x
მეტი
  • 04.05.2024
  • სტატია:134617
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508782
სურათები ჩვენს გონებაში: მენტალური წარმოსახვა



ავტორი: კიკვაძე ნათია

19. 09. 2016 წელი
imageწარმოსახვა არის გონებრივი წარმოდგენა საგნებისა, რომლებსაც უშუალოდ ვერ ვხედავთ ან ვერ ვგრძნობთ გრძნობის ორგანოების მეშვეობით. ჩვენს მეხსიერებაში ჩვენ გვაქვს საგნების, შემთხვევებისა თუ გარემომცველი ბუნების გამოსახულებები. მაგალითად,
გაიხსენე შენი პირველი განცდები უნივერსიტეტში მისვლისას: რა ადგილებს ხედავ ან რა ბგერებსა და სუნს შეიგრძნობ?- ალბათ გაკრეჭილი ბალახისას, ხედავ მაღალ შენობებს ან ხეებით შემორკალულ ბილიკებს. მიუხედავად იმისა, რომ შენ სინამდვილეში არ ყნოსავ ბალახს და არ უცქერ შენობებს, შენ შეგიძლია წარმოიდგინო ისინი. მენტალურ წარმოსახვას შეუძლია ასახოს ის, რაც რეალურად არ განგიცდია, არ
გქონია გამოცდილებაში. მაგ., წარმოიდგინე, როგორი შთამბეჭდავი და დაუვიწყარი იქნება მოგზაურობა ამაზონის მიდამოში. მენტალური სურათები შეიძლება ასახავდეს იმას, რაც საერთოდ არ არსებობს პიროვნების გონების გარეთ. მაგ., წარმოიდგინე, როგორი იქნებოდი, მესამე თვალი რომ გქონდეს შუბლის ცენტრში. მართლაც ადამიანის ფანტაზიას საზღვრები არ აქვს.


წარმოსახვა შეიძლება მოიცავდეს მენტალურ გამოსახულებებს შეგრძნების ყოველ მოდალობაში, როგორიცაა სმენა, გემო თუ ყნოსვა. შეეცადე, გაიხსენო, როგორ ჟღერს მაღვიძარას ხმა, შენი საყვარელი სიმღერა ან სახელმწიფო ჰიმნი. ახლა კი წარმოიდგინე ვარდის, შემწვარი ბეკონისა თუ კარტოფილის სუნი, ან კიდევ, წარმოიდგინე ლიმონი, კიტრის სალათა ან შენი საყვარელი ტკბილეული.

image

image


















აღსანიშნავია, რომ კოგნიტურ ფსიქოლოგიაში წარმოსახვაზე კვლევების უმეტესობა ფოკუსირებულია ვიზუალურ ფორმებზე, როგორიცაა ისეთი ობიექტებისა და გარემომცველი ბუნების გამოსახულებები, რომლებიც მოცემულ მომენტში თვალისთვის არაა ხილული.
ერთ-ერთ კვლევაში სტუდენტები აწარმოებდნენ დღიურს მათი მენტალური
გამოსახულებების შესახებ, ისინი უმეტესწილად საუბრობდნენ ვიზუალურ
გამოსახულებებზე, ნაკლებად მოგვითხრობდნენ სმენით, გემოვნების, შეხებისა თუ
ყნოსვით შეგრძნებებზე. უმრავლესობა ჩვენგანიც უკეთ იცნობს სწორედ ვიზუალურ გამოსახულებებს შეგრძნების სხვა სახეობებთან შედარებით.
ჩვენ ვიზუალურ გამოსახულებებს ვიყენებთ პრობლემების მოსაგვარებლად და კონკრეტულ ობიექტებთან დაკავშირებული საკითხების გადასაწყვეტად. რომელია
უფრო მუქი წითელი ფერის - ალუბალი თუ ვაშლი? რამდენი ფანჯარაა შენს სახლში ან
ბინაში? რა გზას გადიხარ შენი სახლიდან, ბინიდან ან საერთო საცხოვრებლის ოთახიდან სკოლაში მისასვლელად? როგორ უწყობ ერთმანეთს ფაზლის
ნაწილებს ან ძრავის, შენობისა თუ სხვა მოდელის კომპონენტებს? ქოზლინის თანახმად,
ზემოთ აღნიშნულის მსგავსი პრობლემების გადაწყვეტისას ან შეკითხვებზე პასუხის
გაცემისას, ჩვენ ვახდენთ საკითხის ვიზუალიზაციას, ანუ ამ დროს ჩვენ მენტალურად
გონებაში გამოვხატავთ გამოსახულებებს, სიტყვით აღნიშნულს წარმოვისახავთ.
სხვა მიმართულების ფსიქოლოგებიც, კოგნიტური ფსიქოლოგიის
წარმომადგენლებთან ერთად, არიან დაინტერესებული მენტალური წარმოსახვის
ფსიქოლოგიის სხვა სფეროებში გამოყენებით. ამის დამადასტურებლად შეიძლება
მოვიყვანოთ მართვად- წარმოსახვითი ტექნიკებით სარგებლობა ტკივილის
გასაკონტროლებლად და იმუნური რეაქციების გასაძლიერებლად თუ ჯანმრთელობის
გასაუმჯობესებლად. მაგალითად, შენ შეგიძლია წარმოიდგინო, თითქოს იმყოფები
თვალწარმტაც სანაპიროზე ანდა მთების შთამბეჭდავ სიმწვანეში და თავი იგრძნო კომფორტულად, ტკივილი კი თანდათან მიყუჩდება, გაფერმკრთალდება, ჩაიძირება მომხიბლავ ხედში. ერთ-ერთი მეთოდია, წარმოიდგინო შენი იმუნური სისტემის უჯრედები როგორ ანადგურებს შენს სხეულში მავნე ბაქტერიებს.
ასეთი ტექნიკები საიმედოა აგრეთვე ფსიქოლოგიური პრობლემების დასაძლევად,
როგორიცაა ფობიები და სხვა შფოთვითი აშლილობებისას. დიზაინის ინჟინრები,
ბიოქიმიკოსები, ფიზიკოსები და ბევრი სხვა მეცნიერი და ტექნოლოგი იყენებს
წარმოსახვას სხვადასხვა სტრუქტურასა და პროცესზე ფიქრისას და მათ მიერ არჩეულ
სფეროში არსებული პრობლემების გადასაწყვეტად.
თუმცა ყველას თანაბარი უნარები არ აქვს შემოქმედებითობასა და მენტალური სურათებით მანიპულირებაში. ბუნებრივ გარემოსა და ლაბორატორიებში
ჩატარებული კვლევები გვიჩვენებს, რომ ზოგიერთ ჩვენგანს უკეთ შეუძლია გონებრივი
გამოხატულებების შექმნა, ვიდრე სხვებს. კვლევები აგრეთვე მიუთითებს, რომ
მენტალური რეპრეზენტაციები შეიძლება გამოვიყენოთ მეხსიერების გასაუმჯობესებლად.
დაუნის სინდრომის მქონე ინდივიდების შემთხვევაში მოთხრობის მოსმენისას მენტალური გამოსახულებების შექმნა ზრდის ნივთების, საგნების დახსომების ეფექტურობას, ვიდრე მხოლოდ მოსმენა. გონებრივ წარმოდგენებს იყენებენ პროფესიულ თერაპიაში. ამ ხერხით, ტვინის, გონებრივი გადაღლის მქონე პაციენტები საკუთარ თავს ავარჯიშებენ რთული დავალებების დასრულებაში.მაგ., დავალების დეტალების სწორი თანმიმდევრობით წარმოდგენით შეუძლიათ მოიგონონ ყველა წვრილმანი, რომელიც მასთანაა დაკავშირებული. მაგ., გონებრივი პრობლემების მქონე ინდივიდებს ამ საშუალების გამოყენებით შეუძლიათ თეფშების დარეცხვა ან სამედიცინო მკურნალობა, წამლის მიღება, თუ ეს მათთვის ადრე პრობლემა იყო.

რა ფორმას იღებს სურათები გონებაში? თურმე ყველაფრის გამოხატულება, რაც კი ჩვენ გვიგვრძნია, შეიძლება ინახებოდეს, როგორც ფიზიკური სურათების ზუსტი ასლი. მაგრამ რეალურად შეუძლებელია დაკვირვების ყოველი ობიექტის გამოსახულების
მეხსიერებაში შენახვა. ტვინის შესაძლებლობები ამ მხრივ შეზღუდულია. ავიღოთ მარტივი მაგალითი კვლევით კოგნიტურ ფსიქოლოგიაში: შეგიძლია შენი სახის ყოველნაირი გამოსახულების დამახსოვრება?
გასაოცარია, მაგრამ დასწავლა, დაზეპირება მართლა შეიძლება ჩავანაცვლოთ მენტალური სურათებით. ტარტაგლიუმ და მისმა კოლეგებმა წარუდგინეს მონაწილეებს პარალელურად განლაგებული სამი ხაზი. შუა ხაზი იყო ახლოს ან მარჯვენა ან მარცხენა გარეთა ხაზთან. ამ ვარჯიშის შედეგად მონაწილეები უფრო მგრძნობიარენი გახდნენ მარჯვენა თუ მარცხენა მხარის ასიმეტრიის მიმართ. არქიტექტორების შესწავლა აგრეთვე გამოკვეთს მენტალური რეპრეზენტაციების მნიშვნელობას. მისცემდნენ თუ არა მათ პროექტის დაგეგმვის ადრეულ ეტაპზე ესკიზის შექმნის უფლებას, ეს არ ახდენდა გავლენას განზრახულის მიღწევასა და არქიტექტორების კოგნიტურ აქტივობაზე - თუ მათ არ ეძლეოდათ მონახაზების გაკეთების საშუალება, ისინი ჩვეულებრივ გონებრივ წარმოდგენებს ეყრდნობოდნენ კონსტრუირებაზე მუშაობისას.

შეგვიძლია ვთქვათ, რომ წარმოსახვა, მენტალური რეპრეზენტაციების შექმნა ჩვენი უნიკალური უნარია, რომელიც ხელს უწყობს ფანტაზიის, აზროვნების განვითარებას, გვეხმარება მრავალი ყოველდღიური სიძნელის დაძლევაში, გვაზღვევინებს დროს, გვხდის მოქნილებს, გვიუმჯობესებს განწყობას, ჯანმრთელობას, გვიფართოვებს თვალსაწიერს, ადვილად გვაგვარებინებს პრობლემებს. სხვადასხვაგვარი გონებრივი გამოსახულებით სარგებლობა მეტნაკლებად ყველას შეგვიძლია მრავალ სფეროში, სისტემატური ვარჯიში კი უზრუნველყოფს ამ უნარში დაოსტატებას.



გამოყენებული ლიტერატურა:

2)Robert J. Sternberg and Karin Sternberg. Cognitive Psychology. Sixth
Edition.









0
91
შეფასება არ არის
ავტორი:ნათია კიკვაძე
ნათია კიკვაძე
91
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0