x
მეტი
  • 21.10.2017
  • სტატია:70221
  • ვიდეო:323058
  • სურათი:424361
რეალური ისტორია თუ როგორ გადაარჩინა შორეული ნაოსნობის კაპიტნის ქართველმა თანაშემწემ დახვრეტას ახალგაზრდა გოგონა

image

ოდესის სატვირთო პორტში შესასვლელად ნებართვის და ლოცმანის მომლოდინე შორეული ნაოსნობის ტანკერს, რომელიც ნავთობით იყო დატვირთული მოტორიანი ნავი მიუახლოვდა და გემის კიჩოსთან ვახტაზე მდგომ მატროსს ნავიდან დაუძახეს: გემის კაპიტნის პირველი თანაშემწე გემზე თუ იმყოფებაო?
მატროსმა პასუხი არ გასცა დაუპატიჟებელ სტუმარს და გემის მორიგეს მოახსენა კაპიტნის პირველ თანაშემწეს კითხულობენ ნავიდანო.
მორიგემ აღნიშნული ინფორმაცია დაუყოვნებლივ გადასცა კაპიტნის ახალგაზრდა თანაშემწეს, რომელიც კაპიტნის გვერდით იდგა და დურბინდით ათვალიერებდა ოდესის სატვირთო პორტის მისადგომებს.
კაპიტნის პირველი თანაშემწეს ახალგაზრდა ასაკის მიუხედავად დიდი გამოცდილებაც მიეღო საერთაშორისო გადაზიდვებში მონაწილეობის მიღებისას და მიუხედავად იმისა, ბევრჯერ შესთავაზეს ადგილი საქართველოს საზღვაო სანაოსნოში არც თვითონ ელეოდა ტანკერს და არც კაპიტანი ელეოდა ლამის შვილიშვილის ტოლა თანაშემწეს.
კაპიტნის ნებართვით თანაშემწემ გემის კიჩოს მიაშურა და დაინახა ნავი, რომელიც გემთან ახლოს ზღვის ტალღებზე ქანაობდა. კაპიტნის თანაშემწემ მაშინვე იცნო სოხუმელი მეგობარი, ბერძენი ბორისი (სახელი ნამდვილია).
მაშინვე ბრძანება გასცა და ბორისი გემზე ამოიყვანეს საგანგებოდ გემიდან ჩაშვებული ტრაპით. დიდი ხნის უნახავმა მეგობრებმა ერთმანეთი მოიკითხეს, გურამმა (სახელი ნამდვილია) მეგობარს ჰკითხა აქ როგორ მომაგენი ან რამ დაგაჭირვა ჩემი თავიო?
ბორისმა ოდესის პორტში ვიკითხე სანდო კაცთან და მან მიჩვენა რეიდზე მდგარი შენი გემი და მეც მოტორიანი ნავით აქეთ გამოვქანდი, ხოლო რაზეც უნდა შეგაწუხო ამაზე პორტში, რომ შეხვალ მაშინ მოგახსენებო.
კარგი ასე იყოსო უპასუხა გურამმა, მეგობარს უცხოური კონიაკით გაუმასპინძლდა და იმავე ტრაპით დააბრუნებინა ნავში, რომლითაც გემზე ამოაყვანინა.
ბორისი და მასთან მყოფი მენავე ოდესის მიმართულებით გაემართნენ ხოლო გურამს იმაზე ფიქრი მოეძალა თუ რა სათხოვარი უნდა ჰქონოდა ბორისს მასთან.
გარიჟრაჟზე ტანკერთან პორტის ლოცმანი გამოგზავნეს ოდესის სატვირთო პორტში შესვლის ნებართვით.
ტანკერი მალევე ნელი სვლით შევიდა პორტში და მისთვის გამოყოფილ ადგილზე ჩაუშვა ღუზა.
ტანკერის ეკიპაჟმა ტანკები (ტანკერის ტრიუმში მოთავსებული სქელი ფოლადის რეზერვუარები, რომლებშიც ისხმება საწვავი) გახსნეს და ნაპირიდან მიწოდებული მილები ტანკებში ჩაუშვეს საწვავის ნაპირზე მდებარე რეზერვუარებში გადასაქაჩად. კაპიტანი პორტის ადმინისტრაციისაკენ გაემართა დოკუმენტაციის გასაფორმებლად და ახალი ტვირთის მიღების თარიღის გასარკვევად.
გურამიც გადმოვიდა გემიდან და გემის სიახლოვეს ჩამოჯდა ყუთზე, მალე მისი სოხუმელი მეგობარი მოვიდა სლავური გარეგნობის მამაკაცთან ერთად, სტუმარი გურამს მიესალმა. ბორისმა კი გურამს სთხოვა პორტის კაფეში გაყოლოდა რამდენიმე წუთით და იქ მოესმინა ბორისის თხოვნა. გურამი გაჰყვა მეგობარს და მის თანხმლებ სლავ მამაკაცს. კაფეში შესვლისთანავე სხვებისგან მოშორებულ კუთხეში მდგარ მაგიდასთან დასხდნენ და ბორისმა დაიწყო საუბარი: გურამ, შენ ბავშვობიდან მიცნობ, მეგობრად გთვლი და მეგობრად მთვლი. შენ გაქვს უფლება ჩემს თხოვნაზე უარი მითხრა, ამით ჩვენს მეგობრობაში ბზარი არ გაჩნდება, მოკლედ ასეა საქმე ეს კაცი ჩემი ახლობელია ხარკოვიდან, მისი და ინსტიტუტის დამთავრებისთანავე დაასაქმა ერთერთ დიდ ორგანიზაციაში ეკონომისტად, როგორც შემდგომში გაირკვა დაწესებულებაში საქმე ორგანიზებულ დანაშაულს აქვს, დაწესებულების ხელმძღვანელები სახელლმწიფოს ათეულ ათასობით შემოსავალს უმალავენ და პარავენ, რაშიც ეკონომიკური სამსახურის განყოფილებაც უწყობს მათ ხელს, ამ კაცის დამ, მარიამ კი გაშიფრა ეს დანაშაულებრივი ჯგუფი, როდესაც აღრიცხვებს აწარმოებდა. მას გაჩუმების სანაცვლოდ უზარმაზარი თანხა შესთავაზეს, რაზეც გოგონამ ცივი უარი განაცხადა. საპასუხოდ დაწესებულების ხელმძღვანელობამ ისე მოაწყო საქმე თითქოს მარია მანიპულირებდა აღრიცხვებში ციფრებით და უზარმაზარი თანხა ჰქონდა მითვისებული.
მარიაზე პროკურატურას ძებნა აქვს გამოცხადებული და თუ დააკავეს ალალმართალ გოგოს დახვრეტა არ ასცდება იმხელა თანხაა დაწესებულებაში გაფლანგული–ასე დაამთავრა საუბარი ბორისმა.
თავის მხრივ იურამ (სახელი ნამდვილია) დაამატა, ჩემი და მე დავმალე მეგობარი ბოშას ოჯახში, სხვა შემთხვევაში მას აუცილებლად დააკავებენ და 22 წლის გოგოს უსამართლოდ დახვრეტას მიუსჯიანო.
გურამი ჩაფიქრდა, მან კარგად იცოდა მასთან გემზე სახელმწიფო უშიშროების ოფიცერი, რომ მუშაობდა, რომელიც კაპიტნის მესამე თანაშემწის თანამდებობას იყო ამოფარებული და გემზე უცხო გოგონას აყვანა დიდ საფრთხეს შეიცავდა გურამისათვის.
გურამს ბევრი არ უფიქრია ისე ჰკითხა იურას: ვიცი კანონდარღვევაა, მაგრამ სხვა გამოსავალი არაა, შეგიძლიათ თქვენი დისათვის მზარეულის ცნობა, რომ დაამზადებინოთ?
მზარეულისას კი არა შეფმზარეულის ცნობას დავამზადებინებ, გაეღიმა იურას. მაშინ როგორც კი დაბრუნდება კაპიტანი გემზე მე შევუთანხმებ გემის კოკისათვის (მზარეული გემზე) დამხმარე გოგონას აყვანას და იმასაც გავიგებ, როდის დაიტვირთება ჩვენი გემი და როდის გავა პორტიდან, ზუსტად დროზე, რომ მოიყვანოთ გოგონა გემზე ასაყვანად.
გურამი ტანკერზე დაბრუნდა, გემის კაპიტანიც დაბრუნდა და განაცხადა: გემს ზეგ დატვირთავენ ნედლი ნავთობით და იმავე დღეს გამთენიისას გავალთ ზღვაშიო!
მეორე დღეს გურამი ბორისს დაუკავშირდა და აუხსნა თუ როგორ მოქცეულიყვნენ, გემის გასვლის ზუსტი დროც უთხრა.
გურამი ახალგაზრდა კი იყო, მაგრამ იმდენი კი ესმოდა გეგმის ჩავარდნის შემთხვევაში მასთან ერთად ტანკერის კაპიტანსაც შავ დღეში, რომ ჩააგდებდა და გადაწყვიტა კაპიტნისათვის აეხსნა საქმის ვითარება.
დააკაკუნა კაპიტნის კაიუტაზე, მობრძანდით გაისმა კარს მიღმა კაპიტნის ბოხი ხმა. გურამმა კარი შეაღო და როგორც კი კაიუტაში შევიდა კარი ჩაკეტა რითაც კაპიტნის გაოცება გამოიწვია, გურამმა სთხოვა კაპიტანს მისთვის მოესმინა და გადაწყვეტილება მერე მიეღო, გისმენ გურამ–უპასუხა კაპიტანმა და გურამიც დაუფარავად მოუყვა კაპიტანს მარიაზე და არც ის დაუმალავს მარიას დაკავებას მისი დახვრეტა, რომ მოჰყვებოდა.
კაპიტანი ჩაფიქრდა და კარგა ხნის ფიქრის მერე მოკლედ მოჭრა: აქ სალაპარაკო არაფერია თანაშემწევ, უდანაშაულო ადამიანის გადარჩენა ჩვენი ვალია!
მესამე დღეს გამთენიისას მატროსივით გამოწყობილი მარია ძმამ და ბორისმა ტანკერთან მოიყვანეს, გურამმა გოგონას ხელი მოკიდა და ტრაპზე აიყვანა.
გემზე აყვანილი მარია კი ჯერ კადრების კურატორთან მიიყვანა შემდეგ კი კოკს ჩააბარა შემდეგი სიტყვებით: ამ გოგონას საკუთარი თავივით გაუფრთხილდი სანამ ჩვენს ტანკერზე იქნებაო.
გემი პორტიდან გავიდა და ღია ზღვაში გავიდა, მარია კი გემზე კოკის დამხმარის მოვალეობის შესრულებას შეუდგა. როგორი გასაკვირიც არ უნდა იყოს მთელი ორი წლის მანძილზე იმყოფებოდა მარია გემზე და ტანკერზე მყოფ უშიშროების სახელმწიფო კომიტეტის თანამშრომელს არასოდეს არ გასჩენია ეჭვი, რადგან იმდენად მაღალი იყო გემის კაპიტნის და მისი პირველი თანაშემწის რეპუტაცია.
მარიას ძმამ იურამ, რომელიც იურისტი იყო, როგორც იტყვიან "რკინის ქალამნები" ჩაიცვა და ხარკოვით დაწყებული მოსკოვამდე ჩავიდა საკუთარი დის სიმართლის დასამტკიცებლად, მარიას გემზე ყოფნის მეორე წლის ბოლოს იურას დაუღალავმა შრომამ შედეგი გამოიღო–დაწესებულებაში, სადაც მარია მუშაობდა მოსკოვიდან სპეციალური საგამომძიებლო ჯგუფი ჩავიდა. ჯგუფმა თითქმის მთელი თვე იმუშავა და დადო დასკვნა, რომლის შედეგადაც დაწესებულების გენერალური დირექტორი, მისი მოადგილეები, კადრების განყოფილების უფროსი, ეკონომიკური განყოფილების ხელმძღვანელი და თანამშრომლები მიყოლებით დააკავეს, ხოლო მარია დაუსწრებლად გაამართლა სასამართლომ და მას ძებნა მოეხსნა.
ოდესაში დაბრუნებულ ტანკერს პორტში მარიას მშობლები, ძმა და ნათესავები ელოდნენ. ხარკოვში დაბრუნებული მარია პროკურატურაში დაიბარეს და იმავე დღეს დაკითხვის მერე სახლში დაბრუნდა.
გურამმა შვებულება აიღო და მშობლიურ სოხუმში დაბრუნდა, ზღვის სანაპიროზე საბანაოდ გასულ გურამს ნაცნობი სახე მოხვდა თვალებში და მიხვდა ეს მარია, რომ იყო. მაშინვე მივიდა მისასალმებლად, მარიამ კი როგორც კი დაინახა გურამი წამოხტა და დაუფიქრებლად ჩაეხუტა მის გადამრჩენელს.
მარიასთან ერთად მისი ძმა და მშობლები ჩამოსულიყვნენ სოხუმის ერთერთ პანსიონატში დასასვენებლად, მათ წარმოდგენაც კი არ ჰქონდათ გურამი სოხუმელი თუ იყო.
გურამს სულ რამდენიმე დღე დარჩენოდა სამსახურში დასაბრუნებლად და სწრაფი გადაწყვეტილება მიიღო, რომელიც არასოდეს არ უნანია, მან ხელი სთხოვა მარიას. არც მარია იყო როგორც აღმოჩნდა გულგრილი და არც ვორონინებს უთქვამთ უარი გურამისათვის.
სოხუმში გრანდიოზული ქორწილი გაიმართა, გურამმა ტანკერით უკვე საქორწინო მოგზაურობაში წაიყვანა მეუღლე.
რამდენიმე წლის მერე კი გურამმა ჩაანაცვლა მისი საზღვაო საქმეში ცოდნის და გამოცდილების გამზიარებელი კაპიტანი და თავად გახდა ტანკერის კაპიტანი.
გურამის და მარიას ქორწილიდან მესამე წელს კი დაიბადა მამაჩემი, დიახ მამაჩემი რადგან სულმნათი ბაბუა იყო ის კაცი ვინც მისთვის სრულიად უცნობი გოგონა დახვრეტას გადაარჩინა, ბებია მარიამი კი დღესაც მხნედაა და ელოდება იმ დღეს, როცა მეუღლის სახლში დაბრუნდება სოხუმში და მეუღლის ნეშტს საგვარეულო სასაფლაოზე მიწას მიაბარებს.

3
92
17-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
92
  
8 ოქტომბერი, 16:16
უღრმესი მადლობა, ღმერთმა სიკეთე მოგცეთ სულ...
8 ოქტომბერი, 14:25
კარგი ისტორიაა და ღმერთმა კიდევ დიდხანს გიცოცხლოთ მარია ბებო.
2 ოქტომბერი, 21:55
22 ნახვის მერე 4 მოწონება მოვიდა რაც ნახვაზე არ ასახულა, "ჩტო ტუტ ტვორიტსია ჩორტ ეგო ზნაეტ"...
0 1 3