x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134532
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
ლოკალური ქმედებები გლობალური ზემოქმედებისთვის - სალომე ლემონჯავა

ლადერი

მე საქართველოდან ვარ. აქ
თითქოს ყველაფერია - ბუნება, წყალი, ომი და კონფლიქტი, გამარჯვება, პოლიტიკა დიდი დოზით, მუსიკა და კინო, ინფლაცია და ლარის გაუფასურება,
GEM fest და Check in Georgia, რომლის ფარგლებშიც
მსოფლიოში ცნობილი მომღერლები ჩამოდიან. მე
რობი უილიამსის კონცერტზე ვიყავი. ბევრი მდიდარი გვყავს და ბევრზე მეტი ღარიბი. საშუალო
ფენა ნაკლებად. არიან “ლგტბ” საზოგადოების დამცველები და არიან “ლგტბ” საზოგადოების
უარმყოფელები. ვისაც უმძიმესი დაავადება, კიბო ან
რაიმე მსგავსი აღმოაჩნდება და დიდი ფული სჭირდება, ყველა ვერთიანდებით სოციალური დახმარების
კამპანიაში. საპროტესტო აქციებია ხოლმე სეზონურად. ახალი დემოკრატიული ქვეყანაა და
ყველას ძალიან გვიყვარს აქაურობა.


პირადად მე თბილისში ვცხოვრობ,
თუმცა საქართველოს ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, აფხაზეთში დავიბადე. ეს ადგილი დღეს ოკუპირებულია
რუსეთის მიერ, ამიტომ საკუთარი სახლის ნახვა არ შემიძლია. ძალიან პატარა ვიყავი, როდესაც
იქაურობის დატოვება მომიწია. ვიდეოებით, ფოტოებით და ახლობლების მოგონებებით ვცდილობ
წარმოვიდგინო იქაურობა. დღეს იქ არიან მხოლოდ ეთნიკური აფხაზები, რომელთან ერთადაც
მშვიდობიანად ვცხოვრობდით ქართველებიც საუკუნეების განმავლობაში. ახლა ეს ურთიერთობა
ოფიციალურად გაწყვეტილია, არაოფიციალურობას კი ოდნავ მოგვიანებით დავუბრუნდები.


რაც შეეხება თბილისს, სადაც გავიზარდე, იგი ჩემი ქვეყნის დედაქალაქია. როგორია? ძალიან
ძველი და თავისებური. ცოტა მოხუცი, მაგრამ თან ძალიან ახალგაზრდა. თბილისი, რომელსაც
ადრე ტფილისი ერქვა, სხვათაშორის და არა ტიფლისი, რომ მოინახულო მისი ძველი ისტორიული
ნაწილით უნდა დაიწყო . სახლები და მათი აივნები, ორნამენტები, ეზოები, განაშენიანება,
სუნი - ამ ყველაფერში აღმოსავლური და დასავლური
გავლენაც ჩანს, მაგრამ მაინც ბოლომდე ინდივიდუალური და განსაკუთრებულია. ვერ წარმოიდგენთ როგორი იყო ძველი ტფილისური ცხოვრება: მუსიკა, მოდა, იუმორი,
ცეკვა, რიტუალი... რამე გემრიელს რომ ჭამ და
თითებს იტკბარუნებ ისეთია ჩემი ქალაქი. ისეთია
აქაური ინდივიდუალიზმი. მრავალეროვანი ადგილია. ქართველიც, სომეხიც და რუსიც თბილისელია. ერთ სივრცეშია მოქცეული მართლმადიდებლური და კათოლიკური ეკლესია, ებრაული სინაგოგა და მუსლიმური
მეჩეთი.


ზემოთ დაწერილი სამივე აბზაცი
რომ გავაერთიანო, გიამბობთ ჩემი მეგობრის ისტორიას,
რომლის მონაწილეც თავად ვარ. რამდენიმე თვის წინ ამ ჩემს მეგობართან აფხაზეთიდან სტუმრად ჩამოვიდა აფხაზი დედა-შვილი.
დღესდღეობით, საკმაოდ რთულია კონფლიქტური საზღვრის გადმოლახვა, თუმცა გარკვეულ შემთხვევაში
მაინც შესაძლებელი. ხოდა, ასეთი შესაძლებლობის ფარგლებში ჩამოვიდნენ ისინიც. მათ სახელებს
გამიზნულად არ ვამბობ. ჩვენც შევუდეგით ჩვეულ მასპინძლობას და თბილისი დავათვალიერებინეთ. აი, ის ყველაფერი დავანახეთ, მეორე აბზაცში ასე მონდომებით
რომ ვცდილობდი გადმომეცა.
თავიდან ეშინოდათ ხალხის რეაქაციების, მაგრამ პირველივე დღეს აღმოაჩინეს, რომ ყველაფერი ცუდი, რაც გაუგიათ, მითია. ვიღაცის ან რაღაცის მიერ შექმნილი მითი.
ქართველები თბილად ხვდებოდნენ და კითხვებით თავს „აბეზრებდნენ“-
„როგორია სოხუმი?“; „როგორ ხართ?“; „ჩამბის
ქუჩა ისევ ისეთი ლამაზია?“; „შეგიძლია რამე ფოტო მაჩვენო აფხაზეთის?“ „აუ, როგორ მენატრება
სოხუმში ქვიშაზე მოდუღებული ყავა“... იყო
ქეიფი, გართობა, ბევრი სითბო, ღიმილი, სამახსოვრო ფოტო ოღონდ ვერსად რომ ვერ გამოვაჩენთ
ისე. ორივე მხარე, ჩვენც და ისინიც, მარტო სიხარულით გაჟღენთილი არომატებით ავივსეთ.
და, იცით რა მოხდა? პირველ აბზაცში რომ ნახსენებია სიტყვები - ომი და კონფლიქტი, არცერთი არ გვახსოვდა. არცერთს ამ
თემის შესახებ არ გვისაბურია. უბრალოდ, 23 წლის უნახავობის შემდეგ ისევ ისე იყო ყველაფერი,
თითქოს არაფერი მომხდარა.


ისტორია, ერთი შეხედვით, ძალიან პატარა და ლოკალურია. სამაგიეროდ მნიშვნელობა აქვს
დიდი, მასშტაბური და თქვენ წარმოიდგინეთ გლობალურიც კი. სანაცნობო წრიდან არაერთ მსგავსი შემთხვევის შესახებ
ვიგებ ხოლმე. ყველაფერს ისიც ემატება, რომ სახელმწიფომ ეთნიკურად აფხაზი მოქალაქისთვის
სამედიცინო მკურნალობა აბსოლუტურად უფასო გახადა, ამიტომ ყოველწლიურად იზრდება აფხაზეთიდან
ჩამოსული აფხაზი ბენეფიციარის რაოდენობა. აქ ისინი ძველ მეგობრებს ნახულობენ და ჩემი
და ჩემი მეგობრის მსგავსი ისტორიებით ბრუნდებიან სახლებში.


ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ ისევ იგება ის ძველი ურთიერთობა. კომუნიკაცია ყველაფრის
საწყისია. აფხაზების და ქართველების ხშირი
კონტაქტი არის რაღაც უფრო დიდის დასაწყისი. ჩვენი ეს, როგორც ვახსენე, არაოფიციალური
შეხვედრები ოფიციალურს უდებს საფუძველს. ქვეყნის
გაერთიანების სუნი ასდის ამ ყველაფერს და ერთხელ დაწყებული კონფლიქტის საბოლოოდ დასასრულს
უახლოდება. მერე ვივლით ასე აფხაზეთიდან თბილისში, თბილისიდან სოხუმში. ისევ ერთად
დავისვენებთ, ვიქეიფებთ ჩვენებურად. შედეგად, მსოფლიოს კიდევ ერთი შემდგარი და გაერთიანებული ქვეყანა ეყოლება. საქართველო, როგორც ევროპული ოჯახის ნაწილი აღარ
იქნება კონფლიქტის შემცველი ქვეყანა. ყველა
აბზაცი რომ შევკრათ, მივიღებთ მშვიდობიან
სახელმწიფოს, რომელიც თავისი ავთენტურობით
ყოველთვის მიმზიდველია. ჩვენს უცხოელ სტუმარსაც თავის მეხსიერებაში აუცილებლად დარჩება
საქართველო სასიამოვნო მოგონებად.


როცა სახლს აშენებ, ერთი აგურიც
მნიშვნელოვანია. როცა ხატავ, შეიძლება ერთმა ფერმა მთელი კომპოზიცია აგიგოს. ასეა ურთიერთობაც.
აქ, მე და ჩემი მეგობარი, იქ კიდევ ვინმე და ა.შ. ეს არის დიპლომატიური გზით შერიგებისკენ
გადადგმული პოზიტიური ნაბიჯი. ეს არ არის ახალგაზრდა მეოცნებე გოგონას ფიქრები, ეს
ის ლოკალური ქმედებებია, რომელიც გლობალურად
მნიშვნელოვან მოვლენაში თავის მცირე წვლილს შეიტანს. შედეგად, ხომ ჟენევის მოლაპარაკებებზეც
დადებითად აისახება, ნატოში გაწევრიანების შესაძლებლობაც კიდევ უფრო მოიმატებს და ევროკავშირსაც
მეტად დავუახლოვდებით.


მე საქართველოდან ვარ. მის
ჩრდილო-დასავლეთ დაწილში, აფხაზეთში დავიბადე. თბილისში გავიზარდე.
აფხაზეთი საქართველოა!


0
40
შეფასება არ არის
ავტორი:ტატა ბოკუჩავა
ტატა ბოკუჩავა
40