x
მეტი
  • 22.11.2017
  • სტატია:71188
  • ვიდეო:324247
  • სურათი:426270
ბათუმი არის წვიმა და არაფერი სხვა....

image

როცა თბილისში წვიმს
მე ჩემს ბათუმში ვარ...
ბათუმი არის წვიმა,
და არაფერი სხვა.

image

მე მისი ცრემლი მზრდიდა,
მისი ქუჩა და ზღვა.
ბათუმი არის ძიძა,
და არაფერი სხვა.

image

აქ მამაჩემის სახელი
პირზე ეკერა ხალხს,
ბათუმი არის ნაღველი
და არაფერი სხვა.

image

აქ შეუყენეს ჩემი ძმა
ბევრჯერ გოლგოთის გზას,
ბათუმი არის შერისხვა,
და არაფერი სხვა.

image

ხან გულისგულში მიკრავდა,
ხან მიღერებდა ქვას,
ის იყო ჩემი კორიდა,
და არაფერი სხვა.


image

აქ წინაპართა სხეულებს
მიწა ხურავს და ხრავს,
ბათუმი არის სიკვდილი
და არაფერი სხვა.

image

მე ჩემს ბათუმში წავალ,
მე ჩემს სიკვდილში წავალ,
ოღონდ გათენდეს „ხვალ”...
ბათუმი მონატრებაა,
ბათუმი მოლანდებაა,
და არაფერი სხვა.

image

მე აქ მიყვარდა პირველად,
და უკანაკნელ ხანს,
ბათუმი სიყვარულია
და არაფერი სხვა.

image

აქ არის ჩემი ცხოვრება,
ჩემი ჯვარცმა და ხსნა,
ბათუმი არის ბათუმი,
და არაფერი სხვა.

image

მოვკვდები, ჩუმად მიტირებს
მისი წვიმების ხმა...
ბათუმი მაინც წვიმაა,
და არაფერი სხვა.

/ვახტანგ ღლონტი/

2
150
11-ს მოსწონს
ავტორი:ნინო მესხიძე
ნინო მესხიძე
150
  
16 ოქტომბერი, 14:22
დიდი მადლობა ნათია
16 ოქტომბერი, 14:19
რა კარგი გოგო ხარ , ამისთვის
0 1 2