x
მეტი
  • 19.12.2017
  • სტატია:72065
  • ვიდეო:325250
  • სურათი:427460
რას მალავდა შტირლიცის "მამა"? - ის, რასაც სსრკ-ში ბევრი ვერ ბედავდა...

image
1973 წელს საბჭოთა ეკრანზე გამოვიდა ტატიანა ლიოზნოვას თორმეტსერიანი ფილმი "გაზაფხულის ჩვიდმეტი გაელვება". საბჭოთა მზვერავის, ოტო ფონ შტირლიცის შესახებ მორგი სერიების ჩვენებების დროს ქვეყნის მასშტაბით ქალაქების ქუჩები ცარიელდებოდა, მილიცია კი დანაშაულის რაოდენობის მკვეთრ შემცირებას აფიქსირებდა.

შტირლიცი ჭეშმარიტ სახალხო გმირად იქცა.

ლეგენდის მიხედვით, ლეონიდ ბრეჟნევმა, სურათის პრემიერის შემდეგ ბრძანება გასცა გაერკვიათ შტირლიცის ბედი და გაეფორმებინათ საბუთები მისი დაჯილდოებისთვის.

კამათი იმის შესახებ, თუ ვინ იყო გმირის რეალური პროტოტიპი, დღემდე მიმდინარეობს. ამ შეკითხვაზე ზუსტი პასუხი მხოლოდ ერთმა ადამიანმა იცოდა - ჟურნალისტმა და მწერალმა, პოლიტიკური დეტექტივის დიდოსტატმა, იულიან სემიონოვმა, ავტორმა რომანისა "გაზაფხულის ჩვიდმეტი გაელვება".


image

სემიონოვი არ საუბრობდა საკუთარ საიდუმლოებებზე, მაგრამ ძალიან უყვარდა სხვების საიდუმლოებების გაგება და მათი ნაწარმოებებსა თუ სტატიებში გადატანა. თავად სემიონოვის ცხოვრებაც შესანიშნავად გამოდგებოდა პოლიტიკური დეტექტივის საფუძვლად.


image
იულიან სემიონოვი მამასთან ერთად.

მამის მხარდამჭერი


იგი 1931 წლის 8 ოქტომბერს დაიბადა, მოსკოვში, საბჭოთა სახემწიფო მოღვაწის, სემიონ ლიანდრესის ოჯახში. პოლიტიკური დეტექტივის მომავალი დიდოსტატის მამა ცნობილი ბოლშევიკის, ნიკოლაი ბუხარინის "მარჯვენა ხელი" იყო. ამ უკანასკნელის რეპრესირების შემდეგ, უფროსი ლიანდრესი გამუდმებით დაპატიმრების საფრთხის ქვეშ იმყოფებოდა.

1952 წელს, როცა იულიან ლიანდრესი მოსკოვის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის სტუდენტი იყო, მას შესთავაზეს უარი ეთქვა მამაზე, რომელიც "ხალხის მტრების სიაში ფიგურირებდა. მაგრამ ახალგაზრდამ შეთავაზება კატეგორიულად უარყო. შედეგად, იგი კომპავშირიდან გააძევეს და ინსტიტუტიდანაც გარიცხეს.

თუმცა ჯიუტი იულიანი არ დაწყნარდა. წერდა წერილებს პროკურატურასა და პარტიულ ორგანოებში და ითხოვდა მამის საქმის გამოძიებას. ამგვარი დაჟინებულობის გამო თავადაც კინაღამ ციხეში აღმოჩნდა.

მშველელად ეპოქის ცვლილება მოევლინა. სტალინის სიკვდილისა და ბერიის გადაყენების შემდეგ, სემიონ ლიანდრესი გაათავისუფლეს და გოსლიტიზდატის დირექტორის მოადგილედ დანიშნეს. იულიანს უფლებები აღუდგინეს და ინსტიტუტის დასრულების შესაძლებლობა მისცეს. სტალინიზმის მიმართ სიძულვილი კი მწერალს სიცოცხლის ბოლომდე გაჰყვა, ისევე, როგორც ყველაზე დაუჯერებელი და სახიფათო ავანტიურების მიმართ სიყვარული.


image
იულიან სემიონოვი ლაოსის პარტიზანებთან, 1968 წ.


აღიარება ფსევდონიმის ქვეშ

1950-იანი წლებში იულიან ლიანდრესი წარმყვანი საბჭოთა გამომცემლობების კორესპონდენტი გახდა: მუშაობდა ჟურნალებში "Смена" და "Огонек", გაზეთებში "Комсомольская правда" და "Литературная газета".

იგი ბევრს მოგზაურობდა საბჭოთა კავშირსა და მის საზღვრებს გარეთ. განსაკუთრებით იზიდავდა ცხელი წერტილები: მუშაობდა ვიეტნამში ომის დროს, სადაც არაერთხელ მდგარა სიკვდილის პირისპირ. ჩილეში, გადატრიალებამდე ცოტა ხნით ადრე, გაიცნო აუგოსტო პინოჩეტი. ხვდებოდა როგორც სახელმწიფო ლიდერებს, ასევე ადამიანებს, რომლებიც ჩრდილქვეშ რჩებოდნენ, მაგრამ მსოფლიო პოლიტიკაზე გავლენას ახდენდნენ.

გვარი "ლიანდრესი" რედაქტორებმა დაიწუნეს არაკეთილხმოვნების გამო, ამიტომ რეპორტიორმა, მამის სახელზე დაყრდნობით, აიღო ფსევდონიმად "სემიონოვი".

1959 წელს, ავღანეთში მუშაობისას, იულიან სემიონოვმა დაწერა წიგნი "დიპლომატიური აგენტი", რომელიც ეხებოდა რუსეთის პირველ წარგზავნილს ქაბულში, ივან ვიტკევიჩს. ეს იყო სემიონოვის პირველი პოლიტიკური დეტექტივი, თუმცა არა მისი პირველი ნაწარმოები: უფრო ადრე დღის შუქი იხილა გეოლოგებსა და სარკინიგზო მაგისტრალების მშენებლებზე დაწერილმა ნოველებმა.

საზღვარგარეთ მოღვაწე ჟურნალისტი შეუძლებელია არ მოხვედრილიყო საბჭოთა სპეცსამსახურების ყურადღების ცენტრში. სემიონოვი თავადაც არ იყო ამგვარი კონტაქტების წინააღმდეგი, რადგან მას ძალიან იზიდავდა უბრალო მოკვდავთათვის მიუწვდომელი საიდუმლოებები.


ურთიერთობა КГБ-სთან

"სემიონოვი მუშაობდა КГБ-ზე", "სემიონოვს იყენებდა КГБ", "სემიონოვი იყენებდა КГБ-ს" - არავინ იცის რომელია ამ მტკიცებულებებიდან სწორი. ცხადია მხოლოდ ის, რომ რეპორტიორმა და მწერალმა შეძლო მჭიდრო კავშირი დაემყარებინა ყველაზე დახურულ საბჭოთა სტრუქტურასთან და მისთვის დაშვებული იყო გაცილებით მეტი, ვიდრე ბევრი სხვისთვის.

თავისი ყველაზე ცნობილი წიგნების ციკლი - მზვერავ მაქსიმ ისაევზე - იულიან სემიონოვმა დაიწყო 1960-იან წლებში. როგორც თავად ყვება, არქივში იპოვა "ძერჟინსკის კაცის" ჩანაწერები, რომელიც თეთრგვარდიელებისა და იაპონელების მიერ დაკავებულ ვლადივოსტოკში იყო მივლენილი. 1966 წელს გამოვიდა რომანი "პაროლი საჭირო არ არის" ჩეკისტ ვსევოლოდ ვლადიმიროვზე, რომელიც მუშაობს ვლადივოსტოკში როტმისტრ მაკსიმ ისაევის სახელით.

ამ გმირზე სემიონოვმა 14 ნაწარმოები დაწერა. "გაზაფხულის ჩვიდმეტი გაელვება" ამ ციკლის მესამე გამოქვეყნებული წიგნია. სწორედ ამ რომანმა და მისმა ეკრანიზაციამ უკვდავჰყო პერსონაჟის სახელი... თუმცა, საკვირველია, მაგრამ ფილმის ეკრანებზე გამოსვლის შემდეგ, რომანის ავტორი ჩრდილში მოექცა...


image

სიმენონის მეგობარი, სკორცენის თანამოსაუბრე

როცა 1970-იანი წლების ბოლოს КГБ-მ გადაწყვიტა გაესაჯაროებინა ამერიკელი აგენტის "ტრიანონის" ისტორია, ეს სწორედ იულიან სემიონოვის დახმარებით გააკეთა. თავისი ბესტსელერი "ТАСС-ი უფლებამოსილია განაცხადოს...", რომელილც საბჭოთა პოლიტიკური დეტექტივის კლასიკად იქცა, სემიონოვმა 18 დღეში დაწერა. თავისებური "შემოქმედებითი თრობები", რომელთა დროსაც ჩნდებოდა ახალი წიგნები, მისი საფიორმო თვისება იყო. სწორედ ამგვარად შეიქმნა "გაზაფხულის ჩვიდმეტი გაელვება", რომელიც თითქმის იგივე ვადაში დაიწერა.

იმავდროულად სემიონოვი ჟურნალისტური გამოძიების სფეროშიც მუშაობდა: ისეთ ადგილებში დადიოდა, სადაც არც ერთ საბჭოთა რეპორტიორს არ შეეძლო ჩასვლა და ისეთ ადამიანებს ხვდებოდა, რომლებიც საერთოდ არ აძლევდნენ ინტერვიუს დასავეთის საინფორმაციო საშუალებებს. 1974 წელს მადრიდში მესამე რაიხის დივერსანტს, ოტო სკორცენის შეხვდა, მოგვიანებით კი - "გაზაფხულის ჩვიდმეტი გაელვების" ერთ-ერთ გმირს - ესეს-ის ჯარების გენერალს, კარლ ვოლფს.

ის იმ იშვიათ საბჭოთა მწერლებს შორის იყო, რომელთა წიგნები წარმატებული იყო დასავლეთშიც. სემიონოვმა გაიცნო და დაუმეგობრდა კომისარ მეგრეს "მამას", ჟორჟ სიმენონს.

"სტაგნაციის პერიოდში", იულიან სემიონოვმა, რომელიც დასავლეთში საკმაოდ თავისუფლად მოქმედებდა, დაკარგული კულტურული ფასეულობების ძიება დაიწყო. პირველ რიგში კი გადაწყვიტა "ქარვის ოთახის" მოძიება. ამ ძიების ისტორია ცალკე დეტექტივს წარმოადგენს. სემიონოვის რამდენიმე დამხმარე გამოძიების დროს უცნაურ გარემოებებში დაიღუპა, ბევრმა კი გამოძიებიდან გასვლა გადაწყვიტა. მწერალმა საბოლოოდ მაინც ვერ შეძლო ძიების დასრულება.

დიდწილად სწორედ მისი მოღვაწეობის წყალობით, 1984 წელს სამშობლოში გადმოასვენეს დიდი რუსი მომღერლის, ფიოდორ შალიაპინის ფერფლი.


image
იულიან სემიონოვი მეგობრებთან ერთად.


ე.წ. "პერესტროიკას" სემიონოვი აღტაცებით შეხვდა. გამოკვეთილ ანტისტალინისტს აუცილებლად მიაჩნდა იმ ეპოქის ყველა საშინელი საიდუმლოს გახსნა და ამ პროცესში თავად აქტიურად მონაწილეობდა.

1986 წელს სემიონოვი დეტექტიური და პოლიტიკური რომანის საერთაშორისო ასოციაციის პრეზიდენტი და ამ ორგანიზაციის მიერ გამოცემული კრებულის, "დეტექტივი და პოლიტიკის" მთავარი რედაქტორი ხდება.


1988 წელს იულიან სემიონოვმა, ვასილი ლივანოვმა და ვიტალი სოლომინმა გახსნეს მოსკოვის ექსპერიმენტული თეატრი "დეტექტივი". თეატრი მდებარეობდა შსს-ს ოფიცერთა ცენტრალური სახლის შენობაში და იდგმებოდა მძაფრსიუჟეტიანი პიესები და საბავშვო სპექტაკლები.

1989 წელს სემიონოვმა დააარსა პირველი საბჭოთა კერძო გამოცემა, ბიულეტენი "სრულიად საიდუმლოდ", რომელიც სულ რამდენიმე თვეში ქვეყნის ყველაზე პოპულარულ გამოცემებს შორის აღმოჩნდა.

ამ ყველაფრის მიუხედავად, იმ პერიოდში სემიონოვის ახალი ლიტერატურული ნაწარმოებები უკვე ვეღარ ხდებოდა ძველებურად პოპულარული. ვერც ტრილოგია "ექსპანსია" და ვერც რომანი "სასოწარკვეთილება", რომელიც 1990 წელს შეიქმნა და შტირლიცის ამბის დასასრულს წარმოადგენს, ახლოსაც კი ვერ მივიდა "გაზაფხულის ჩვიდმეტი გაელვების" პოპულარობასთან. როგორც ჩანს, პუბლიკას ფაქტებზე დაფუძნებულ ამბებზე მეტად გამონაგონი უფრო იზიდავდა.

საბედისწერო ინსულტი


image
1990 წელს, პარიზში, მოწამვლის შედეგად გარდაიცვალა სემიონოვის მოადგილე, ალექსანდრე პლეშნოვი. მწერალმა მისი სიკვდილი ძალიან განიცადა.

ერთი თვის შემდეგ იულიან სემიონოვი უცხოელ ინვესტორთან შეხვედრაზე მიდიოდა, რომლის დახმარებითაც უნდოდა თავისი გამოცემის საერთაშორისო დონეზე გაყვანა. თუმცა მწერალს პირდაპირ მანქანაში მოუვიდა ინსულტი.


image


იულიან სემიონოვი მეუღლესთან, ეკატერინა სერგეევნასთან ერთად.

სემიონოვის ახლობლები დღემდე არ გამორიცხავენ იმ ფაქტს, რომ ავადმყოფობა შესაძლოა პროვოცირებული ყოფილიყო. ინსულტის შემდეგ ადამიანი, რომელიც მთელი ცხოვრება არ გაჩერებულა, საწოლზე მიჯაჭვული აღმოჩნდა. ქალიშვილის მტკიცებით, ქვეყანაში მიმდინარე პროცესების გამო მამა ძალიან იმედგაცრუებული იყო.


image
იულიან სემიონოვი უმცროს ქალიშვილთან, ოლგასთან ერთად.


პოლიტიკური დეტექტივის დიდოსტატი, რომელიც ლათინურ ამერიკაში გადატრიალებებზე წერდა, სამიოდე კვირით ადრე გარდაიცვალა იმ დღემდე, როცა საკუთარ ქვეყანაში პრეზიდენტის ბრძანებით, ტანკებმა პარლამენტის შენობაზე მიიტანეს იერიში.

იულიან სემიონოვიჩ სემიონოვი გარდაიცვალა 1993 წლის 15 სექტემბერს, 61 წლის ასაკში. ადამიანმა, რომელიც მთელი ცხოვრება სხვის საიდუმლოებებს ხდიდა ფარდას, ბევრი საკუთარი საიდუმლო საფლავში წაიღო.





3
2846
11-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:natia.a
natia.a
Mediator image
2846
  
2016, 2 ნოემბერი, 15:25
კი თან ზალიან მომეწონა. პატარა წიგნივითაა. ძალიან გამოსადეგია. ეს ყველა აბიტურიენტმა უნდა წაიკიტხოს ჩემი აზრით
2016, 2 ნოემბერი, 15:24
რამდენიმე დღეა ვმუშაობ ამაზე... არის სტატიები, რომლებსაც საკუთარი სიამოვნების გამო ვწერ და არა რეიტინგის - ეს ზუსტად ასეთების რიცხვშია. მიხარია თუ მოგეწონა :)
2016, 2 ნოემბერი, 15:12
ნათი სიტყვები აღარ მყოფნის. ვკითხულობ, ვკითხულობ არ სრულდება. ძალიან საინტერესო და ძლიერი სტატიაა. პირდაპირ მივხვდი, რომ შენი ნახელავი იყო
0 1 3