x
დისბაქტერიოზი - არარსებული დაავადება
image ფრიად ეგზოტიკური დაავადება, ეპიდემია, რომელმაც ბოლო წლებში სრულიად მოიცვა პოსტსაბჭოთა სივრცე (СНГ), სარეკლამო პროპაგანდა კარგად მუშაობს – ჭკვიანმა დედიკოებმა და მამიკოებმა იციან, რომ ანტიბიოტიკები მიკროფლორას არღვევენ და საჭიროა მისი პრობიოტიკებით გაუმჯობესება/აღდგენა. დიაგნოზი დისბაქტერიოზი საერთოდ არ არსებობს (არც International Classification of Diseases-10 -ში (ICD), არც ბუნებაში), ნუ მოუსმენთ განსაკუთრებით ჭკვიან პედიატრებს, გასტროენტეროლოგებს, თერაპევტებს და ჰომეოპათებს რაღათქმაუნდა. ანტიბიოტიკები მართლაც კლავენ ბაქტერიებს თავის გზაზე, არამხოლოდ მავნეს, თუმცა ეს არანაირ კავშირში არაა ნაწლავის მიკროფლორის დარღვევასთან, იმ ბაქტერიათა გიგანტური კოლონიები („სასარგებლო“), რომლებიც ნორმაში კუჭ–ნაწლავთა სისტემაში ცხოვრობენ, თავისით სრულად აღდგებიან ყოველგვარი პრობიოტიკების გარეშე. უნდა აღინიშნოს, რომ მართლაც არსებობს რამოდენიმე მდგომარეობა, რომლებიც ნამდვილად დაკავშირებულია ანტიბიოტიკებთან და ექცევა ფსევდო დიაგნოზ „დისბაქტერიოზის“ აღწერილობის ჩარჩოებში. სხვა დანარჩენი (შემთხვევათა 95%), „ფლორისა და ფაუნის“ ნებისმიერი „დისბალანსი“ ნორმალიზდება თავისით და სწრაფად, ხოლო ჩვენს თანამემამულეთა მიერ დასმული თანმხლები დიაგნოზები(მუწუკები სახეზე – დისბაქტერიოზი, საშვილოსნოს ყელის ეროზია – დისბაქტერიოზი), ბანალური სიცრუეა. პირველ რიგში აუცილებელია დავიმახსოვროთ – ნაწლავის მიკროფლორა ცხოვრობს მსხვილ ნაწლავში, წვრილი ნაწლავი პრაქტიკულად სტერილურია. ჩვენი გმირები სახელებით : · ანაერობები : Bacteroides, Bifidobacterium, Eubacterium, Clostridium, Peptococcus, Peptostreptococcus, Ruminococcus · აერობები: Escherichia, Enterobacter, Enterococcus, Klebsiella, Lactobacillus, Proteus, Salmonella კუჭ–ნაწლავში ნებისმიერი ბაქტერია–დამპყრობლის შემოჭრისას როგორც წესი დიარეას ვერ ავცდებით, 5–7 დღის განმავლობაში ეს მომენტი აუცილებლად დადგება. არ წარმოადგენს არანაირ საშიშროებას, არ საჭიროებს არანაირი პრეპარატის მიღებას. ანტიბიოტიკ ასოცირებული დიარეა (ფაღარათი) – გამოიხატება, როგორც ხშირი დეფეკაცია ბაქტერიული ინფექციების სამკურნალო მედიკამენტების მიღების შემდეგ. ყველაზე ხშირად, ფაღარათი მსუბუქია და ანტიბიოტიკის შეწყვეტის შემდეგ მალე გაივლის. ზოგიერთ შემთხვევაში, ფაღარათი იწვევს კოლიტს (ნაწლავის ანთებას) ან კოლიტის უფრო მძიმე ფორმას ფსევდომემბრანულ კოლიტს. ორივე ამ მდგომარეობამ შეიძლება გამოიწვიოს მუცლის ტკივილი, სიცხე და სისხლიანი განავალი. ანტიბიოტიკებთან ასოცირებული მსუბუქი ფაღარათი არ საჭიროებს მკურნალობას, ხოლო უფრო მძიმე შემთხვევებში რეკომენდებულია ანტიბიოტიკის მიღების შეწყვეტა ან მისი ჩანაცვლება. ანტიბიოტიკთან ასოცირებული ფაღარათი გამოწვეულია „კარგი“ და „ცუდი“ ნაქტერიების ბალანსის დარღვევით საჭმლის მომნელებელ სისტემაში. პრაქტიკულად ნებისმიერ ანტიბიოტიკს შეუძლია გამოიწვიოს აღნიშნული დაავადება ნორმალური კოლონიკური ფლორის დარღვევის გამო. (რა დროსაც ხდება Clostridium difficile- ს ჭარბი ზრდა) Clostridium difficile იწვევს ყველაზე საშიშ ანტიბიოტიკებთან ასოცირებულ ფაღარათს, მძიმე ფაღარათისა და ფსევდომემბრანული კოლიტის გამომწვევი Clostridium difficile–ა. მარტივი მაგალითისათვის ჩვენს ნაწლავებში დაახლოებით ნახევარი სათლი, 4–5 კგ მიკრობი ცხოვრობს, ამასთან შედარებით არაფერია ერთი წვეთი ბაქტერიული მასა პრობიოტიკის კაფსულაში, ხოლო ბაქტერიები მრავლდებიან ისეთი სისწრაფით, რომ ანტიბიოტიკების ხანგრძლივი კურსიც კი ვერ ასწრებს ძლიერ დააქვეითოს მშობლიური ბაქტერიების რაოდენობა. პრობიოტიკები როგორც რუსეთში, ასევე საქართველოში ტოპ ადგილებს იკავებენ გაყიდვებში, რაც ღრმად პატივცემული И. И. Мечников, დამსახურებაა, რომელმაც გარდა ნობელის პრემიის მიღებისა (დადასტურებული ფაგოციტოზი იმუნიტეტში), ბევრიც იფანტაზიორა ნაწლავის ფლორის შესახებ, თუმცა ვინაიდან ნობელის პრემია ბევრად სერიოზული საკითხის გამო დაიმსახურა, ფიზიოლოგ ილია ილიჩს თამამად შეიძლება ეპატიოს მისი არაკლინიკური რწმენა ცოცხალ ბაქტერიებთან დაკავშირებით, რასაც ვერ ვიტყვით თანამედროვე კოლეგებზე, რომლებიც მუხლჩაუხრელად აგრძელებენ ძველ ტრადიციებს და ყველა პრობლემას პრობიოტიკებით მკურნალობენ. ფაქტები : · ბაქტერიებს პრობიოტიკებიდან მართლაც შეუძლიათ ნაწლავის კოლონიზირება, მაგრამ არა უმეტეს 2–3 კვირისა. ეს რამდენადმე აუმჯობესებს ზოგიერთი ანტიბიოტიკის მიმართ სუბიექტურ ამტანობას, რომლებზეც ორგანიზმი რეაგირებს დიარეით. სხვა ყველაფერი დაუდასტურებელი არაკომპეტენტური აზრებია იმუნიტეტის სტიმულაციის, საკუთარი მიკროფლორის ჩანაცვლების, ნაწლავის კიბოს პრევენციის და ა.შ. შესახებ. · ყველა პრეპარატ – პრობიოტიკი წარმოადგენს ბად–ს და შემთხვევათა 99%ში მათ დანიშვნას აზრი არ აქვს. ცოცხალი იოგურტები და ბაქტერიები ვერასდროს და ვერაფრით ვერ გახდებიან თქვენი მშობლიური მიკროფლორის ნაწილი, იგი (მიკროფლორა) საათებში/დღეებში გაიმარჯვებს უცხო ბაქტერიებზე. · პრობიოტიკები რამდენადმე აუმჯობესებენ დიარეის მიმდინარეობას, რომელიც მათ გარეშეც მალე გაივლის. · არ არსებობს სარწმუნო მტკიცებულება პრობიოტიკების მიერ იმუნიტეტის გაძლიერების შესახებ. · იოგურტის ბაქტერიები გამოყოფენ რძემჟავა პროდუქტებში ფერმენტს, (ბეტა გალაქტოზიდაზა) რომლებიც შლიან რძის შაქარს/ლაქტოზას და აქვთ ძალიან დიდი მნიშნველობა ადამიანებისთვის, რომლებსაც ასაკთან ერთად უჭირთ ლაქტოზას გადატანა. იოგურტის შეგიძლიათ დაამზადოთ თქვენ თვითონ, რეცეპტი შეგიძლიათ იხილოთ აქ, მიღებული ცივილიზაცია ცოცხალი დარჩება მაცივრის პირობებში, დაახლოებით ერთი კვირის მანძილზე, იმ შემთხვევაში თუ რძის ჩასხმისას აზრად არ მოგივიდათ “გამოლოკილი” კოვზით მორევა. კლინიკაში/პოლიკლინიკაში მისვლისთანავე სასწრაფოდ დაგინიშნავენ უამრავ ძვირადღირებულ პრეპარატებს – პრე/პრო/ეუბოტიკები, ასევე შეიძლება ანალიზის ჩაბარებამაც მოგიწიოთ დისბაქტერიოზზე . იმ შემთხვევაში თუ განათლებულ გასტროენტეროლოგს მოვძებნით (არ უნდა შეგვეშალოს ჰომეოპათში), დიდი ალბათობით შეიძლება აღმოჩნდეს რომ თქვენი დისკომფორტი მუცელში, მეტეორიზმი და სხვა პრობლემები, რომელიც უკვე ნახევარი წელია გაწუხებთ – გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი ან ფერმენტოპათიაა, ხოლო ერთი წლის წინ ჩატარებული კურსი ანტიბიოტიკებით საერთოდ არაფერ შუაშია. დისბაქტერიოზი ინკურნება იმის გაცნობიერებით, რომ ის არ არსებობს, ხოლო ანტიბიოტიკ ასოცირებული დიარეის პროფილაქტიკისათვის საკმარისია მივიღოთ ნებისმიერი ხელმისაწვდომი პრობიოტიკი, ან სულაც კეფირი/იოგურტი (რომელიც ბევრად უფრო სასარგებლოა და დასაშვებია ადამიანებისათვის ლაქტოზის აუტანლობით). თუმცა პრობიოტიკების ეფექტურობა ამ შემთხვევაშიც კი, დადასტურებული არ არის.



0
493
2-ს მოსწონს
ავტორი:დავით ბარაბაძე
დავით ბარაბაძე
493
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0