x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134536
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508595
მამის როლი ბავშვის განვითარებაში

image
ოჯახი პირველმნიშვნელოვანი
სოციალური აგენტია ინდივიდის სოციალიზაციის პროცესში. ბავშვის პიროვნებად ფორმირებაში
თანაბრად ღირებულია დედისა და მამის ჩართულობა.
ნაშრომში განსაკუთრებული აქცენტები მინდა გავაკეთო მამის როლზე მშობლისეული
ზემოქმედების პროცესში, კოოპერაციულ აღზრდაზე, მშობელთა ალიანსის გავლენაზე ბავშვებისთვის სოციალური, ემოციური, ფიზიკური
და კოგნიტური განვითარების კუთხით.


მამასთან მაღალი ინტერაქციული ჩართულობით გამორჩეული
ჩვილები, ავლენენ თამაშისა და მზრუნველობითი აქტივობების მაღალ დონეს, უფრო კოგნიტურად
კომპეტენტური ხდებიან, აქვთ მაღალი IQ. ერთ-ერთ კვლევაში შეადარეს დედასთან
და მამასთან საუბარი, რომელიც ხასიათდებოდა მეტი Wh-თი დაწყებული(მაგ., what.
Where…) კითხვების ინტენსიური გამოყენებით, შედეგად გამოვლინდა, რომ ბავშვები მეტ კომუნიკაციურ
პასუხისმგებლობას გრძნობდნენ ასეთ დროს.


მამების ჩართულობისას სასკოლო
ასაკში ბავშვებს აქვთ მაღალი აკადემიური მიღწევები; უკეთესი რაოდენობრივი და ვერბალური უნარები; მაღალი GPA. მამების აკადემიური მხარდაჭერა დადებითადაა
დაკავშირებული მოზარდი ბიჭების აკადემიურ მოტივაციასთან, სკოლაში მეტი მცდელობები გამოავლინონ,
იგრძნონ მიღებული შეფასებების მნიშვნელობა და განათლების ღირებულება გაითავისონ. ასეთ
ბავშვებს სიამოვნებთ სკოლა, მონაწილეობენ კლასგარეშე აქტივობებში და სასწავლებელსაც
წარმატებით ამთავრებენ. ნაკლები ალბათობით რჩებიან წინა საფეხურებზე, ნაკლებად აქვთ
დაბალი დასწრებადობის მაჩვენებლები, ნაკლებად ირიცხებიან თუ ავლენენ პრობლემურ ქცევებს.



მამებთან ჩართულობის შემთხვევაში
ბავშვებს სამომავლოდ აქვთ უმჯობესი ეკონომიკური და საგანმანათლებლო მიღწევები, კარიერული
წარმატება, მაღალი პროფესიული კომპეტენცია, მაღალი საგანმანათლებლო მოლოდინები, მიღწევები
და ფსიქოლოგიური კეთილდღეობა. Flouri and Buchanan-ის კვლევებით(2004), 7 წლის ასაკში
მამების ჩართულობის ხარისხი პრედიქტული აღმოჩნდა საგანმანათლებლო მიღწევებისა 20 წლისთვის
გოგონებსა და ბიჭებში, რაც მიუთითებს, რომ ადრეული მამობრივი ჩართულობა წარმოადგენს
დამცველობით ფაქტორს სარისკო გავლენებისგან, რამაც შეიძლება დაბალი მიღწევები მოგვცეს.



ბავშვები, რომელთა აღზრდაშიც
არიან ჩართული მამები, დიდი ალბათობით უსაფრთხოდ იქნებიან მათთან მიჯაჭვული, უცხო სიტუაციებსაც უკეთესად ხელმძღვანელობენ, სტრესულ
მდგომარეობებში სტაბილურობას ინარჩუნებენ, არიან უფრო ცნობისმოყვარეები და გარემოს
გამოკვლევით დაინტერესებულები, უფრო მომწიფებულად ეკონტაქტებიან უცხოებს, ახალ და კომპლექსურ
სტიმულებზე უფრო კომპეტენტურად რეაგირებენ, იმედიანად არიან განწყობილი ახალი საქმეების
წამოწყებისადმი.


მამების ჩართულობა პოზიტიურადაა
დაკავშირებული ბავშვების მთლიან ცხოვრებისულ კმაყოფილებასთან და დეპრესიის ნაკლებ გამოცდილებასთან.
ისეთი ნეგატიური ემოციების ნაკლებ გამოხატვასთან, როგორიცაა შიში და ბრალდების გრძნობა;
სოციალური კომპეტენციის მაღალ შეგრძნებასთან, დაბალ შფოთვით სიმპტომებთან და ნაკლებ
ნეიროტიციზმთან. ავლენენ დიდ მოთმინებას ფრუსტრაციის მიმართ, აქვთ პრობლემების უმჯობესი
და ადაპტური გადაწყვეტის გზები, უფრო მხიარული, მოხერხებული, მარაგიანი, ყურადღებიანები
არიან პრობლემის არსებობისას. მამის ჩართულობა განაპირობებს მოზარდებში ბედნიერების განცდას. მათ შორის მამინაცვალ- გერს შორის კეთილგანწყობილი
ურთიერთობაც აუმჯობესებს მოზარდის კეთილდღეობას, დაკავშირებულია მის მაღალ შედეგებთან
სასკოლო მოსწრების, თვითეფექტურობის, დადებითი ინტერნალური და ექტერნალური ქცევების
გამოვლენის, კლასმიღმა აქტივობების კუთხით.


ჩართული მამების ბავშვებს აქვთ
მაღალი ინტერნალური ლოკუს კონტროლი, ავლენენ მეტ ინიციატივას, თვითმართვიანობასა და
კონტროლს. ქალიშვილები ღია არიან სიახლეებისადმი.
მაღალი მამობრივი ჩართულობა დაკავშირებულია აგრეთვე ბავშვებში მშობლის მხრიდან მიმღებლობის
გრძნობების არსებობასთან, რაც აფორმირებს “მე“-ს ადეკვატურ კონცეპტსა და მაღალ თვითშეფასებას.


კვლევებით, აღზრდის პროცესში
მამების ხელმისაწვდომობა განაპირობებს თვითმიმღებლობისა და პერსონალური და სოციალური
შეფასების მხრივ მაღალ მაჩვენებლებს, ინდივიდები საკუთარ თავს აღიქვამენ, როგორც საიმედოდ,
პრაქტიკულად და მეგობრულად. ბავშვზე დადებითად მოქმედებს უსაფრთხო, მხარდამჭერი, რეციპროკული,
სენსიტიური, ახლო, აღზრდელობითი და თბილი ურთიერთოებები.


მამის ჩართულობა დადებითადაა დაკავშირებული ბავშვების
საერთო სოციალურ კომპეტენციასთან, სოციალურ ინიციატივიანობასთან. ეს გავლენა იწყება
ადრეული ბავშვობიდანვე. მაგ., ერთ-ერთ კვლევაში გაარკვიეს, რომ მამაკაცების მონაწილეობა
ბავშვებზე ზრუნვის პერიოდში პირდაპირ ზემოქმედებს პროსოციალურ განვითარებაზე 3 წლის
ასაკში(Kato et al., 2002).


ჩართული მამების შვილებს მეტი ალბათობით აქვთ დადებითი
ურთიერთობები თანატოლებთან და არიან უფრო მოწონებულები. პირიქით, ნეგატიურ მშობლიურ
გავლენას, როგორიცაა მტრულობის მღალი დონე, აქვს მნიშვნელოვანი პირდაპირი და არაპირდაპირი
ეფექტები მოზარდის ნეგატიურ სოციალურ ქცევაზე, რაც იწვევს თანატოლების დაბალ მიმღებლობას.
გარდა ამისა ჩართულობის შემთხვევაში აქვთ პროსოციალური დედმამიშვილური ინტერაქციები,
ნაკლებად განიცდიან დაძაბულობას და თვითონ წყვეტენ პრობლემებს ნაცვლად მასწავლებლის
დახმარების მოძიებისა.


მამებთან ინტენსიური ურთიერთოებებით გამორჩეული
ბავშვები უფრო ტოლერანტული და გამგები იზრდებიან. სამომავლოდ აქვთ დიდხნიანი წარმატებული
ქორწინება, კმაყოფილები არიან რომანტიკული პარტნიორებით ცხოვრების შუა წლებში, უფრო
ინტიმური ურთიერთოებებით გამოირჩევიან, ვიდრე მამის გავლენას მოკლებული ბავშვები. ბავშვებსა
და მოზარდებში ემპათიის განვითარების ძლიერი პრედიქტორია მშობლიური მზრუნველობის მაღალი დონე ბავშვობის წლებში.


მამის გულისხმიერება და აღმზრდელობა განსაზღვრავს
ბავშვის მორალურ მომწიფებას, რაც უფრო პროსოციალური და პოზიტიური დადებითი ქცევებით
ვლინდება ბიჭებსა და გოგონებში, დაკავშირებულია აგრეთვე მაღალ ინტერნალურ მორალურ განსჯასთან,
მორალურ ღირებულებებთან და წესებისადმი კონფორულობასთან.


მამები გავლენას ახდენენ შვილების ფიზიკურ ჯანმრთელობასა
და კეთილდღეობაზე დედებში ჯანმრთელობის ოპტიმალური მდგომარეობის ხელშეწყობით. როდესაც
მამები ემოციურად ამხნევებენ მეუღლეებს, ისინი მეტად განიცდიან კეთილდღეობას, მშობიარობის
შემდგომ მენტალური ჯანმრთელობაც მაღალია, ძლევენ
ორსულობის თანმხლებ სირთულეებს, მაშინ, როდესაც მარტოხელა დედები, განიცდიან დეპრესიას, სტრესს. გარდა ამისა მამას
დაშორებულ ბავშვებში გარკვეული კვლევებით გამოვლინდა ასთმის დიაგნოზი, დიაბეტი დემოგრაფიული და სოციოეკონომიკური პირობების გათვალისწინების
მიუხედავად.


მსუქანი ბავშვები დიდი ალბათობით არიან უმამო ოჯახებიდან, ვიდრე არამსუქნები. სხვა
კვლევით, მამის სიმსუქნე ასოცირდება ვაჟებსა და გოგონებში ოთხჯერ მეტ სიმსუქნის რისკთან
18 წლის ასაკში. ამის გარდა, მამის სხეულის მასის ინდექსი განსაზღვრავს ბავშვების BMI-ს. მამების პასიურობა, უმოქმედობა
ძლიერი პრედიქტორია ბავშვების უმოქმედობისა.ზოგადად უმამო ბავშვებში დიდია ჯანმრთელობასთან
დაკავშრებული პრობლემები განვითარდეს.


მამების ჩარევა იცავს ბავშვს დელიკვენტური ქცევების
წარმოშობისგან და ასოცირდება მოზარდებში ნივთიერებაზე ბოროტად დამოკიდებულების ნაკლებ
შემთხვევებთან, წამლების ნაკლებ მოხმარებასთან, ცუღლუტობასთან (truancy) და ქურდობასთან, ნაკლებ დალევასთან. ბავშვები
მამის ავტორიტეტულობის გამო გრძნობენ წესების დარღვეევის საფრთხეებს. მცირდება ჰიპერაქტივობა,
ბულინგი, მამის მზრუნველობა ბუფერულ ეფექტეს ასრულებს ბავშვის მსხვერპლად ქცევისგან.



მოზარდები, რომლებიც ძლიერად აიგივებდნენ მათ მამებთან
თავს, 80 % -ით ნაკლები ალბათობით ხვდებოდნენ ციხეში და 75 %-ით ნაკლები ალბათობით
ხდებოდნენ დაუქორწინებელი მშობლები. მცირდება ადრეული სექსუალური აქტივობისა და ნაადრევი
ორსულობის შემთხევევები.


აღსანიშნია ისიც, რომ მამაკაცები, რომლებიც მამის
მოვალეობებს ასრულებენ, მეტად თავდაჯერებული და ეფექტურები არიან, როგორც მშობლები,
მშობლობა მათთვის კმაყოფილების განცდის მომტანია.
საკუთარი ემოციების უკეთ ინტეგრირებას ახდენენ. მათში ნაკლებად ვლინდება შემთხვევითი
და ნაადრევი სიკვდილიანობა, ნაკლებად არღვევენ კანონს თუ მოიხმარენ მავნე ნივთიერებებს.


ზოგადად, ადრეულ მოზრდილობაში ჩართული მამები აღმოჩენენ,
რომ შუა პერიოდში კარგი მეუღლეები, მომუშავეები
და მოქალაქეები არიან. მაღალ ჩართულობას აქვს ზომიერი დადებითი გავლენა პროფესიულ მობილურობაზე,
სამუშაოში წარმატებაზე, კარიერულ წარმატებასა
და მამის სოციალურ გენერაციულობაზე.


რაც შეეხება თანააღმზრდელობით ურთიერთობებს, საგულისხმოა
სამი განზომილება:ქორწინების მნიშვნელობა მამების ჩართულობის უზრუნველსაყოფად; დედების
როლი მამების ჩართულობაში და როგორ ზემოქმედებს თანააღზრდელობითი ურთიერთობის ხარისხი ბავშვის განვითარების მიმართულებაზე.


1)არსებობს დადებითი
კორელაცია საერთო ოჯახურ ატმოსფეროსა და მშობლის როლის შესრულებისას მამის კმაყოფილებას
შორის.კორელაციები გვიჩვენებს, რომ ოჯახური,
ინტერმშობლური ურთიერთობა მნიშვნელოვანი კონტექსტია მამაკაცების მიერ მამობის ხარისხის
განსაზღვრასთან დაკავშირებით. მაღალი ოჯახური
კონფლიქტები მამაშვილურ ურთიერთობებს ასუსტებს.


2) დედების მიერ
მეუღლეების მხარდაჭერისას ( აღიქვა ისინი კომპეტენტურ მშობლებად, გაამხნევო, მოელოდე
და გჯეროდეს, რომ მშობლობა საერთო საქმეა) მამები უფრო ერთვებიან აღზრდის პროცესში,
თავს კომფორტულად გრძნობენ მშობლის ფიგურაში, დიდ როლს ანიჭებენ მამის იდენტობას.დედები
ასრულებენ „მეკარის“, შუამავლის როლს მამაშვილურ
ურთიერთობაში. ბევრი ქალი ამბივალენტურადაა
განწყობილი მამების ჩართულობასთან დაკავშირებით სხვადასხვა მიზეზით: შეშფოთება ქმრის
მზრუნველობის კომპეტენტურობის გამო, შიში, რომ მამაკაცები კონტროლს დაკარგავენ სიტუაციაში,
სადაც მნიშვნელოვან ძალაუფლებას ავლენენ და
უსურველობა, შეცვალონ ოჯახურ საქმეებთან და ბავშვების ზრუნვასთან დაკავშირებული სტანდარტები.მამების
ჩართულობის ხარისხი ამიტომაც ნაწილობრივ განსაზღვრულია, რამდენად რთავენ დედები ამის
ნებას.


3) თანააღზრდელობითი
ურთიერთობა არაპირდაპირ ზემოქმედებს მშობელი-შვილის ურთიერთობაზე. მაგ., როდესაც მამები
არიან მხარდამჭერები და გამამხნევებლები, დედები უფრო კომპეტენტური მშობლები ხდებიან;
აქვთ უფრო დადებითი ხედვა ბავშვის ქცევასთან
დაკავშირებით; უფრო მომთმენი, მოქნილი, ემოციურად მორეაგირე, სენსიტიური ხდებიან, ჩვილებისა
და ბავშვებისთვის უფრო ახლობელი, მისაწვდომი. ეს ტენდენცია ზრდის დედა-შვილის ურთიერთობის
ხარისხს და განაპირობებს დადებითად ბავშვის განვითარებას, შედეგად ვლინდება თანატოლებში
პოპულარობა, გაზრდილი თვითკონტროლი და აკადემიური კომპეტენცია, ინტიმურობა პარტნიორებთან.
როდესაც მშობლების ურთიერთობები არამხარდამჭერია, ბავშვები იტანჯებიან.
მაგ., ქმრები, რომლებიც ნაკლებ სითბოს ავლენენ ბავშვებისადმი ან შეურაცხყოფენ ცოლებს,
მეუღლეები ხდებიან ემოციურად გასადავებულები, გაღიზიანებულები, რაც ზრდის ალბათობას, რომ ისინი გამოიყენებენ აღზრდის
არაეფექტურ სტრატეგიებს (როგორიცაა მკაცრი
და ნაკლებად კონსისტენტური დისციპლინა). ეფექტური მშობლიური ალიანსი ბავშვებისთვის
ურთიერთობების მოდელს ქმნის სამომავლოდ ისეთ ასპექტებში, როგორებიცაა: ემოციური მხარდაჭერის
უზრუნველყოფა, კონფლიქტის ეფექტურად გადაჭრა, პატივისცემის ჩვენება და ღია საკომუნიკაციო
პატერნები.


არდამსწრე მამების შემთხვევაშიც შეიძლება პოზიტიური
ძვრების ხელშეწყობა ბავშვის პიროვნული თვითრეალიზების გზაზე. ზოგადად, არდასწრე მამებს
აქვთ პოტენციალი, ხელი შუეწყონ ბავშვის განვითარებას 1) ემოციური და სოციალური მხარდაჭერის
მიცემით, 2) კოოპერატიული ურთიერთობის შექმნით ბავშვის დედასთან და 3) ავტორიტეტული
მშობლის როლის მორგებით. მშობლების მეგობრული
ალიანსი, სენსიტიურობა, კარგი შეფასება და დისციპლინის სტილი აყალიბებს კარგად ადაპტირებულ ბავშვს განქორწინების შედეგ.


ბავშვის პიროვნებაზე, მის შემეცნებაზე, ქცევით და
აფექტურ მხარეებზე აისახება ეკონომიკური მხარდაჭერა მამის მხრიდან, მშობლების განათლების
დონე. კვლევები გვიჩვენებს, რომ მამები უფრო არაკოგნიტური უნარების ჩამოყალიბებაში
არიან წამყვანები. გარკვეული კვლევებით, მამები აფორმირებენ დიდხნიან ემპათიას, ვაჟების
გენდერულ იდენტობას, შვილების თავდაჯერებულობას, დამოუკიდებლობას. Haveman
and Wolfe (1995)-ს მიხედვით, დედები საგანმანათლებლო მიღწევებში არიან აქტორები.


ბავშვის ჯანსაღად განვითარებისთვის, ვფიქრობ, აუცილებელია
მშობლების გაცნობიერება მათ როლთან დაკავშირებით. მამების ჩართულობის გასაზრდელად მათი
ინფორმირება „პოზიტიური მამობის ფენომენთან“დაკავშირებით, რაც გულისხმობს, რომ მამა
კარგი დისციპლინის
დამყარებელია - არ იწონებს ბავშვის გადაცდომებს
ძლიერი სიყვარულის გამოყენებით. მამები ბავშვებს აძლევენ თავიანთი ასაკობრივი და თანამედროვე
დროების მიხედვით გამოხატვის თავისუფლებას; ხარისხიანად ატარებენ დროს შვილებთან და უყვართ უპირობოდ. ასწავლიან კონფლიქტების კეთილგონივრული სიმტკიცით
დაძლევას ( ჯულიან მარკუსი). მამების ჩართულობის გასაზრდელად ოჯახისა და სამსახურის
ურთიერთშეჭრის სირთულის დასაბალანსებლად მოქნილი სამუშაო გრაფიკების შედგენა ასევე
დიდი დატვირთვისაა. არდამსწრე მამების, მარტოხელა დედების შემთხვევებისთვის უნდა არსებობდეს
სამენტორო პროგრამები, მოხალისეობის ინსტიტუტები, სადაც ბავშვი მიიღებს მშობლების გავლენის
შემცვლელ ალტერნატიულ აღზრდას. გარდა ამისა, აუცილებელია სახელწიფოს მხრიდან ეკონომიკური
მხარდაჭერა მრავალშვილიანი თუ სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის.

1
247
1-ს მოსწონს
ავტორი:პოპიაშვილი
პოპიაშვილი
247
  
2017, 20 თებერვალი, 14:47
მართალია , ძლივს არ წავიკითხე რო დედაზე არანაკლებ მნიშვნელოვანია მამის როლი :-))
0 1 1