x
მეტი
  • 29.04.2024
  • სტატია:134573
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508653
როგორ "დავაფეთე" მეზობლები დისკში ჩაწერილი და მაღალ ხმაზე მუსიკალური ცენტრით გაშვებული მგლის ყმუილით

image მოგეხსენებათ მონადირეებს ხშირად "მატყუარებს" და "მეზღაპრეებს" გვეძახიან, ხშირად უმართებულოდ ხშირად კი სამართლიანად, რადგან ზოგიერთი მონადირე ისეთ "კუდიან" და "მამალ" ტყუილს "დააბრეხვებს" ხოლმე " ბარონ მიუნჰაუზენს" შეშურდება.
მაგალითისათვის, რამდენიმე წლის წინ ერთ ძველ მონადირეს გარს რამდენიმე ათეული კაცი ეხვია და ეს მონადირე შემდეგ ისტორიას ჰყვებოდა: იხვზე სანადიროდ ვიყავი ჭურიის სანახებში და ძაღლიც თან მახლდა, უცბად ქარმა დაქროლა და რომ მოვიხედე სადაა ძაღლი, არწივი დასხმია თავს და არ მიაქროლებს სადღაცო!
გაკვირვებული "სასტავი" კი ეკითხება, მერე რა ჰქენიო? რა ვქენი და გადმოვიღე "ზაუერის ტრი კოლცა" ვესროლე არწივს და ჩამოვაგდე ძირსო.
ძაღლი თუ გადარჩაო? კი კაცო ნაკაწრიც კი არ ჰქონდა, თან მდინარეში ჩავარდა და ცოტა შეშინებული კი იყო, მაგრამ გადარჩაო.
გაგიკვირდებათ და ვინც გამოუცდელი იყო ნადირობაში დაიჯერა. რა უნდა ჭურიის სანახებში არწივს? :)
გასულ წელს სამეგრელოს სოფლებს მგლები შეესივნენ და ხალხს დიდი ზიანი მიაყენეს, დილით გაშვებული მსხვილფეხა და წვრილფეხა საქონელი ან საერთოდ ვერ ბრუნდებოდა სახლში ან საკმაოდ დასახიჩრებული ბრუნდებოდა და პატრონი იძულებული იყო დაეკლა და გაენადგურებინა, რადგან მგელი ხშირ შემთხვევაში ცოფის მატარებელი მტაცებელია და მის მიერ დაგლეჯილი პირუტყვის ხორცის მოხმარება საშიშია.
სპეციალურად შეკრებილ მონადირეებს მოხალისეებიც შეუერთდნენ და დაიწყო მგლებზე ნადირობა, ნადირობა რა მავნებელი მტაცებელი ათეულობით კილომეტრს გადის სარჩოს საშოვნელად და ეს ართულებს მის "გამოჭერას".
ვინაიდან ჩემს სოფელშიც ნახა მოსახლეობამ ზარალი, სათანადო ნებართვის აღების მერე სოფელში ასულმა მეზობლებთან და ქალაქიდან ამოსულ მონადირეებთან ერთად საკმაოდ დიდ ტერიტორიას "ალყა შემოვარტყით" უთენია და მგლის კვალზე გაწვრთვნილი ძაღლები მივუშვით, ყოფილი ჩაის მეურნეობის ტერიტორიაზე ძაღლებმა მალევე მიაგნეს დასასვენებლად წამოწოლილ მგელს და 20 წუთიანი დევნის მერე ცენტრალურ გზაზე გადარბენისას მგელი ჩემს ნასროლ ტყვიას "შეეწირა", ზოგიერთმა მგელთან ერთად ტელეფონით სურათებიც გადაიღო, რაც ჩემთვის მიუღებელია.
მალევე მეორე ჯგუფმა ხეცერა–ურთის ტერიტორიაზე მეორე მგელიც მოკლა.
გადავწყვიტე იმ ღამით სოფელში დავრჩენილიყავი და დილით წავსულიყავი ქალაქში. საღამოს 21–საათი იქნებოდა, როცა აივანზე მეზობელთან ნარდის თამაშით გართულს ძუ მგლის "გულსაკლავი" ყმუილი შემოგვესმა, ყმუილი იმდენად ახლოს იყო თავდაპირველად მეგონა ჩემსავე ეზოში თხილნარში იყო შემოსული, დავავლე თოფს ხელი და თხილნარში ჩავირბინე, მაგრამ მგლის ნაკვალევი არსად არ შემხვედრია.
მეორე დილით კი მეზობელმა დამიძახა: ახლახან ქალაქიდან ამოსულმა მონადირეებმა, დაგლეჯილი საქონლის სიახლოვეს უზარმაზარი ძუ მგელი მოკლესო.
დავბრუნდი ქალაქში და ოჯახის წევრებს მოვუყევი, როგორ ჰყმუოდა "გულსაკლავად" ძუ მგელი, რომელიც სავარაუდოდ ჩემს მიერ მოკლულ შვილს ეძებდა.
რამდენიმე დღის მერე ნათესავმა სოფელში დაგვპატიჟა შვილის ქორწილში.
ბუნებრივია მიწვევაზე უარს არ ვიტყოდით და შაბათს ოჯახით ავედით სოფელში, სუფრასთან მიწვევამდე ზოგიერთები ნარდს თამაშობენ, ზოგიერთები ბანქოს, უმეტესობას კი ასეთ დროს საუბრით გაჰყავს დრო.
ჩემს დანახვაზე "ენაკვიმატობით" ცნობილმა მეზობელმა დაიძახა: ხოხ კაცო, აწი რა გვიჭირს აგერ მგლების "რისხვაც" მოსულაო. ის რასაც ხუმრობად მივიღებდი ჩვეულებრივ სიტუაციაში ხუმრობად ვერ მივიღე უცხო სტუმრების წინ და მეზობელს საყვედური ვუთხარი, არაა აქ მგელზე საუბრის დრო მეთქი. მეზობელს როგორც ჩანს მოესწრო "გადაეხუხა" არაყი და უკვე ისეთ ხასიათზე იყო, მისი გაჩერება მხოლოდ მის ცემას თუ შეეძლო, მაგრამ ქორწილში ჩხუბი, მით უფრო მეზობელთან ჩემთვის მიუღებელი და წარმოუდგენელიც კია და ყველაფერი ასე ვთქვათ–"გავატარე".
თუმცა ხასიათი კი გამიფუჭა და ქორწილში ყოფნით ვერ ვისიამოვნე, სუფრიდანაც მალე ავდექი და სახლში წავედი. სახლში მისულმა ტელევიზორი ჩავრთე "დისქოვერის" არხზე, სადაც მგლებზე იყო გადაცემა, დოკუმენტური ფილმი გადაღებული იყო ამერიკის შეერთებულ შტატებში და სიუჟეტი აგებული იყო ადგილობრივი ინდიელების და მგლების ურთიერთობაზე.
აი აქ გამახსენდა მეზობელი და თავში "ეშმაკური" აზრი მომივიდა–მგლის ყმუილი ჩამეწერა დისკზე და სწორედ ის მეზობელი შემეშინებინა ვინც საჯაროდ იუმორით "მგლების რისხვა" მიწოდა.
გადმოვიწერე მგლების ყმუილი, მცირე მონტაჟით გავამრავლე და ჩავწერე დისკში.
მეორე დღეს ნაქორწილევი ხალხი ისევ რომ შეიკრიბა ნათესავის ოჯახში მეზობელი ბიჭი მოვძებნე რომლის სახლიც "ენაკვიმატი" მეზობლის სახლის გვერდით იდგა და ჩემი გეგმა გავაცანი, გეგმა შემდეგში მდგომარეობდა–ჩემს მიერ დისკზე ჩაწერილ მგლის ყმუილს ეს ბიჭი ჩართავდა მაშინ, როგორც კი დაინახავდა სახლის უკან საპირფარეშოში შესულ მეზობელს.
საპირფარეშოს გვერდით დაფნარი იყო, იქ დინამიკი ჩამოვკიდეთ და კაბელი მეზობელი ბიჭის სახლამდე გავჭიმეთ, მანძილი სულ რამდენიმე მეტრი იყო და ეს არ გაგვჭირვებია.
დაახლოებით საღამოს 20:00 იქნებოდა, როცა მეზობლის ბიჭმა დამირეკა: საპირფარეშოშია და რა ვქნა ჩავრთოო? ჩართე დროზე მეთქი, ჩართო და ისეთ ხმაზე "აყმუვლდა მგელი" დინამიკებში, მთელ უბანში ძაღლების პანიკური ყმუილი და კაცების გადაძახილი ატყდა, არიქა მგელია ეზოში, ქალები და ბავშვები სასწრაფოდ შეიყვანეთ სახლებშიო. წარმოიდგინეთ ეს ორი დღის ნაქეიფარი ხალხი რა დღეშიც აღმოჩნდებოდა, ესეც არაფერი მეზობელი რომელიც ცნობილი "ენაკვიმატი" და იუმორით სავსე კაცი იყო და არის, საფირფარეშოში იჯდა და მთელ ხმაზე ყვიროდა: გვერდითაა მგელი და მომხედეთ ვინმემ სანამ კარი შემომიმტვრია და შემჭამაო.
მეზობლის ბიჭმა სიტუაციას სწრაფად აუღო ალღო, დინამიკი დაფნიდან ჩამოხსნა და საპირფარეშოს სახურავზე ისე დადო კაციშვილს არ დაუნახია.
წარმოიდგინეთ საკუთარი თავი, საპირფარეშოში მჯდარ კაცს თავზე მგელი რომ დაგყმუის!
მოკლედ აყვირდა, მაგრამ რა აყვირდა ეს კაცი, ცალკე მე "ვკვდები" სიცილით ცალკე მეზობლის ბიჭი. უბანში ხომ "ანარქია" და ქაოსია" ძაღლებმა ისეთი ყმუილი ატეხეს.
როგორც იქნა მიხვდა მეზობლის ბიჭი მუსიკალური ცენტრი, რომ უნდა გამოერთო და როგორც კი გამორთო ეზოში გამოვარდა ხმამაღალი სიცილით: ჰა "ვაჟკაცებო", რა იყო მგლის ყმუილმა "მუცლის გვრემა" ხომ არ მოგგვარათო!
ხოლო როცა საპირფარეშოს სახურავიდან დინამიკი ჩამოიტანა, ბევრი მეზობელი მოსასულიერებელი გახდა ეს რა ვნახეთო.
საპირფარეშოდან გამოსულ მეზობელს კი შიშით შარვლის და ქამრის შეკვრა დავიწყებოდა და სამზეოზე გამოეფინა მამაკაცური "ღირსება", კიდევ კარგი ცოლმა შეუძახა და შარვალი შეაკვრევინა, თორემ სიცილი და გნიასი მერე იქნებოდა.
სანამ მეზობლის ბიჭი სიტუაციას ახსნიდა და ჩემს სახელს ახსენებდნენ ოჯახის წევრებთან (არც მშობლებმა და არც მეუღლემ არ იცოდნენ ამ ოინზე არაფერი) ერთად ქალაქში დავბრუნდი.
ის "ენაკვიმატი" მეზობელი კი მთელი 2 თვე ხმას არ მცემდა, მართალია რომ დავინახავდი სალამს ვეუბნებოდი მაგრამ ის არ მპასუხობდა, მხოლოდ 2 თვის მერე შემირიგდა როცა შვილის შეძენის გამო ოჯახში დავპატიჟეთ.
ასე იყო ეს ისტორია და მოგეწონებათ თუ არა ეს თქვენი გადასაწყვეტია...
აი რა "სასიამოვნო" მოსასმენია მგლის ყმუილი

20
150
15-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
150
  
2016, 9 ივნისი, 21:49
ჰაჰ! ბევრი ვიცინე :D ისე, მე აბეზარი "დაქალები" დავაფეთე ეგრე, აბა სად მქონდა მაგათი ჭორაობის მოსმენის თავი... მეზობლებს კი სულ სისხლს ვუშრობ ხოლმე :DD
2016, 14 აპრილი, 21:24
მერე მოგისმენ კაცო :D მაინტერესებს
2016, 14 აპრილი, 21:23
სიმართლე რომ გითხრა, მეც მაგიტომ მიყვარს მგლები, იმიტომ რომ მგლები ცოლებს არ ღალატობენ, ეს მომწონს,
2016, 14 აპრილი, 17:11
მგელი ჩემთვის ვაჟკაცის ასოცირებას იწვევს, ოჯახის კაცივით ბოლომდე ერთგულიცაა...
2016, 14 აპრილი, 17:10
ეეჰ შენ რომ ყველა ჩემი ბავშვობის დროინდელი ისტორიები იცოდე, მაქციებს შეეშვებოდი და მე მომისმენდი. :)))
დაწიოკებული მქონდა ზაფხულში სოფელი.
დავდებ მერე ერთ "რეცეპტს" მარტივი ხერხით როგორ შეიძლება მთელი ქორწილის ხალხი "დააფეთო". :)
2016, 14 აპრილი, 17:08
მაქციები მოგწონს?
2016, 14 აპრილი, 17:07
მაგრამ მაინც მგელი ჯობია :D
2016, 14 აპრილი, 17:07
არა სპილოს ლომები ერევიან, დისქოვერზე გადის ხშირად გადაცემა პრაიდზე და მანდ იყო გადაცემა ათიდან ათივე შეტაკება ვეფხვმა მოუგო ლომს.
2016, 14 აპრილი, 17:03
ეგ ეგ აღარ ვიცი, მაშინ სპილო ყველაზე ძლიერი გამოდის :D
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10