x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134548
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508609
რეალური ისტორია ღიპის და "მსუნაგობის" გამო ჭაში "გაჭედილ" კაცზე

image სოფელში მეზობლად გვყავს ბატონი გურამი, "უბედური" ენის პატრონი, მსმელი და მოქეიფე კაცი.
ეს სტატია მისი თანხმობით დავწერე და როცა ვუთხარი სახელს შევცვლი მეთქი, ეწყინა: რა იყო ბიჭო ცუდი სახელი მქვია გადარქმევას, რომ მიპირებო! მეც მისივე სახელით გავაგრძელე სტატია.
უბანში სუფრა არ გაიშლება ბატონი გურამი არ იყოს თამადა, ისეთი ენაწყლიანი და სასიამოვნო კაცია ბავშვების დაბადების დღეზეც კი პატიჟებენ, რადგან ყველამ იცის დიდებსაც და პატარებსაც თანაბრად გაახალისებს.
ყველანაირად წესიერ, ზრდილობიან, განათლებულ და მშრომელ კაცს ერთი "მინუსი" აქვს, უზომოდ უყვარს ლუდი.
ერთ დღეს შეგვკრიბა უბანში ახალგაზრდები და განგვიმარტა: ჭა მაქვს ამოსასუფთავებელი და დახმარება მჭირდებაო! აბა უარს ვინ ეტყოდა, ერთიანად გადავინაცვლეთ მის ეზოში, ჯერ ორი ტუმბოს დახმარებით ჭიდან მაქსიმალურად ამოვქაჩეთ წყალი, მერე კი გრძელი კიბეები გადავაბით ერთმანეთს ჭაში ჩასასვლელად. ბატონმა გურამმა ჩემი ჭა მე უნდა ამოვწმინდო, რამე "მარცხი", რომ მომივიდეს მაინც ჩემი ჭაა და წყალს მე გამოვიყენებ, ეგღა მაკლია ჭა "წამიბილწოთო"–თავისებურად იხუმრა და ჭაში ჩავიდა.
კიბე ამოვიტანეთ და თოკჩაბმული ვედროთი ამოგვაქვს წყალი და ჭის ფსკერზე დალექილი მასაც. ამ დროს მეზობელი შემოვიდა ეზოში, ბიჭებო 20 ლიტრი ჩაცივებული ლუდი მაქვს და გადმოდითო, ლუდიო!? ამის გაგება და ჭიდანვე იყვირა ბატონმა გურამმა, ე ბიჭო სახლში შესაწვავი კიბორჩხალები და შებოლილი ძეხვი მაქვს რაღა შენთან გადმოვიდეთ ის ლუდი მოიტანე აქო, მეზობელი ასეც მოიქცა ჩვენ მანამდე კიბორჩხალა ნაწილი მოვხარშეთ და ნაწილი შევბრაწეთ, ძეხვიც როგორც საჭირო იყო ისე დავჭერით და ჭასთან ახლოს მარნის შორიახლოს სუფრაც გავშალეთ.
ბატონმა გურამმა ახლა აღმა–დაღმა არ მატაროთ, ჩემი წილი ლუდი, ძეხვი და კიბორჩხალა აქ ჩამომაწოდეთო. ასეც მოვიქეცით, ჭაში ბატონი გურამი ილხენს და ჭის შორიახლოს ჩვენ.
დამთავრდა სუფრა და ჯერ ნასუფრალი ამოაგზავნა ბატონმა გურამმა და მერე ჭის ამოსუფთავებას მიჰყო ხელი.
როგორც იქნა დაამთავრა ჭის გაწმენდა და გადაბმული კიბე ჩავუდგით. დაიწყო ბატონმა გურამმა ამოსვლა და ჭის ამოსასვლელთან აყვირდა: გავიჭედეო. მივცვივდით ჭას, მართლაც ვხედავთ ჭაში წყლის ამოსაქაჩად ჩაშვებული უჟანგავი ფოლადის მილი უშლის კაცს ამოსვლაში ხელს. ლუდის სმით ისედაც საკმაოდ დიდი ღიპი ზედ მილზეა მიბჯენილი და კაცს ამოსვლის საშუალებას არ აძლევს.
"ქვევრის" სიტუაცია შეგვექმნა, ხან მარცხნივ მივატრიალეთ ბატონი გურამი, ხან მარჯვნივ, მაგრამ უშედეგოდ. ამასობაში ბატონი გურამის მეუღლეც მოვარდა გაბრაზებული, ამ სასიკვდილემ 5– 6 ლიტრი ლუდი "ჩახეთქა" ალბათ და მისი ღიპის პატრონი გაიჭედებოდა აბა რაო!
ბატონი გურამის შვილმა "ბოლგარკა" გამოარბენინა არიქა მილი გადავჭრათო, ამაზე მამამისი აყვირდა ერთხელ ძლივს მოვიყვანე ხელოსანი მის შესადუღებლად და რომ ჭრი შენ გამიკეთებ მერეო!
მოკლედ ვართ ამ გაწამაწიაში და ისევ ბატონმა გურამმა მოისაზრა–ჩავალ ახლა მე ისევ ჭის ბოლოში, აიტანეთ კიბე და 2–3 თოკი ჩამომიგდეთ და ფეხის ჩასადგმელს, რომ გავამზადებ გეტყვით და ამწიეთო. ასეც მოვიქეცით, კიბე ამოვიღეთ, რამაც საკმაოდ გაანთავისუფლა ჭაში სივრცე და როცა ბატონმა გურამმა იყვირა ამწიეთო მივესიეთ თოკებს ასე 7–8 კაცი, კი გაგვიჭირდა მოუხერხებლად დგომის გამო, მაგრამ რაც მთავარია ამოვიყვანეთ ბატონი გურამი.
ქალო, ჭაში ჩარჩენას გადავურჩი და არიქა დროზე გაშალე სუფრა ამათ "ყბაში არ ჩამაგდოო" მეუღლეს გადასძახა ბატონმა გურამმა და ლუდით დაწყებული მოლხენა მარანში ქეიფით დასრულდა.
იმ დღის მერე ჭაში ჩასული ბატონი გურამი კი არავის უნახავს...

0
272
6-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
272
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0