x
მეტი
  • 28.04.2024
  • სტატია:134564
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508622
რეალური ისტორია აბრაგების დაკარგულ საგანძურზე რომლის ადგილსამყოფელი დღესაც უცნობია

image ამ სტატიაში მინდა მოგითხროთ ერთი ოჯახის ტრაგედიაზე და ყარაჩაეთ–ყაბარდო–სამურზაყანოს აბრაგების დაკარგულ საგანძურზე, რომლის ადგილი დღესაც უცნობია მიუხედავად უამრავი ადამიანის მცდელობისა ეპოვნათ.
სამეგრელოს მთიანეთში ერთ ოჯახში დაიბადა ბიჭი რომლის დაბადებამაც დიდი სიხარული გამოიწვია და მისი დაბადება ოჯახის უფროსმა ნათესავებთან ერთად დამბაჩების სროლით აღნიშნეს.
გავიდა დრო და უკვე წამოჩიტულ ბიჭს როგორც სამეგრელოში იყო მიღებული მამამ ცხენი და ხანჯალი აჩუქა, ბავშვიც გლეხის კვალობაზე საკმაოდ შეძლებულ ოჯახში ლაღად იზრდებოდა სანამ ერთმა შემთხვევამ არ შეცვალა მისი ცხოვრება.
ბიჭის (მოდით და მას კოჩა დავუძახოთ, რადგან ისტორია ნამდვილია და ასე უფრო მართებულად მიმაჩნია) ქორწილიდან მომავალი მამა მუხურთან ახლოს ყაჩაღების მსხვერპლი გახდა, ამაყმა და ვაჟკაცმა კაცმა იუკადრისა ცხენი დაეთმო რამდენიმე მძარცველისათვის.
მძარცველების საქციელმაც არ დააყოვნა და რამდენიმე ტყვიით მძიმედ დაჭრილი კოჩას მამა ცხენიდან ჩამოვარდა, ცხენი კი მძარცველებმა გაიტაცეს.
სროლის ხმაზე მისულმა ადგილობრივმა მოსახლეობამ იცნო იმ მხარეში ცნობილი მესაქონლე და ვაჟკაცობით ცნობილი კაცი, ნაბადზე დაწვენილი შეიყვანეს უახლოესი მცხოვრების სახლში და ადგილობრივ ექიმბაშთან კაცი ცხენით გაგზავნეს, თუმცა ჭრილობების სიმძიმიდან გამომდინარე მისი გადარჩენის იმედი უკვე ყველას ჰქონდა გადაწურული.
კოჩას მამა რამდენიმე წუთით გონს მოვიდა და ნაცნობის დანახვაზე ანიშნა მასთან მისულიყო, ნაცნობი მამაკაციც მივიდა და მომაკვდავმა რამდენიმე სიტყვა უჩურჩულა.
სამწუხაროდ ექიმბაშის მოსვლამდე დაიღუპა დაჭრილი და მომხდარის გაგებისთანავე მოსულმა ნათესავებმა გარდაცვლილი მის ოჯახში გადაასვენა.
გავიდა რამდენიმე წელი და უკვე წამოზრდილ კოჩას მამის ნაცნობმა რომელსაც დაჭრილმა რაღაცა უთხრა გარდაცვალებამდე რამდენიმე წუთით ადრე, მას უთხრა მამის დანაბარები თუ ვინ იყო მის სიკვდილში გარეული და დამნაშავე.
იმავე ღამეს მამისეული მაუზერით და კარაბინით შეიარაღებული კოჩა ცხენს მოახტა და მთელ სამეგრელოში და აფხაზეთში ცნობილ აბრაგ ჯოტოს მიაშურა რჩევისათვის.
ჯოტოსაც გაეგო მომხდარი ტრაგედია, თუმცა იმ პერიოდში ლაზეთში მყოფს სრული ინფორმაცია არ ჰქონდა მომხდარზე და როცა კოჩამ უთხრა თუ რა დაუბარა მამამ სიკვდილის წინ, უკვე ცნობილმა აბრაგმა დახმარება აღუთქვა ბიჭს.
მალევე ჯოტომ გაიგო მუხურელი აბრაგი მეგობრისაგან თუ ვინ იყო ის ხალხი ვინც კოჩას მამის სიცოცხლე შეიწირა და შემოდგომის ერთ ბნელ ღამეს კოჩასთან ერთად ჩხოროწყუს ერთერთ სოფელში დიდი ხნის მეგობრის აბრაგ მებონიას ოჯახს მიადგა.
აბრაგმა დიდი პატივისცემით მიიღო მეგობარი და მასთან ერთად მისული უცნობი ახალგაზრდა, გაშლილ ტაბლასთან რამდენიმე ჭიქა ღვინის დალევის მერე ჯოტომ მეგობარს მისი მოსვლის მიზეზი აუხსნა და სთხოვა გაერკვია სად შეიძლებოდა კოჩას მამის მკვლელების მოძიება. აბრაგმა მოკლედ მოჭრა: ჯოტო, გეტყვი ერთი პირობით–მეც მოვდივარ შენთან ერთადო.
ჯოტოს გაეცინა და თავის დაქნევით მისცა თანხმობა, მეორე დღეს გამთენიისას სამივე ჯოტოს და ბესას საერთო მეგობარ აბრაგ თოლორაიას მიადგა სახლში, აბრაგი სახლში არ დახვედრია სტუმრებს და მოცდამ მოუწიათ საღამომდე.
თოლორაიამ ორი სახელოვანი აბრაგის და მეგობრის სტუმრობამ გაახარა, მაგრამ მესამე სტუმარი ვერ იცნო და იკითხა თუ ვინ იყო, ჯოტომაც უპასუხა: მუხურთან ახლოს მესაქონლე კაცი რომ მოკლეს ნაძირალა "ავაზაკებმა" ცხენის გამო მისი შვილია და იმ "ავაზაკების" სანახავად ვართ აქ ამოსულიო.
თოლორაიამ სტუმრებს უმასპინძლა და გამთენიისას მათთან ერთად ლუგელას ხეობაში მოთარეშე "ავაზაკების" კვალს გაუყვა, მხოლოდ მესამე დღეს მიაგნეს მწყემსებთან მოქეიფე ერთერთ მათგანს, ფაცხიდან გარეთ გამოათრიეს და ამფსონების ვინაობა დაასახელებინეს, როგორც გაირკვა კოჩას მამის მკვლელებიდან ერთერთი მდინარე ხობისწყალს გასულ გაზაფხულზე დაეხრჩო ხოლი ორს ხელი აეღო შარაგზის "ავაზაკობაზე", საერთო ჯოგი გაეჩინათ და მთაში უვლიდნენ ნახირს.
ჯოტომ წინ გაიგდო ხელებშეკრული კაცი და მისი ამფსონების "კარეს" (მწყემსის საზაფხულო სადგომი) მიადგნენ გვიან ღამით.
ჯოტომ დაზვერა იქაურობა და მეგობრებს და კოჩას ურჩია გათენებას დალოდებოდნენ.
ასეც მოიქცნენ და გათენებისთანავე ჯოტომ ტანსაცმლის ჩაცმა არ აცალა ისე შეუვარდა მაუზერით "კარეში", იქ მყოფთ.
ორივემ იცნო ჯოტო და იმასაც მიხვდნენ ცნობილი და სამართლიანი აბრაგი ელარჯის გასასინჯად რომ არ იქნებოდა მათთან მისული.
ჯოტომ ორივეს უბრძანა ჩაეცვათ და მხოლოდ ამის მერე დაუძახა კოჩას, კოჩას თან ბესა და თოლორაია შემოყვნენ. მამის მკვლელების დანახვაზე კოჩა გაფითრდა და ხელი მამისეულ მაუზერზე წაივლო, მაგრამ ჯოტომ შეაჩერა შემდეგი სიტყვებით: შვილო ადამიანის მოკვლა ადვილია, მერე მკვლელის სახელის ტარებაა ძნელი სატარებელი და ჩვენ მოგვანდე ეს საქმეო.
ხელებშეკრული მამაკაციც ამფსონებს მიუსვეს და ჯოტომ ჰკითხა თუ როგორ მოხდა კოჩას მამის მკვლელობა, შეშინებულმა "ავაზაკებმაც" დაწვრილებით გაიხსენეს იმ ღამეს მომხდარი მკვლელობის ისტორია.
საუბარი დასრულებული არ იყო და რამდენიმეჯერ იჭექა კოჩას მაუზერმა და მამამისის მკვლელები გვერდიგვერდ მიაწვინა მკვდრები.
ჯოტო საშინლად გაბრაზდა და კოჩას პირში მიახალა: არაა ეს სწორი საქციელი, აქ ასაკით უფროსი აბრაგები ვიყავით და გასაკეთებელს უშენოდაც გავაკეთებდით, შენ ჩემს თხოვნას და რჩევას ზედ გადააბიჯე, ახლა წადი –არ მინდა ვიცოდე სადა ხარ და რას აკეთებ, შენც დაივიწყე ოდესღაც ჯოტოს და მის მეგობრებს რომ იცნობდიო, ამის თქმა და ცხენს მოახტა სახელოვანი აბრაგი, მეგობრებიც გაიყოლა და რამდენიმე კილომეტრში მდებარე მწყემსების "კარეში" მივიდა, ამა და ამ ადგილას სამი კაცია მოკლული, ნადირმა რომ არ წაბილწოს დამარხეთო და თან ფულიც მისცა მწყემსების უარის მიუხედავად, მწყემსებმა ჯოტოც, ბესაც და თოლორაიაც იცნეს, მაგრამ ხმა არ ამოუღიათ.
მოდით შევეშვათ ჯოტოს და მის მეგობრებს და კოჩას ცხოვრებას მივუბრუნდეთ!
კოჩა მამის მკვლელების დახოცვის მერე გააბრაგდა, მაგრამ თუ ჯოტო და მისი სამეგობრო უსამართლობამ აქცია აბრაგებად, მაინც სამართლიანი ადამიანების სახელი გაითქვეს, კოჩამ კი სისასტიკით და დაუნდობლობით გაითქვა სახელი, თუმცა ჯოტოს და ბესას "სამოქმედო მხარეში" აბრაგობას ერიდებოდა და უფრო ყარაჩაეთში და ყაბარდოში აბრაგობდა იქ გაცნობილ ადგილობრივ აბრაგებთან ერთად. მისთვის არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონდა გლეხს გაძარცვავდა, თავადს თუ სალოცავად მიმავალ სასულიერო პირს.
ხანდახან აფხაზეთში გადმოდიოდა და ეკლესიებსაც ძარცვავდა ამფსონებთან ერთად, ამგვარმა საქციელმა და დაუნდობლობამ თავად აბრაგებშიც გაუჩინა მტერი, ჯოტომაც შეუთვალა რამდენიმეჯერ, ეკლესიების ძარცვას შეეშვი, თორემ სადაც წაგასწრებ დავივიწყებ უმცროსი რომ ხარ და განანებო.
ყაბარდოში და ყარაჩაეთში ხელისუფლების მიერ შევიწროებული აბრაგები აფხაზეთში გადმოვიდნენ და უკვე აფხაზეთში მიჰყვეს ხელი ოჯახებზე "დაცემას" და ხალხის ძარცვას.
ნაძარცვი განძეულობა არავინ იცის სად მიჰქონდათ და სად ინახავდნენ, ჯოტოს მუქარაზეც უკვე ცნობილ აბრაგს ეცინებოდა და რამდენიმეჯერ ისეთ ოჯახშიც თქვა ჯოტოზე აუგი, სადაც იცოდა ამ ნათქვამს ჯოტოს რომ მიუტანდნენ აუცილებლად.
უკვე მოწიფულ კოჩას ეტყობა სახელიანი აბრაგის ავტორიტეტი აღიზიანებდა და მის პროვოცირებას ცდილობდა.
ჯოტოს ბევრმა მიუტანა კოჩას ნათქვამი, მაგრამ საკუთარ პრობლემებში "ჩაძირულ" აბრაგს მისთვის არ ეცალა.
ჯოტოსთვის ბოლო წვეთი აღმოჩნდა ილორის წმინდა გიორგის ეკლესიისდა ეკლესიაში მოღვაწე მღვდლის გაძარცვა კოჩას და მისი ამფსონების მიერ, უკვე ასაკოვანი ჯოტო ცხენს მოახტა და იმავე ღამით სამურზაყანოში მისი ხალხისაგან გაიგო თუ სად შეიძლებოდა მოეძებნა კოჩა და მისი ამფსონები, როცა გაიგო თუ სად შეიძლებოდა ყოფილიყვნენ კოჩა და მისი ამფსონები ჯოტომ ჩაილაპარაკა: ტოტოჩია მარშანია(ჯოტოს სუკეთესო მეგობარი სამურზაყანოდან რომელზეც ერთერთ ჩემს სტატიაში ვწერდი) მიწაში იწვეს და ეს "ავაზაკები" დათარეშობდნენ მის კუთხეში საშინელებააო და მითითებული ადგილისაკენ გაეშურა, სამურზაყანოში ოქუმში მიაკვლია კოჩას და მის ამფსონებს, ორი მაუზერით შეიჭრა ოდა სახლში გარემოს დაზვერვის მერე და სუფრასთან მსხდომი 6 აბრაგიდან ხუთი ადგილზე მიაწვინა მეექვსე კოჩა იყო, მან ფანჯარა თავით გაიტანა და გაქცევა სცადა თუმცა უშედეგოდ, ჯოტოს ტყვიამ მაუზერიან ხელში გაუარა და გაქცევა ვერ მოახერხა.
"მუ გიწი წიე მა სი"? (რა გითხარი ბიჭო მე შენ?) მიმართა ჯოტომ დაჭრილ კოჩას რომელიც კბილებს აღრჭიალებდა ბრაზით.
რა გეგონა დაბერდა ჯოტო და მის სიტყვას ძალა დაეკარგა თუ განგებ აკეთებდი იმას რაც აბრაგისათვის სამარცხვინოა, როგორ იმეტებდი გლეხს და გაჭირვებულს გასაძარცვად და მოსაკლავად შე "ავაზაკო", ან ქრისტიანი კაცი ეკლესიას როგორ ძარცვავდი გადამთიელებთან ერთად ან მღვდელს როგორ ხსნიდი ჯვარს, კაცის თუ არ გეშინოდა ღმერთის შიში არ გქონდა შე უღმერთო?!
კოჩა კი იჯდა და არ პასუხობდა, მხოლოდ ხაფანგში გაბმული მგელივით "აბრრიალებდა" თვალებს.
ჯოტომ მაინც ვერ გაიმეტა კოჩა და წასვლის წინ ურჩია: ეკლესიას ნაძარცვი დაუბრუნე, ოჯახს მოეკიდე და პატიოსანი და ვაჟკაცი მამის სახელის აღდგენაზე იფიქრე, თორემ სხვა დროს ხელში კი არ "დაგასვამ" ტყვიას ზედ შუბლზე "დაგასვამ" და დაიმახსოვრეო.
არ ვიცი ჯოტოს სიტყვებმა იმოქმედა თუ ჯოტოს მიერ ჩახოცილი მისი ამფსონების ნათესავების შურისგების შეეშინდა, აბრაგობაზე ხელი აიღო, ხელისუფლებას შუამავლის ჩარევის მერე შეურიგდა და შემორიგებული აბრაგი ოჯახს დაუბრუნდა.
რამდენიმე ხანში კი სადღაც გადამალული განძეულიდან ილორის ეკლესიას იქიდან წაღებული განძეულობა დაუბრუნა.
ერთ წელიწადში კი ოჯახსაც მოეკიდა.
პირველი ნაწილის დასასრული

7
780
17-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
780
  
2016, 5 ივლისი, 23:51
კარგი, ეგრე დავარქვათ :)
2016, 5 ივლისი, 23:49
უსამართლობასთან ბრძოლის თავისებურება. :)
2016, 5 ივლისი, 23:42
და სუუუულ ცოტა მენტალიტეტი :D
2016, 5 ივლისი, 23:31
კარგი ცხენი, კარგი იარაღი და კარგი ადგილები უდრის აბრაგს. :))
2016, 5 ივლისი, 23:27
პასუხი დამაკმაყოფილებელია :)
2016, 5 ივლისი, 23:18
ადგილები გვაქვს ზედგამოჭრილი სააბრაგოდ, თან მეგრელებს გვიყვარს ერთმანეთის გატანა და... :)))
2016, 5 ივლისი, 23:17
რატომ იყვნენ მეგრელები აბრაგობით ცნობილები, საინტერესოა :)
0 1 7