x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134536
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508596
ალცჰაიმერის დაავადება
image

ასაკოვანი ადამიანები საკმაოდ ხშირად უჩივიან მეხსიერებას. ჩატარებული კვლევებიც ადასტურებს იმ ფაქტს, რომ 60 წელს გადაცილებული ადამიანების მეხსიერება გაუარესებულია. ჯერ-ჯერობით ამის ზუსტი ახსნა არ არსებობს, თუმცა თეორიათა ნაწილი ხაზს უსვამს ხანდაზმულების მიერ ინფორმაციის ორგანიზების განსხვავებული გზებს, ასევე შემცირებულ უნარს სათანადო ყურადღება მიექცეს სიახლეებს. ხშირ შემთხვევაში ხანდაზმულების მეხსიერებას აუარესებს რწმენა იმისა, რომ მათი მეხსიერება აუცილებლად გაუარესდება.


ალცჰაიმერის დაავადება დემენციის ერთ-ერთი ძირითადი და გავრცელებული ფორმაა, რომელიც იწვევს მეხსიერების თანდათანობით გაუარესებას, პიროვნების დეგრადირებას. 65 წელს გადაცილებულ ამერიკელთა 10 %-ს ეს დაავადება აღენიშნება. გავრცელებული მოსაზრების თანახმად ალცჰაიმერით მხოლოდ ასაკოვანი ადამიანები ავადდებიან, თუმცა მოსახლეობის 5%-ს გააჩნია ადრეული ფორმა, რომელიც თავს უკვე 40 წლის ასაკში იჩენს. ამერიკაში ალცჰაიმერის დაავადებით გამოწვეული სიკვდილიანობის მაჩვენებელი მეექვსე ადგილს იკავებს.


ამ დაავადების ერთ-ერთი მახასიათებელი არის მისი პროგრესულობა, სიმპტომები წლების განმავლობაში უარესდება. საწყის ეტაპზე დაავადებულს აღენიშნება მეხსიერების მსუბუქი გაუარესება. ძნელდება ახალი ინფორმაციის ათვისებისა და დამახსოვრების უნარი. საბოლოოდ კი თავს იჩენს ისეთი სიმპტომები, როგორიცაა დისორიენტაცია, კონცენტრაციის ნაკლებობა, აპათია, გარშემომყოფებთან უეთიერთობის არქონა, განწყობისა და ქცევის ცვლილებები, უსაფუძვლო ეჭვები ოჯახის წევრებზე, ინდივიდს უჭირს ლაპარაკი და სიარული. მიუხედავად ამისა, პაციენტი ვერ იაზრებს, რომ მას გააჩნია სერიოზული პრობლემა. დაავადების განვითარების ტემპი ინდივიდებში განსხვავებულია. საშუალოდ დაავადებული ადამიანი პირველი სიმპტომების გამოჩენიდან 8-10 წელი ცოცხლობს.



როდესაც ვსაუბრობთ დაავადების მიზეზებზე, აუცილებელია ასაკის აღნიშვნა. 65 წელს გადაცილებული ადამიანი უკვე რისკის ქვეშაა. 80 წელს გადაცილებულებში კი ყოველი მეექვსე ალცჰაიმერით არის დაავადებული.


დაავადების განვითარება მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული სქესზე. ალცჰაიმერით ორჯერ მეტი ქალია დაავადე

ბული, ვიდრე კაცი. ამის ზუსტი მიზეზი არაა ცნობილი, თუმცა ხსნიან ქალებში მენოპაუზის შემდგომ ჰორმონ ესტროგენის ნაკლებობით.


დიდი როლი აქვს გენეტიკასაც. თუ ინდივიდის ახლო ნათესავი ( მშობელი, ბებია, ბაბუა ) დაავადებული იყო, რისკი გაცილებით მეტია. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გარდაუვალია.


აღსანიშნავია ჯანმრთელი ცხოვრების წესი. მაღალი წნევა, გულის პრობლემები, ქოლესტერინის მაღალი დონე ზრდის როგორც ალცჰაიმერით, ასევე ათეროსკლეროზით დაავადების შანსს. ერთ-ერთ გამომწვევ ფაქტორად მიიჩნევა დეპრესია.


დღესდღეობით დაავადების მთლიანად აღმოფხვრა შეუძლებელია, თუმცა სიმპტომები თვალსაჩიოა ოჯახის წევრებისთვის, რომლებმაც აუცილებლად უნდა მიმართონ ექიმს, რათა დაიგეგმოს სათანადო ინტერვენციის მეთოდი. აუცილებელია პროფესიონალთან დაკავშირება. ეს შეიძლება იყოს : კლინიკური ფსიქოლოგი, ოკუპაციური თერაპევტი, ფსიქიატრი. შესაძლებელია გარკვეული წამლებით მკურნალობა, რომლებიც შედარებით შეანელებენ გარკვეული სიმპტომების პროგრესს. მათ შორის კონცენტრაციის და მოტივაციის ნაკლებობას. თუკი პაციენტს დეპრესია ან აღგზნება აღენიშნება საჭირო ხდება თერაპიები ( მათ შორის კოგნიტურ-ბიჰევიორალური).

0
269
2-ს მოსწონს
ავტორი:ელენი ლალიაშვილი
ელენი ლალიაშვილი
269
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0