x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134530
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
რეალური ისტორია თუ როგორ აიძულა ორმა დობერმანის ჯიშის ძაღლმა, ბლის მოსაპარად ხეზე "ამძვრალი" სამი ბიჭი გათენებამდე ხეზე მსხდარიყვნენ

image ისტორია რომელზეც მინდა მოგითხროთ ზუგდიდის რაიონში მოხდა ჩემი ბავშვობის პერიოდში.
ზაფხულობით ბაბუასთან ვატარებდი არდადეგებს ულამაზეს სოფელში, თან ბაბუას მუდამ ჰყავდა ჯიშიანი ცხენი და ცხენზე ჯირითიც ძალიან მიყვარდა, არც ბებია მაკლებდა ჩურჩხელას და ათასგვარ სასუსნავს.
მეც ისე ვერთობოდი ქალაქელი ბიჭის კვალობაზე, უკეთესს რომ ვერ ვინატრებდი.
განსაკუთრებით მიყვარდა ბაბუას ძაღლებთან თამაში, მისი წყვილი დობერმანის ჯიშის ძაღლების შიშით ეზოში დაუძახებლად უახლოესი მეზობლებიც ვერ ბედავდნენ შესვლას, ამაზე ბაბუა მუდამ ექილიკებოდა მეზობლებს, ჩემს ძაღლებს საჭმელი არ აკლიათ და გამხმარ "ძვალს" არ ეკარებიან რისი გეშინიათო.
გამრჯე და მუყაითი კაცი ნებისმიერ ამინდში დილის 6 საათზე დგებოდა ცივი წყლით დაიბანდა (გაციებული ბაბუა მე არ მახსოვს), ეზოში "ფუსფუსებდა", ხელმეორედ გადაივლებდა წყალს, ისაუზმებდა და სამსახურში მიდიოდა.
შაბათ–კვირას კი ან ეზოში მუშაობდა ან მეზობლებთან ან მეგობრებთან ერთად ბებიას გაშლილ სუფრასთან მოილხენდა.
თავიდან ხშირად, როგორც ქალაქიდან ჩამოსულ უცხოს ამრეზით მიყურებდნენ თანატოლები, მაგრამ როცა ხედავდნენ მეც მათზე არანაკლები "ონავარი" და "ოხერი" ვიყავი მალევე ვპოულობდით საერთო ენას.
თუმცა უბანში მცხოვრებ 2–3 წლით უფროს სამ ბიჭს ვერც მე გავუგე ვერაფერი და არც ისინი "კვდებოდნენ" ჩემთან მეგობრობის სურვილით. ის კი არა მდინარეზე საბანაოდ ჩასულს ამიხირდნენ და კარგადაც "მიმბეგვეს", თუმცა მიუხედავად იმისა ასაკით უმცროსი ვიყავი არც ისინი წასულან "ფინგალების" გარეშე.
სახლში დაბრუნებული ბებიამ რომ მნახა "შეიცხადა" ვინ გამილახა სტუმარი ბავშვიო, ბაბუამ კი რა უჭირს მერე თავი არა აქვს გატეხილი და ცხვირი, დღეს იჩხუბეს ხვალ შერიგდებიან და დამეგობრდებიანო. არც კი უკითხავს ვინ "გამალამაზა" ასე.
ბაბუამ კი თქვა ასე, მაგრამ ჩემი "ბიჭურ–მამლაყინწური" ჭკუით სამაგიეროს გადახდაზე ვფიქრობდი და ათასგვარ გეგმას ვაწყობდი მათ "დასასჯელად", ჯერ ქალაქში და ქალაქს გარეთაც ცნობილი მოკრივე დეიდაშვილის ამოყვანა დავაპირე, მაგრამ ეს გეგმა რომ განმეხორციელებინა ვიცოდი ბაბუას ვაწყენინებდი და ამას არასოდეს არ მაპატიებდა, ამიტომაც ვიფიქრე, ვიფიქრე და გადავწყვიტე: ისედაც "ხათაბალას" მეძახიან და რაიმე ისეთ ოინს მოვუწყობ სამივეს სოფელს წლების განმავლობაში ახსოვდეთ მეთქი.
თავში ვთქვი ბაბუას წყვილი დობერმანი ჰყავდა მეთქი, ორივე ისეთი ავი იყო, ბაბუა დილით უთენია აბამდა ორივეს ცალკე შემოღობილში და გვიან ღამით უშვებდა ეზოში.
ბაბუას სახლის ჭიშკარზეც უზარმაზარ აბრაზე დიდი ასოებით ეწერა: "ეზოში ავი ძაღლია".
ბევრი ფიქრის მერე ჩემი გეგმა ყველაზე ახლობელ თანატოლს კობას გავანდე (სახელი ნამდვილია), გეგმა მარტივი, მაგრამ ეფექტური იყო–კობას ჩემთან ნაჩხუბარი ბიჭები უნდა შემოეტყუებინა ბაბუას ეზოს ბოლოში მდგარი უზარმაზარი ბლის ხიდან, ბლის მოსაპარად.
"მოპარვას" ჰქონდა "მუღამი", თორემ სულ რომ დაეკრიფათ ბიჭებს ბალი ბაბუა სიტყვას არ ეტყოდა რატომ დაკრიფეთო!
მოკლედ შევარჩიეთ შაბათი დღე როცა ბაბუას სტუმრები ეწვივნენ, ჩემს ნიშანზე კობა გაიქცა ბიჭებთან და უთხრა: ელგუჯას ბაბუას სტუმრები ჰყავს, წავიდეთ და ბალი "მოვიპაროთო", ბიჭებს მწიფე ბალის მირთმევის სურვილმა ჩემთან "მტრობა" გადაავიწყა და სამივე კობასთან ერთად ბაბუას ეზოში გადაძვრნენ, კობამ შეთანხმებისამებრ მათ უთხრა: მე წასასვლელი ვარ და ჩემთვისაც დაკრიფეთო.
მოირბინა კობამ და მე რა გამაჩერებდა, ავხსენი ჯაჭვიანად ორივე დობერმანი და ბაბუას ეზოს ბოლოსაკენ გავემართეთ, თან ძაღლებს ვანიშნე ჩუმად ყოფილიყვნენ.
ვენახის რიგის გავლის მერე დაფნის ბუჩქები იწყებოდა და ბლის ხემდე მალულად მივედით, მივედით და ბიჭებს ავძახე: აბა ჩამოდით ხიდან მეთქი, ჯერ ჩემმა ხმამ ხომ დააფრთხო და დააფრთხო ბიჭები, მაგრამ წყვილი დობერმანის დანახვაზე ლამის ხიდან ჩამოცვივდნენ შიშით.
ორივე ძაღლი ალუბლის ძირში დავაბი და ბიჭებს დაკრეფილი და პარკში ჩაყრილი ბალი ჩამოვაგდებინე, რომელიც მე და კობამ სიცილ–ხარხარის თანხლებით გემრიელად მივირთვით.მიუხედავად ბიჭების ხვეწნისა ხიდან ჩემომეშვა, ძაღლები ხის ძირში დავტოვე და კობასთან ერთად სახლისაკენ გავემართე.
სტუმრების გაცილების მერე ნასვამმა ბაბუამ მთხოვა ძაღლები ამეშვა და მეც მათ "ასაშვებად" გავედი სახლიდან, მალევე მოვბრუნდი და ბაბუას "ვუპატაკე": ძაღლები აშვებულია და საჭმელიც მიტანილი მეთქი (ამ ტყუილის გამო მოგვიანებით ისე შემარცხვინა ბაბუამ, სჯობდა წკეპლით ვეცემე, თუმცა ეს არცერთი შვილიშვილის მიმართ არასოდეს არ გაუკეთებია).
მთელი ღამე ყეფდნენ ძაღლები და ბაბუამ თქვა ეტყობა ზღარბი ნახეს ეზოში და იმას უყეფენო.
დილაუთენია ბაბუას ადგომა დავასწარი და ძაღლებთან გავიქეცი, წვიმაში ხეზე შემომჯდარი ყვავებივით ისხდნენ ბიჭები, რომლებსაც ხიდან ჩავარდნის შიშით ქამრებით მიებათ თავი ხის ტოტებზე და ამის დანახვაზე ისე ვინანე ჩემი საქციელი, ჩემი თავი შემძულდა იმ წუთებში.
უხმოდ ავხსენი დაბმული ძაღლები და მათი სადგომისაკენ წამოვიყვანე, სადგომის პატარა ეზოში შესვლა ვერ მოვასწარი ისე დამადგა ბაბუა თავზე და მკითხა: დილაუთენია როდის მერე დაიწყე ადგომა ან ძაღლები ჯაჭვით რატომ წაიყვანეო?!
რა უნდა მეთქვა, მაგრამ გამახსენდა ბაბუას ნათქვამი ღამით–ალბათ ზღარბი ნახეს და იმას უყეფენო, მეც მორიგი ტყუილი "გამოვაცხვე": ბაბუ მეგონა მაჩვი იყო ეზოში და ძაღლები ამიტომ წავიყვანე ჯაჭვით მეთქი.
ასე იყო თუ ისე ბაბუა ეზოში სამუშაოდ გაემართა, მე კი დასაძინებლად.
კვირას ბაბუა არ მუშაობდა, მაგრამ ჩემთვის უცნობი მიზეზით მოუწია წასვლა, საღამოს დაბრუნდა, ბაბუას დაბრუნება და მეზობლების შემოსვლა ერთი იყო.
ალექსანდრე! ვიცი გეწყინება რასაც გეტყვით, მაგრამ უთქმელობაც არ გამოვაო, ამის გაგონებაზე ყურები "ვცქვიტე", მივხვდი ჩემზე იქნებოდა საუბარი. ასეც მოხდა ხეზე ღამით დარჩენილი ბიჭებიდან ერთერთის ბაბუამ, რომელიც ბაბუას ენათესავებოდა ასე დაიწყო: ჩემს შვილიშვილს და მის მეგობრებს ელგუჯასთან მდინარეზე ჩხუბი მოსვლიათ და ამის გამო სამივეს ყურები ავუწიეთ, გვეგონა ამით ამოიწურა ბავშვების კონფლიქტი, წუხელ კი შენს ბალზე ამძვრალან და ელგუჯას ხის ძირას ორივე ძაღლი ისე დაუბამს, ხიდან ბავშვი კი არა ჭიანჭველა ვერ გაიქცეოდა, მთელი ღამე ხეზე გაატარეს, ვერც ჩვენ მივეშველეთ ძაღლების შიშით, ვიცოდი გვიანობამდე სტუმრები რომ გყავდა და დაძახებისაც ამიტომ მოგვერიდაო.
ბაბუამ ისეთი თვალებით გადმომხედა ახლაც, 15 წლის მერეც მახსოვს ის გამჭოლი მზერა.
ამას გასწავლიდი ბაბუა? ისეთი ტონით მითხრა ბაბუამ მერჩივნა გავეწკეპლე, ყური აეწია ან გავესილაქებინე.
ჩაიცვი ახლავე, ბებიაშენი მშობლებთან წაგიყვანს და სანამ ბრაზი არ გადამივლის არ მობრუნდე სოფელში! თითქოს გულში რაღაც ჩამწყდა, ბაბუა რომელსაც ხმამაღლა სიტყვა არ ჰქონდა ჩემთვის ნათქვამი, სახლიდან მაგდებდა.
ისე ჩავიცვი და ისე გავედი ეზოდან ქუჩაში უკან არ მომიხედავს, ვიცოდი რომ მოვბრუნებულიყავი ბაბუა დამიძახებდა მობრუნდიო და ბავშვურმა სიამაყემ მიკარნახა ეს არ გამეკეთებინა.
ისე გავიდა ის ზაფხული სოფელში ბაბუასთან არ ავსულვარ, როცა მშობლები მიდიოდნენ მე ხან ფეხბურთზე სავარჯიშოდ წასვლას ვიმიზეზებდი, ხან სხვას და სახლში ვრჩებოდი. ბაბუას მოსვლა და ჩემი წასვლა ერთი იყო, ბებიას კი ვხვდებოდი ჩვეულებრივად და მის მოტანილ ათასგვარ ნუგბარს ქალაქელ მეგობრებთან ერთად ვაგემოვნებდი.
დედა ექიმია და რამდენჯერმე დედასთან მოვიდა ბაბუა, ცუდად ვარ და რა მჭირსო. მე ან ვემალებოდი ან მისალმების მერე სახლიდან გავდიოდი, ერთხელაც დედას ვკითხე: ბაბუას რა ჭირს სამკურნალო მეთქი?!
დედამ თავი მიატრიალა და ცუდადაა ბაბუაშენიო.
აი აქ კი თითქოს ბურანიდან გამოვედი, გამახსენდა მუდამ ომახიანი ახოვანი ბაბუა თუ როგორ მატარებდა კისერზე შემოსმულს მთელ უბანში, როგორ მასწავლიდა ცხენით ჯირითს, ლამის 24 საათით დაკავებულ კაცს როგორ დავყავდი სათევზაოდ და მამის სამსახურიდან დაბრუნებას არ დავლოდებივარ ისე დედას ვთხოვე სოფელში გავეშვი. დედამ ჩანთაში ჩამილაგა ტანსაცმელი, ფულიც მომცა და სოფელში წასაღებად საჩუქრებიც გამატანა.
დღესაც ვერ ვიხსენებ როგორ ჩავჯექი მიკროავტობუსში, როგორ ჩამოვედი, როგორ ვირბინე ბაბუას სახლამდე, როგორ შევიჭერი სახლში და მთელ ხმაზე ვიყვირე: ბაბუა მე მოვედი!
ეტყობა ისეთ ხმაზე ვიყვირე, სამზარეულოდან დაფეთებული ბებია გამოვარდა, ხოლო ციტრუსის პლანტაციიდან ხელაკაპიწებული ბაბუა გამოვიდა, გამოვიდა და ჩემს დანახვაზე კაცს რომელსაც საჯაროს ცრემლი არასდროს, არავისთვის არ უჩვენებია თვალები აუწყლიანდა. მოხვედი ბაბუ! ეს სიტყვები მითხრა, მოიხარა და გულში ჩამიხუტა.
ბოლოს კი გაირკვა, რომ ბაბუამ და მშობლებმა ბაბუასთან შესარიგებლად "გამიჩალიჩეს", ბაბუა ისევ ისეთივე ჯანმრთელი და ომახიანი იყო, როგორც მანამდე.
რაც შეეხება იმ ბიჭებს, რომლებსაც ბავშვური "მამლაყინწობის" გამო ღამე ხეზე გავათევინე, დიდი ხანია ჩემი საუკეთესო მეგობრები არიან კობასთან ერთად.

0
260
12-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
260
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0