x
მეტი
  • 26.04.2018
  • სტატია:76426
  • ვიდეო:329071
  • სურათი:432605
ნაცისტი ჯარისკაცის სულგრძელობა ქართველი ტყვეს მიმართ

image

მეორე მსოფლიო ომის მონაწილე ბორის შურღაიას ნაამბობიდან.


ბობრინსკის ტყვეთა ბანაკში გავიცანი გერასიმე თედიაშვილი. მშვიდობიანობის დროს კახეთის ერთ-ერთ სოფელში კოლმეურნეობის თავმჯდომარედ ემუშავა. საშუალო ტანისა იყო, ძვალმსხვილი და ტანჩაფსკვნილი. მიუხედავად ტყვეობაში ყოფნისა ჩვენთან შედარებით მაინც შერჩენოდა ძალ ღონე. ერთხელ იგი ასეთ ამბავს მომიყვა: ტყვედ ჩავარდნის პირველ დღეს მწყობრით მოვყავდით გერმანელებს. შუა მინდორზე მოვდიოდით. გერმანელებმა ერთმანეთს რაღაც გადაულაპარაკეს და შეგვაჩერეს. პირველი რიგიდან ხუთი კაცი გამოიყვანეს, დანარჩენებს გვიბრძანეს ადგილზევე დავმსხდარიყავით. ის ხუთი რამდენიმე მეტრის მოშორებით ერთმანეთის უკან დააყენეს. ერთმა გერმანელმა რიგში ჩაყენებული ხუთეულიდან ხუთი ნაბიჯი გადათვალა, მერე მათკენ მიბრუნდა, რევოლვერი ამოიღო, დაუმიზნა და ესროლა. რიგში მდგომი ხუთი ტყვედან სამი მაშინვე წაიქცა, მეოთხე შეტორტმანდა, მაგრამ თავი შეიკავა, ის არცთუ მძიმედ დაჭრილიყო, მეხუთე კი ისევ იდგა უვნებელი. მერე ჩვენგან ხუთი სხვა კაცი გადათვალეს. ახლა მეორე გერმანელმა ესროლა მათ თავისი რევოლვერით. წყეულებს თურმე სანაძლეო დაედოთ, ვისი ტყვია უფრო მეტ კაცს განგმირავდა. მესამე ხუთეულში მეც მოვხვდი. რიგით ბოლოში მომიწია ყოფნა. გამოვედი და რიგს პირველი დავუდექი, აღარ შემეძლო ამ საზიზღრობის ყურება და ვიფიქრე, დაე, პირველი მოვკვდე, რომ ამ არაადამიანურ მხეცობას აღარ ვუყურო მეთქი. ერთი გერმანელი მომიახლოვდა და რაღაც მითხრა. თარჯიმანმა მითარგმნა - გერმანელი ამბობს, შენს ადგილზე დაბრუნდიო. უარი განვუცხადე, მაგრამ ძალით დამაბრუნეს უკან. იმ ხუთეულიდან უვნებელი მხოლოდ მე გადავრჩი. ტყვიამ ჩემამდე ვერ მოაღწია, მაგრამ ადგილიდან არ დავიძარი. გერმანელი ოფიცერი, რომელმაც ის ის იყო რიგში ჩემს წინ მდგომ თანამოძმეებს ესროლა, მომიახლოვდა და თარჯიმანის საშუალებით მკითხა: ვინა ხარ და სადაურიო. ისიც მკითხა, საბჭოთა ჯარში რა თანამდებობაზე იყავიო. ვუპასუხე, მეტყვიამფრქვევე ვიყავი მეთქი. გერმანელები თუ დაგიხოცავსო. კი, დამიხოცავს მეთქი. როგორც კი ეს ვუპასუხე, მანიშნა, გვერდზე გადექიო. ვიფიქრე, ახლა კი წამებით მომკლავს მეთქი, მაგრამ მაინც წარბშეუხრელად გადავდგი რამდენიმე ნაბიჯი და გზის პირას დავდექი. მან ერთ ერთ ჯარისკაცს რაღაც უბრძანა. მე კი ვიდექი და ველოდებოდი, რა მოხდებოდა. ჯარისკაცმა ქუსლი ქუსლს შემოჰკრა და გაიქცა. რამდენიმე წუთის შემდეგ ოფიცერს თეთრი პურის ნაჭერი, ცოტაოდენი კარაქი და ორი ღერი სიგარეტი მოუტანა. ოფიცერმა ჩემზე ანიშნა, იმას გადაეციო. გაკვირვებული ვიდექი და არ ვიცოდი, როგორ მოვქცეულიყავი. თარჯიმანმა მითარგმნა ოფიცრის სიტყვები: ეს ყველაფერი ამეღო და დავბრუნებულიყავი ჩვენი ბიჭების სულ ბოლო რიგში.


თედიაშვილი ჩვენთან ერთად იყო პარტიზანად იტალიაში. სულ ბოლოს საფრანგეთში, ქალაქ გრენობლში შევხვდი. მას შემდეგ მისი არაფერი გამიგია. ვფიქრობ, მშვიდობიანად დაბრუნდა სამშობლოში.

0
231
3-ს მოსწონს
ავტორი:ზურმუხტისთვალება
ზურმუხტისთვალება
231
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0