x
image
ბერდია
სახელმწიფო არისტოტელეს “პოლიტიკაში”
სახელმწიფო ეს არის კავშირი, რომელიც შექმნილია მასში გაერთიანებული ადამიანების საკეთილდღეოდ. ხელისუფლება უნდა აძლევდეს ადამიანებს იმის საშუალებას, რომ იცხოვრონ ისე როგორც სურთ. ნორმალური, დადებითი ხელისუფლება უნდა ემსახურებოდეს საზოგადოების ინტერესებს და არა მხოლოდ გაბატონებულ, ხელმძღვანელ პირებს. არისტოტელე იმთავითვე ეწინააღმდეგებოდა ტოტალიტარულ ან ავტორიტარულ რეჟიმს. "ის სახელმწიფოები, რომლებიც მხოლოდ ხელმძღვანელი პირების სარგებლობას ემსახურებიან, წარმოადგენენ არასწორ სახელმწიფოებრივ ფორმებს... ისინი დესპოტური სახელმწიფოები არიან." ხელისუფლებას, რომელსაც ბოროტება და ზიანი მოაქვს ხალხისთვის, სადაც ადამიანს არ შეუძლია იცხოვროს ისე როგორც სურს, ე.ი. იცხოვროს თავისუფლად, სადაც ადამიანები ყოველდღიური ლუკმა-პურისათვის ზრუნვით არიან დაკავებული და აღარ რჩებათ დრო აზროვნების, პოლიტიკური ცხოვრებისა და დასვენებისათვის უვარგისად მიაჩნდა. ბერძენი ფილოსოფოსი ამით ხაზს უსვამდა, არამარტო მოქალაქეების ფიზიკურ ცხოვრებას სახელმწიფოში, არამედ მათ ჩართულობას შიდა პოლიტიკურ სივრცეში, ვინაიდან მიიჩნევდა, რომ ადამიანი არის პოლიტიკური არსება. სახელმწიფოს ძირითად ნიშნად მიაჩნდა დამოუკიდებლობა, რადგან სწორედ ასეთ ქვეყანაშია შესაძლებელი, ბედნიერი, სრულყოფილი და თავისუფალი ცხოვრებისკენ სწრაფვა.

არისტოტელეს გაცნობერებული ჰქონდა ქვეყნის წყობის სხვადასხვა ფორმები. მან ნაადრევად სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა კომუნიზმს. საერთო საკუთრების არსებობისას ადამიანები ნაკლებად ზრუნავენ (ან არ ზრუნავენ) ქონების არსებობაზე. საერთო საკუთრების დროს ადამიანების ნაწილი ცოტას შრომობს და მეტს იღებს, ნაწილი კი მეტი შრომით ნაკლებს. კერძო საკუთრების არსებობისას მეტია დაინტერესება, ამიტომ ადამიანი მეტს შრომობს და მეტ მოგებას იღებს. ადამიანებს ურთიერთდახმარება შეუძლიათ მხოლოდ კერძო საკუთრების არსებობისას, არაფრის მქონენი სხვას ვერ დაეხმარებიან. არისტოტელე, ალბათ აცნობიერებდა, რომ საერთო საკუთრების არსებობა (ე.წ. კოლმეურნეობები) შეიძლება შექმნილიყო იძულებით, მაგრამ ხაზს უსვამდა, რომ კერძო საკუთრების შემთხვევაში მოგება უფრო პროგრესირებადია. რაც შეეხება სხვა წყობის ფორმებს, როგორიც არის ტირანია (დიქტატურა) მონარქიის, ოლიგარქია (მცირერიცხოვანი მდიდრების მართველობა) კი არისტოკრატიის (რჩეულ ადამიანთა მართველობა) დამახინჯებულ ფორმად მიაჩნდა. არისტოტელე ფიქრობადა, რომ დიქტატურა მხოლოდ ხელისუფლების ინტერესებს ემსახურება, ოლიგარქია - მდიდრების ინტერესებს, დემოკრატია - ღარიბებს. მსგავსი სახელმწიფოებრივი ფორმები უარყოფითად მიაჩნდა, რადგან ისინი ზრუნავენ საზოგადოების ნაწილზე და არა მთელ საზოგადოებაზე. მაშასადამე, სამართლიანი და წესიერი სახელმწიფო ერთიანად ზრუნავს საზოგადოების ყველა წევრზე. სახელმწიფოს ხელმძღვანელი არ უნდა იყოს დიქტატორი, რადგან იგი მართავს სახელმწიფოს არა კანონებით, არამედ საკუთარი ნება-სურვილით. ჭეშმარიტი ხემძღვანელი მაღალი ზნეობით უნდა გამოირჩეოდეს, სათავეში ხალხის ნებით უნდა მოვიდეს და ზრუნავდეს არა საკუთარ, არამედ საზოგადოების სარგებლობაზე, არ უნდა სდევნიდეს საზოგადოების მოწინავე ნაწილს და რაც მთავარია, მოვლენების განვითარების წინასწარ განჭვრეტა უნდა შეეძლოს. არისტოტელე განსაკუთრებით ეწინააღმდეგებოდა ხელმძღვანელ თანამდებობაზე ერთი ადამიანის განმეორებით არჩევას, უკიდურეს შემთხვევაში დასაშვებად მიაჩნდა დიდი პერიოდის გამოტოვებით. არისტოტელე მნიშვნელოვანად მიიჩნევს სამოქალაქო სექტორს, მოქალაქეობისათვის აქტიური ცხოვრების რეჟიმს. მთავარია მონაწილეობდეს ხელმძღვანელობის არჩევნებში, სასამართლო საქმეების წარმოებაში ანუ მონაწილეობდეს სახელმწიფოს პოლიტიკურ ცხოვრებაში. ემხრობოდა „პროფესიონალიზმს“, რადგან ადამიანს შეუძლია თავისი მოვალეობის შესრულება და მიზნის განხორციელება, თუ ის ემსახურება ერთ საქმეს. მისი აზრით, ადამიანი ყოველთვის მიისწრაფის გაერთიანებისაკენ. მხოლოდ ღმერთები და მხეცები შეიძლება ცხოვრობდნენ საზოგადოებრივი ცხოვრების გარეშე, ამიტომ მოითხოვდა, რომ სახელმწიფოს მართვაში მოსახლეობის დიდი ნაწილი ჩაბმულიყო. "ყველანი ერთად ან უკეთესნი არიან მცოდნეზე, ან უარესნი არ არიან". საინტერესოა, არისტოტელეს აზრი, რომ ხალხის უმრავლესობა ყოველთვის უკეთ განსჯის და უკეთ სწყვეტს საკითხებს, ვიდრე ერთი ადამიანი, მაშინ როცა სოკრატე ხალხის უმრავლესობამ სიკვდილით დასაჯა. მიუხედავ ამისა ფიქრობდა, რომ სახელმწიფოს უკეთ მართვა უმრავლესობას შეუძლია, ამიტომ დემოკრატიას მონარქიაზე მაღლა აყენებდა, რადგან მონარქიაში სახელმწიფოს ერთი მართველი ჰყავს. არისტოკრატიაც მონარქიაზე უკეთეს ფორმად მიაჩნდა, რადგან სახლემწიფოს სათავეში რჩეული პირები არიან.

არისტოტელეს მიერ წარმოდგენილ სახელმწიფოში ბასტიონ ძალას კანონები წარმოადგენს. წესიერ სახელმწიფოში კანონებს უნდა ჰქონდეს უპირატესობა სახელმწიფოს ხელმძღვანელობასთან შედარებით. ადამიანი განიცდის სხვადასხვა პირობების ზემოქმედებას, რის გამოც ხშირად ტენდენციურად მოქმედებს. კანონები კი, რომლებსაც არ გააჩნიათ განცდები და ემოციები ყოველთვის ობიექტურნი არიან. "უმჯობესია, რომ ბატონობდეს კანონი და არა რომელიმე ერთი მოქალაქე", უმაღლესი ხელისუფლება სახელმწიფოში სხვას არავის უნდა ეკუთვნოდეს სწორად შედგენილი კანონების გარდა. არისტოტელე წინააღმდეგი იყო კანონების უცვლელობისა და უძრაობის, რათა შეცვლილიყო უკეთესი კანონებით, რომელებიც უფრო სასარგებლო და მომგებიანი იქნებოდნენ საზოგადოებისა და სახელმწიფოსთვის.

არისტოტელე არ ეწინააღმდგებოდა გამდიდრებას, მისთვის მიუღებელი იყო მხოლოდ უკანონო გზით ფულის დაგროვება. დანაშაულად მიაჩნდა მევახშეობა, მათ ღირსების დამამდაბლებელ საქმიანობებად აღიქვამდა. დიდი რაოდენობით ქონება არაა საჭირო ადამიანის ბედნიერებისათვის, რადგან ადამიანი ვერ შესძლებს მის მოხმარებას.


თითქმის ერთადერთი საკითხი, რაც ყველაზე საპოლემიკო თემაა არისტოტელეს “პოლიტიკაში” მონობის ცნებაა. მისი აზრით, ზოგს თანდაყოლილი აქვს ხელმძღვანელის, ზოგს ქვეშემრდომის თვისება, ამიტომ სავსებით ბუნებრივად მიაჩნდა, რომ ზოგი ბატონობდეს, ზოგი კი მორჩილებოდეს. კატეგორიულად წინააღმდეგი იყო იმათი მორჩილებისა, ვინც არ იყო მორჩილების ღირსი და პირიქით, იმათი ხელმძღვანელობისა, ვისაც არავითარი თვისებები არ გააჩნდა სახელმძღვანელოდ. წინააღმდეგი იყო ყოველგვარი ძალადობისა და უსამართლობად მიაჩნდა თუნდაც ღარიბების მიერ მდიდრებისათვის ქონების ძალით წართმევა. ბატონობა არ ნიშნავს მონების შეძენას, არამედ მათ გამოყენებას, ყოველივე აქედან გამომდინარე შეიძლება ითქვას, რომ არისტოტელეს მონობის საკითხის გადაწყვეტისას მხედველობაში ჰქონდა შრომის განაწილების აუცილებლობა, რაც მასთან გაიგივებული იყო მონობასთან.

სახელმწიფოს გაჯანსაღებისა და ადამიანთა კეთილდღეობის მიღწევის ყველაზე უტყუარ საშუალებად მიაჩნდა განათლება და აღზრდა. ამით არისტოტელე უსწრებდა ყველა ეპოქის განმანათლებელს. "კარგი ცხოვრებისათვის მართებული იქნება აღზრდა უფრო მეტად ზნეობრიობის არსებობა." არისტოტელეს შეხედულებები ამ დრომდე არ კარგავს აქტუალობას და საოცარია, რომ ჯერ კიდევ ჩვენს წელთაღრიცხვამდე მის მიერ გაცნობიერებული და შესწავლილი სახელმწიფოს იდეა, დღესაც არ არის ბოლომდე განხორციელებული.


გამოყენებული ლიტერატურა: არისტოტელეს „პოლიტიკა“

0
2015
2-ს მოსწონს
ავტორი:ბერდია
ბერდია
2015
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0