x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134534
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
გიორგი ლასხიშვილი - პირველი განათლების მინისტრი

imageსანამ უშუალოდ ვისაუბრებდეთ გიორგი ლასხიშვილზე, როგორც სახალხო განათლების მინისტრზე, საქართველოს პირველი რესპუბლიკის პერიოდში, ნიშანდობლივია, რომ მოკლედ მიმოვიხილოთ
მისი ბიოგრაფია. გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილი დაიბადა 1866 წლის 25 დეკემბერში, ის არის გამოჩენილი ქართველი პუბლიცისტი, რედაქტორი, საზოგადო მოღვაწე, სოციალისტ-ფედერალისტთა ერთ-ერთი ლიდერი, პირველი განათლების მინისტრი.

სწავლა დაიწყო ქართულ კლასიკურ გიმნაზიაში, იქვე ჩამოყალიბდა როგორც ცარისტული რეჟიმის წინააღმდეგ მებრძოლი პიროვნება. ჯერ კიდევ სრულიად ახალგაზრდამ გამოსცა ხელნაწერი ჟურნალი „სტვირი“, რომელიც თავგამოდებით ილაშქრებდა ყოველგვარი ანტიქართულის წინააღმდეგ, დაუღალავად იბრძოდა ყოველგვარი ქართულის დასაცავად.1884 წელს ჩაირიცხა ოდესის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე, სადაც სერგეი მესხთან ერთად აქტიურად ჩაება რევოლუციური ორგანიზაციის „ახალგაზრდა ნაროდნაია ვოლიას“ სამხრეთის ჯგუფის მუშაობაში, მალე ოდესის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის წარჩინებული სტუდენტი ქალაქში მოქმედი ახალგაზრდული ხალხოსნური წრეების ლიდერადაც იქცა. ხელმძღვანელობდა სტუდენტურ მღელვარებებს ცარიზმის წინააღმდეგ, თანამიმდევრულად აკრიტიკებდა მეფის თვითმპყრობელობას და მხარს უჭერდა საზოგადოებაში დემოკრატიული წესების დამკვიდრებას. ბუნებრივია, ეს არ გამოჰპარვიათ უნივერსიტეტის მმართველებსა და საიდუმლო
სამსახურის. მას რევოლუციური საქმიანობა ძვირად დაუჯდა, იგი ციმბირში გადაასახლეს, სადაც შვიდ წელზე მეტი დაყო.

1894 წელს გ. ლასხიშვილი საქართვეოში დაბრუნდა, გადაწყვიტა მთელი თავისი ცოდნა და ენერგია მოეხმარებინა მშრომელი ხალხის თავისუფლებისა და ბედნიერებისათვის. ამ განწყობით წარუდგინეს იგი 1895 წლის იანვარში, გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძეს, რომელმაც გზა დაულოცა ახალგაზრდა მოღვაწეს. მუშაობდა "ივერიის" რედაქციაში, სადაც „ლალის“ ფსევდონიმით აქვეყნებდა წერილებს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ საკითხებზე, თანამშრომლობდა „ნოვოე ობოზრენიეში“, „მოამბეში“, „კვალში“. თუმცა უნდა ითქვას, რომ ეს პერიოდი საქართველოში რთული საზოგადოებრივ-პოლიტიკური ვითარებით ხასიათდებოდა, დემოკრატიული ბანაკი ორად გაიყო. მათ შორის ვინც ცდილობდა ამ დაპირისპირებული ძალების კონსოლიდაციას, ერთ-ერთი პირველი გახლდათ სწორედ გიორგი ლასხიშვილი . იგი აღნიშნავდა: „დღეს დროთა ვითარების გამო, ჩვენ ყველანი შევადგენთ ერთ პატრიას, ერთი აზრით განმსჭვალულს.“ გიორგი ლასხიშვილი არა მარტო თეორიულად ასაბუთებდა, არამედ მან მიზნად დაისახა შეექმნა ეროვნულ მიმდინარეობათა გამაერთიანებელი ორგანიზაცია. ამ მიზნით „ივერიაში“ თავი მოუყარა ახალგაზრდა პუბლიცისტ-ინტელიგენტთა რადიკალურად განწყობილ ჯგუფს.როდესაც გაზეთი „ივერია“ დაიხურა(1896), ეს ჯგუფი „ცნობის ფურცლის“ გარშემო გაერთიანდა, რომლის ფაქტიური რედაქტორი თვითონ გიორგი ლასხიშვილი იყო. სწორედ აქ ჩაისახა მომავალი სოციალისტ-ფედერალისტთა პარტია, რომლის პრაქტიკული ხელმძღვანელობაც მანვე იტვირთა. 1905 წელს პარიზში ყოფნისას იყო გაზეთ "საქართველოს" ერთ-ერთი რედაქტორი. ეს აქტივობა უყურადღებოდ არ დარჩენია ხელისუფლებას, რომელმაც 1910 წელს ფედერალისტური პარტიის მთავარი კომიტეტის ლიკვიდაცია მოახდინა, გიორგი ლასხიშვილი კი ჯერ 7 თვით ჩასვეს მეტეხის ციხეში, ხოლო შემდეგ 5 წლით ცხოვრება აუკრძალეს კავკასიაში. მან საცხოვრებლად ხარკოვი აირჩია, სადაც სამი წელი დაჰყო. შემდეგ ბაქოში გადასვლა მოახერხა დასთან; მოგვიანებით დაბრუნდა თბილისში.ახლა კი კონკრეტულად ჩვენთვის საყურადღებო სახკითხს რაც შეეხება. ნიშანდობლივია ითქვას, რომ 19 ს-ის მეორე ნახევრიდან საქართველოში დაიწყო განათლების სფეროს პოლიტიკური პროცესის სისტემურ ნაწილად ჩამოყალიბება.“სამოციანელთა“ წარმომადგენლებმა ჩამოაყალიბეს „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება“, რამაც განაპირობა განათლების მნიშვნელოვან პოლიტიკურ პრიორიტეტად და საზოგადოებრივი განხილვების ერთ-ერთ მთავარ თემად გადაქცევა.მათ მიერ დაწყებული საქმიანობა გააგრძელეს და თავის წინამორბედებს არ ჩამორჩნენ შემდგომი თაობის პუბლიცისტები, მათ დიდი ბრძოლის შედეგად, დიდი სამოქალაქო აქტივიზმის შედეგად მოახერხეს დამოუკიდებელი საქართველოს მთავრობაში მოხვედრაც, ამით მათ შეძლეს თავისი იდეების, მისწრაფებების განსახორციელებლად აუცილებელი სახელმწფო ბერკეტების ხელში ჩაგდება.სწორედ ასეთი ერთ-ერთი მოაზროვნე, მებრძოლი სული გახლდათ გიორგი ლასხიშვილი, რომელიც 1918 წელს საქართველოს პირველი
სახალხო განათლების მინისტრი გახდა, თუმცა მან ამ მიზნამდე, ამ თანამდებობის დაკავებამდე საკმაოდ ნაყოფიერი, რთული და დაბრკოლებებით სავსე გზა განვლო. გიორგი ლასხიშვილმა განათლების მიმართ თავისი პოლიტიკური დამოკიდებულება ასობით საგაზეთო პუბლიკაციასა და მთავრობაში მოსვლის წინ გამოქვეყნებულ საარჩევნო პროგრამაში წარმოადგინა.მან უმთავრეს მიზნად დაისახა რესპუბლიკაში უფასო საშუალო განათლების დაწესება, რომელიც იმავდროულად ყველა მოზარდისთვის სავალდებულო იქნებოდა. მისი აზრით, საქართველოს ყველა თემს თვითმმართველ ერთეულს დაქვემდებარებული სახალხო სკოლები უნდა ჰქონოდა. სკოლებში თანამედროვე საგანმანათლებლო დისციპლინები უნდა დანერგილიყო. გარდა სასკოლო საგნებისა, საშუალო განათლება რომელიმე ხელობის სრულყოფილად შესწავლასაც ითვალისწინებდა.
ფედერალისტის მინისტრობისას მომზადდა ნიადაგი იმისათვის, რომ 1918 წლის იანვარში დაფუძნებულ თბილისის ქართულ უნივერსიტეტს სახელმწიფო სასწავლებლის სტატუსი მინიჭებოდა. სამწუხაროდ, ოპოზიციონერი სახელმწიფო მოღვაწე რამდენიმე თვეში ჩამოაშორეს თანამდებობას, მან გარკვეულწილადშეძლო მოახერხა ღარიბ სახელმწიფოში განათლების სისტემის მამოძრავებელი ზამბარისათვის პირველი ბიძგის მიცემა.


1921 წლის თებერვალ-მარტში რუსეთის XI არმიის შემოტევების შედეგად როგორც მთავობის ყველა წევრი, გიორგი ლასხიშვულიც ოჯახით ბათუმში ჩავიდა ემიგრაციაში წასასვლელად. მაგრამ ბოლო მომენტში უარი თქვა გამგზავრებაზე და საქართველოში დარჩა. საბჭოურ ხანაში გამოჩენილი საზოგადო მოღვაწე საბოლოოდ ჩამოსცილდა პოლიტიკურ საქმიანობას და მუშაობდა საგარეო ვაჭრობის სამინისტროში საფინანსო აგენტად. 1926 წელს სამსახურსაც დაანება თავი.გიორგი ლასხიშვილის დაუცხრომელი მოღვაწეობის შედეგად 1918-1921 წლებში საფუძველი ჩაეყარა არაერთ საგანმანათლებლო-აღმზრდელობით დაწესებულებას. უწინარეს ყოვლისა, უნდა აღნიშნოს მისი, როგორც საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის განათლების მინისტრის ქმედითი მონაწილეობა ჩვენი ეროვნული უნივერსიტეტისა და თბილისის კონსერვატორიისდაარსების, სკოლებში მშობლიურ ენაზე სწავლების შემოღების საქმეში და სხვა.ურიგო არ იქნებოდა რომ მისი გამოცდილება, მისი ხედვა გაითვალისწინონ დღევანდელობაშიც.


გიორგი ლასხიშვილის მემუარები გამოიცა 1934 წელს, ეს მემუარები დღესაც გაცხოველებულ ინტერესს იწვევს.გიორგი ლასხიშვილი გარდაიცვალა 1931 წლის 13 მარტს, დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

0
74
1-ს მოსწონს
ავტორი:თინათინ ბიკაშვილი
თინათინ ბიკაშვილი
74
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0