ქართული მძიმე ტექნიკის გაყვანას რუსული ბარჟებით საშინელი შედეგი მოჰყვა და უიარაღოდ დარჩენილი სოხუმი დაეცა. მე აქ იმის გარჩევას არ დავიწყებ გამსახურდიას ოჩამჩირეს შტაბში ჩასვლამ რა როლი ითამაშა, მაგრამ ვიტყვი იმას, რომ აფხაზეთიდან სამეგრელოში გადმოსული ქართული დანაყოფები ან განაიარაღეს ან თავად გადავიდნენ გამსახურდიას მხარეს.
დაიწყო სამოქალაქო ომის მომდევნო ეტაპი ქართველებს შორის, რომელთან შედარებით პირველი ეტაპი "თამაში" იყო. გამსახურდიას მომხრე გვარდიელებს ბლომად ჰყავდათ უკვე ნაალაფარი მძიმე ტექნიკა და მიყოლებით აიღეს, ხობი, ფოთი, ლანჩხუთი, სამტრედია და ხონი.
შევარდნაძემ იგრძნო მარცხის გარდაუვალობა, და "დამოუკიდებელი ქვეყნების თანამეგობრობაში" შესვლის სანაცვლოს რუსეთის შავი ზღვის ფლოტის სამხედრო დანაყოფების დახმარება ითხოვა, რამაც გადაწონა კიდეც ბრძოლის სასწორი სამთავრობო ძალების სასარგებლოდ, გამსახურდიას მომხრეებმა მართალია რამდენიმე მძიმე ტექნიკა აუფეთქეს ბალტინის მედესანტეებს, მაგრამ კარგმა მომზადებამ, კარგმა შეიარაღებამ და რაც მთავარია რუსული ავიაციის ავიადარტყმებმა გამსახურდიას მომხრეები აიძულა უკან დაეხიათ ან მთებისათვის შეეფარებინათ თავი.
ვინაიდან მამა აფხაზეთში იბრძოდა და მის შესახებ არაფერი ვიცოდით, ბაბუამ მოგვკიდა ხელი და სოფლის სახლში წაგვიყვანა მთელი ოჯახი.
ზუგდიდში სამთავრობო ძალების შემოსვლას ისევ განუკითხაობა და თარეში მოჰყვა, შევარდნაძის პირადი დაცვის მიერ ერთერთ ოჯახში დაკავებულ, ხელფეხშეკრულ კრიმინალებს შსს–ს მინისტრმა კვირაიამ, რომელიც მთვრალ მდგომარეობაში იმყოფებოდა ავტომატის ჯერი გადაატარა შევარდნაძის თვალწინ.
ზვიადის მომხრე დანაყოფებმა სამხედრო ტექნიკის დამალვას მიჰყო ხელი, რასაც ძალზე არასასიამოვნო შედეგები მოჰყვა, გია გულუას დაქვემდებარებულმა რაზმბმა, სადაც კი იპოვეს მძიმე ტექნიკა იმ სოფელში რამდენიმე კაცი ადგილზევე მიახვრიტეს, საუბარია გვარდიელებზე.
შუა ღამისას ჩვენს უბანშიც გაისმა გრუხუნის ხმა და მალევე შეწყდა. დილით ჩვეულებისამებრ ადრე ამდგარმა ბაბუამ დაიძახა: ჩვენს კარებთან 2 ქვეითთა საბრძოლო მანქანა დგას და ეს, რომ სამთავრობო ძალებმა დაინახონ ან სოფელს გადაწვავენ ან ვინმე უდანაშაულო კაცს შეიწირავენო.
დაუძახა იქვე ახლოს მცხოვრებ უფროს შვილს, ასევე ძმისშვილს რომელიც ბაბუას ოჯახივით აფხაზეთიდან, კერძოდ კი სოხუმიდან იყო დევნილი.
ბაბუამ სამხედრო ფრომა ჩაიცვა, რომლითაც აფხაზეთში იბრძოდა, სოხუმიდან გამოტანილი სანახევროდ დაცხრილული ეროვნული დროშა აღმართა პირველ საბრძოლო მანქანაზე და თვითონ ზედ შეჯდა ქვეითთა საბრძოლო მანქანაზე, საჭესთან შვილი დასვა, მეორე საბრძოლო მანქანის საჭეს კი ძმისშვილი მიუსვა. დაქოქეს ორივე საბრძოლო მანქანა და ქალაქისკენ გაემართნენ. ეროვნულ დროშიანი საბრძოლო ტექნიკისათვის არავის მიუქცევია ყურადღება საბედნიეროდ, თუმცა იყო საშიშროება ან ზვიადის მომხრეებს ესროლათ ყუმბარმტყორცნიდან ან სამთავრობო ძალების მებრძოლებს.
ორივე ქვეითთა საბრძოლო მანქანა ბაბუამ გაერთიანებული სამხედრო კომისარიატის შენობაში განთავსებულ კომენდატურას მიაყენა. ტექნიკისათვის ძრავები ჩააქრობინა და კომენდატთან შეხვედრა მოითხოვა.
ასაკოვანი, ახოვანი, სამხედრო ფორმაში გამოწყობილი მამაკაცის დანახვაზე დაცვამ გზა უტია და ბაბუაც კომენდატთან დაუბრკოლებლად შევიდა.
კომენდატმა დაჯდომა შესთავაზა, ბაბუამ უთხრა: მე სოხუმელი კაცი ვარ, ყოფილი შორეული ნაოსნობის კაპიტანი, ჩემი ერთი შვილი სოხუმში მომიკლეს მგონი და მეორე შვილის და ძმისშვილის სიცოცხლეს შენს კაცობას ვანდობ, მე დიდად ისედაც არ მიღირს სიცოცხლეო! კომენდანტი ვერ გაერკვა სიტუაციაში და როცა ბაბუამ აუხსნა, წამოდგა ბაბუას გადაეხვია და მარტო გარეგნულად არ ყოფილხარ კაცი, გულითაც კაცი ყოფილხარო.
გარეთ გამოყვა და ორივე საბრძოლო მანქანა ჩაიბარა, ბაბუას თხოვნით ეროვნული დროშა მოხსნეს საბრძოლო მანქანას და ბაბუას დაუბრუნეს, კომენდანტმა საშვიც გამოუწერა, კომენდანტის საათის დროსაც ამ საშვის წარმომდგენს უპრობლემოდ გაგატარებენო.
შემოდგომა იყო და მანდარინს ვკრეფდით ეზოში, როცა ორმა ქვეითთა საბრძოლო მანქანამ, ასევე ორმა "იკარუსის" მარკის სამხედროებით სავსე ავტობუსმა გამოიარა ნარაზენის მიმართულებით.
გულუა გამწარებით ეძებდა დევნილ გამსახურდიას, ბაბუას მეზობელმა უთხრა აბიკო გულუას შვილი გია გულუა ვიცანი მძღოლის გვერდით იჯდა ავტობუსშიო.
ბაბუამ მეზობლის "დაფეხვილი" 06 გამოიყვანა და ქალაქისკენ გაემართა, აბიკოს ვნახავ სადმე და იქნებ მან შეაჩეროს გია, თორემ ეს ბიჭი ნარაზენში სისხლს დაღვრისო.
აბიკო და ბაბუა დიდი ხნის მეგობრები იყვნენ, მესაათე აბიკოს მთელი ზუგდიდი წესიერ და პატიოსან კაცად იცნობდა, ბაბუამ მისსავე სახლში იპოვა აბიკო, ჩაისვა მანქანაში და გზაში აუხსნა ყველაფერი. სამწუხაროდ ვერ მიუსწრეს, გიას ეტყობა ვიღაცამ უთხრა სოფლის ცენტრში მდგომ ხალხში ეს ორი კაცი თოდუა და ბერიშვილი ლოთის გვარდიელები იყვნენო და დაჭერა დაუპირა, თოდუა ახალგაზრდა ბიჭი იყო, ხალხში გაერია სკოლის უკანა ღობეზე გადახტა და ჩაის პლანტაციებში შეასწრო მდევარს და გადარჩა.
მეორეს, ასევე ახალგაზრდა კაცს, 3 შვილის მამას ასე არ გაუმართლა, მართალია სკოლის ეზოში გადახტა, მაგრამ ავტომატებიდან გახსნილი ტყვიების "წვიმა" დაატყდა ზურგზე და ადგილზევე მოკლა.
სწორედ ამ დროს მივიდნენ ბაბუა და აბიკო ნარაზენის ცენტრში.
აბიკომ ჯერ მიცვალებულს გადახედა, მერე გიას შეხედა და კბილებიდან "გამოსცრა": დაივიწყე ზუგდიდში შენი მშობლების სახლი, ჩათვალე დღეიდან ობოლი ხარო.
მართლაც, მე როგორც ვიცი სანამ ზუგდიდში იყო გია მამისეულ სახლში არ მისულა.
ასე გადაარჩინა სულმნათმა ბაბუამ უბანი გადაწვას ან მინიმუმ რამდენიმე კაცი დახვრეტას ვინც ზვიადის მომხრეებად იყვნენ ცნობილი.
პ.ს
ის დროშა ახლაც ჰკიდია ჩემს საძილე ოთახში, რადგან ბაბუამ დამიბარა: ერთ დღეს ქართველები დაბრუნდებიან აფხაზეთში და ეს დროშა ჩემს სახლზე უნდა აღიმართოსო.
ერთ თვეში კი ბაბუას დეიდაშვილმა აფხაზმა შემოუთვალა ბაბუას, გიორგი ჩემთანაა, თვითონაც დაჭრილი იყო, მაგრამ დაჭრილი ძმაკაცი ვერ მიატოვა და ორივე ჩემთანააო.
თვენახევარში ნათესავმა აფხაზებმა ენგურის ხიდამდე მოაცილეს მამა და მისი განუყრელი მეგობარი გურამ კვიტატიანი.


0
310
9-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
310
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0